სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (22.10.2017)

ჩვენთან არს ღმერთი
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ახსენებს ჩვენს დიდ წინაპარს, აბრაამს და ლოთს, რომელიც არის მაგალითი დიდი რწმენისა და ღვთის იმედისა.
თქვენ იცით ბიბლიიდან, რომ აბრაამს ღრმა მოხუცებულობამდე არ ჰყავდა შვილი და მას ანგელოზმა უთხრა, რომ ეყოლებოდა შვილი და ეს ასეც მოხდა. ყრმა რომ წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა აბრაამს მსხვერპლად შეეწირა იგი. მან მორჩილებით წაიყვანა შვილი შესაწირავად. ბოლო მომენტში ღმერთმა შვილის ნაცვლად ურჩია კრავი მოეყვანა და ის ყოფილიყო შეწირული. ამით გამოსცადა აბრაამი.
განსაცდელი ყოველ ადამიანს აქვს და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოების დასაცავად. სარწმუნოება ეს არის საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს არის გადარჩენა ადამიანისა.
ამას წინათ, ჩემთან იყო ერთი ადამიანი, მუსლიმი და მან თქვა, რომ არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მადლმოსილია, ასე თურმე მათ წიგნებში სწერია. ეს არის: ქუმი, ეს არის ერაყი და ეს არის სააქართველო.
საქართველოს შესახებ ამას სხვებიც ამბობენ. დიდება უფალს და მადლობა უფალს. საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს.
დღეს ჩვენ ვლოცავთ ერთ გვარს _ მარტიაშვილები. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამრავლოს ისინი და ბედნიერი ამყოფოს.
დღეს ასევე ილოცება ქალაქ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახხელობის სკოლა-ინტერნატი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი.