აღდგომიდან VI კვირას საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

30 აპრილი (13 მაისი), 2018
აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირიაკე
წირვაზე – საქმ. 16:16-34; ინ. 9:1-38

საქმე წმინდა მოციქულთა – 16:16-34


16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

ფილიპე აღმოჩნდა პირველი ევროპული ქალაქი, სადაც წარმართმა მოსახლეობამ ქრისტიანობის მქადაგებელთა დევნა დაიწყო.
ამ დევნის საბაბი წმინდა პავლეს მიერ ერთ-ერი მხევლისგან ეშმაკის განდევნა გახდა. ეს ეშმაკეული თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. ეშმაკის განდევნის შემდეგ კი მისმა ბატონებმა შემოსავალი დაკარგეს. ეს მხევალი, აქ გამოყენებული ბერძნული გამოთქმით, „პითონის სული“ იყო. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის მუცლით მეზღაპრე იყო. ხალხს მიაჩნდა, რომ მას რომელიღაც წარმართული კერპი შთააგონებდა და ამიტომ სხვადასხვა სახის შეკითხვით მიმართავდა.

პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო.

მხევალი ყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. აქ ეშმაკი ღვთის დიდებას უნებურად აღიარებს. მსგავს მაგალითს უფალ იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაშიც ვხედავთ (მარკ. 1:34). წმინდა იოანე ოქროპირი მასში დემონის მზაკვარ მოქმედებას შენიშნავს.
მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი


ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. განრისხდა პავლე, მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.

განრისხდა პავლე, ე. ი. ის აღგზნებული და აღელვებული იყო. მან გააჩუმა ეშმაკისგან შეპყრობილი მხევალი, თუმცა ის სიმართლეს ლაპარაკობდა. ამით გვასწავლის, რომ ეშმაკები ახლოს არ უნდა მოვუშვათ, თუნდაც გვაჩვენებდნენ, თითქოს ჭეშმარიტებას იცავენ. არ უნდა მივცეთ მათ ჩვენი ცდუნების შესაძლებლობა და არც უნდა მოვუსმინოთ. პავლეს რომ ამ სულისთვის ყურადღება მიექცია, მაშინ იგი ბევრ მორწმუნეს აცდუნებდა. თავიდან წმინდა პავლემ ეს სული მხოლოდ უარყო, რადგან არ სურდა, თავისი სასწაულების რიცხვი გაეზარდა, მაგრამ როცა სული გაჯიუტდა, მაშინ უბრძანა, გამოსულიყო ქალისგან. ამრიგად, სული მზაკვრულად მოქმედებდა, პავლე – გონივრულად.

როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,

ბოროტების მიზეზი ყველგან ფულია. ოღონდაც გამდიდრებულიყვნენ და ბატონებს სულ არ ადარდებთ, რომ მათი მხევალი ეშმაკეული იყო. შეხედე, მათ დემონიც არ აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი ვნებით არიან შეპყრობილნი – ვერცხლისმოყვარეობით.


რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;

დემონი ამბობდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან. ესენი კი გაიძახიან: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.

გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.

დემონი ამბობდა: ისინი ხსნის გზას გვაუწყებენო. ეშმაკეულის ბატონები კი გაიძახიან: გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ.

მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.

სასწაულების აღსრულება და ქადაგება პავლეს საქმე იყო, ხიფათში კი მასთან ერთად სილაც იღებდა მონაწილეობას.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი


ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.

პავლე და სილა მდუმარედ ითმენენ სახალხოდ მიყენებულ შეურაცხყოფას, თუმცა, როგორც რომის მოქალაქეებს, თავისუფლად შეეძლოთ, აერიდებინათ ფიზიკური სასჯელი. მაგრამ ისინი დუმილს ამჯობინებენ, რადგან უხარიათ შეურაცხყოფის დათმენა ღვთის სადიდებლად და ქრისტეს სახელისათვის (შდრ. საქმ. 5:41) და საკუთარ უფლებებზე საუბარი საბოლოო გამარჯვებამდე გადადეს.

ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.

დილეგის მცველმა მიიღო ბრძანება, საიმედოდ დაეცვა ისინი, ამიტომ შიდა საკანში მოათავსა პავლე და სილა, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავენი ჰყავდათ გამომწყვდეული, ნაცემებს ფეხებზე ბორკილები დაადო, მაგრამ „რაც უფრო მკაცრია პატიმრობა, მით უფრო დიდებულია სასწაული“ (ოქროპირი).
ბიბლეისტი ალექსანდრე ლოპუხინი


შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.

აქ ვხედავთ მოციქულთა ერთგულებასა და ლოცვის ძალას – ისინი საპყრობილეში ღმერთს ქებას ასხამენ, მათი გალობა მიწას აზანზარებს და საპყრობილის საძირკველს არყევს, საკნის კარს აღებს და ბორკილებს ამსხვრევს. ასეა ყოველი მორწმუნე, ვისაც ყველაფერი ახარებს: როდესაც გასაჭირში მოხვდება, სიამოვნებით იქადის თავისი ძნელი მდგომარეობის გამო, რადგან მასში ქრისტეს ძალა მკვიდრობს (შდრ. 2 კორ. 12:9), და პავლეს, სილასა და მეფსალმუნესთან ერთად უფალს ჰიმნებს უგალობს საპყრობილის (გაჭირვების) სიბნელიდან: „შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე“ (ფს. 31:7).
წმინდა ბედა ღირსი


გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28. მაგრამ პალემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას; 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე?

ეშმაკმა მოინდომა, დილეგის მცველში თვითმკვლელობის გზით მოეკლო სინანული, მაგრამ პავლემ გადაარჩინა სასოწარკვეთილებამდე მისული მცველი, რომელიც თავის მხრივ იმან გააოცა, რომ პატიმრებს გაქცევის საშუალება ჰქონდათ და ამით არ ისარგებლეს.
იხილე პავლეს მზრუნველობა, იხილე მისი კაცთმოყვარეობა! მან არ დაუშვა იმის დაღუპვა, ვინც იგი სასტიკად შეკრა; მას არ ახსოვს ბოროტება.
ამის შემდეგ წმინდა წერილიგვეუბნება, რომ შიშითა და ძრწოლით აცახცახებული მცველი ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლესა და სილას. რა მოხდა? განა შენ თვითონ არ შეკარი ისინი? შენ არ იცავდი მათ საპყრობილეში? მაგრამ ნუთუ გასაკვირია, რომ ძალამ, რომელიც ცას ხსნის, ციხის კარი გახსნა? „რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ (მთ. 18:18), – ბრძანა უფალმა. ის ხსნის ცოდვების ბორკილებს – რა გასაკვირია, რომ რკინის ბორკილებიც დახსნას? ის ხსნის ეშმაკის ბორკილებს და ათავისუფლებს შებორკილ სულებს – რა გასაკვირია, რომ პატიმრების ჯაჭვებიც გახსნას? და აი, იხილე ორმაგი სასწაული: მან გახსნა და იმავდროულად შეკრა; გახსნა ბორკილები და შეკრა პატიმართა გულები, რადგან მათ არ იცოდნენ, რომ თავისუფლები იყვნენ. მან გახსნა და იმავდროულად დაკეტა: გახსნა საპყრობილის კარი და დაკეტა პატიმართა გულის თვალები, ისე, რომ მათ არ დაუნახავთ ღია კარი, რათა არ ესარგებლათ ამით და არ გაქცეულიყვნენ. ხედავ, როგორ კრავს და ხსნის, როგორ აღებს და კეტავს უფალი?
ეს ღამით მოხდა, რათა მოვლენა უხმაუროდ და ყოველგვარი არეულობის გარეშე ჩავლილიყო: მოციქულები პატივმოყვარეობით და თავის გამოსაჩენად არაფერს აკეთებდნენ.
დილეგის მცველს გამოჰყავს ისინი გარეთ და ეკითხება: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? მიაქციე ყურადღება: მან იმიტომ კი არ შეიყვარა პავლე და სილა, რომ იგი ხიფათს ააშორეს, არამედ იმიტომ, რომ ის ღვთის ძალით დაითრგუნა.
ხედავ, რა მოხდა იქ და და რა მოხდა აქ? იქ მხევალი გაათავისუფლეს ავი სულისგან, მოციქულები კი ამის გამო საპატიმროში გამოკეტეს; აქ კი მოციქულებმა მხოლოდ ღია კარი დაანახეს და მცველს მაშინვე გულის კარი გაეღო. ბორკილები ჩამოუცვივდა და ნათელი გამოუბრწყინდა. „შევარდა“ და „ფეხქვეშ ჩაუვარდა“. ის არ კითხულობს: რა მოხდა, როგორ მოხდა? არამედ – რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე?

ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.

იხილე პავლეს მოშურნეობა. მან არ დააყოვნა და არ დატოვა ის უყურადღებოდ – მიუხედავად ბორკილებისა, ხუნდებისა, ჭრილობებისა, მაშინვე უქადაგა მაცხოვნებელი სწავლება მას და მთელ მის სახლეულობას.
წყლულები მობანა, – ამით დილეგის მცველმა მადლობა გადაუხადა და პატივი მიაგო მოციქულებს. განბანა ისინი და თვითონაც განიბანა ცოდვებისგან; დააპურა და თავადაც დაპურდა.
და ხარობდა, თუმცა არაფერი მიუღია საუბრისა და კეთილი იმედის გარდა. იმიტომ კი არ ხარობდა, რომ საშიშროება განეშორა, არამედ იმიტომ, რომ იწამა ღმერთი.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი


სახარება წმინდა იოანე მახარებლისაგან საკითხავი – 9:1-38


იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.

იუდეველები მძვინვარებდნენ და იესოს ქვებით ჩაქოლვას უპირებდნენ, მაგრამ მან დატოვა ტაძარი – განერიდა თავისი მდევნელების უწმინდურ ჩანაფიქრს. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. ამით გვაჩვენებს, რომ იგი განეშორება იუდეველთა სიბილწეს. ის ტოვებს ღვთისმბრძოლთა კრებულს, მაგრამ მოიხილავს წარმართებს და მათზე მიაქცევს თავის მზრუნველ სიყვარულს. სწორედ ისინი ჰგავდნენ დაბადებიდან ბრმას იმით, რომ ცდებოდნენ, ადრეული ასაკიდან მოკლებულნი იყვნენ ჭეშმარიტ ღვთისმცოდნეობას და არ ფლობდნენ ღვთის ნათელს, ანუ განათლებას სულიწმიდისგან. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ქრისტეს მიერ ბრმის ასე შემთხვევითი მოხილვა. ვფიქრობ, ქრისტე, საკუთრივ, მოვიდა არა წარმართებთან, არამედ მხოლოდ ისრაელთან, როგორც ეს ერთხელ თავად თქვა: „სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს“ (მთ. 15:24). მხედველობა კი წარმართებს გამოუსწორდათ ქრისტეს, ასე ვთქვათ, გვერდზე ჩავლით, რომელმაც თავისი წყალობა მათზე გადაიტანა ისრაელის ურწმუნოების მიზეზით. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც მოსეს ბაგეებით უფალი გვიცხადებს: „გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ“ (2 რჯ. 32:21). „უგვანი ხალხი“ ის იყო, ვინც შემოქმედის მაგივრად ქმნილებას ემსახურებოდა, პირუტყვის მსგავსად უკიდურეს უმეცრებამდე დავიდა და მხოლოდ მიწიერით იყო დაკავებული. ვინაიდან ისრაელმა ღმერთი განარისხა, – რჯულით ბრძენმა და წინასწარმეტყველების ქადაგებით გონიერმა, – ამიტომ ის თავადაც განარისხა უფალმა, როგორც კი მისი კუთვნილი ადგილი „უგვან ხალხს“ გადასცა, რომლისთვისაც რწმენის გზით ქრისტე იქცა „სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად“, დაწერილის თანახმად (1 კორ. 1:30), სინათლედ და გონების გამხსნელად.
წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი


მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?

მოწაფეების მხრიდან ასეთნაირი შეკითხვა გამოწვეული იყო იმაზე დაკვირვებით, რომ ფიზიკური უბედურება, განსაკუთრებით – ავადმყოფობა, ხშირად ცოდვილი ცხოვრების ნაყოფი იყო. გამოცდილებაც და წმინდა წერილიც (გამოს. 20:5; 34:7; 2 რჯ. 28:18) აჩვენებდნენ, რომ მშობლების ცოდვებით შვილები ისჯებოდნენ. თუკი ბრმის სიბრმავე თავად ბრმის ბრალი იყო, მოწიფულ ასაკში მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, მაშინ რატომ სჭირდა მას სიბრმავე დაბადებიდან? ნუთუ წინასწარ იყო ცოდვა განჭვრეტილი? ეგებ ცოდვისკენ მიდრეკილება სიცოცხლის დასაწყისიდანვე იქნა სიბრმავით შეკავებული? რა თქმა უნდა, ასე მსჯელობდნენ იესოს მოწაფეები, მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდათ, ეფიქრათ ერთი სხეულიდან მეორე სხეულში სულის გადასახლებაზე, როგორც მათგან განსხვავებით სხვები ფიქრობდნენ. მოგვიანებით იუდეველებმაც შეითვისეს წარმართთა ეს უგუნურება, თუმცა ეს აზრი უცნობი იყო თვით კაბალის შემთხზველთათვისაც.

მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.

მოწაფეების შეკითხვას უფალმა პასუხი გასცა სიტყვითაც და საქმითაც. რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში, – მიუგო. ღვთის საქმენი – ეს არის ღვთის დიდების გაცხადება. სიბრმავის მიზეზი ცოდვები არ ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ბრმა და მისი მშობლები ღვთის წინაშე წმინდანები იყვნენ და, შესაბამისად, შეგონებას არ საჭიროებდნენ. წმინდა ოქროპირი ასე მსჯელობს: „მაშ რა, ნუთუ სასჯელის გარეშე არ შეიძლებოდა ღვთის დიდება გაცხადებულიყო? მაგრამ აქ სრულებითაც არ არის ნათქვამი, რომ არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ დაე, მასზეც გაცხადდეს. იქნებ თქვა, რომ იგი ღვთის სადიდებლად იჩაგრებოდა? რითი იყო დაჩაგრული? რა იქნებოდა, ღმერთს რომ ენება და ის საერთოდ არ დაბადებულიყო? მან საკუთარი სიბრმავიდან მიიღო კეთილდღეობა, რადგან შინაგანი თვალები აეხილა“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანისთვის ყველაზე მაღალი ღირსებაა, იყოს ღვთის დიდების რჩეული იარაღი; ხოლო ხორციელი სიბრმავით მიყვანილ იქნეს სულიერ ხედვამდე, ეს ყველაზე უფრო სასურველი სიკეთეა სულისთვის, – სავსებით დამაჯილდოებელი სიბრმავით გამოწვეული მოუხერხებლობისათვის.

ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

„ჩვენ გვმართებს, ვაკეთოთ საქმე“, – ამბობს მაცხოვარი. იგი თავს გვაჩვენებს ღმერთის წარმომადგენლად, რომელსაც დავალებული აქვს ღვთის საქმეების აღსრულება, აღსრულება ამისთვის განკუთვნილ დროს. დღე – ეს ის დროა, როდესაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების მზე ბრწყინავს (ინ. 12:35); ღამე კი ის დროა, როდესაც ეს მზე ჩაესვენება, საფლავში დაეფლობა.

სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ.

იგი უფალი იესოა და ვერ იქნებოდა სხვანაირი ამქვეყნად. იგი ქყვენის ნათელია. ქრისტე ანათებს დიდებით, როგორც მზე ცაზე, და ქვეყანაზე ფანტავს ყოველგვარ სიბნელეს – ნებსითს თუ უნებლიე ცდომილებებს; სწავლებითა და სასწაულებით უცხადებს ადამიანებს ღვთის დიდებას.

ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას.

უდიდესი სასწაულთმოქმედი სასწაულებს მხოლოდ საკუთარი ძალით აღასრულებს, ის არ საჭიროებს გარეშე ძალების ჩარევას. თუკი სასწაულის ისტორიაში ჩნდება რაღაც დამატებითი საშუალება, ე. ი. ეს საშუალება ადამიანებს სულიერ გაკვეთილად სჭირდება. როგორც პლინიუსის მოწმობიდან ჩანს (hist nat. 28, 7), ნერწყვი თვალების ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენებოდა. მაგრამ ბრმადშობილს ნერწყვი ვერ დაეხმარებოდა, მით უმეტეს, მიწასთან შერეული. არც სილოამის წყალს დაუბრუნებია რომელიმე ბრმისთვის მხედველობა, თუმც ზოგიერთს რგებდა. მაგრამ ყველას დასანახად იესოს მიერ ტალახის წასმა თვალებზე სრული სიცხადით წარმოაჩენს თვალებისთვის სინათლის მიმნიჭებელ ღვთის ძალას.
წმინდა მღვდელთმთავარი ფილარეტი (გუმილევსკი)


და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

ვინაიდან მუცელში სიტყვის მიერ ვიქმნებით, ამიტომ სწორედ სიტყვას შეეძლო და მისცა კიდეც მხედველობა დაბადებიდან ბრმას, რითაც აშკარად დაგვანახა ჩვენი ფარული შემოქმედი. სიტყვა ღიად მოევლინა ადამიანებს, მან აგვიხსნა ადამის შექმნა, –რაგვარად და როგორი ხელით იყო ის შექმნილი, – და ნაწილის მაგალითზე მთელი დაგვანახა. ბრმისთვის თვალის ამხელი უფალი ხომ ის არის, ვინც მამის ნებისადმი მსახურებით მთლიანი ადამიანი შექმნა, და რადგანც ამ შექმნაში, რომელიც ადამის გამო მოხდა, ცოდვაში შობილი ადამიანი ასაღორძინებელ განბანას საჭიროებდა, ამიტომ მას შემდეგ, რაც თვალებზე ტალახი სცხო, უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის აუზში, რითაც მისთვის ერთდროულად შექმნაც აღადგინა და აღორძინებაც განბანვის გზით. ამიტომ განბანილი უკვე თვალახილული მობრუნდა, რათა გაეცნო სიტყვა-შემოქმედი და შეეცნო ცხოვრების მიმნიჭებელი ღმერთი.
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი


ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?

მოვლენის უჩვეულობას ისინი ურწმუნოებამდეც კი მიჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იყო გაკეთებული უნდობლობის აღმოსაფხვრელად. ზოგიერთები ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? ჰოი, რაოდენ დიდია ღვთის კაცთმოყვარეობა! რამდენად იმდაბლებს თავს ქრისტე, როდესაც თავისი სახიერებით კურნავს გლახაკებს და ამით იუდეველებს ადუმებს! არა მხოლოდ დიდებულებს, წარჩინებულებსა და მთავრებს, არამედ მდაბიოებსაც – ყველას – ერთნაირი მზრუნველობით ეკიდება, რადგან ყოველთა გამოსახსნელად მოვიდა. და რაც შეემთხვა განრღვეულს, იგივე შეემთხვა ბრმასაც; არც იმან იცოდა, ვინ იყო მისი განმკურნებელი და არც ამან. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქრისტე გაშორდა; ის ყოველთვის ტოვებდა კურნების ადგილს, რათა აღსრულებულ სასწაულში ეჭვი არავის შეჰპარვოდა. როდესაც არ იცოდნენ, ვინ იყო ის, მართლაც, რანაირად შეძლებდნენ მას ამ საქმებში დახმარებოდნენ? რაც შეეხება ამ ბრმას, ის არ იყო იმათ რიცხვიდან, ვინც ყველგან დადის, იგი ტაძრის ბჭესთან ჯდებოდა.

ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ.

მაშინ, როდესაც ყველას გაურკვევლობა იპყრობს მასთან მიმართებით, ის თავად რას ამბობს? მე ვარ. არ შერცხვენია წინანდელი სიბრმავის, არ შეშინებია ხალხის რისხვის. არ უარყვია თავისი ვინაობა, რათა გაეცხადებინა თავისი კეთილისმყოფელის შესახებ.

10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი.

მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? იგი უპასუხებს: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო… აბა რას ამბობ? ნუთუ კაცს შეუძლია ასეთი საქმეების გაკეთება? მაგრამ მის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის. კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო…
შეხედე, როგორი სამართლინია. არ უთქვამს, რისგან გააკეთა ტალახი – რაც არ იცის, იმის შესახებ არაფერს ამბობს. არ დაუნახავს, რომ იესომ მიწაზე დაანერწყვა. ხოლო თვალებზე რომ წაუსვა, ეს მან შეხებით იგრძნო. …და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. ეს გაიგონა, მაგრამ მის ხმას საიდან იცნობდა? მოწაფეებთან მისი საუბრიდან. ამგვარად, ყველაფერს ამას იგი ყვება საქმიდან გამომდინარე, მაგრამ ვერაფერს ამბობს კურნების საშუალებაზე. თუკი გრძნობადსა და შესახებთან დაკავშირებით რწმენაა საჭირო, მით უფრო, უხილავთან მიმართებით.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი


კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. 13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. 14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. 15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. 16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.

თავმდაბლობიდან გამომდინარე, უფალი ყოველთვის ტოვებდა კურნებისა და სასწაულის აღსრულების ადგილს, რომ ხალხს მისი ქება-დიდება არ დაეწყო. ამიტომ განკურნებულმა შეკითხვაზე, თუ სად იყო ქრისტე, მიუგო: არ ვიცი, რაც სრული სიმართლე იყო. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან, რათა დაწვრილებით და მკაცრად გამოკითხონ. მახარებელი შენიშნავს, რომ შაბათი იყო ის დღე, – ამით უნდა მათი ღვარძლი აჩვენოს, თუ როგორ ცდილობენ, ყოველი შემთხვევა ქრისტეს საწინააღმდეგოდ მიმართონ: ადანაშაულებენ შაბათის დარღვევაში, რათა სასწაული დააკნინონ. ბრმას აიძულებენ გაიხსენოს, რომ ქრისტემ შაბათ დღეს მოზილა ტალახი. ყოფილი ბრმა არც ქრისტეს ახსენებს, არც მის სიტყვებს, მხოლოდ ეუბნება: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. როგორც ჩანს, ფარისევლებს ჯერ გამოკითხული ჰყავდათ ისინი, ვინც იგი მათთან მიიყვანეს და, შესაძლოა, ადანაშაულებდნენ უფალს: აი, რას აკეთებს იგი შაბათ დღეს. აღნიშვნის ღირსია ყოფილი ბრმის სიმამაცე: ის უშიშრად ესაუბრება ფარისევლებს.მას მოუხმეს, რათა შეაშინონ და აიძულონ, განკურნება უარყოს. ის კი ძალიან ნათლად აცხადებს: ვხედავ. ზოგიერთი ფარისეველი, ყველა არა, მაგრამ უფრო კადნიერები, ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? ხომ ხედავ, სასწაულთა გავლენით ბევრი რბილდება. სხვები კი პირიქით: ის კაცი ღმრთისაგან არ არის. აი, ზოგიერთ ფარისეველსა და მთავარს კი შერცხვა ამ სასწაულის შემდეგ და რამდენადმე იცავენ კიდეც ქრისტეს. და იყო ცილობა მათ შორის. ეს ცილობა ჯერ ხალხში გაჩნდა – ერთნი ამბობდნენ, რომ იგი ხალხს აცდუნებს, მეორენი, რომ ის კეთილია (ინ. 7:12, 43), ახლა კი იგივე მთავრებს შორისაც იწყება. და აი, ფარისევლების ერთი ნაწილი სასწაულს იცავს, თუმცა სუსტად, ორგულად და დაეჭვებით: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? ხედავ, როგორ სუსტად ეპასუხებიან? ცილისმწამებელთა ცბიერებაც იხილე. ისინი არ ამბობენ, რომ ღმერთისგან არ არის, იმიტომ, რომ შაბათს კურნავს, არამედ – რაკიღა არ იცავს შაბათს. მუდმივად წარმოაჩენენ არა კეთილმოქმედებას, არამედ შაბათის დარღვეას. იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ მთავრები შედარებით ნელა რეაგირებენ სიკეთეზე, ვიდრე უბრალო ადამიანები. აზრი უფრო ადრე ხალხში გაიყო – ყველა არ ლაპარაკობდა ქრისტეს წინააღმდეგ, მთავრები კი ხალხის შემდეგ მოვიდნენ ამ საქებარ გაყოფამდე. ზოგჯერ გაყოფაც კარგია, – როგორც უფალი ამბობს: „მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა“ (მთ. 10:34), – თუკი ეს გაყოფა სიკეთისა და კეთილმსახურების გამო ხდება.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი


კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.

რწმენის უბრალოება მზაკვარ ურწმუნოებასთან კამათობს. რწმენა მივიდა თვალახელილ ბრმასთან, გაანათლა მისი გონების თვალები და იგი ახლა უკვე ცხადად ხედავს ჭეშმარიტებას. შეხედეთ, ყველაფერი როგორ ლოგიკურადაა; ეკითხებიან: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? „ეს წინასწარმეტყველია“, – მიუგო, ანუ – ღვთის წარმოგზავნილი, სასწაულთმოქმედების ძალით შემოსილი. ვერაფრით შეეკამათები – უჭეშმარიტესი დასკვნაა!
წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული


არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს

გულსასტიკი და ჯიუტი იუდეველები მის მშობლებს იმ მიზნით უხმობენ, რომ რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ და აიძულონ, უარყონ, რომ შვილი დაბადებიდან ბრმა ჰყავდათ. რადგანაც მათ ვერ შეძლეს, განკურნებული ბრმის მადლიერი ბაგეები დაედუმებინათ, ამიტომ მის მშობლებს აშინებენ და იმედოვნებენ, რომ მათი ჩვენებით შეძლებენ სასწაულის უარყოფას.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?

მსაჯულების ცბიერება იხილე. ეკითხებიან მკაცრად, ცდილობენ, დააბნიონ მშობლები, რათა მათმა უარყოფამ ჩრდილი მიაყენოს თვით სასწაულს. რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო, ანუ – ტყუილს ამბობთ; გინდათ, იესო ქრისტეს სახელი გაუთქვათ.

მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა;

სამი შეკითხვიდან პირველ ორს მშობლებმა დადებითად უპასუხეს. შეკითხვები შემდეგი იყო: არის თუ არა ეს თქვენი შვილი? დაიბადა თუ არა ის ბრმა? ახლა როგორ ხედავს?

მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია;

მესამე შეკითხვაზე უპასუხეს, რომ არ იციან, რადგან იუდეველების ეშინოდათ. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია. შეკითხვა განკურნებულისკენ გადაამისამართეს, ვისი პასუხიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ასეთი გამოკვლევისას.
სწავლული ბერი ევფთვიმე ზიღაბენი


ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. 23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო.

აი, როგორ აიძულებს შიში ადამიანს, დამალოს სიმართლე და თქვას სიცრუე! ყოფილი ბრმის მშობლებს ეშინოდათ, რადგან იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. ფარისევლებმა ნახეს, რომ განზრახული ვერ განახორციელს ვერც ყოფილი ბრმის და ვერც მისი მშობლების მეშვეობით, ამიტომ განკურებულს კვლავ მოუხმეს.

მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია.

ხედავენ, რომ სასწაულს ვეღარ დამალავენ და ახლა სხვა მზაკვრულ და ვერაგ ხერხს მიმართავენ. პირდაპირ არ ეუბნებიან, უარი თქვი ქრისტემ რომ განგკურნაო, არამედ კეთილმსახურების საბაბით ცდილობენ მის დარწმუნებას, თითქოს იესო ქრისტე, რაკი შაბათთან მიმართებით რჯული დაარღვია, ცოდვილი კაცია. ადიდე ღმერთი, – ეუბნებიან, – რადგან მან მოგცა სინათლე, ქრისტეს კი შენთვის არაფერი გაუკეთებია, არ განუკურნებიხარ; ჩვენ ვიცით, რომ ის ცოდვილი კაცია, რადგან რჯული დაარღვია, ცოდვილი კაცი კი ღვთის სასწაულს ვერ აღასრულებს. ხედავ მათ სიბეცესა და სიცოფეს? უბრძანებენ, რომ აღსრულებული საქმისთვის ღმერთი განადიდოს, ხოლო იესო ქრისტე, რომელმაც ეს სასწაული მოახდინა, დაადანაშაულოს როგორც რჯულის დამრღვევი და ცოდვილი.

ხოლო მან მიუგო და თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?

ნუთუ ეჭვობდა ყოფილი ბრმა, ან ეგებ შიშით თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი? არანაირად, რადგან ფარისეველთა წინაშე იქადაგა, რომ ქრისტე წინასწარმეტყველია, და თავად ქრისტესაც უთხრა: „მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას“ (ინ. 9:38). მაგრამ ვინაიდან ისინი რჯულისმოძღვრები იყვნენ, ის კი უსწავლელი, ამიტომ ასეთნაირად აღიარა: არ ვიცი, იესო ქრისტე ცოდვილია თუ მართალი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ. ამით არსებული გაურკვევლობა გადაჭრა – მასზე აღსრულებული სასწაულის აღიარებით დაამტკიცა, რომ ქრისტე ყოვლისშემძლეა. ცოდვილი არის ქრისტე თუ მართალი, – ამბობს, – არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მან თვალის სინათლე მაჩუქა. ამ პასუხმა იმდენად შეარცხვინა ფარისევლები, რომ კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?
კეთილი საქმეა, როცა საკითხს გულმოდგინედ და ღრმად იკვლევ, და ასეთნაირად ჭეშმარიტებას ადგენ. მაგრამ ფარისევლები მზაკვრულად უსვამენ ერთსა და იმავე შეკითხვებს იმ განზრახვით, რომ იქნებ ყოფილ ბრმას რამე დაავიწყდეს ადრინდელი ნათქვამიდან და მაშინ მისი მტკიცებულება ძალას დაკარგავს, ან კვლავ გაიხსენებს შაბათ დღეს ტალახის მოზილვას, თვალებზე წასმას, მისთვის მობანვის ბრძანების მიცემას და ამით დაადანაშაულებენ იესოს რჯულის დაღვევაში. მაგრამ იხილე, როგორ ჭკვიანურად პასუხობს ყოფილი ბრმა მეორედ დასმულ იმავე შეკითხვაზე:

მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ?

ადრეც გითხარითო, – ეუბნება, – როგორ ამიხილა თვალები, თქვენ კი მოსმენა არ გსურთ. რატომ მეკითხებით თავიდან, რა გინდათ, ჩემგან მოისმინოთ? ან იქნებ იმიტომ მეკითხებით, რომ ჩემსავით გინდათ, მას დაემოწაფოთ?

მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.

უმიზეზოდ გალანძღეს. შენ, – ეუბნებიან, – მისი მოწაფე ხარ, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. შენიშნე, იმდენად დიდი სიძულვილი ჰქონდათ ქრისტეს მიმართ, რომ მისი სახელის ხსენებაც არ უნდათ! მანამდე ამბობდნენ: „ის კაცი“, მერე: „რას იტყვი მასზე“ (მუხ. 16-17), ამასთან, მოსეს მოწაფეობით მოაქვთ თავი. მაგრამ ეს რომ მართლ??