2 (15) აპრილი), 2018
აღდგომიდან მე-2 (თომას) კვირიაკე.
აღდგომის განახლება. კვირაცხოვლობა.
წირვაზე – საქმ. 5:12-20; ინ. 20:19-31.
საქმე წმინდა მოციქულთა – 5:12-20
ხოლო მოციქულთა ხელით აღესრულებოდა მრავალი სასწაული და ნიშანი ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში.
საშინელი სასწაულის შემდეგ [იგულისხმება წინა მუხლებში მოთხრობილი ანანიასა და საფირას სასწაულებრივი მხილება და სიკვდილი] მოციქულები მრავალ ნიშანს აღასრულებდნენ; კერძოდ, რას? მოისმინე. და იყვნენ ყველანი, – ამბობს, – ერთსულოვნად სოლომონის სტოაში. აქედან ჩანს, რომ ისინი სახლში კი არა, ტაძარში იკრიბებოდნენ; ასევე – უკვე არ ერიდებოდნენ უწმინდურებასთან მიკარებას, თავისუფლად ეხებოდნენ მკვდრებს. თანაც, შეხედე, როგორი მკაცრნი იყვნენ თავისიანებთან, უცხოებთან მიმართებით კი ამ ხელმწიფებას არ იყენებდნენ.
ამრიგად, ცხოვრების წესით, კადნიერებით, სასწაულებითა და სხვა ყველაფრით მიწა მათთვის ცად იქცა და ხალხში ისინი ანგელოზების დარ გაოცებს იწვევდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ არად აგდებდნენ დაცინვებს, მუქარებსა თუ ხიფათებს; გარდა ამისა, დიდი კაცთმოყვარეობითა და მზრუნველობით ეხმარებოდნენ ზოგს ფულით, ზოგს – სხეულის კურნებით.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი
13. და სხვა ვერავინ კადნიერდებოდა, შედგომოდა მათ, მაგრამ ხალხი ადიდებდა მათ. და უფროდაუფრო ემატებოდნენ მორწმუნენი უფალს, სიმრავლე მამაკაცთა და დედაკაცთა.
რადგანაც მწერალმა თქვა [წინა მუხლში]: სოლომონის სტოაში, ახლა, რომ არ გაგიკვირდეს, თუ როგორ აძლევდა ხალხი მათ ამის უფლებას, ამბობს: სხვა ვერავინ კადნიერდებოდა, შედგომოდა მათ, მაგრამ ხალხი ადიდებდა მათ, – ანუ იუდეველები. ისე რომ, ქუჩებში გამოჰყავდათ უძლურები. ქრისტეს დროს ასეთი რამ არ ხდებოდა, რომ ქუჩაში დგომით ან ჩრდილის მიდგომით განკურნებულიყვნენ.
ვერავინ კადნიერდებოდა, შედგომოდა მათ. მაშ როგორ ხდებოდა ამ შემთხვევაში კურნება? ამას ის აკეთებდა, ვინც ბრძანა: „ვისაც სწამს ჩემი, საქმეებს, რომელთაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს და ამაზე მეტს გააკეთებს“ (ინ. 14:12). ყოველი მხრიდან იზრდებოდა მოციქულებით გაოცება: მორწმუნეთა მხრიდანაც, განკურნებულთა მხრიდანაც, დასჯილთა მხრიდანაც, კადნიერების მხრიდანაც მათი ქადაგების დროს და ქველმოქმედი და შეუბღალავი ცხოვრების მხრიდანაც. დიახ, ეს გაოცება გამოწვეული იყო არა მხოლოდ სასწაულებით, არამედ იმითაც, რომ ამ კაცთა ცხოვრება და სათნოებანი ჭეშმარიტად დიდი და მოციქულებრივი იყო.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
ისე რომ, ქუჩებში გამოჰყავდათ უძლურები და აწვენდნენ სარეცლებსა და საწოლებზე, რათა, როცა პეტრე გაივლიდა, ჩრდილი მაინც მისდგომოდა რომელიმე მათგანს. 16. და იკრიბებოდნენ იერუსალიმში მრავალნი გარშემო ქალაქებიდან და მოჰყავდათ უძლურნი და არაწმინდა სულთაგან შეპყრობილნი და იკურნებოდნენ ყველანი.
მოციქულთა ხელით იმდენი ნიშანი და სასწაული აღსრულდა, რომ მათ დანახვაზე ხალხმა სარეცლებითა და საკაცეებით დაიწყო თავისი ავადმყოფების ქუჩებში გამოყვანა იმ იმედით, რომ პეტრე ამ გზაზე გაივლიდა და მისი ჩრდილი რომელიმე მათგანს დაეფინებოდა. აქედან ჩანს, რომ პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა უძლურებს. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ რა საჭირო იქნებოდა გზებზე მათი გამოყვანა? აი, მაცხოვრის სიტყვების – „ვისაც სწამს ჩემი ვწამვარ, საქმეებს, რომელთაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს და ამაზე მეტს გააკეთებს“ – აღსრულება. ქრისტემ სისხლმდინარე ქალი და უძლურნი გენისარეთის მხარეში თავისი სამოსის კიდით განკურნა (ლკ. 8:44; მთ. 14:36), პეტრე კი საკუთარი ჩრდილით კურნავდა, და თუკი მისი ჩრდილიც კი ასეთ მაკურნებელ მადლს ფლობდა ღმერთისგან, მაშინ მით უფრო მისი ძვლები და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები. მოჩვენებითი კეთილმსახურების ნიღაბქვეშ ზოგიერთები უგუნურად განიკითხავენ მართლმადიდებლებს იმის გამო, რომ ისინი პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს, როგორც ქრისტეს ძალით სნეულთა განკურნებისა და სხვა სასწაულების აღსრულების შემძლებელთ. ხომ ხედავ, მოციქულთა სასწაულებმა იმ დროში იმდენად გაითქვა სახელი, რომ იერუსალიმის გარშემო ქვეყნებიდანაც მოჰყავდათ უძლურნი და უკეთური სულით ტანჯულნი, და ყველა მათგანი იკურნებოდა – და იკურნებოდნენ ყველანი. აი, უფლის შემდეგი სიტყვების აღსრულებაც: „ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან … სნეულებს ხელს დაადებენ და კარგად გახდებიან“ (მარკ. 16:17-18).
ადგა მღვდელთმთავარი, და ყველა, ვინც მასთან იყო, სადუკეველთა მწვალებლობიდან, და აღივსნენ შურით. 18. და დაადეს ხელი მოციქულებს და ჩასხეს ისინი საზოგადო საკანში.
სადუკეველები იმიტომ იყვნენ მწვალებლები, რომ ამბობდნენ, მკვდრეთით აღდგომა არ არსებობსო (მთ. 22:23), არც – სულები და ანგელოზებიო (საქმ. 23:6-8). ამ მწვალებელთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ იუდეველთა საკრებულოს (სინედრიონის) ერთ ნაწილს ისინი შეადგენდნენ, მეორეს – ფარისევლები. იმდროინდელი მღველთმთავარი – უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო კაიაფა – და ყველა, ვინც მასთან იყო, რაკი სადუკეისეული მწვალებლობის მიმდევრები იყვნენ, როცა ნახეს, რომ მოციქულები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ქადაგებდნენ, ამ ქადაგებას კი მრავალი სასწაულით ამოწმებდნენ და, შესაბამისად, მკვდრეთით აღდგომის უარმყოფელი მათი მწვალებლობა იმხილებოდა როგორც სიცრუე, ხოლო ქრისტეს რწმენა, პირიქით, ჟამიდან ჟამამდე მრავლდებოდა და ძლიერდებოდა, აღივსნენ შურით; რაც ნიშნავს, რომ ისეთი გაცხარებით გამოექომაგნენ საკუთარ სწავლებას, რომ ამ ღვთაებრივ მოციქულებს თავიანთი ურჯულო ხელიც კი დაადეს და ჩასხეს ისინი საზოგადო საკანში. ამ ღვთისმბრძოლებმა ეს იმ განზრახვით გააკეთეს, რომ სახარებისეული ჭეშმარიტების ქადაგებისათვის დაბრკოლება შეექმნათ და ხალხში [ახლად ფესვგადგმული] ქრისტეს რწმენა აღმოეფხვრათ.
ხოლო უფლის ანგელოზმა ღამით გაუხსნა საპყრობილის კარი და გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20. მიდით და დადექით და უთხარით ტაძარში ხალხს ყოველი სიტყვა ამ ცხოვრებისა.
მოციქულებს კვლავ საფხრთხე ემუქრებათ და კვლავ ღმერთი ეხმარებათ, ხოლო თუ როგორ მოხდა ეს, ამის შესახებ მოისმინე: უფლის ანგელოზმა ღამით გაუხსნა საპყრობილის კარი და გამოიყვანა ისინი და უთხრა: მიდით და დადექით და უთხარით ტაძარში ხალხს ყოველი სიტყვა ამ ცხოვრებისა. ეს მოხდა მოციქულების სანუგეშებლად და იუდეველების სასარგებლოდ და შესაგონებლად. ნახე – რაც ხდებოდა ქრისტეს დროს, ახლაც იგივე მოხდა. თვით სასწაულის აღსრულება რომ იხილონ იუდეველებმა, უფალი, რა თქმა უნდა, ამას არ უშვებს, ხოლო რითაც შეუძლიათ დარწმუნდნენ, იმას უჩვენებს. მაგალითად, მან არ დაუშვა, რომ მათ ეხილათ, თუ როგორ აღდგა მკვდრეთით, რადგან არ იყვნენ აღდგომის ხილვის ღირსნი, მაგრამ ეს მოვლენა თავისი საქმეებით დაანახა. ასევე, როდესაც წყალი ღვინოდ გარდააქცია, ეს არ დაუნახავთ თანამეინახეებს, რადგან ღვინით იყვნენ დამთვრალნი, ამიტომ ამაზე მსჯელობა სხვას მიანდო. სწორედ ასე მოხდა აქაც – როგორ გამოჰყავდათ მოციქულები, არ დაუნახავთ, მაგრამ მტკიცებულება, რომელიც მათ მომხდარში დაარწმუნებდა, დაინახეს. რატომ გამოიყვანა ანგელოზმა ისინი ღამით? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ უფრო დაუჯერებდნენ; სხვა შემთხვევაში ამის შესახებ შეკითხვასაც კი არ დაუსვამდნენ. ასე იყო ძველ დროშიც, მაგალითად, ნაბუქოდონოსორის ზეობის ხანაში, როცა მან ღუმელში ღვთის მადიდებელი ყრმები დაინახა და გაუკვირდა (დან. 3:91). ამიტომ სადუკეველებს მართებდათ, მოციქულებისთვის ჯერ ეკითხათ: როგორ გამოხვედით? ისინი კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, მოციქულებს ასეთი კითხვით მიმართავენ: „განა ბრძანებით არ გიბრძანეთ თქვენ, აღარ გესწავლებინათ ამ სახელით?!“ (საქმ. 5:28).
გამოიყვანა. მას თავად კი არ მიჰყავს, არამედ უშვებს; აქედანაც ჩანს მათი უშიშობა – ღამით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ისინი რომ დაცვას გამოეშვა ჩუმად და მოციქულები ამას დათანხმებულიყვნენ, მაშინ გაიქცეოდნენ იქიდან; ხოლო, რომ გაეთავისუფლებინათ, მაშინ ტაძარში კი არ წავიდოდნენ, არამედ იქაურობას გაეცლებოდნენ. ეს ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნისთვის ცხადია.
წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქორპირი
წმინდა სახარება წმინდა იოანე მახარებელისაგან საკითხავი – 20:19-31
და როცა მოსაღამოვდა იმ ერთშაბათ დღეს და კარები დაკეტილი იყო, სადაც იყვნენ მოწა–ფეები შეკრებილნი იუდეველთა შიშის გამო, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
გალილეაში იუდეველთა შიშით კარჩაკეტილ ოთახში მსხდომნი თავისი არსით ისინი არიან, რომლებიც მზაკვარ სულებს მოერიდნენ, ჩვეულებისამებრ გრძნობების კარი ჩაკეტეს და გამოცხადების ქვეყანაში უშიშრად ავიდნენ ღვთაებრივი ჭვრეტის სიმაღლეზე: ისინი აღიქვამენ მათთან უხილავი გზით მისულ ღვთის სიტყვას, გრძნობებზე მოქმედების გარეშე რომ ეცხადებათ მათ. სულიერი სამყაროს მეშვეობით ის მათ უვნებობასა და შთაგონებას ანიჭებს სულიწმიდის მოფენით; აძლევს ხელმწიფებას მზაკვარ სულებზე და უცხადებს თავისი იდუმალების სიმბოლოებს.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
და როცა ეს თქვა, უჩვენა მათ თავისი ხელები და გვერდი; და გაიხარეს მოწაფეებმა, იხილეს რა უფალი.
უჩვენა ხელები – დაინახეს ლურსმნების ნაჭდევი; უჩვენა გვერდი – აღიარეს შუბის ნაძგერი. ამგვარად, დარწმუნდნენ, რომ თავად უფალი დგას მათ შორის და, მათ მიერ ხილული, ნამდვილად არის ვნებული, მიმსჭვალული და გვერდგანგმირული. მაგრამ მოისმინეთ კიდევ სხვა, სულიერი მიზეზები: უჩვენა მან ხელები, როგორც ადამიანის შექმნის იარაღი; ხოლო გვერდი – როგორც ცხონების წყარო. რატომ იყო ამ ნაწილების ჩვენება როგორც მათ მიმართ მაუწყებელი ხმა: ხედავთ, მოწაფეებო, სამსჭვალებით გახვრეტილ ამ ხელებს? მათ შექმნეს ადამიანი. ხედავთ, განგმირულ გვერდს? აქედან გარდმოდინდა სისხლი და წყალი, კაცობრიობის მაცხოვნებელი კურნება. ადამის ხელები აკრძალული ნაყოფისკენ იყო გაშვერილი; ეს ხელები კი ჯვარზე იქნა გაკრული. ადამის გვერდიდან შექმნილმა ქალმა, გველისგან ცდუნებულმა, შესცოდა; ამ გვერდმა კი, შუბით განგმირულმა, ეს ცოდვა განკურნა. როდესაც მოწაფეებმა იხილეს და იცნეს უფალი, მაშინ მათი გული დიდი სიხარულით აივსო, რადგან მაცხოვნებელი ვნებებისას ღმერთკაცმა მათ უწინასწარმეტყველა: „…კვლავ გიხილავთ თქვენ და გაუხარდება თქვენს გულს და თქვენს სიხარულს ვერავინ წაგართმევთ“ (ინ. 16:22).
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი
და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. 22. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა; 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან.
ქრისტეს ეკლესიას არასოდეს ჰქონია სხვა ძალაუფლება, გარდა იმისა, რომელიც მას ქრისტემ უბოძა; ქრისტეს კი არ შეეძლო მისთვის სხვა ძალაუფლება მიეცა, თუ არა ის, რაც მამა ღმერთისგან მიიღო. როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ“ , – ეუბნება ქრისტე თავის მოწაფეებს, რითაც ნათელს ჰფენს მათ მომავალ ძალაუფლებას. სწორედ ამის გამო ამბობს პავლე მოციქული, რომ მღვდელმსახურები ქრისტეს ნაცვალნი და მისი მსახურების გამგრძელებელნი არიან. ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მოციქულებს ან მათ მემკიდრეებს ჰქონდათ ან შეიძლება ჰქონოდათ რამე ისეთი ძალაუფლება, რომელიც ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს, არ გააჩნდა. მიწიერ ცხოვრებაში ქრისტეს არასდროს მიუთვისებია საერო მეფეთა ხელმწიფება და არასდროს უსარგებლია მისით; არასდროს გამოუყენებია ძალადობა ან იარაღი, არამედ შეგონებითა და სასწაულებით ცდილობდა, ადამიანების მიყვანას ჭეშმარიტების შემეცნებასა და ჭეშმარიტ კეთილმსახურებასთან. იგი თავად გვასწავლის ამას, როცა ამბობს, რომ არ მიუღია მამისგან არანაირი საერო ხელმწიფება. როდესაც იუდეველები მას ბრალს სდებდნენ პილატეს წინაშე იმაში, რომ იგი საკუთარ თავს იუდეველთა მეფეს უწოდებდა, მაშინ პილატეს შეკითხვაზე, არის თუ არა იგი იუდეველთა მეფე, ქრისტემ ისეთი პასუხი გასცა, რომელიც მისი მხრიდან გამორიცხავს ყველანაირ პრეტენზიას ნებისმიერი სახის საერო ხელისუფლებაზე: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისაგან; ამ სოფლისაგან რომ ყოფილიყო ჩემი მეფობა, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ არ გადაეცათ ჩემი თავი იუდეველებისთვის; ხოლო ახლა ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა“ (ინ. 18:36). პილატე კვლავ ეკითხება მას: „ესე იგი მეფე ხარ შენ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე ამისთვის ვარ შობილი და ამისთვის მოვედი ამ სოფლად, რათა ვმოწმობდე ჭეშმარიტებას; ყოველი, რომელიც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემი ხმისას“ (ინ. 18:37). განა ამაზე აშკარად შეეძლო მას დაემოწმებინა, რომ ამქვეყნად იმისთვის არ მოსულა, რომ ძალაუფლებით ესარგებლა?
თუ როგორი ხელმწიფება ჰქონდა ქრისტესგან მოციქულებს მინიჭებული, ეს ყველაზე კარგად ჩანს წმინდა წერილის იმ ადგილებიდან, სადაც სწორედ ამაზეა საუბარი. თუკი ეკლესიას სხვა ძალაუფლება არ გააჩნია, გარდა იმისა, რაც ქრისტემ თავის მოწაფეებს მისცა, მათი მეშვეობით კი მათსავე მემკვიდრეებს, თუკი წმინდა წერილიდან არ ჩანს, რომ ქრისტეს მოწაფეებს სხვა რამ ძალაუფლება ჰქონოდათ, გარდა სულიერისა, მაშინ ამაოა ზოგიერთი იერარქის მტკიცება, თითქოს შეუძლიათ იყვნენ საერო ხელისუფლების ფუნქციის შემსრულებელნი. უპირველესი და უმთავრესი ხელმწიფება, რომელიც ქრისტემ მოციქულებს გადასცა, ეს არის მთელს დედამიწაზე სახარების ქადაგებისა და მორწმუნეთა მონათვლის ხელმწიფება (მთ. 28:18), ხოლო ეს ხელმწიფება რომ მხოლოდ სულიერია, სრულიად აშკარაა. სხვა ხელმწიფება, რომელიც მოციქულებს მიეცათ, მათგან კი ეკლესიას, ეს არის ცოდვების შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება: „ამინ გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში; და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში“ (მთ. 18:18). სახარების ამ მუხლზე დაყრდნობით ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ეს სიტყვები საერო საქმეებსაც ეხება, რაც უსაფუძვლოა, რადგან თავად ქრისტე პასუხობს მათ შემდეგნაირად: და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან.
აქედან ცხადია, რომ შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, რომელიც მოციქულებმა ქრისტესგან მიიღეს, ეხება მხოლოდ ცოდვებს, ანუ – მხოლოდ სულს, და არა – ხორცს, როგორც ბრძნულად შენიშნავს ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე ოქროპირი. მესამე ძალაუფლება, ქრისტესგან მოციქულებისთვის მინიჭებული, არის მის მოსაგონებლად ევქარისტული საიდუმლოს შესრულების ძალაუფლება (ლუკ. 22:19), რომელიც, ეჭვგარეშეა, არ შეიძლება საერო ძალაუფლებად მივიჩნიოთ. უკანაკნელ ძალაუფლებაზე კი, დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებით, მათე მახარებელი საუბრობს: „…ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ (მთ. 18:17). ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ეკლესიას არ ძალუძს, სხვა რამ სასჯელი დაადოს დამნაშავეებს, გარდა საეკლესიო ზიარებიდან განყენებისა და ქრისტიანული საზოგადოებიდან განკვეთისა.
თუ რამდენად შორს იყვნენ ქრისტე და მისი მოციქულები აზრისაგან საერო ხელისუფლების შესახებ, ეს იქიდან ჩანს, რომ ისინი გადაჭრით ამბობენ უარს ეკლესიის ასეთ ძალაუფლებაზე და მას მხოლოდ სულიერ ძალაუფლებას მიაწერენ. უპირველესად თავად ქრისტე უარყოფდა ასეთ ხელისუფლებას და შემდეგ თავის მოწაფეებსაც ეუბნებოდა, რომ მიწიერი ხელისუფლება მათ კი არა, საერო მმართველებს ეკუთვნით: „წარმართთა მეფენი ბატონობენ მათზე და, ვისაც ხელმწიფება აქვს მათზე, ქველმოქმედებად იწოდებიან“ (ლუკ. 22:25; მარკ. 10:43). ამ სიტყვებით ქრისტე მათ ორ ჭეშმარიტებას ასწავლის: პირველი – ისინიც და მათი მემკვიდრეებიც ყოველგვარი საერო ძალაუფლებისა და იურისდიქციისაგან შორს უნდა იდგნენ; მეორე – სულიერი ძალაუფლება, რომელსაც ისინი ფლობენ, არის არა ბატონობის, არამედ სიყვარულისა და სიკეთის ძალაუფლება, რადგან საერო ხელისუფლების ამოცანა გარეგანი საქმეების მართვაა, მაშინ, როდესაც, სულიერი მართავს გულის შინაგან მოძრაობებს. ამასთან დაკავშირებით, ნეტარ იერონიმეს მოჰყავს ქვეყნის მთავრისა და ეკლესიის ეპისკოპოსის ხელისუფლებებს შორის არსებული განსხვავება: პირველი (მთავარი) უფროსობს მათზე, ვისაც არ სურს დამორჩილება, მეორე (ეპისკოპოსი) მართავს დამორჩილების მსურველებს; პირველი შიშით იმორჩილებს, მეორე თვითონ ხდება მსახური; პირველი სხეულს იცავს სიკვდილამდე, მეორე სულს ამზადებს საცხოვნებლად.
წმინდა აღმსარებელი ნიკოდიმ მილაში
ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, არ იყო მათთან, როცა მივიდა იესო. 25. ეუბნებოდნენ მას სხვა მოწაფეები: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან უთხრა მათ: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე სამსჭალთა კვალს და არ დავადებ ჩემს თითს სამსჭვალთა ადგილას და არ დავადებ ჩემს ხელს მის გვერდს, არ ვირწმუნებ.
დიდ და განსაკუთრებულ სასწაულებს თითქმის ყოველთვის მოსდევს მათდამი უნდობლობა, და ის საქმეები, ჩვეულებრივ გონებას რომ აღემატება, ძნელად მიიღება მსმენელის მიერ. თვითმხილველიც კი ძნელად იჯერებს და, თითქოსდა, ძალდატანებითა და აუცილებლობით მიიდრეკება მათი აღიარებისაკენ. რაღაც ამის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ყოვლადბრძენი თომაც. იგი მაშინვე არ აღიარებს ჭეშმარიტებად სხვა მოწაფეების მოწმობას ჩვენი მაცხოვრის აღდგომის შესახებ, თუმცა მოსეს რჯულის თანახმად, ორი ან სამი მოწმით მტკიცდება ყოველი სიტყვა (2 რჯ. 19:15). მაგრამ მე უფრო სწორად ის აზრი მიმაჩნია, რომ არა იმდენად უნდობლობას ჰქონდა ადგილი აქ მისი მხრიდან, რამდენადაც უდიდეს წუხილს იმის გამო, რომ თავად ვერ გახდა მაცხოვრის ხილვის ღირსი. ის, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ საერთოდ მოაკლდებიდა ამ სახილველს. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ უფალი ბუნებით არის ცხოვრება და არ გაუძნელდება თვით სიკვდილის არიდება და ხრწნილების ძალაუფლების დარღვევა: ვინც სიკვდილს სხვებისგან განაძევებდა, ნუთუ მისგან საკუთარ სხეულს არ დაიცავდა? მაგრამ უდიდესი სიხარულის შედეგად იგი ახლოს აღმოჩნდა ურწმუნოებასთან და, თითქოსდა, ძლიერი აღტყინებით სურს ახლა, სასწრაფოდ იხილოს იგი და საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ კვლავ გაცოცხლდა უფალი თავისი აღთქმისამებრ: „ცოტაც და ვეღარ მნახავთ მე; კიდევ ცოტაც და მიხილავთ… და გაუხარდება თქვენს გულს“ (ინ. 16:16, 22).
მოწაფის ეს დროებითი მცირედმორწმუნეობა, ვფიქრობ, კეთილგანგებულებითია, რათა მისი დარწმუნებით ჩვენც, ვინც მის შემდეგ ვცხოვრობთ, უეჭველად ვირწმუნოთ, რომ მამამ ძის მიერ განაცხოველა ხორცი, რომელიც ხეზე ეკიდა და სიკვდილს იყო დამორჩილებული. ამიტომ პავლეც ამბობს, რომ „თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, – ცხონდები“ (რომ. 10:9). რადგანაც ხორცის ბუნებას თვითონ არ შეეძლო, სიცოცხლე მიეცა, ამიტომ ეს საქმე აღსრულდა გამოუთქმელი და ღმრთეებრივი ბუნების მოქმედებით, რომელსაც ბუნებითად მიეკუთვნება ყოვლის განმაცხოველებელი ძალაც, ამიტომ მამა ძის მიერ მოქმედებდა ამ საღმრთო ტაძარზეც (ქრისტეს სხეულზე), და არა იმიტომ, რომ სიტყვა უძლური იყო თავად აღედგინა საკუთარი სხეული, არამედ იმის გამო, რომ მამა ყველაფერს ძის მიერ აღასრულებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ძე არის მამის ძალა და რაც უნდა აღასრულოს ძემ, ყოველივე, ეჭვგარეშეა, რომ მამისგანაა. ამდენად, ნეტარი თომას ცოტაოდენი მცირედმორწმუნეობით ჩვენ ვსწავლობთ, რომ აღდგომის იდუმალება აღესრულება ჩვენს მიწიერ სხეულზე ისევე, როგორც კაცობრიობის დასაბამში, ქრისტეში, და რომ ეს არ იყო მოჩვენება თუ აჩრდილი, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ თითქოს იგი ადამიანის სახით წარმოდგა და ცრუდ მიიღო ჩვენი სხეულის ნიშნები; არც ისე, როგორც უგუნურად ამტიცებენ სხვები, რომ სულიერი სხეულით აღდგაო, ანუ უფაქიზესი და ჰაეროვანით ან სხვა რაიმეთი, ხორცისაგან განსხვავებულით, როგორც ზოგიერთებს ესმით სულიერი სხეული. ასე რომ, რადგანაც ჩვენი სასოების მთელი აზრი და შეუბღალავი რწმენის ძალა, წმინდა და ერთარსი სამების აღიარების შემდეგ, ხორცის ამ საიდუმლოებაზე კონცენტრირდება, ამიტომ ნეტარმა მახარებელმა ფრიად სასარგებლოდ მიიჩნია, ესაუბრა ამის თაობაზე შემდგომ თავებში. მართლაც, გულისხმაჰყავ, თომას ხომ უბრალოდ უფლის ხილვა არ სურს, არამედ მოითხოვს „ნალურსმნევს“, ანუ სხეულზე ჯვარცმით მიყენებული ჭრილობების ნახვას, რადგან, როგორც აცხადებს, მხოლოდ ამ შემთხვევში ირწმუნებს სრულად და დაეთანხმება სხვებს, რომ ქრისტე ნამდვილად გაცოცხლდა.
წმინდა მღვდელთმთავარი კირილე ალექსანდრიელი
და რვა დღის შემდეგ კვლავ იყვნენ მისი მოწაფეები შინ და თომაც მათთან ერთად. და მოვიდა იესო, როცა კარები დაკეტილი იყო, და დადგა შუაში და უთხრა: მშვიდობა თქვენდა.
უფლის მცნებებით ცხოვრება უფლის იდუმალ გამოცხადებას გვანიჭებს. ქრისტე სულიერად გვეცხადება გულში, როდესაც მისი მოწაფეები – სახარებით ჩამოყალიბებული და გონებით შეთვისებული ცნებები – გულში შეიკრიბებიან და ჩაკეტავენ მის კარს, რათა არ შეაღწიონ შიგნით იუდეველებმა– უფლის მტრულმა, მისი ყოვლადწმიდა სწავლების უარმყოფელმა, აზრებმა,
შემდეგ უთხრა თომას: გამოიწოდე შენი თითი აქ და იხილე ჩემი ხელები; და გამოიწოდე შენი ხელი და დაადე ჩემს გვერდს; და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ _ მორწმუნე. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.
ამ სიტყვებით უფალმა აჩვენა, რომ იგი, ღვთაებრივად ყველგანმყოფი, მაშინაც იქ იმყოფებოდა, მოწაფეთა შორის, როდესაც თომას ეგონა, რომ ის მათ საუბარს არ ესწრებოდა და თანამოწაფეებს ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით საკუთარ გაურკვევლობაზე ელაპარაკებოდა. თომას სურს, თავად დარწმუნდეს და შეუდარებლად აღმატებულ მტკიცებულებას იღებს, რის შემდეგაც უკვე აღარ აქცევს ყურადღებას აღდგომის მტკიცებულებას. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! – შესძახებს იგი. „დავრწმუნდი, რომ ღმერთი ხარ, და ახლა უკვე აღარ ვეძებ შენი აღდგომის მტკიცებულებას. შენ, ყოვლადძლიერ ღმერთს, ადამიანის გონებისათვს მიუწვდომელი ნებისმიერი ქმედება ძალგიძს“.
უთხრა მას იესომ: რადგან მიხილე, ირწმუნე; ნეტარნი არიან, რომელთაც არ უხილავთ და ირწმუნეს.
ეს სიტყვები უფალმა თავის ერთგულ მოწაფეს უთხრა, რომელმაც არ დაიჯერა უფლის აღდგომა, როდესაც ამის შესახებ მას მისივე ძმებმა, მოციქულებმა, აუწყეს; ეს სიტყვები უფალმა უთხრა იმ მოწაფეს, რომელმაც უარი თქვა დაეჯერებინა უფლის აღდგომა, სანამ თავად არ დარწმუნდებოდა ამ სასწაულებრივ და მთელი კაცობრიობისათვის ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში.
უფალმა პასუხად ნეტარად გამოაცხადა ისინი, ვინც მისი აღდგომა უხილავად ირწმუნეს. ამით მან ჩვენც მოგვიხსებნია, რომლებსაც არ გვინახავს იგი ხორციელი თვალებით! ჩვენ, რომლებიც სივრცითა და დროით ვართ მისგან დაშორებულნი! მოგვიხსენია იმ დროს, როდესაც კაცობრივი ბუნებით შემოსილი, კაცობრიობისათვის მსხვერპლად შეწირული და უკვე აღდგომის დიდებით განდიდებული თავის წმინდა მოციქულებს შორის იდგა!
ნეტარნი არიან, რომელთაც არ უხილავთ და ირწმუნეს. ამ სიტყვებით უფალმა მოციქულებთან გააერთიანა მთელი დედამიწისა და ყველა დროის ყოველი მორწმუნე. მოციქულებს შეუერთა მან ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოციქულებისთვის აღუვლინა ლოცვა თავის მამას ჩვენს მაცხოვნებელ ვნებებზე წასვლის წინ: „არა მხოლოდ ამათთვის გთხოვ, არამედ მათთვისაც, ვისაც სწამს ჩემი მათი სიტყვებით“ (ინ. 17:20). ასევე აქაც: მოციქულების ნეტარების თანამონაწილეებად ჰყოფს ეკლესიის ყველა შვილს. „ხოლო ნეტარია თქვენი თვალები, რადგან ხედავენ, და თქვენი ყურები, რადგან ესმით, – უთხრა მან მოციქულებს. – ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მართალს სურდა, ეხილა, რასაც ხედავთ, და ვერ იხილა; და ესმინა, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინა“ (მთ. 13:16-17). სიტყვის თვითმხილველებმა და მსახურებმა გადმოგვცეს თავის მიერ ხილული და მოსმენილი, როდესაც „სიტყვა ხორციელ იქმნა და დამკვიდრდა ჩვენ შორის, და ვიხილეთ – ამბობს სიტყვის ერთ–ერთი თვითმხილველი – დიდება მისი, დიდება, როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით“ (ინ. 1:14). მოციქულთა მოქმედებები იმ მოვლენების მაყურებლად გვხდის, რომელთა თვითმხილველებიც თავად იყვნენ, ხოლო ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობით არსებით თანაზიარებაში შევდივართ უფალთან და გრძნობადი თვალებისთვის უხილავი ღმერთი ჩვენი ცხოველი რწმენის ძალით ხილული ხდება გონებისთვის – ჩვენი სულიერი თვალისთვის.
წმინდა მღვდელთმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ არის დაწერილი ამ წიგნში; 31. ხოლო ეს დაიწერა, რათა გწამდეთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და რათა ვისაც გწამთ, საუკუნო ცხოვრება გქონდეთ მისი სახელით.
რომელ სასწაულებზე საუბრობს აქ მახარებელი? ნუთუ იმათზე, რომლებსაც უფალი თავის ჯვარცმამდე აღასრულებდა? არა, საუბარია იმ ნიშან–სასწაულებზე, რომელთა მოწმენიც ისინი მისი აღდგომის შემდეგ გახდნენ. ეს ცხადია იქიდანაც, რომ მახარებელი დასძენს: თავისი მოწაფეების წინაშე. აღდგომამდე კი სასწაულებს აღასრულებდა ყოველთა, და არა მხოლოდ მოწაფეთა, წინაშე. ამიტომ მახარებელი ახლა იმ სასწაულებზე საუბრობს, უფლის მიერ მისი აღდგომის შემდეგ რომ აღსრულდა, რადგან აღდგომიდან ამაღლებამდე ორმოცი დღის განმავლობაში იგი მხოლოდ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და თავისი აღდგომის მტკიცებულებებს წარმოუდგენდა. ჯვარცმამდე აღსრულებული სასწაულებით იგი ამტკიცებდა, რომ ძე ღვთისა იყო, ხოლო აღდგომის შემდგომი სასწაულებით – ძე კაცისა, ანუ ატარებდა სხეულს, თუმცა უხრწნელსა და ღვთივჩინებულს, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა ხორციელ კანონებს. ამდენად, მის მიერ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღსრულებულ სასწაულთაგან მხოლოდ ესენია ჩაწერილი, და ისიც არა სატრაბახოდ, ან მხოლოდშობილისთვის დიდების მისამატებლად, არამედ, – ამბობს, – რათა გწამდეთ. და რა სარგებელია ამისგან და ვის ეხება ეს? ცხადია, რომ – არა ქრისტეს, ვინაიდან რა სარგებელი უნდა მიიღოს მან ჩვენი რწმენისგან? ეს რწმენა მხოლოდ ჩვენ გვემსახურება. რათა ვისაც გწამთ, – გვეუბნება, – საუკუნო ცხოვრება გქონდეთ მისი სახელით. ეს ნიშნავს, რომ თუკი გვწამს, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, მაშინ ამით საკუთარ ცხონებას ვიმზადებთ, რადგან ქრისტე აღდგა და ცოცხალია ჩვენთვის. ხოლო ვინც ფიქრობს, რომ იგი მკვდარია, არ აღმდგარა და ცოცხალი არ არის, ის თვითონ უსჯის და უმტკიცებს საკუთარ თავს სიკვდილსა და დაღუპვას.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი