კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს (13.07.2017)

ჩვენთან არს ღმერთი.
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს.
პირველი ტაძარი, რომელიც აშენდა საქართველოში, თორმეტი მოციქულის სახელობისაა და ეს არის ეკლესია, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მახსენდება მისი უწმინდესობის, ეფრემ II-ის სიტყვები: რომ აიღო ჩვენი მიწა და გამოსწურო, ქართველი მოწამეების სისხლი გამოჟონავსო.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ღვაწლი, ის თავდადება, პატივისცემა და სიყვარული, რაც დაიმსახურა თორმეტმა მოციქულმა; და უპირველესი მათ შორის იყო სიყვარული. შემთხვევით არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა მოგვანიჭოს შენდობა, შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა.
ეხლა ერთად ვიგალობოთ წმინდა მოციქულების ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
ინებოს უფალმა, მოგვცეს მშვიდობა და დიდი წყალობა.
წმინდა ათორმეტი მოციქულის ლოცვა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
ეხლა რამდენიმე სასულიერო პირი იქნება დაჯილდოებული:
იღუმენი ანტონი სულთანიშვილი _ დაჯილდოებულია არქიმანდრიტის ხარისხით. აქსიოს!
იღუმენი გაბრიელი ჯამბაზიშვილი _ დაჯილდოებულია არქიმანდრიტის ხარისხით. აქსიოს
დეკანოზი კონსტანტინე შოთაძე, _ დაჯილდოებულია მიტრით და გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!
დეკანოზი საბა სიხარულიძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!
მღვდელმონაზონი ექვთიმე ჩიხლაძე, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და იღუმენის ხარისხით. აქსიოს!
მღვდელი ალექსანდრე კურტანიძე, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით. აქსიოს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

მისმა უწმინდესობამ ასევე დალოცა წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია მოციქულის გზის მონაწილენი:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქართველთა განმანათლებელო, წმინდაო დედაო ნინო, სვეტო ნათლისაო, ცვარო ღრუბლისაო, მზრდელო სულისაო, მომნიჭებელო სიხარულისაო, გევედრები დალოცე, განაძლიერე და დაიფარე ღვთივ კურთხეული ერი შენი, სრულიად საქართველო, ეკლესიაი ჩვენი და მონანი და მხევალნი ღვთისანი, რომელთაც ლოცვით განვლეს გზაი შენი ფარავნიდან ვიდრე მცხეთამდე. გვიხსენ ჩვენ, დედაო, ხილულ და უხილავ მტერთაგან. განამტკიცე ჩვენში მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარმწუნოებაი, სასოება და სიყვარული. რათა ვიყოთ ცხოვარნი ღვთისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მცხეთა 2017 წელი.

ჩვენს სულიერ შვილებს, რომელთაც განვლეს ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოსა და სვიმონ კანანელის გზა, ვულოცავთ ამ დიდებულ ღვაწლს; ღმერთმა მოგცეთ მადლი, სიყვარული, სიხარული.
დალოცვილი იყავით და გახარებული.
ჩვენთან არს ღმერთი.