ინფორმაცია ივერიის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით (31.10.2017)

შაბათს, 29 ოქტომბერს, სიონის საკათედრო ტაძრიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში წაბრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ათონის მთაზე დაიწერა ჰუჯაბის მონასტრისათვის, თბილისში კი 17 წლის წინ ჩამობრძანდა; ახლა იგი კვლავ თავის ეპარქიას დაუბრუნდა.
სიონის ეკლესიაში მის ადგილზე დაბრძანდა კვლავ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აფხაზი მეცენატის შეკვეთით ახლახანს შეიქმნა და რომელიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, სოხუმში წაბრძანდება. მისი სახელია: „ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აფხაზეთისთვის”.
ხატის პერანგზე გამოსახულნი არიან: თორმეტი მოციქული (მათ შორის, რა თქმა უნდა, ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი) და ის წმინდანები, რომელთა ცხოვრებაც მეტ-ნაკლებად უკავშირდება საქართველოს და მის ნაწილს, აფხაზეთს. კერძოდ: წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ვასილისკო, წმინდა გრიგოლ ხანძთელი.
ხატი დაწერა ქ-ნმა ეკატერინე ჩხიკვაშვილმა.