კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე (21.09.2017)

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დასაწყისი ჩვენი გადარჩენისა, კაცობრიობის გადარჩენისა და ცხონებისა. ამიტომაცაა, რომ წმ. იოაკიმე და ანა ღვთის მშობლებად იწოდებიან.
დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და მომავალზეც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგანაა და ღვთის ძალით, ღვთის მადლით მიეცემა იგი ადამიანს.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევეწიოთ საქართველოს? რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისათვის? ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია; ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ და გავერთიანდეთ.
მე ვფიქრობ, დღევანდელ დღეს, ხუთშაბათს, უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, მაგალითად აქ, სამების ტაძარში, დავასუფთავოთ ეზო, გავაკეთოთ სხვა რაიმე კეთილი საქმე და ვილოცოთ ქვეყნისა და ეკლესიისათვის.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით ათ საათზე, ან სხვა დროს, მობრძანდეთ ტაძარში, ამ დროისთვის უკვე ჩატარებული იქნება ყოველდღიური წირვა და მრევლი შეხვდება ერთმანეთს, 12 საათზე კი დაიწყება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, ეს გამოიღებს შედეგს და შეეწევა ერის გამთლიანებასა და გადარჩენას.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა.
ამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებულად დალოცა და ყოვლადწმინდა მარიამს შეავედრა ბერი ანდრიას ფონდის მზურნველობის ქვეშ მყოფი სიმსივნიანი ბავშვები. მათი სახელით კი ამ სენთან მებრძოლი ყველა მოზარდი. სექტემბრის თვე ხომ ბავშვთა სიმსივნესთან ბრძოლის თვედ ითვლება.
მისი უწმინდესობის მიერ ასევე დაილოცა ქართული კულტურის საერთაშორისო მკვლევარ-მისიონერთა ცენტრი და მისი გენერალური დირექტორი, ქალბატონი სალომე ცომაია-ბარათაშვილი.