სულთმოფენობიდან VII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

2 (15) ივლისი), 2018
სულთმოფენობიდან მე-7 კვირიაკე
წირვაზე – რომ. 15:1-7; მთ. 9:27-35.




წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ – 15:1-7

ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ, ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ, როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.
ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ. სიტყვა – „მოვალენი ვართ“- აჩვენებს, რომ ეს ვალდებულების საქმეა და არა – მოწყალების. რისი გაკეთება გვმართებს? ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა. ხედავ, როგორ აამაღლა მოციქულმა ისინი შექებით: არა მხოლოდ ძლიერები უწოდა, არამედ საკუთარ თავთანაც გაათანაბრა. არა მარტო ამით იზიდავს იგი მათ თავისკენ, არამედ მათი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოყვასის სარგებელზეც მიუთითებს. შენ ძლიერი ხარ, – ეუბნება ის, – და თუ უძლურისადმი სულგრძელებას გამოიჩენ, არანაირ ზიანს არ მიიღებ; ხოლო თუკი მის უძლურებას არ იტვირთავ, მაშინ მას უკიდურესი საშიშროება ელოდება. მას არ უთქვამს: „ვიტვირთოთ უძლურნი“, არამედ – „უძლურთა უმწეობა (უძლურება)“; ამით მათ გულმოწყალებისკენ მიდრეკს, როგორც სხვა ადგილას, როცა ამბობს: „თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩადგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას“ (გალ. 6:1). გაძლიერდი? სათანადო მიაგე ღმერთს, რომელმაც ძლიერი გაგხადა. მართებული მიგება იქნება ისიც, თუკი უძლურის უძლურებას უმკურნალებ. ჩვენც ხომ ვიყავით უძლურნი, მაგრამ ღვთის მადლით, გავძლიერდით. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა სახის უძლურებასთან მიმართებით. მაგალითად, თუ ვინმე გულფიცხია ან ამპარტავანი ან სხვა რამ ნაკლოვანება აქვს, უნდა აიტანო. ნუთუ ეს შესაძლებელია? მოუსმინე, რას ამბობს ამის შემდეგ მოციქული. მან თავიდან უთხრა: არ ვეძებოთ ჩვენი სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად. აი, რას ამბობს ამ სიტყვებით მოციქული: ძლიერი ხარ. დაე, უძლურმა მიიღოს შენი სიძლიერის მტკიცებულება! დაე, დაინახოს შენი სიმტკიცე: სათნო ეყავ მას. უბრალოდ, დახმარება კი არ უთქვამს მოციქულს, არამედ დასძინა: „სასიკეთოდ“, მან არა მხოლოდ ეს დასძინა, რათა მავან სრულყოფილს არ ეთქვა: აი, მე ის სიკეთისკენ მიმყავს, არამედ თქვა: „ასაშენებლად“. ამგვარად, თუ შენ მდიდარი ხარ ან ძალაუფლება გიპყრია, საკუთარ სიამოვნებაზე კი ნუ იფიქრებ, ღატაკსა და გაჭირვებაში მყოფზე იზრუნე, რადგან სწორედ ამით მოიხვეჭ ჭეშმარიტ დიდებას და ბევრ სარგებელსაც მოიტან. ყოფითი ცხოვრების დიდება სწრაფლწარმავალია, სულიერი დიდება კი რჩება, თუ შენი საქმიანობა სხვათა სულიერ აღშენებას ემსახურება. ამიტომაც ითხოვს მოციქული ამას ყველასაგან; იგი არ ამბობს: „უნდა ეცადოს ის ან ეს“, არამედ – ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს. რაკი მან მნიშვნელოვანი გვამცნო და სრულყოფილ მოღვაწეს უძლურის კურნება მოვალეობად განუწესა, ახლა კვლავ ქრისტეს წარმოგვიდგენს მაგალითად: ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა. პავლე ყოველთვის ასე მოქმედებს. მაგალითად, როცა მოწყალების შესახებ მსჯელობდა, მაშინაც უფალზე მიუთითა: „იცით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით“ (2 კორ. 8:9); როდესაც მათ გულებს სასიყვარულოდ აღძრავდა, ის იმავე მაგალითით არწმუნებდა შემდეგი სიტყვებით: „როგორც ქრისტემ შეიყვარაეკლესია“ (ეფ. 5:25); აგრეთვე, როდესაც სირცხვილისა და გაჭირვების დათმენას შეაგონებდა, მან მაშინაც ქრისტეს მაგალითი მოიშველია და უთხრა: „თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი…“ (ებრ. 12:2). ის ასეთნაირადვე აჩვენებს აქაც, რომ თავად ქრისტეც ამგვარად მოიქცა, და რომ წინასწარმეტყველი ჯერ კიდევ ძველთაგანვე იუწყებოდა ყოველივე ამას, ამიტომაც დასძენს: როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“. რას ნიშნავს: არ ვეძებოთ ჩვენი სიამე? ქრისტეს რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრა, მაშინ, რა თქმა უნდა, თავიდან აიცილებდა გინებას და არ დაექვემდებარებოდა იმას, რაც შეემთხვა და დაითმინა, მაგრამ მან ჩვენზე ზრუნვის მიზეზით უარყო თავი თვისი. რატომ არ თქვა მოციქულმა: „დაიუძლურა თავი?“ იმიტომ, რომ მას მხოლოდ იმის გამოხატვა კი არ სურდა, რომ ძე ღვთისა განკაცდა, არამედ იმისაც, რომ აიტანა შეურაცხყოფა და ბევრი ცუდი სახელით მოიხსენიებდა, რადგან მას უძლურად მიიჩნევდნენ. მას ეუბნებოდნენ: „თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან“ (მთ. 27:40), ანდა: „სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია“ (მთ. 27:42)? ამიტომაც გაიხსენა მოციქულმა ის გარემოება, რომელიც მას წინამდებარე თემასთან დაკავშირებით სჭირდებოდა, თუმცა მეტი დამაჯერებლობისათვის აქაც იმაზე მეტს გამოთქვამს, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ბოროტსიტყვაობდნენ არა მხოლოდ ქრისტეს შესახებ, არამედ მამა ღმერთის მიმართაც, რადგან ნათქვამია: შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს. ეს კი, სხვათა შორის, ნიშნავს, რომ ახალი და უჩვეულო არაფერი მომხდარა. ვინც ძველ აღთქმაში ღმერთის გინება ისწავლა, ისინი ახლა მის ძესთან მიმართებითაც შლეგობდნენ; ხოლო ეს იმისათვის დაიწერა, რომ ძე ღვთისას მივბაძოთ. აქ მოციქული მორწმუნეებს ამხნევებს და განსაცდელების დასათმენად ამზადებს, როცა ეუბნება: ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს, – ე. ი. იმისათვის, რომ უფალს არ მოვწყდეთ. სხვადასხვა ღვაწლი არსებობს – შინაგანი და გარეგანი, მაგრამ ღმერთის სასოება ყველა შემთხვევაში გვჭირდება. ამიტომ სიმტკიცე და ნუგეში წმინდა წერილიდან უნდა ამოვხაპოთ, რათა მოთმინება ვისწავლოთ, მოთმინებით კი სასოება მოვიხვეჭოთ. თუმცა, როგორც მოთმინება იწვევს სასოებას, ისე სასოებაც – მოთმინებას, ორივე მათგანი კი წმინდა წერილიდან ისწავლება.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი
მოთმინებისა და ნუგეშისცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.
იესო ქრისტეს შესახებ სიტყვის დართვით მოციქული გვამცნობს, რომ მოწაფეთა უპირობა ერთსულოვნება მას არ სურს, არამედ იგი ღმერთისგან მათ თანახმიერ კეთილმსახურებას ითხოვს, როგორც ერთსულოვნების წინაპირობას. მოთმინებასა და ნუგეშს კი იმიტომ ახსენებს, რომ სიყვარულისთვის აღგვძრას, რათა მისით შემკულებმა, სულგრძელად დავითმინოთ მოყვასთა ნაკლოვანებანი და რჩევითა და ნუგეშისცემით წარვუძღვეთ მათ სრულყოფილების გზაზე.
რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამას.
მოციქულმა ღმერთს ჩვენი ღმერთი და უფალ იესო ქრისტეს მამა უწოდა, რადგან მისი მამა ყველა ჩვენგანის ღმერთია.
მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.
უფალმა ქრისტემ მაშინ კი არ შეგვიყვარა, როცა მართლები გავხდით, არამედ ცოდვილები მიგვიღო და გაგვამართლა. ამიტომ ჩვენც გვმართებს ძმების შეწყნარება, მათი უძლურების დათმენა და მთელი ძალისხმევით მოღვაწეობა მათ გადასარჩენად.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი




წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 9:27-35
იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო!
როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე იაიროს მთავრის სახლიდან სხვა რომელიღაც სახლში მიდიოდა, გზად მას ორი ბრმა აედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! ვინ იყვნენ ეს ბრმები, როგორ დაბრმავდნენ და რამდენი ხანი იყვნენ ასე უსინათლოდ? – ყოველივე ამაზე, როგორც ზედმეტ ინფორმაციაზე, წმინდა მახარებელი დუმს. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რამ აღძრა ისინი, გაჰყოლოდნენ ქრისტეს და მისგან შეწყალება ეთხოვათ, – მანამდე ხომ უფალმა იაიროსის ასული აღადგინა და ამ უდიდესი სასწაულის ამბავი მთელ იმ მხარეს მოედო (მთ. 9:26). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტეს შესახება ბრმებსაც შეეტყოთ და ახლა ხმამაღლა ეთხოვათ შეწყალება იმის იმედით, რომ მისგან ისევე მიიღებდნენ თვალის სინათლეს, როგორც იაიროსის ასულმა – სიცოცხლე. რაც შეეხება დავითის ძეს, ასე იმიტომ მიმართავდნენ ქრისტეს, რომ ჯერ ერთი, დავითს ყველა პატივს მიაგებდა, როგორც წმინდა მეფესა და ღვთის წინასწარმეტყველს, მეორეც, მრავალი წმინდა წინასწარმეტყველის თანახმად, ყველას სჯეროდა, რომ ქვეყანას მესია დავითის ტომიდან მოევლინებოდა. თუმცა, ბრმების ხმამაღალ ღაღადს: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო, – ადამიანური დიდებისმოძულე უფალი არაფერს პასუხობს, სანამ სახლში არ შედის.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო.
და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი. იესომ ისინი სახლამდე მიიყვანა, რათა მავანთ, მისით უკმაყოფილოთ, არ ეფიქრათ, რომ იგი პატივმოყვარეობის გამო აღასრულებდა სასწაულებს. მან ყველაფერი ბრძნულად გადაჭრა – არაკეთილმოსურნეთ ხელიდან გამოაცალა ბრალდების ყოველგვარი საბაბი.
სახლი, სავარუდოდ, ვინმე მორწმუნეს ეკუთვნოდა.
და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? – ანუ იმისი, რასაც მთხოვთ, თუმცა იცოდა, რომ სწამდათ; წინააღმდეგ შემთხვევაში რატომღა გაჰყვებოდნენ მას უკან შეწყალების ღაღადით?! მაგრამ მაინც ეკითხება, რათა გამოევლინა მათი რწმენა და ამით სხვებიც მიეზიდა, – ის ხომ სასწაულებს მარტო იმათთვის არ ასრულებდა, ვისაც კურნავდა, არამედ, უპირატესად, იმათთვის, ვინ ხედავდა და ვისაც ესმოდა.
ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. ისინი უკვე დავითის ძეს კი არ უწოდებენ, არამედ – უფალს, რადგან ამ შეკითხვით კიდევ უფრო ამაღლდნენ რწმენაში.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი
უფალმა ცხადად წარმოაჩინა, რომ რწმენა კი არ უნდა იყოს განკურნების შედეგი, არამედ, პირიქით, განკურნება რწმენის შედეგი (ბრმებს ხომ თვალები იმის გამო აეხილათ, რომ სწამდათ, და არა იმის გამო იწამეს, რომ განიკურნენ. აქედან ჩანს, რომ მათ რწმენით დაიმსახურეს თხოვნის შესრულება და არა თხოვნის შესრულების გამო მოიხვეჭეს რწმენა).
წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!
უფალი მათთან ერთად შევიდა სახლში, თვალებზე შეეხო და უთხრა: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! და განკურნა ისინი. ურიცხვ კურნებათა შორის, 6 განსაკუთრებულ ნაწილადაა გამოყოფილი და, ვფიქრობ, იუდეასა და მის შემოგარენში არცერთი უსინათლო არ დარჩენილა იმ დროს განუკურნებელი. ესაიამაც, თითქოსდა, ქრისტეს სახელით იწინასწარმეტყველა, რომ იგი წარმოგზავნილია მამისა და მისი სულის მიერ იმისათვის, რომ დატყვევებულთ თავისუფლება და ბრმებს თვალების ახელა უქადაგოს (ეს. 61:1). რატომ არ ამბობს წინასწარმეტყველი, რომ ქრისტე წარმოგზავნილია ბრმებისთვის თვალის სინათლის საბოძებლად, როგორც ეს სინამდვილეში ხდებოდა, და ამბობს: „საქადაგებლად“? იმიტომ, რომ ამქვეყნად უფალი მოვიდა უპირატესად სულიერი და არა ხორციელი თვალების ასახილველად – იგი მათ სახარების ქადაგებით ანიჭებდა სინათლეს. შესაბამისად, სამართლიანად ამბობს წინასწარმეტყველი, რომ ქრისტე ბრმებს თვალის ახელვას უქადაგებდა. უფალი შეგვაგონებს, ვეძებოთ სულიერი სიკეთენი: „ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ“ (ინ. 6:27) და აღგვითქვამს, რომ ასეთ შემთხვევაში ხორციელი საჭიროებისთვისაც ყველაფერი მოგვეცემა: „ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ“ (ლკ. 12:31). ასე იქცევა იგი ბრმებთან მიმართებით. თავისი კაცთმოყვარეობით იმიტომ მოდრიკა მან ცანი და გარდამოხდა მიწაზე, რომ სახარების ქადაგებით ჩვენი სულის თვალები აეხილა და სულიერი ხედვა ებოძებინა, რასაც გრძნობადი უსინათლო თვალების განკურნებაც დაურთო. ამიტომ არის დიდი მსგავსება ამ და იმ თვალების ახელვას შორის, – ვგულისხმობ ხორციელსა და სულიერს. ხორციელი თვალებით ბრმებს შორის ზოგი მაშინვე იკუნებოდა, როგორც მაგალითად ის, რომელმაც უფლისგან გაიგონა: „აღიხილენ!“ (ლკ. 18:42), ზოგი – თანდათანობით, მაგალითად, ის, ვინც სანამ სრულ განკურნებას მიიღებდა, ამბობდა: „ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო“ (მარკ. 8:24); ასევე, იმათგან, ვინც რწმენის მეშვეობით სულიერი თვალების კურნებას იღებდნენ, ზოგი უცებ იკურნებოდა, როგორც, მაგალითად, ის, ვინც მეზვერიდან მახარებელი გახდა; ზოგიერთიც – თანდათან, მაგალითად, უფლის ღამისეული მოწაფე ნიკოდიმოსი. ხორციელ ბრმათაგან ზოგი ქრისტეს ერთი სიტყვით იკურნებოდა, მაგალითად, ბარტიმეოსი; სხვები კი მისი მოქმედებით: ბეთსაიდელ ბრმას მან თვალებზე შეანერწყვა, რადგან, როგორც წარმომიდგენია, იმ ბრმას თვალები ჰქონდა, მაგრამ – ცარიელი, ვინაიდან თვალის ტენიანობა ჰქონდა დაკარგული და კვლავ მიიღო ის ღვთაებრივი შენერწყვით. ბრმადშობილს კი თვალებიც არ ჰქონდა, ამიტომ საჭიროებდა მიწისგან მათ ფორმირებას, რაც მიიღო კიდეც უფლისგან მისი ნერწყვის მიწასთან შერევით. ამრიგად, ხორციელ ბრმათა შორის, როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგმა კურნება მიიღო ქრისტეს ერთი სიტყვით, ზოგმა – მისი მოქმედებით; მსგავსი რამ ხდებოდა სულიერი თვალების განკურნების შემთხვევაშიც, ანუ, როგორც ვთქვით, როდესაც ადამიანი ურწმუნო მდგომარეობიდან რწმენაზე ექცეოდა: ზოგს სასწაული სჭირდებოდა ამისთვის. როგორც, მაგალითად, იმათ, რომელნიც იოანე ნათლისმცემელმა ქრისტესთან წარგზავნა შეკითხვით: „შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?“ (მთ. 11:3); სხვებისთვის კი უფლის ერთი სიტყვა გახდა საკმარისი, მათ სმენით ირწმუნეს, როგორც მავანმა ასისთავმა, რომლის შესახებაც უფალმა დაამოწმა, რომ მან რწმენით ისრაელს გადააჭარბა. ასეთები არიან ისინიც, ვინც მათეს სახარების დღევანდელი საკითხავის თანახმად, ხორციელი კურნება მიიღეს, რადგან ისინი განკურნებამდეც მორწმუნეებად წარმოგვიდგენიან. მართლაც, რწმენის გარეშე როგორ დაედევნებოდნენ ისინი იესოს და ასეთ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფნი, როგორ შესთხოვდნენ მას განკურნებას? ხოლო, ვინაიდან ბრმები იყვნენ, ცხადია, მათ მხოლოდ სმენით შეეძლოთ, ეწამათ.

და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს.
და აეხილათ თვალები, – იმის დასამოწმებლად, რომ მათ სწამდათ და იმის საჩვენებლად, თუ ვინ იყო ის, ვისიც სწამდათ: ის ღმერთიც არის და კაციც; იმიტომ, რომ როგორც კაცი, ის დავითის ძეც იყო და საკუთარი ხელებით შეეხო მათ თვალებს და მკაცრი გაფრთხილებაც აშკარად გამოთქვა; როგორც ღმერთმა და სინათლის შემოქმედმა კი დაბნელებულ თვალებს ნათელი უბოძა. ხოლო რადგანაც ჯერ არ იყო საიმისო დრო დამდგარი, რომ იგი ყველასთვის გაცხადებულიყო, – ეს დაფარული იყო მისი ვნებებისა და მკვდრეთით აღდგომის დრომდე, – ამიტომ მან მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. მან მკაცრად უბრძანა, რომ აღსრულებულ სასწაულზე არავისთვის მოეთხროთ.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა

ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
თუმცა მათ თავი ვერ შეიკავეს – ყველას აუწყეს ეს სასიხარული ამბავი, მიუხედავად ბრძანებისა, რომ დადუმებულიყვნენ მომხდარის შესახებ. თუკი ქრისტე სხვა ადგილას ეუბნება: წადი და იქადაგე ღვთის დიდება (მარკ. 5:19; ლკ. 8:39), ეს არ ეწინააღმდეგბა ამ შემთხვევაში ნათქვამს, პირიქით, სავსებით შეესაბამება. უფალი გვასწავლის, არათუ არაფერი ვთქვათ საკუთარ თავზე, არამედ სხვებიც შევაჩეროთ, თუ ჩვენს შექებას შეეცდებიან; მაგრამ თუკი ღმერთს განადიდებენ, მაშინ ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, პირიქით, უნდა აღვძრათ კიდეც ამისთვის.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული.
და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე.
ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
მდიდარი და ამოუწურავია მადლის სასწაულები! ერთ სასწაულს მეორეც მოჰყვა. როგორც კი სახლიდან ყოფილი და აწ განკურნებული ბრმები გამოვიდნენ, მაშინვე მიიყვანეს უფალთან მუნჯი (ყრუ-მუნჯი) ეშმაკეული. გულმოწყალე უფალმა ის შეიბრალა და მისგან ეშმაკი განდევნა. რატომ არ დაწერა მახარებელმა: „გაიგონა“, არამედ თქვა: „ენა ამოიდგა“. „მუნჯი“ეწოდება იმას, ვინც ერთდროულოდ მუნჯიც არის და ყრუც. წმინდა ლუკა გადმოგვცემს, რომ ზაქარია, იოანე წინამორბედის მამა, ანგელოზის ხილვის შემდეგ „დარჩა უხმოდ“ (κωφός – ყრუდ და მუნჯად) (ლკ. 1:22). მის სიყრუეს ის ადასტურებს, რომ მას ნიშნებით ეკითხებოდნენ, თუ რა სურდა, დაერქმია ყრმისთვის (ლკ. 1:62); ხოლო მუნჯი რომ იყო, ანუ უტყვი, ამის დასტურია ისაა, რომ მან დაფაზე დაწერა: „იოანეა მისი სახელი“ და „მაშინვე ამოიდგა ენა“ (ლკ. 1:63-64).
ეს ეშმაკეულიც ყრუც იყო და უტყვიც, ანუ მუნჯი. მოკლე, მაგრამ ბრძნული სიტყვით გამოხატა ღვთისმეტყველმა მათემ ეს ორივე სენი: სიყრუე სიტყვით – „მუნჯი“, ხოლო უტყვობა, ასევე, დაავადების მიზეზი, შემდეგი სიტყვებით: როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. მახარებელი ამით აჩვენებს, რომ ამ კაცს ეშმაკმა შეუკრა ენაც და სმენაც. ამიტომ როცა ეშმაკი განიდევნა, მაშინვე მუნჯმა ენა ამოიდგა. მსგავსადვე განკურნა იესო ქრისტემ ეშმაკეული, ანუ ყრუ-მუნჯი, როცა ავი სული შერისხა და უთხრა: „ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!“ (მარკ. 9:25).
ხშირად ვხედავთ, რომ ვინც ეშმაკის სურვილებს მიჰყვება და ცოდვითა და შეუნანიებლობით მის მონად იქცევა, ასევე ყრუ და უტყვი ხდება. ყრუ იმიტომ, რომ არ ესმის უფლის სიტყვები; უტყვი იმ გაგებით, რომ არასდროს ლაპარაკობს სიმართლესა და სათნოებაზე.
მართალია, უფლის სასწაულები საკმარის ძალას შეიცავდა იმისათვის, რომ მათი მხილველნი მის ჭეშმარიტ ღმერთობაში დარწმუნებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგს უკვირდა, ზოგიც განიკითხავდა მას და გმობდა. უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე. ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. ხალხს უკვირდა, ფარისევლები კი განიკითხავდნენ. ხალხი სამართლიანად მსჯელობს: არ მოსწრებია, – ამბობს, – ისრაელს ამგვარი რამე. მართლაც, ბევრი წინასწარმეტყველი აღასრულებდა სასწაულებს, უფრო მეტად – მოსე, ელია და ელისე, მაგრამ არც ერთ მათგანს ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულისნაირი არ მოუხდენია. სასწაულებს ისინი ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით ახდენდნენ, ქრისტე კი – თავისი ბრძანებით; წინაწარმეტყველები – ღვთის მადლით, ქრისტე კი – საკუთარი ძალაუფლებით. თითოეული წინასწარმეტყველი მხოლოდ ერთი რომელიმე სახის სასწაულს აღასრულებდა, ქრისტე – ყოველგვარს. ფარისევლები ცრუდ და უმართებულოდ მსჯელობენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ; მაგრამ „თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო?“ (მთ. 12:26) აუცილებლად დაიშრიტება მისი ძალა და ხელმწიფება. ამგვარადვე სხვაგანაც აუკრა პირი ღმერთკაცმა ფარისევლებსა და მწიგნობრებს თავისი სამართლიანი, ღვთებრივი სიბრძნით (მთ. 12:24; მრკ. 3:22; ლკ. 11:18). მაგრამ რა არის მიზეზი იმისა, რომ უბრალო და განუსწავლელი ხალხი უფრო სამართლიანად მსჯელობს, ვიდრე მათი მოძღვრები – ფარისევლები და მწიგნობრები? საქმე ისაა, რომ შური ერთნაირად უბნელებს გონებას როგორც სწავლულთ, ისე განუსწავლელთ. როცა ხალხი შურით არ არის შეპყრობილი, სამართლიან დასკვნებს აკეთებს; შურით დაბრმავებული ფარისევლები კი შლეგობენ და უსამართლოდ განიკითხავენ. რატომ არ უპასუხებს მაცხოვარი ფარისეველთა უსამართლობასა და მკრეხელობას? იმიტომ, რომ მან უკვე სხვა ადგილას გასცა ყოველივე ამას პასუხი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ; ახლა კი საქადაგებლად ისწრაფვის, მათი სიშლეგის სამხილებლად კი საკუთარ საქმეებს ტოვებს.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
ხომ ხედავ, რომ იგი ერთნაირად ქადაგებდა სახარებას ქალაქებშიც, სოფლებშიც, დაბებშიც – მრავალრიცხოვან თუ მცირერიცხოვან დასახლებებში; ყურადღებას არ აქცევდა დიდებულთა სიძლიერეს, ის მხოლოდ მორწმუნეთა გადარჩენაზე ზრუნავდა – ასრულებდა მამისგან დავალებულ საქმეს, თუმცა დაუცხრომელი სურვილი ჰქონდა იმისა, რომ თავისი სწავლებით ურწმუნოებიც ეხსნა. ასწავლიდა იგი სახარებას სასუფევლისას, ხოლო ქადაგების შემდეგ კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას, რათა მის საქმეებს დაერწმუნებინა ისინი, ვისაც მისი სიტყვა ვერ არწმუნებდა. საკუთარი აზრითაა უფლის შესახებ ნათქვამი: კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში, რადგან მისთვის არაფერია შეუძლებელი.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი