სულთმოფენობიდან X კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება


23 ივლისი (5 აგვისტო), 2018
სულთმოფენობიდან მე-10 კვირიაკე
წირვაზე – 1 კორ. 4:9-16; მთ. 17:14-23

წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – 4:9-16

რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი. თუ თქვენ მართლაც აღარაფერს საჭიროებთ და უკვე სასუფველს მიაღწიეთ, ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, როგორც ჩანს, სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ მოგვეცა, რომ მსხვერპლად შევეწიროთ. სწორედ ამას ნიშნავს: სიკვდილმისჯილნი.
ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. ჩვენი საქმენი საჯაროდ, ყველას სახილველად არის გამოფენილი. ანგელოზებს უკვირთ ჩვენი ვაჟკაცობა, ადამიანთა შორის კი ზოგი ჩვენი ტანჯვით ტკბება, ზოგიც თანაგვიგრძნობს, თუმცა ძალა არ გააჩნიათ, რომ დაგვეხმარონ.
ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი,
ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის – ვქადაგებთ იმას, რასაც ურწმუნონი სიშლეგედ მიიჩნევენ. ხოლო თქვენ – ბრძენნი… და რომ დარტყმა ძალიან ძლიერი არ იყოს, მოციქული დასძენს: ქრისტეში, რაც ნიშნავს: „ჰოი, თქვენ რომ ჭეშმარიტი კეთილგონიერება გქონოდათ!“. ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი. შემდეგ მოციქული ტანჯვის სახეებს ჩამოთვლის.

თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
მოციქულმა ყოველივე ამით მოთმინება გამოავლინა, შემდგომი სიტყვებით კი უსრულყოფილეს სიბრძნისმოყვარეობას გამოხატავს: გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.


გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.

გვაყივნებენ და ვანუგეშებთ. ის უკიდურეს დამცირებას ასე აჩვენებს: თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ანუ არაფრით განვსხვავდებით იმისგან, რასაც სახლიდან აგდებენ, როგორც ნარჩენს – ბოსტნეულის ნაფცქვენებს და მისთანებს. ასე უმნიშნელოდ მივაჩნივართ ადამიანთა დიდ ნაწილს. ყველას მიერ ნაქელი მტვერი. მოციქული ამით თითქოსდა ამბობს: „ვადასტურებ უდიდეს მადლიერებას“. ამას მდევნელებზე კი არ ამბობს, არამედ იმათზე, ვინც სახარება შეიწყნარა“.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი

თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, – ეუბნება ის მათ: არა რაიმე ბოროტი განზრახვით, არამედ შესაგონებლად გწერთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს. მაპატიეთ თუკი რამეთი შეურაცხგყვეთ, მაგრამ იცოდეთ, სიყარულითაა ყოველივე ეს ნათქვამი; მას არ უთქვამს: „სალანძღავად“, არამედ თქვა: „შესაგონებლად“. ვის არ მიუღია მამისეული შეგონება?
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მომბაძოთ მე, როგორც მე – ქრისტეს.
პავლე მოციქული იყო ქრისტეს სწავლების პირველი მქადაგებელი კორინთოში, სადაც მრავალი ტანჯვა დაითმინა იქაური იუდეველებისა და ელინებისგან და, სადაც, ასევე, „მრავალმა კორინთელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო“ (საქ. 18:8). პავლეს შემდეგ აპოლოსი და სარწმუნოების სხვა მქადაგებლები ჩადიოდნენ კორინთოში და ასწავლიდნენ. სწორედ მათ უწოდებს მოციქული „მზრდელებს“ (წინამძღვრებს), რადგან ხალხს ისინიც კეთილმსახურებას ასწავლიდნენ. საკუთარ თავს კი მამას უწოდებს, ვინაიდან პირველმა უქადაგა მათ სახარება და კერპთაყვანისმცემლობიდან ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. „შვა“ ისინი ანუ ხორციელიდან სულიერ ადამიანებად გარდაქმნა; მიწიერიდან – ზეციურად. ამას გწერთ, ანუ ამ მხილებას, თქვენ, კორინთელებო, არა სარცხვენად, არამედ სასწავლებლად, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს. მართალია, მრავალი მზრდელი გყავთ, მაგრამ მრავალი მამა არა გყავთ, ვინც შეძლებდა, ასეთი კადნიერებითა და სიყვარულით ემხილებინეთ ცოდვებში და გულწრფელი რჩევები მოეცა. მარტო მე ვარ თქვენი სულიერი მამა, რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. აქედან გამომდინარე, ნუთუ არა მაქვს უფლება, თქვენს მამად ვიწოდებოდე? ამიტომ გთხოვთ, მე მომბაძოთ. მომბაძეთ ქრისტეს რწმენაში, სიყვარულში, სიმდაბლეში, სასოებაში, მოშურნეობასა და სხვა სათნოებებში. მხოლოდ პავლეს შეეძლო და იმას, ვინც სათნოებებში მისნაირი სრულყოფილებას მიაღწია (არის კი ვინმე ასეთი?), კადნიერებით ეთქვა: შეგაგონებთ, რომ მომბაძოთ მე, როგორც მე – ქრისტეს.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი
ყველაფერში მე მომბაძეთო, – ეუბნება ის მათ; ნურც სიბრძნით, ნურც სიმდიდრით თავს ნუ მოიწონებთ და ძმებს ნუ გადაემტერებით, პირიქით, სიბრძნე და სიმდიდრე ქრისტესა და ძმების სიყვარულს მოახმარეთ. შენიშნე გულის სიკეთე. ის ბრძანებით კი არა, შეგონებით, თხოვნით მიმართავს; ხოლო საკუთარი თავის მისაბაძ მაგალითად წარმოჩენა – ეს დიდი კადნიერების ნიშანია.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი



წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 17:14-23

როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე
და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.
მთვარეულობის ფიზიოლოგიურ ასპექტზე უკვე ნათქვამია მეოთხე თავში, ახლა კი უფრო ზუსტად ვიტყვით, რომ ზოგიერთი დემონი ადამიანებს თავს ესხმოდა მთვარის გარკვეულ ფაზებში, რათა უბედურების მიზეზად ხალხს ღამის მნათობი მიეჩნია და ამიტომ მისი შემოქმედი დაეგმოთ.
ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.
ასე რომ, ეშმაკი ღვთის ძალას რომ არ შეეკავებინა, იგი ამ შეპყრობილს დიდი ხანია, დაღუპავდა. მარკოზი კი ამბობს, რომ მთვარეულობას უკავშირდება სიყრუე და სიმუნჯე (9:17-25), და არა იმიტომ, რომ იგი ბუნებითად იყო ასეთი, არამედ იმიტომ, რომ დემონებმა შეუკრეს ეშმაკეულს ენა და სმენა.
მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.
ვერ განკურნეს მომყვანის ურწმუნოების გამო. მართალია, მან ავადმყოფი მოწაფეებთან მიიყვანა, მაგრამ არ ჰქონდა ეჭვშეურევნელი რწმენა იმისა, რომ მათ ეშმაკის განდევნა შეეძლოთ. ეს აშკარად ჩანს ქრისტეს სიტყვებიდნ: ო, ურწმუნო მოდგმავ; ასევე, მართლის სიტყვებიდან:„მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე“ (მარკ. 9:22) და ქრისტეს მიერ მომყვანის მისამართით ნათქვამიდან: „თუ შეგიძლია გწამდეს“, აგრეთვე, ამ უკანასკნელის პასუხიდან; „მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკ. 9:23-24). მარკოზი ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ.
ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ. ამას იმიტომ ამბობს, რომ ეშმაკეული ყრმის მამამ მისი მოწაფეების მიმართ საყვედური გამოთქვა: ვერ განკურნეს იგი. ამ კაცმა იფიქრა, რომ ისინი არასაკმარისად იყვნენ დაუფლებულნი თავიანთი მოძღვრის ხელოვნებას. მოვიდა მოძღვარი, მოიყვანა მოწაფეები და დააყენა ისინი, თითქოსდა, ტალღებსშუა. ამრიგად, მოწაფეები მიადგნენ, რომ გაეგოთ მისგან – რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? (მუხ.19). მათი მხრიდან სნეულის განკურნებას ხელს უშლიდნენ ურწმუნო ღვთისმგმობელნი. ესენი ბელზებელის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებენ ეშმაკებსო, – ამბობდნენ ისინი (შდრ. ლკ. 11:15). ეშმაკეული ყრმის მამას კი უთხრეს, რომ იესოს მოწაფეები სრულად არ არიან განსწავლულნი მის ხელოვნებაში – სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ სნეული ვერ განკურნეს? ამიტომ მიუგო იესომ: ო, … უკუღმართო მოდგმავ! ამიტომაც მყისვე გამოარჩია და სხვადასხვა მხარეს წარგზავნა სამოცდათორმეტი მოწაფე, რომლებმაც სასწაულებრივად განკურნეს ისინი, რათა მათი ცრუ აზრები ემხილებინათ.
როდემდის მოგითმენთ თქვენ? როცა იესოს მოკლავენ, ისინი დაინახავენ, რომ მისი სახელი სასწაულებს ახდენს.
ღირსი ეფრემ ასური

აქ მომგვარეთ. ისიც უძლური რომ არ ეგონოთ, ეშმაკს აძევებს. ეშმაკეულის მოყვანა კი იმიტომ ბრძანა, რომ მისი ძალა იმათთვისაც გაცხადებულიყო, ვისაც იგი უძლურად მიაჩნდათ.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი

შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.
საკმარისი იყო, უფალს ეშმაკი შეერისხა, რათა მას ყმაწვილი არ დაეტანჯა, რომ ეშმაკი უსიტყვოდ დამორჩილებოდა. ახლაც უფლის სახელით შერისხავენ ეშმაკს ჩვილების ნათლობისას. აქედან აშკარად ცხადდება უფლის სიდიადე და ყოვლისშემძლეობა.
მართალი იოანე კრონშტადტელი

მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
სამართლიანად უკვირდათ მოწაფეებს, თუ რატომ ვერ შეძლეს ეშმაკის განდევნა? რადგან მანამდე „მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა“ (მთ. 10:1). ამიტომ ფიქრობდნენ, ხომ არ წაერთვათ მათ სასწაულთმოქმედების მადლი? ღიად რომ არ ეკითხებოდნენ, ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ რცხვენოდათ, არამედ ის, რომ საკითხი ეხებოდა დიდ და გამოუთქმელ საიდუმლოებას. ამიტომ დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს. საიდანაც ვასკვნით? როგორც წინასწარმეტყველების ნიჭის მფლობელნი ყოველთვის და ყველაფრის შესახებ არ წინასწარმეტყველებენ, ასევე, სასწაულთმოქმედების მადლის მიმღებელნი ყოველთვის და ყველგან არ ახდენენ სასწაულებს. მეორეც, სასწაულების აღსრულებისათვის ხელისშემშლელია სასწაულთმოქმედის მცირედმორწმუნეობა ან დაეჭვება, ანაც სასწაულის მძებნელის უღირსება. ამას ამტკიცებს უფლის შემდეგი პასუხიც:
ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.
წმინდა მოციქულები ურწმუნონი არ იყვნენ, მაგრამ მაშინ შეეჭვდნენ და უნდობლობა დაეუფლათ იმასთან მიმართებით, რომ შეეძლოთ ასეთი ძლიერი ეშმაკის განდევნა. მათ ამ მცირედმორწმუნოებასა და ცივ რწმენას ქრისტემ ურწმუნოება უწოდა; მცირედმორწმუნეობის გამო სნეულის მამაც უღირსი აღმოჩნდა მის მიმართ გამოვლენილი კეთილმოქმედების მიმართ (წმ. ოქროპირი). მოციქული რომ მათ ცივ რწმენას ურწმუნოებად მიიჩნევს, ეს იქიდან ჩანს, რომ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩამოთვალა მხურვალე რწმენის საქმეები. მხურვალე რწმენა რომ გქონოდათ, – ეუბნება ის მათ, – თუნდაც მდოგვის მარცვლის ოდენა, მთებს გადაადგილებდით და არაფერი იქნებოდა თქვენთვის შეუძლებელი. თუმცა ასეთი სასწაული არ გვხვდება წმინდა მოციქულთა საქმეთა აღწერილობაში, მაგრამ წმინდა ოქროპირი შენიშნავს: „მათ შემდგომ მცხოვრები წმინდანები, თუმც სათნოებებით მათზე ნაკლებნი იყვნენ, მაგრამ როცა ამას საჭიროება მოთხოვდა, მთებს ძრავდნენ ადგილიდან. აქედან ცხადია, რომ ეს მოციქულებსაც ძალუძდათ, რომ დასჭირვებოდათ, მაგრამ რაკი ამის საჭიროება მაშინ არ იყო, ამიტომ უძლურება მათ არ უნდა დავაბრალოთ. არც უფალს უთქვამს: „აუცილებლად გადააადგილებთ“, არამედ: „შეგიძლიათ, გადაადგილოთ“. და თუ ამას არ აკეთებდნენ, არა იმიტომ, არ შეეძლოთ (სხვაგვარად, როგორ შეძლებდნენ უფრო მნიშვნელოვანი სასწაულების აღსრულებას?), არამედ იმიტომ, რომ არ სურდათ; ხოლო არ სურდათ, რადგან ამის საჭიროება არ იყო. თუმცა, შესაძლოა, ჰქონდა კიდეც ასეთ შემთხვევებს ადგილი, მაგრამ არსადაა მოხსენიებული, ვინაიდან ყველა სასწაული არ არის აღწერილი“. ამრიგად, უფალმა მოწაფეებს აუხსნა, რა ძალის შემცველია მხურვალე რწმენა და იქვე ასწავლა, თუ რა ქმედითი იარაღი არსებობს ეშმაკების წინააღმდეგ:

ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.
ეს მოდგმა. რომელი? ეშმაკის მოდგმა. შენიშნე, არ უთქვამს: „ეს მოდგმა ლოცვითა და მარხვით განიდევნება“, არამედ: „ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება“. ამით აჩვენებს, რომ ყველა სათნოებათა შორის მხოლოდ ლოცვა და მარხვაა ერთგული იარაღი ეშმაკების წინააღმდეგ (წმ. ოქროპირი). ეშმაკეულის განსაკურნებლად კი არა მხოლოდ ექიმმა უნდა იმარხულოს და ილოცოს, არამედ, აგრეთვე, სნეულმაც. იესო ქრისტემ ეშმაკეული ყრმის მამის ურწმუნოებას მხილებით უმკურნალა; მოწაფეების მცირედმოწმუნეობას – მხურვალე რწმენის მოქმედების ჩვენებით; ახალმთვარისგან ტანჯული ყრმის ეშმაკეულ სენს – შერისხვით (აკრძალვით). იმავდროულად ქრისტემ საშუალებაც აჩვენა, რომლის მეშვეობითაც მორწმუნეებს ეშმაკების განდევნა შეუძლიათ. ამის შემდეგ მან საკუთარი ვნება და აღდგომა იწინასწარმეტყველა.
გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. და დიდად დამწუხრდნენ ისინი.
სასწაულის აღსრულების შემდეგ იესო გამოვიდა იმ ადგილიდან, როგორც მარკოზ მახარებელი წერს, და მოწაფეებთან ერთად გალილეის გავლით წავიდა. იქ, გალილეაში, მან თავის მოწაფეებთან იწინასწარმეტყველა, რომ „ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით“ (მარკ. 9:31), რათა როცა ეს მოვლენები მოხდებოდა, ამ ამბებს მოწაფეები არ შეეშფოთებინა, ხოლო რადგანაც ამ წინასწარმეტყველებას ისინი, შეიძლება, დაემწუხრებინა, ამიტომ სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ თავის აღდგომასაც წინასწარმეტყველებს და ამით მათ გულისწუხილს ანელებს.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი