სოკრატე სქოლასტიკოსი – საეკლესიო ისტორია

გამომცემლობა „ახალი ივირონი“
„საეკლესიო ბიბლიოთეკა“
ტომი XV
საეკლესიო ისტორია
სოკრატე სქოლასტიკოსი

ძველბერძნულიდან თარგმნა, წინათქმა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
რედაქტორი: ღვთისმეტყველების კანდიდატი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია
სოკრატე სქოლასტიკოსის „ისტორია“ თავისი მნიშვნელობითაც და ქრონოლოგიურადაც მოსდევს ეკლესიის ისტორიის მამადწოდებული ევსები კესარიელის ნაშრომს. თუმცა, ჩვენ ვიცით IV საუკუნეში სხვა საეკლესიო ისტორიული ნაშრომების შესახებაც,მათ სხვადასხვა მიზეზების გამო სრული სახით არ მოუღწევია ჩვენამდე.
თავად სოკრატეს შესახებ მოიპოვება მწირი ცნობები. ისევ მისი ნაშრომიდან შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მის ბიოგრაფიაზე. დაბადების თარიღი უცნობია, ვარაუდობენ 379წ. ან რამდენიმე წლის მოგვიანებით. ასევე უცნობია მისი მშობლების ვინაობა და წარმომავლობა. როგორც ზედწოდება „სქოლასტიკოსი“ უჩვენებს, ის პროფესიით უნდა ყოფილიყო ვექილი ან ადვოკატი. თავისი განათლების შესახებ იგი გვაცნობებს, რომ მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი ალექსანდრიელი გრამატიკოსები ჰელადიუსი და ამონიოსი, რომლებიც ალექსანდრიიდან გამოიქცნენ თეოფილე ალექსანდრიელის დროს ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ამტყდარი სისხლიანი დაპირისპირებისას და თავი შეაფარეს კონსტანტინოპოლს (V, 16). თვითონ სოკრატეც კონსტანტინოპოლის მკვიდრი გახლდათ და, სავარაუდოდ, ის არც გაცილებია დედაქალაქს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
„ისტორია“ იწყება კონსტანტინეს იმპერატორად აღზევების წლიდან (306 წ.) და სრულდება იმპერატორ თეოდოსი მცირეს მეჩვიდმეტე კონსულობით (439 წ.). დაახლოებით ამავე პერიოდის აღწერა გვხვდება სხვა ცნობილ საეკლესიო ისტორიკოსებთანაც, სოძომენესა და ნეტარ თეოდორიტე კვირელთან. მაგრამ გარდა აღწერილი პერიოდის უფრო მეტი ხანგრძლივობისა, სოკრატეს ნაშრომი იმითაც გამოირჩევა, რომ ის უფრო სრულ და მიუკერძოებელ ცნობებს გვაწვდის. სადაც ხელი მიუწვდება, ის იყენებს პირველად წყაროებს. ცდილობს გადაუმოწმებელი ცნობები არ გამოიყენოს. ხშირად გადმოგვცემს ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის თვითმხილველთა მონათხრობს.
სოკრატეს ისტორიკოსის უმთავრეს ღირსებად მიაჩნია მიუკერძოებლად გადმოსცეს ფაქტები. თუმცა, ნაშრომიდან კარგად ჩანს, რომ დოგმატურ დავებთან დაკავშირებით იგი იზიარებდა საეკლესიო კრებების მიერ ოფიციალურ პოზიციად ჩამოყალიბებულ მრწამსს. ამავე დროს ის გამოხატავს ღრმა პატივისცემას იმ პერიოდის ისეთი დიდი წმინდანების მიმართ, როგორებიც იყვნენ იოანე ოქროპირი და კირილე ალექსანდრიელი. მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის წარმოაჩინოს მათი ადამიანური სუსტი მხარეებიც. საღვთისმეტყველო საკითხებთან წარმოშობილ დავებს კი ენამახვილურად უწოდებს „ნიქტომახიას“ – ღამის ბრძოლას, როდესაც მოწინააღმდეგეები რიგიანად ვერც კი არჩევენ ერთმანეთის სახეებს.
სოკრატეს „ისტორიის“ დიდი ნაწილი ლოკალიზებულია რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროს ეკლესიაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ ამ მხარეში ვითარდებოდა. მეორე მხრივ, სავარაუდოდ, ის არ იცნობდა ბერძნული ენის გარდა სხვა რომელიმე ენას, რამაც არ მისცა საშუალება, რომ ნათელი მოეფინა იმ მოვლენებზე, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, დასავლეთ რომის ეკლესიაში. მიუხედავად ამისა, ის გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის შესახებ არაბებთან, გუთებთან, ბურგუნდიელებთან, სპარსელებთან და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მკითხველისათვის, იბერიელებთან.
ასე რომ, მთლიანობაში ნაშრომი წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს ადრეული ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის და ასევე, უბრალოდ, დაინტერესებული მკითხველისათვის.
თარგმანის შესრულებისას ვისარგებლეთ დედნის ტექსტის შემდეგიკრიტიკული გამოცემით: შოცრატე დე ჩონსტანტინოპლე, Socrate de Constantinople, Histoire ecclesiastique, Livre I, ed. de G.C. Hansen, Sources chrétiennes 477, Paris, Cerf 2004; Livre II-III – Sources chrétiennes 493, Paris, Cerf 2005; Livre IV-VI – Sources chrétiennes 505, Paris, Cerf 2006; Livre VII – Sources chrétiennes 507, Paris, Cerf 2007. კომენტარების დართვისას სხვა ლიტერატურაზე დამატებით ასევე ვისარგებლეთ ამ გამოცემების სამეცნიერო აპარატით.
ზურაბ ჯაში

სოკრატე სქოლასტიკოსი – საეკლესიო ისტორია