სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვატიკანის ელჩი მიიღო

ა.წ. 18 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, წმ. საყდრის მიერ წარმოგზავნილ დესპანს საქართველოში, ხოსე აველინო ბეტენკურს და მის მოადგილეს შეხვდა.
მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
დესპანმა მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს გულთბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.