ამერიკის ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან (14.03.2018)

ა.წ. 14 მარტს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ბატონი იან კელი მეუღლესთან, ქ-ნ ფრანჩესკასთან ერთად.
შეხვედრას ესწრებოდნენ მისი უწმინდესობის მოსაყდრე, _ მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირნი.
გთავაზობთ საუბრის მოკლე ვარიანტს.

ამერიკის ელჩი, ბატონი იან კელი:
_,,თქვენო უწმიდესობავ, ჩემი გული დამძიმებულია, რადგან ათ დღეში მოვემგზავრები საქართველოდან.
საქართველო ყოველთვის ძალიან ახლოს იყო და არის ჩემს გულთან. შეიძლება იცით კიდეც, რომ სამი წლის უკან მე ვაპირებდი უკვე ჩემი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებას და როდესაც მივიღე ეს მართლაც არაჩვეულებრივი შემოთავაზება, რომ მემსახურა თქვენს ქვეყანაში, დავთანხმდი.
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, ქართველი ხალხიც, ქართველი ერიც განსაკუთრებულია და მე ვთვლი, რომ მართლაც სასწაულია, თუ როგორ შეძლო საქართველომ, შეენარჩუნებინა თავისი თვითმყოფადობა, თვისი ენა, თავისი რელიგია,რადგან საუკუნეების მანძილზე იგი გარშემორტყმული იყო სხვა ინტერესების მქონე ძლიერი ქვეყნებით და, მე მიმაჩნია, რომ ამ სასწაულის ახსნა და პასუხი არის სწორედ საქართველოს ეკლესია. ეკლესია იყო ის საშუალება, რომლითც ქვეყანამ შეძლო გადარჩენა კრიზისულ და დაპყრობით პერიოდებში.
მე მინდა პატივი მივაგო საქართველოს ეკლესიას და პირადად თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, რადგან თქვენი როლი არის უდიდესი საქართველოს გადარჩენაში, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.
თუნდაც ეს ფაქტი: როდესაც მოსკოვში ვიყავი და 1989 წლის მოვლენები ვითარდებოდა, მახსოვს თქვენი როლი, თუ როგორ ცდილობდით, ხელი შეგეშალათ და აღგეკვეთათ სისხლისღვრა საქართველოში.
მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ გააგრძელოთ მსახურება ქრისტიანული რწმენის სამსახურში.
აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა მეტად მაღალ დონეზეა.
მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, როდესაც მან გაიხსენა თავისი ვიზიტი საქართველოში და განსაკუთრებით სიონის ეკლესიაში: ,,ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.“
ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი რამ აღაფრთოვანებს საქართველოში, თუმცა ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი მიზანი არის ის, რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს წარმატებას, დავუჭიროთ მხარი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელიც იცავს პრინციპს, _ ქვეყანამ თავად განსაზღვროს საკუთარი გზა.
ჩვენთვის მნიშვნლეოვანია ის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც მოდელმა ტოლერანტობისა და მოდელმა დემოკრატიული მმართველობისა.
საქართველო არის ევროპული ცივილიზაცია და საქართველო შეძლებს გახდეს წევრი ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური გაერთიანების. მე ღრმად მჯერა ამის.
როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, (ეს იყო რამოდენიმე ათწლეულის წინ) 1976 წელს, გაოცებული დავრჩი, როდესაც დავინახე ერთმანეთის გვერდიგვერდ მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა და ევროპული ცივილიზაცია, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან ამ მისწრაფებებში დახმარებისათვის.
მე ჩიკაგოს უნივერსიტეტში გავაგრძელებ მოღვაწეობას, გადავალ იქ საცხოვრებლად და 14 მაისს საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად, ჩიკაგოში მოვაწყობთ პრეზენტაციას საქართველოს შესახებ.
მე, რა თქმა უნდა, საქართველოსთან კავშირში დავრჩები და აუცილებლად გვექნება დიდი სურვილი, რომ დავბრუნდეთ ხოლმე, მეც და ფრანჩესკაც.
თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ მოგიხსენიებთ თქვენ, მოვიხსენიებთ საქართველოს ჩვენს ლოცვებში და თქვენც გთხოვთ, რომ მოგვიხსენიოთ თქვენს ლოცვებში.”


კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
გულითადად მოგესალმებით წმინდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით და გისურვებთ დიდ წარმატებას სამომავლო მოღვაწეობაში.
თქვენ რთულ პერიოდში ბრძანდებოდით ელჩი, მაგრამ ბრძნულად გაართვით თავი ყველა პრობლემას.
ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი.
ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე.
მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების, იმ დახმარებისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს.
მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება.
რაც შეეხება ეკლესიას, _ ზოგიერთს ბოლომდე არ ესმის მისი როლი, მისი მნიშვნელობა ჩვენს ისტორიაში. ქართველი არასდროს ყოფილა ფანატიკოსი, ის იყო და არის ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი.
ზოგიერთს უკვირს ისიც, თუ რატომაა ეკლესიის ავტორიტეტი მაღალი საქართველოში, ეს იმიტომ, რომ იგი იცავდა თავის კულტურას, ენას, თავის წარსულს და ეს ხალხის ინტერესიცაა.
როგორც ვთქვი, თქვენ რთულ დროს მოგიწიათ ელჩის მოვალეობის შესრულება, თორემ უფრო მეტი შთაბეჭდილება გექნებოდათ აქაურობაზე.
მაგრამ იმედი მაქვს, არ დაივიწყებთ საქართველოს და შეიძლება ელჩის მოვალეობით არა, მაგრამ ისე ხშირად ჩამობრძანდეთ ჩვენთან.
მინდა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე.
თქვენი მომავალი კარგი იქნება.