სულთმოფენობიდან XII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

6 (19) აგვისტო, 2018
სულთმოფენობიდან მე-12 კვირიაკე
წირვაზე – 2 პეტ. 1:10-19; მთ. 17:1-9.





წმინდა პეტრე მოციქულის მეორე კათოლიკე ეპისტოლე – 1:10-19

ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
მყარად გეპყრათ ის სახარება, რომელიც გამორჩევისას მოისმინეთ და შეუბღალავნი და მტკიცენი იყავით თქვენს წოდებაში; გაუფრთხილდით, ნუ დაივიწყებთ და უდიერად ნუ მოეპყრობით ღვთისგან მომადლებულ ნიჭს, თორემ განიკითხებით. ხოლო თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენ წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი.
ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას.
მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.
შენიშნე, მანამდე მათ გამოფხიზლებას მოციქული შიშით ცდილობდა – მსაჯულის მოსვლით, ახლა კი სიკეთეების აღთქმით არწმუნებს – საუკუნო სასუფეველში შესვლით.
შეგახსენებთ ამას – რას? ზემოთქმულს, კერძოდ: სათნოებებს, ცოდნას და მისთანებს. ერთი და იმავეს მუდმივი შეხსენებით მსმენელებმა რომ არ იფიქრონ, თითქოსდა მათ უქმობაში ადანაშაულებენ, და ამის გამო რომ არ დამწუხრდნენ, მოციქულმა დაურთო: თუმცაღა ყოველივე ეს თქვენ იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას. ხოლო იმის მიზეზად, თუ რატომ ახსენებს ასე ხშირად, დაამატა ის, რომ იცის, მალე დატოვებს სხეულს – თავის ხორციელ კარავს.
ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
ზოგიერთები ამ ადგილს შემდეგნაირად მოიაზრებენ: „ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის გაგიხსენოთ“. ე. ი. ვეცდები, რომ ყოველდღიურად და განუწყვეტლივ მახსოვდეთ. აქედან გამოჰყავთ აზრი, რომ წმინდანებს სიკვდილის შემდეგაც ახსოვთ აქ დარჩენილნი და ცოცხალთათვის ლოცულობენ. ამ აზრის სამართლიანობას ყოველდღე ხედავენ ისინი, ვინც წმინდანთა საღვთო მადლს დასახმარებლად მოიხმობენ. ასე ესმით ზოგიერთებს, მაგრამ სხვები სხვაგვარად ფიქრობენ. ეს უკანასკნელნი ამ მუხლს უბრალოდ და მარტივად კითხულობენ: ვეცდები, რომ ამქვეყნიდან ჩემი წასვლის შემდეგაც გახსოვდეთ ეს, ანუ რასაც განუწყვეტლივ გიმეორებთ; ის თქვენს ჩვევად უნდა იქცეს, რათა ყოველივე ამის მუდმივი და უცვალებელი შეთვისებით თავი დააღწიოთ ურჩობასა და არ ცოდნას და ჩემი სიკვდილის შემდეგაც მტკიცედ და შეურყვნელად დაიცვათ ეს შეგონება.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ.
მწვალებელთა ფანტაზიები მართლაც, მითებსა და ადამიანური სიბრძნით შექმნილ ზღაპრებში ჰპოვებს გამოხატულებას. პავლეს სურდა, განვეშორებინეთ მათგან და წერს: „მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე“ (ტიტ. 3:10).
პეტრე კი უკვე მწვალებლებთან ბრძოლას იწყებს, რადგან ისინი სიცრუეს ძერწენ ფერად-ფერადი სიტყვებით, სიმართლე კი არ გააჩნიათ. მაგრამ ჩვენ, – ამბობს მოციქული, – ასეთები არა ვართ, ჭეშმარიტება საკუთარი თვალით ვიხილეთ, როცა მასთან ერთად მთაზე ვიყავით. ჩვენ წინასწარმეტყველებიც გვყავს, რომლებმაც ეს ჭეშმარიტება განგვიცხადეს და, ამგვარად, მათი სიტყვები, ჩვენი თვალების წყალობით, კიდევ უფრო გამყარდა: რაც მათ გადმოგვცეს, ის განკაცებულმა სიტყვამ დაგვიდასტურა. და ჩვენ ამის თვითმხილველები ვართ და თან მამის მოწმობა გავიგონეთ.
წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი
ყველას, ვინც მასთან არის, უფალი არ ეცხადება თავისი დიდებით; ახალმოქცეულთ ის მონის ხატით ეცხადება (ფილიპ. 2:7), ხოლო მათ, ვისაც მისი მიმდევრობა შეუძლია, როცა ის თავისი ფერისცვალების მთაზე ადის – ღვთის სახით (მთ. 17:1-9), იმ სახით, რომლითაც ის სამყაროს შექმნამდე იყო. უფალს შეუძლია, ყველა მასთან მყოფს სხვადასხვაგვარად გამოეცხადოს – ზოგს ასე, ზოგს სხვაგვარად, თითოეულს თავისი ხედვის ზომისამებრ, რომელსაც რწმენა განსაზღვრავს.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე.
ნეტარმა პეტრე მოციქულმა უფლის სხვა ორ მოწაფესთან, იაკობთან და იოანესთან, და თავად უფალთან ერთად, როცა მთაზე იმყოფებოდა, ზეციდან ხმა გაიგონა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ“ (მთ. 17:5). მოციქული ამას თავის ეპისტოლეში წერს, როდესაც მოგონებებს გადმოგვცემს, და დასძენს: ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა. ეს ხმა ზეციდან გაისმა – და ეს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვაა.
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
მავანნი ამბობდნენ, რომ პეტრეს მეორე ეპისტოლე, სადაც იგი პავლეს ეპისტოლეებს აქებს, პეტრეს არ ეკუთვნოდა. მაგრამ ამ ეპისტოლის სიტყვები რომ გაეაზრებინათ, სულ სხვანაირ დასკვნას გამოიტანდნენ. იქ წერია: მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმას: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე. და იქვე დასძენს: და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე. ასე რომ, წაიკითხონ სახარება და მაშინვე მიხვდებიან, რომ იმ დროს, როდესაც ზეციდან ხმა გაისმა, მოცქული უფალთან ერთად მთაზე იდგა. შესაბამისად, ეს ეპისტოლე იმან დაწერა, ვინც მთაზე ღვთის სიტყვები მოისმინა.
ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
ეს ეპისტოლე ჩვენთვის აქაური ცხოვრების სიბნელეში გზის მანათობელია. ამიტომაც ამბობს პეტრე მოციქული: და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს. მეფსალმუნეც ღაღადებს: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ–ალაგთა ჩემთა“ (ფს. 118:105). თუმცა ვიცით, რომ თვით ჩვენი ლამპარი ჩვენი სულებისათვის ბნელია, თუ მას ჭეშმარიტება არ ანათებს. ამიტომ მეფსალმუნე კვლავ ამბობს: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (ფს. 17:29). რა არის მანათობელი ლამპარი, თუ არა ნათელი? მაგრამ ქმნილი ნათელი ჩვენთვის არ ანათებს, თუ თავად არ ნათდება უქმნელი ნათლისგან. ამრიგად, რადგანაც ყოვლისშემძლე ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის თავად ჩამოაყალიბა წმინდა მცნებები, ამიტომ ისინი თავადვე გაგვიცხადა.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ დიოლოღოსი



წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 17:1-9

ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
ლუკა ამბობს (9:28): „ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ“, თუმცა ამით მათესთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან ის დღეც მიათვალა, როდესაც ქრისტე მოწაფეებს ესაუბრებოდა [და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში“ (მთ. 16:28; მარკ. 9:1; ლკ. 9:27)] და ისიც, რომელ დღესაც იესომ ეს სამი მოწაფე მთაზე აიყვანა, მათემ კი მხოლოდ ამ ორ მოვლენას შორისი დღეების რაოდენობა აღნიშნა. რატომ მაინდამაინც ეს სამი მოწაფე წაიყვანა, არა მხოლოდ ახლა, არამედ – სხვა დროსაც, როგორც ამას შემდგომში ვიხილავთ? იმიტომ, რომ ისინი სხვა მოწაფეებს აღემატებოდნენ: პეტრე იმით, რომ მას სხვებზე ძლიერად უყვარდა ქრისტე, – მხურვალე რწმენის შედეგად; იოანე – თავად უყვარდა ქრისტეს გამორჩეულად, – მაღალი სათნოებების გამო…
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი
…იაკობი კი იმ პასუხის გამო, ძმასთან ერთად რომ გასცა უფალს: შეგვიძლია, ეს სასმისი შევსვათ (მთ. 20:22), და არა მხოლოდ ამით, არამედ საქმეებითაც, მათ შორის ისეთით, საკუთარი სიტყვები რომ გაამართლა. მართლაც, იუდეველებს იგი იმდენად სძულდათ, რომ ჰეროდე ფიქრობდა, მისი მოკვდინებით მათ დიდად დაასაჩუქრებდა.
შეხედე, როგორი მიუკერძოებულია მათე: ის არ მალავს იმათ სახელებს, რომლებსაც უფალმა მასზე მეტი უპირატესობა მიანიჭა. იმავეს აკეთებს ხშირად იოანეც – სრული სიზუსტით აღწერს პეტრესთვის შესხმულ ქებას. აი, როგორ უცხო იყო ამ წმინდა მოღვაწეთათვის შურიანობა და პატივმოყვარეობა.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი
მაღალ მთაზე აიყვანა ისინი, რათა სხვებს არ დაენახათ; ამიტომაც დასძინა: განმარტოებით (არაფერს აკეთებს ქრისტე დიდებისათვის, არამედ – სარგებლისათვის). ამით ჩვენც გვასწავლის, რომ საღვთო ჭეშმარიტებების საჭვრეტად მიწიერიდან ამაღლება გვმართებს.
და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.
და იცვალა მათ წინაშე ფერი, – რა თქმა უნდა, სხეულს თავისი ფორმა დარჩა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გაცხადდა მასში საღვთო ნათება და მისი სახე გააბრწყინა [ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ნათელი იყო ღვთის სიკეთე, რომელსაც მხოლოდ წმინდანები ჭვრეტენ სულიწმიდის ძალით. ამიტომ იმეორებს კვლავ: „იხილეს მისი სიკეთე მთაზე პეტრემ და ქუხილის ძეებმა… რომელიც მზის სინათლეზე უნათლესი იყო, და გახდნენ ღირსნი, საკუთარი თვალით ეხილათ მისი დიდებით მოსვლის წინასახე“. წმ. გრიგოლ პალამას უწყებით, დამასკელი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი ამ ნათელს ღმრთეების ბუნებრივ ბრწყინვალებას უწოდებენ. პირველი მათგანი წერს: „მამისგან შობილ ძეს საკუთარ თავში აქვს დაუსაბამო და ბუნებრივი ბრწყინვალება… და ღმრთეების დიდება ასევე სხეულსაც განადიდებს“. ოქროპირი კი ამბობს: „უფალი მთაზე გამოჩნდა თავისი უმაღლესი ბრწყინვალებით, როდესაც ღმრთეებამ თავისი დიდება გამოამჟღავნა“].
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

უფალმა ფერი იცვალა მათ წინაშე, რათა, როცა მოწაფეები ფერშეცვლილს ნახავდნენ, არ ეფიქრათ, სხვა არისო, ასევე, გაეგოთ, თუ რა ადვილად შეუძლია მათ მოძღვარს გააკეთოს ის, რაც ჰნებავს. მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ანუ როგორც მათ მოეჩვენათ, ეს მზეზე ძლიერი ბრწყინვალება იყო, რაღაც ღვთაებრივი და გამოუთქმელი; და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი, რადგან ეს ბრწყინვალება მასაც მოეფინა.
ამრიგად, თუ რომელიმე თქვენგანი იესო ქრისტეს შეიყვარებს პეტრეს დარად, ან თქვენ შეგიყვარებთ უფალი იოანესავით, ანდა მისი მტრების მიერ (მისი მტრები კი დემონებია) იაკობივით იქნებით სოფლისგან მოძულებული და დევნილი, მაშინ თქვენც აგიყვანთ იგი მაღალ მთაზე, ანუ ცოდნის სიმაღლეზე, და იხილავთ მის დიდებას, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია; ვგულისხმობ, მრავალთაგან დაფარულ და უხილავ საიდუმლოებებს. უადგილო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იესოს სახე – ეს არის მისი სიტყვების აზრი, ხოლო სამოსი – ამ სიტყვების გამოთქმა, რომლითაც დაფარულია მისი სიტყვების აზრი, როგორც სამოსით. მას სახე გაბრწყინებული აქვს და ანათლებს მომზირალთ, სამოსიც სპეტაკი აცვია – არაფერია მის გამოთქმებში ბნელი და გაუგებარი.
აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.
მრავალი მიზეზის გამო დაიყენა უფალმა გვერდით მოსე და ელია. იესო ქრისტეს შესახებ ხალხში ზოგი ამბობდა, რომ იგი იოანე ნათლისმცემელი იყო, ზოგი ელიას ხედავდა მასში, სხვები კიდევ – იერემიას ან ძველი აღთქმის სხვა რომელიმე წინასწარმეტყველს. ამიტომ დააყენა მან თავის წინაშე მონებივით ძველ აღთქმაში გამობრწყინებულ წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე სახელგანთქმულნი, რათა საჩინო ყოფილიყო მათ შორის არსებული განსხვავება და ისიც, თუ რამდენად აღმატებულია იგი მათზე. იყო სხვა მიზეზიც. საქმე ისაა, რომ იესოს რჯულის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: „ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს“ (ინ. 9:16). მას, ასევე, ღვთისმგმობელს უწოდებდნენ და ღვთის დიდების მიმთვისებელს, თან ეუბნებოდნენ:„კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი“ (ინ. 10:33). ამიტომ მოიხმო მან მოსე, რათა ეჩვენებინა, რომ რჯულმდებელი არცერთ შემთხვევაში არ წარმოდგებოდა მის წინაშე მონის სახით, ის რომ რჯულის დამრღვევი ყოფილიყო; და ელია, რომელიც ღვთის დიდების უაღრესი მოშურნე იყო და არასდროს დაიმდაბლებდა მონასავით თავს უფლის მოწინააღმდეგის წინაშე, ის რომ ღვთისმგმობი და ღვთის დიდების მიმთვისებელი ყოფილიყო. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ სცოდნოდათ – იგი არის უფალი სიკვდილისა და სიცოცხლისა (მოსე მოკვდა, ელია კი ცოცხალი ავიდა ზეცად), და რომ მომავალში, როდესაც მოწაფეები მის სიკვდილს იხილავდნენ, მიეღოთ ეს როგორც მისი ნებაყოფლობითი არჩევანი და გაეცნობიერებინათ, რომ სიკვდილისა და სიცოცხლის უფალი ვერ მოკვდებოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. შეიძლება სხვა მიზეზიც დავუმატოთ, კერძოდ, უფალი მოსეს და ელიას იმიტომ შეხვდა მოწაფეების თანდასწრებით, რომ მათ მისაბაძად აღეძრა ისინი. მოსე ენამძიმე იყო, ელია კი სრულიად გაუნათლებელი; ორივენი ღატაკნი იყვნენ და – ერთნაირად გაბედულები ხელისუფალთა წინააღმდეგ: მოსე – ფარაონის, ელია აქაბის წინააღმდეგ; მათ უწმინდური ადამიანებისგან, ვისაც სიკეთეს უკეთებდნენ, ბევრი ჭირი დაითმინეს, თუმცა მათზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. მოსესთვის მოწაფეებს ღვარძლის არქონაში უნდა მიებაძათ, ელიასთვის – ღვთისადმი მოშურნეობაში, ორივესთვის ერთად კი – შრომისმოყვარეობასა და ხალხის წინამძღვრობაში.
აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი. ლუკა ამბობს, რომ მოსე და ელიაც დიდებით ანუ ბრწყინვალებით იყვნენ მოსილნი (9:30-31), რათა ვიცოდეთ, რომ ყველას, ვინც ღვთისნიერად ცხოვრობს, წილი აქვს ღვთის დიდებაში. რაზე საუბრობდნენ ისინი? ამის შესახებაც ლუკა მახარებელთან ვკითხულობთ: ამა ქვეყნიდან იესოს გასვლაზე, რაც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო (ლკ. 9:31). ზოგიერთ წყაროში წერია არა გასვლა (ε ξοδον), არამედ – დიდება (δοξαν), რადგან დიდება ეწოდება თავად ჯვარს; ყველა დანარჩენისთვის ჯვარი უპატიობის ნიშანი იყო, როგორც სასჯელი დიდი დანაშაულისათვის, და მხოლოდ ქრისტესთვის გახდა ის დიდების ნიშანი, როგორც ჯილდო ჩვენდამი დიდი სიყვარულისა. მართლაც, რომელი მადლიერი გული არ განადიდებს მას, როცა შეიტყობს, რომ ჩვენს გადასარჩენად ასეთი სახის უპატიობა დაითმინა უფალმა, რომელიც წესით და რიგით ყოველგვარ პატივს იმსახურებდა!
ამრიგად, მოსე და ელია საუბრობდნენ ქრისტესთან მისი გასვლის ანუ დიდების ე. ი. ჯვრის შესახებ. აქვე შეიძლება ვიკითხოთ: როგორ იცნეს ქრისტეს მოწაფეებმა მოსე და ელია, როვა ებრაელებთან არ იყო მიღებული დაფებზე ადამიანთა გამოსახულებების გადმოტანა? ამაზე ვუპასუხებთ, რომ ძველი დროის ზოგიერთმა ებრაელმა შთამომავლობისთვის წიგნებში გამოხატა ისტორიულად მნიშვნელოვანი პირები. ასე რომ, მათ შეეძლოთ, წიგნებიდან ეცნოთ ისინი. გარდა ამისა, შესაძლოა, მათი სახეები ზეპირსიტყვიერი გადმოცემით ან საღვთო გამოცხადებით სცოდნოდათ, ან სხვა რამ გზით.
მოსე და ელია ქრისტეს სიახლოვეს გამოჩნდნენ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რჯულისა და წინასწარმეტყველების საიდუმლოებანი მთლიანად ქრისტეს უკავშირდება.
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი
და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? – ვინც ზემოთ ადის, ქვემოთ ჩამოსვლა უკვე აღარ სურს, მუდმივად სიმაღლეზე ყოფნა სწადია. თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას. შენ სცდები, პეტრე, როგორც ამას სხვა მახარებელიც მოწმობს; არც კი იცი, რას ამბობ. ნუ ითხოვ სამი კარვის დადგმას, რადგან სახარების ერთი საფარველი არსებობს, რომელშიც განმეორებულია რჯულისა და წინასწარმეტყველების შინაარსი. მაგრამ თუ შენ სამ საფარველს ეძებ, მაშინ ერთში ნუ გააერთიანებ მონებს უფალთან, არამედ სამი კარავი მოაწყვე, სახელდობრ, ერთი მამისთვის, მეორე ძისთვის, მესამე სულიწმიდისთვის, რათა შენს გულში ერთი საერთო საფარველი არსებობდეს იმათთვის, რომელთა ღმრთეებაც ერთია.
სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით , რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
რაკი პეტრე უგუნურად ეკითხებოდა, ამიტომაც არ იმსახურებდა უფლისგან პასუხს. მაგრამ ძის მაგივრად მამა უპასუხებს, – ასე რომ, აღსრულდა უფლის სიტყვა: „მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის“ (ინ. 5:37).
სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. ხის ტოტებითა და ქსოვილით შეკერილი კარვის საფარვლის ნაცვლად, მათ ნათელი ღრუბლის ჩრდილი მოეფინათ. ღრუბლიდანვე ისმის მამის ხმა, რომელიც იმის გარდა, რომ ძის შესახებ ამოწმებს, შეცდომაში მყოფ პეტრესაც ასწავლის ჭეშმარიტებას, ამასთან, პეტრეს მეშვეობით სხვა მოციქულებსაც ეუბნება: ეს არის ძე ჩემი საყვარელი. მისთვის უნდა დაფუძნდეს სამკვიდრებელი, მას უნდა დაემორჩილონ. იგი ძეა, ისინი – მონები. მოსემ და ელიამ თქვენთან ერთად უნდა მოუმზადონ უფალს სამკვიდრებელი საკუთარი გულის უიდუმალეს სიღრმეებში.
ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს, შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ.
ისინი შიშმა მოიცვა სამი შესაძლო მიზეზით: ან საკუთარ ცდომილებას მიხვდნენ, ანაც მოფენილმა თეთრმა ღრუბელმა გაუნათა გონება, ან კიდევ იმიტომ, რომ მამის ხმა გაიგონეს, – ადამიანურ უძლურებას კი არ შეუძლია, გაუძლოს უმაღლესი დიდების ჭვრეტას და სულითა და სხეულით შეძრწუნებული მიწაზე ემხობა. რაც უფრო მეტად ეძიებს ვინმე უმაღლესს, მით მეტად დაინთქმება იგი დაბლობში, თუ საკუთარ ძალებს არ მოზომავს.
მაგრამ მივიდა იესო, ხელი შეახო მათ და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ.
მიწაზე განთხრომილთ ადგომა არ ძალუძდათ, მაგრამ მივიდა იესო, ხელი შეახო მათ, რომ შეხებით შიში გაეფანტა და მათი დაუძლურებული სხეულის ნაწილები გაემაგრებინა და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ. ისინი, ვინც ხელის შეხებით [ხორციელად] განკურნა, ახლა მათ ბრძანებით [სულიერად] კურნავს: ნუ გეშინიათ. ის თავდაპირველად შიშს აძევებს, რათა შემდგომ უკვე რჩევა-დარიგება მისცეს მათ.
და როცა ზე აიხედეს, ვერავინ დაინახეს, იესოს გარდა.
გონებისათვის გასაგებია, რომ მათ მხოლოდ იესო დაინახეს; ეს იმიტომ, რომ მამის ხმა, შესაძლოა, საეჭვოდ მოსჩვენებოდათ, მოსე და ელია რომ ისევ უფალთან დაენახათ, რომლის შესახებაც მან უჭეშმარიტესად დაამოწმა.
ამრიგად, ღრუბლების გაუჩინარების შემდეგ, ისინი ხედავენ, რომ იესო დგას, მოსე და ელია კი იქ აღარ არიან: რჯულისა და წინასწარმეტყველების ნათლის გაფანტვის შემდგომ, რომელიც მოციქულებს თავისი საფარველით აჩრდილებდა, ჭეშმარიტი ნათელი უკვე სახარებაში გაცხადდა.
ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით.

მთაზე განცხადებული ხილვა იყო მომავალი სასუფევლისა და მოზეიმე დიდების წინასწარი გამოხატულება. ამგვარად, უფალს არ სურდა, რომ ამის შესახებ ხალხს შეეტყო, რათა მისი განდიდება არ ყოფილიყო დაუჯერებელი ხალხისთვის, ამასთან, მომავალ ჯვარცმას ესოდენი დიდების შემდეგ არ დაებრკოლებინა უხეში სულები.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი