სულთმოფენობიდან XXI კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

8 (21) ოქტომბერი), 2018
სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკე
წირვაზე – გალ. 2:16-20; ლკ. 7:11-16.

წმინდა პავლე მოციქულისეპისტოლე გალატელთა მიმართ – 2:16-20
მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
ზოგიერთები ამბობენ: თუკი მართალია ის, რასაც პავლე ამტკიცებს (კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით), მაშინ მამამთავრები, წინასწარმეტყველები და ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრები წმინდანები არ ყოფილან სრულყოფილნი. ასეთები შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ აქ ნათქვამია შემდეგი: ვერ გამართლდნენ ისინი, ვისაც სწამდათ, რომ გამართლება შესაძლებელია მხოლოდ რჯულის საქმებით. ძველი დროის წმინდანები გამართლდნენ ქრისტეს რწმენით; მაგალითად, აბრაამმა იხილა ქრისტეს დღე და გაიხარა (იხ. ინ. 8:56).
ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც.
რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
რჯულის საქმეებით ვერ გამართლდება ის ხორციელი, რომლის შესახებაც წერია: „ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი – მინდვრის ყვავილი“ (ეს. 40:6); ხოლო ქრისტეს რწმენით ის ხორციელი გამართლდება, ვის შესახებაც აღდგომის საიდუმლოში ნათქვამია: „და ყოველი ხორციელი იხილავს მხსნელობას ღმრთისას“ (ლკ. 3:6). მაგრამ უბრალო (humiliorem) მიხვედრითაც რჯულის შესრულებით ოდესღაც მართლდებოდა არა ყოველი ხორციელი, არამედ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც პალესტინაში ცხოვრობდნენ. ახლა კი იესო ქრისტეს რწმენით მართლდება ყოველი ხორციელი, იმიტომ, რომ მისი ეკლესია მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.
მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის. მოციქული ხსნის, თუ რანაირად დაუტევა მან რჯული და ამბობს: მადლის კანონისა და სახარების მეშვეობით მე მოვკვდი მოსეს რჯულისთვის, ანუ მოვკვდი, – ამბობს ის, – რჯულით რჯულისთვის. ეს ნიშნავს: თავად რჯულმა მიმიყვანა იქამდე, რომ აღარ დავიცვა ის; მან მიმიყვანა ქრისტესთან მოსესა და წინასწამეტყველური სიტყვის მეშვეობით. ამიტომ თუ კვლავ დავიწყებ რჯულის კანონით ცხოვრებას, მაშინ ისევ მომიწევს მისი დარღვევა. ან ამგვარად: რჯულის თანახმად, მისი დამრღვევი სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო რადგანაც მისი შესრულება შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი ძალით მე სიკვდილს დავექვემდებარე. ამიტომ ნუღარ მიბრძანებს, რადგან მკვდარი ვარ, თან სულიერადაც, იმიტომ, რომ შევცოდე, ვინაიდან არ შემეძლო რჯულის საქმენი შემესრულებინა, და ხორციელადაც, რადგან ესეც რჯულით გასამართლებაზე იყო დამოკიდებული. მაშ, ამის შემდეგ როგორღა დავიცავ იმას, რამაც მომკვდინა? რათა ვიცოცხლო ღვთისათვის, ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს. ვინმემ რომ არ უთხრას, როგორ ცოცხლობ, თუკი მოკვდიო? – ის ამბობს, რომ თუმცა, რჯულმა სიცოცხლეშივე მომაკვდინა, მაგრამ ქრისტემ მკვდარი მიპოვა და აღმადგინა მე, რომელიც აზრობრივად მასთან ერთად ვეცვი ჯვარს და მასთან ერთად მოვკვდი ნათლისღების გზით. გაუგონარი სასწაულია: მკვდარი სიკვდილის მეშვეობით აღადგინა!
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი.

ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
ამრიგად, ადამიანის სული, რომელიც ღვთის სულზეა მიწებებული, ეწინააღმდეგება ხორცს (მუხ. 17), ანუ ეწინააღმდეგება თავის თავს, მაგრამ ამას აკეთებს საკუთარი თავის გადასარჩენად. იცავს ადამიანისათვის სრულიად ბუნებრივი აღგზნებისგან, იქნება ის სულიერი თუ ხორციელი, რომლებსაც დაცემული ბუნების უძლურება წარმოშობს, თავის შეკავება გვმართებს იმისათვის, რომ ცხონება მოვიხვეჭოთ, რათა ადამიანს, რომელიც ბუნებასთან უთანხმოებაში ცხოვრობს, შეეძლოს, თქვას: მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, რადგან სადაც მე ვარ – ის მე არა ვარ, მაგრამ მე იქ უფრო ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ თუკი ავი აღგზნება წარმოიშვა ჩემს ძველ ბუნებაში, რომელსაც მე,რომელიც „გონებით ღვთის რჯულს ვემონები“ (რომ. 7:25), წინააღმდეგობას ვუწევ, მაშინ შემიძლია, ვთქვა: „მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში“ (რომ. 7:17).
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 7:11-16
მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
კაპერნაუმში რომაელი ასისთავის მონის სასწაულებრივი განკურნების შემდეგ უფალი ქალაქ ნაინში წავიდა. იგი ჩქარობდა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაეკეთებინა და ამით საოცარი მაგალითი ეჩვენებინა ყველა თავისი ერთგული მორწმუნისათვის. კაპერნაუმიდან წამოსულმა ქრისტე მაცხოვარმა თაბორის მთას გვერდზე ჩაუარა. ამ მთის უკან, ერმონის ფერდობზე, დღესაც მდებარეობს სოფელი ნაინი, რომელიც ოდესღაც კედლებით შემოზღუდული ქალაქი იყო. უფალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა, მათ შორის, მისი მოწაფეებიც. ყველა მათგანმა იხილა კაპერნაუმში ქრისტეს მრავალრიცხოვანი სასწაული, მაგრამ კიდევ და კიდევ მეტის ნახვა და მოსმენა სურდა. რასაც უფალი აკეთებდა, მისი მსგავსი ისრაელში მანამდე არც ენახათ და არც სმენოდათ, მისი სიტყვები კი რძისა და თაფლის მდინარეებად აღიქმებოდა.
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი
როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
იუდეველთა რჯულის თანახმად, ვინც ადამიანის გვამს შეეხებოდა, უწმინდურად ითვლებოდა. მკვდრების დასაკრძალი ადგილი მათ საგანგებოდ ჰქონდათ ქალაქგარეთ შერჩეული. როცა ღმერთკაცი ქალაქ ნაინის კარიბჭეს მიუახლოვდა, იმ დროს ქალაქიდან მიცვალებული გამოჰყავდათ დასაკრძალად. იგი ქვრივი დედის ერთადერთი ძე იყო. როგორც ჩანს, ეს ქვრივი ქალი საკმაოდ მდიდარი და ქალაქში ცნობილი ადამიანი იყო, ვინაიდან უამრავი მოქალაქე აცილებდა მის შვილს უკანასკნელ გზაზე.
იცოდე, რომ რჯულის ჩვეულება გვამების უწმინდურობასთან დაკავშირებით, ქრისტიანებმა გააუქმეს ამქვეყნად იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ, ისე, როგორც წინადაცვეთა, შაბათობა და სხვა რჯულისმიერი რიტუალები. რაც შეეხება ჩვეულებას, გააცილო მიცვალებული საფლავამდე, როგორც სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენა, აქამდეც ძალაშია. ამ ტრადიციის დაცვით ჩვენ ჭირისუფალს ვანუგეშებთ, მიცვალებულს პატივს მივაგებთ და სიყვარულს ვავლენთ.
რა მოიმოქმედა მაცხოვარმა, როცა დამკრძალავი პროცესია და უკიდურესად დამწუხრებული და მოტირალი დედა დაინახა?
ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
არც მიცვალებულის დედას უთხოვია, არც სხვა ვინმეს გაუწევია შუამდგომლობა, არამედ თავად მრავალმოწყალე უფალმა აჩვენა, რომ ბუნებითად მოწყალეა, მან გამოავლინა შვილმკვდარი ქვრივის მიმართ მისთვის ჩვეული სიყვარული და სიბრალული. პირველი, რაც მაცხოვარმა გააკეთა, სიტყვებით ანუგეშა გულმკვდარი ქვრივი: ნუ სტირი. .მერე კი საქმითაც აღასრულა – მკვდრეთით აღუდგინა ერთადერთი ძე. ამით მაცხოვარმა ჭეშმარიტი თანაგრძნობის სათნოება გვასწავლა, რათა ჩვენც, როდესაც შეჭირვებულთა და მწუხარეთა ცრემლებს დავინახავთ, არ დაველოდოთ ხვეწნა-მუდარას და ვინმეს შუამდგომლობას, – რა საჭიროა სიტყვები, როცა უბედურება თვითონ ლაპარაკობს? – არამედ დაუყოვნებლივ და კეთილი ნებით გავუწვდინოთ ქველმოქმედების ხელი. ყურადღება მიაპყარ იმასაც, თუ რაგვარად აღმოუჩინა დახმარება ყოველთა მეუფემ გულშემუსვრილ დედას.
მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
რა იყო იმის მიზეზი, რომ ღმერთკაცმა უგულებელყო იუდეველთა რჯული – რომელმაც უწმინდური უწოდა იმას, ვინც ცხედარს შეეხებოდა, ან მის სახლს, ან მის ნაქონ ნივთებს (რიცხ. 19:14-15) – და მივიდა და შეეხო კუბოს? რჯულის განწესება მოითხოვდა სრულ თავშეკავებას ცოდვის ყველა მკვდარი საქმისგან, უმეტესად – მკვლელობისგან. ვინაიდან, თუკი მკვდართან, მის სახლთან ან ნივთებთან ერთი შეხებაც კი ცოდვად ითვლებოდა, მაშინ რაოდენ უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო მკვლელობის ცოდვა? როგორც ღმერთკაცმა მოკრუნჩხული დედაკაცი და ხელგამხმარი კაცი განკურნა შაბათ დღეს და ამით შაბათთან დაკავშირებით იუდეველთა ცრურწმენაც ამხილა, ზუსტად ასევე, დაურღვევლად დაარღვია რჯულის რიტუალი უწმინდურობის შესახებ, რითაც გვასწავლის, რომ წყალობა ყოველთვის ამარცხებს რჯულის დადგენილებას (ლკ. 6:6). ის მივიდა მკვდართან ახლოს, კუბოს ხელი მოჰკიდა, ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ (უფალ იესო ქრისტეს ძალით), შედგნენ; უფალმა კი ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე ხმით მიმართა ჭაბუკს: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! მან მკვდარს ისე მიმართა, როგორც ჩვენ ცოცხლებს ველაპარაკებით. შესძახა უსულოს, როგორც ვაღვიძებთ ხოლმე მძინარეს. ჭაბუკო, შენ გეუბნები, – უთხრა მას, მკვდარს, და არა სხვა ვინმე ცოცხალს – შენ გეუბნები, აღდეგ მკვდრეთით!
მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
ჰოი, ყოვლადდიდებული სასწაული!მკვდარმა გაიგონა ხელმწიფებრივი ხმა და მაშინვე დაბრუნდა სული მკვდარ სხეულში, სისხლი ჩვეულებრივად აჩქეფდა ძარღვებში. სხეულმა სუნთქვა დაიწყო; ამოძრავდა კიდურები და სიცოცხლე დაუბრუნდა შინაგან ნაწილებს. ჭაბუკი მაშინვე აღდგა მკვდრეთით, წამოჯდა კუბოში და ალაპარაკდა. ეს დიდებული სასწაული იესომ არა შებერვით და ღმერთის მოხმობით აღასრულა, როგორც ელიამ (3 მეფ. 17:21), არც ლოცვითა და ზემოდან დაწოლით, როგორც ელისემ (4 მეფ. 4:35), არამედ ერთი ბრძანებით: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! აღდგომის შემდეგ იგი დედამისს გადასცა, რითაც აჩვენა, რომ ჭაბუკი დედის ცრემლების გამო აღადგინა, თანაც, დედის უფლება წარმოაჩინა და ყველას გვასწავლა მშობლების სათანადო პატივისცემა და მორჩილება. იგივე გააკეთამა ელიამ, როდესაც სარეფთელი ქვრივის ყრმა აღადგინა და „მისცა დედას“ (3 მეფ. 17:22). მსგავსადვე, ელისემ, როდესაც სომანიტელ ქალს ძე აღუდგინა და უთხრა: „წაიყვანე შენი შვილი“(4 მეფ. 4:36). საინტერესოა, როგორი იყო იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია, როცა ერთი სიტყვით გაცოცხლებული, კუბოში წამომჯდარი და მოლაპარაკე მკვდარი დაინახა?
ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
ხალხმა დაინახა ღმერთის ყოვლადძლიერი და ყოვლადხელმწიფებრივი მოქმედება, ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი, – ანუ ისრაელის მოდგმა! ვინაიდან მათი დიდებისმეტყველება მოსე წინასწარმეტყველის სიტყვების მსგავსია, რომელიც წინასწარ აუწყებდა ისრაელის ძეთ ღვთის ამქყვეყნად გაცხადებას ძე ღვთისას მეშვეობით და ღმერთის სახელით ეუბნებოდა: „წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ“ (2 რჯ. 18:18). სავსებით შესაძლებელია, რომ მაშინ მათ იცოდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ის სანატრელი მესია, მოსე და წინასწარმეტყველები რომ იუწყებოდნენ; მაცხოვარი და მათი მოდგმისა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის გამომხსნელი.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი