საკვირაო ქადაგება (25 მარტი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 25 მარტი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,
უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. წინასწარმეტყველის ეს სიტყვები სანატრელია
თითოეული ადამიანისთვის, ყოველი ერისა და ქვეყნისათვის.
დღეს ერთმანეთს დაემთხვა სამი დიდი დღესასწაული: საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენა, წმიდა მეფე დიმიტრი თავდადებულის ხსენება და საბერძნეთის
ეროვნული დამოუკიდებლობის დღე. უპირველეს ყოვლისა, ქართველი ერისა და ჩვენი
ეკლესიის სახელით, მივესალმები ჩვენს სტუმრებს – საბერძნეთის ელჩსა და მის თანმხლებ
პირებს და ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. მინდა აღვნიშნო, რომ ბერძნებსა და
ქართველებს შორის ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, რომ
საქართველოს ეკლესია ისეთივე უძველესია, როგორც საბერძნეთისა, პირველ საუკუნეში
საქართველოში სახარება იქადაგეს მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ
კანანელმა. IV საუკუნის დასაწყისში საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფოებრივი
რელიგია გახდა. ეს მოხდა იმავე პერიოდში, როდესაც გაქრისტიანდა ბიზანტია.
საქართველო, ამ დროიდან, როგორც უდიდეს სიწმინდეს, ინახავს სამსჭვალს, ანუ
ლურსმანს, რითაც ჯვარცმული იქნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეს სიწმიდე, როგორც იცით,
ახლად გაქრისტიანებულ საქართველოში იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოაგზავნა. IV
საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანება გახლდათ არა მარტო რელიგიური, არამედ დიდი
სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური აქტი. ამ დროიდან ბიზანტია და საქართველო ერთმანეთს
სარწმუნოებით და ეროვნული პოლიტიკით დაუკავშირდნენ და მას შემდეგ ეს ერთობა არ
დარღვეულა. თუმცა, ჩვენს ურთიერთკავშირს საფუძველი უფრო ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს
შობამდე ჩაეყარა. მინდა ჩვენი ეკლესიის სახელით მადლობა მოვახსენო მის
აღმატებულებას, საბერძნეთის ელჩს, იმ დიდი ყურადღებისათვის, რომელსაც იგი
საქართველოს მიმართ იჩენს. მოხარულნი ვართ, რომ საბერძნეთში სწავლობდნენ და
სწავლობენ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ეუფლებიან ბერძნულ კულტურას, საბერძნეთის
ისტორიას, ღვთისმეტყველებას. შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და ჩვენს
სასწავლებლებში იღწვიან. ასევე მადლობელნი ვართ იმ მუდმივი ყურადღებისათვის,
რომელსაც პირადად თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ეკლესიისადმი
ამჟღავნებთ. მინდა მოგახსენოთ მადლობა საქართველოს საპატრიარქოს სასოფლო
დეპარტამენტის სახელითაც, რომელსაც გადაეცა თვენს მიერ შემოწირული თანხა, რაც
სოფლის მეურნეობის დარგში მუშაბოის პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
თქვენო აღმატებულებავ, პირადად თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს კიდევ ერთხელ
გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს საბერძნეთი, ღმერთმა დალოცოს
საქართველო და ჩვენი ძმური ურთიერთკავიშირი.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი დღესასწაულია, აღვნიშნავთ
ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად ბრძანდებით, როგორც
თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია V საუკუნეში, ბიზანტიის
იმპერიის დახმარებით მოიპოვა და შენარჩუნებული გვქონდა 1811 წლამდე, ვიდრე რუსეთის
იმპერატორის უკანონო განკარგულებით, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია არ ჩამოერთვა
და მის მმართველ ეგზარქოსი არ დაინიშნა, რომელიც რუსეთიდან საგანგებოდ იგზავნებოდა.
ეს გრძელდებოდა 106 წლის განმავლობაში, 1811-დან 1917 წლამდე. 1917 წლის 25 მარტს,
საქართველოს ეკლესიამ კვლავ აღადგინა უძველესი დროიდან მოპოვებული ავტოკეფალია და
დღეს ამ მნიშვნელოვან მოვლენას მთელი საქართველო ზეიმობს. ყველა კიდევ ერთხელ
გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს.
ახლა ჩვენ გადავიხდით სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს დიდი
მფარველობისათვის და შევთხოვთ მას, რომ დალოცოს სრულიად საბერძნეთი და სრულიად
საქართველო. ამინ!
თქვენო აღმატებულებავ, ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, მინდა მოგართვათ
ქართული ხატი, რომელიც თქვენი მფარველი იქნება.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ჩვენი
დიდი მეფის, დიმიტრი თავდადებულის ხსენების დღეს. მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ
თქვენ და სრულიად საქართველო! ამინ.
დასასრულს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა 43-ე საშუალო სკოლა, რომლის დირექტორი
ბრძანდება ბატონი ავთანდილ ხმიადაშვილი და სასწავლო ნაწილი – ირინე გაბისონია.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13, 2001 წ.