სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქართველ ებრაელებს შეხვდა

ა.წ. 1 ოქტომბერს სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისრაელიდან ჩამოსული ქართველი ებრაელები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიულ და სამაგალითო მეგობრობას.
,,ჩვენი მეგობრობა უნიკალურია. მე ვვარაუდობ, რომ ებრაელები 26 საუკუნის წინ კი არა, უფრო ადრე ჩამოვიდნენ საქართველოში. ვფიქრობ, რომ გადმოსახლებამდე მათ უკვე იცოდნენ ჩვენი ქვეყნის შესახებ და კარგად იცოდნენ, სად მოდიოდნენ. ჩემი წინაპრებისგან გამიგონია: ებრაელის დალოცვა ეს ღმერთთის დალოცვაა. მე მინდა გთხოვოთ, დალოცეთ ჩვენი სამშობლო, საქართველო“.
ქართველმა ებრაელებმა მის უწმინდესობას მიღებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ საქართველო მათთვის ძალიან ძვირფასია და ყველაფერს გააკეთებენ ქართულ-ებრაული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა მომავალ თაობებშიც შენარჩუნდეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ებრაელებს დაარსებული აქვთ საზოგადოება ,,გულთა კავშირი“ და ამ საზოგადოების პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში, რათა თავისი ნაღვაწი გააცნონ აქ მცხოვრებთ.