სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (11.03.2018)

ჩვენთან არს ღმერთი
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ვისაც გინდათ შემოდგომად ჩემდა, მომდევდით მე, უარყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექით მე.
აი, განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ, დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჯვარი რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეს არის ღვთისაგან ბოძებული, თუ ჩვენი ნებით აღებული. მძიმეა ჯვარი ღვთისაგან ბოძებული, მაგრამ აუტანლად მძიმეა, როცა ადამიანი თვითონ იღებს ჯვარს.
ყოველ ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს (ჯვარი არის განსაცდელი), იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი.
ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ტვირთულობს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, ღმერთი აძლევს ძალას.
მე მახსენდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როცა ხალხს ძალიან უჭირდა. მახსენდება ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ქმარი და ორი შვილი. მისი ქმარიც და შვილებიც წაიყვანეს ომში და დარჩა იგი უპატრონოდ. ეს დედა მოდიოდა ხოლმე ჩვენს სახლთან და გვიამბობდა თავის წარსულს. უჭირდა, მაგრამ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არასდროს ეცემოდა სულით. პირიქით, უნდოდა რაღაც სიამოვნება მოეტანა სხვებისათვის. სულ ამბობდა შენი ჭირიმეო, მაგრამ ვერ გამოსთქვამდა კარგად და ამბობდა შენი ჭირიმენი და იწყებდა ცეკვას, რომ სიხალისე შემოეტანა. მისი სახელი ევდოკია იყო და მე მინდა გთხოვოთ, ვილოცოთ ევდოკიასთვის. მას არავინ დარჩა, მისი ქმარიც და შვილებიც ომში დაიხოცნენ, მაგრამ ტკივილს მაინც უმკლავდებოდა.
როცა ადამიანს ღმერთი აძლევს განსაცდელს, როგორც გითხარით, ღმერთივე აძლევს ძალას და სიბრძნეს.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. და, აი გაჭირვების ჟამს უნდა სქვათ: ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადამარჩენს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ ის ჯვარი, რომელიც მოგვეცა უფლისგან, ბოლომდე მივიტანოთ.
ახლა უნდა დავლოცოთ ქალაქ რუსთავის ახალგაზრდა წყალბურთელთა ნაკრები და მათი მწვრთნელი, ბატონი მიხეილ გუმბერიძე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი
ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ მამა ზეციერმა.