ბრმადშობილის განკურნება

ბრმადშობილის განკურნება
(იოანეს სახარება, თავი-9)
დღევანდელი სახარება გვაცნობს მაცხოვრის მიერ შობიდანვე ბრმის განკურნების ამბავს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
იერუსალიმში ცხოვრობდა ბრმადშობილი კაცი; იგი ტაძრის კართან იჯდა ხოლმე და მოწყალებას ითხოვდა. ერთ დღეს მოწაფეება მის შესახებ ჰკითხეს უფალს: მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა?
იესომ უპასუხა: არც ამან სცოდა და არც მისმა მშობლებმა, არამედ მისი ავადმყოფობა დაშვებულია, რათა განცხადდეს საღვთო განგებულება.
ამ სიტყვებიდან სჩანს, რომ ავადმყოფობა, განსაცდელი, მწუხარება… ადამიანს მხოლოდ ცოდვის გამო არ მოეწევა და რომ იგი უფლის დაშვებითაც ხდება, რათა ყველასათვის განცხადდეს ღვთის ძალა.
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
და თქვა იესომ: ვიდრე ამ სოფელში ვარ, ნათელი ვარ სოფლისა” და დაანერწყვა მიწაზე, მოზილა ტალახი, სცხო ბრმას თვალებზე და უთხრა: წადი, დაიბანე სილოამის საბანელში. მანაც დაიბანა და აეხილა თვალები.
ეს კი იმიტომ მოიმოქმედა, რომ ხალხს თვალნათლივ დაენახა უფლისმიერი ძალმოსილება. ბრმადშობილის განკურნება არათუ მაშინ, დღესაც კი შეუძლებელია. მაცხოვარი კი ასე მარტივად, ერთი მოქმედებით, უხელს თვალებს საწყალ ადამიანს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბრმა კაცი სასოებითა და სიმდაბლით იღებდა საკუთარ ხვედრს და სავსე იყო რწმენით, რომ ის საოცარი ადამიანი იყო წინასწარმეტყველი და შეეძლო მისი შველა. ხოლო როცა უფალმა სილოამის საბანელთან მისვლა და თვალების წყლით ჩამობანა უბრძანა, შაბათის დღის მიუხედავად, ესეც მორჩილად აღასრულა. ჯილდოდ კი, თავისი რწმენისა და უფლის მინდობისათვის საკვირველი კურნება მიიღო.
ფარისევლები ამ ქმედებამ განარისხა და ცდილობდნენ, ბრმისთვის გადაეთქმევინებინათ მასზე მომხდარი სასწაული.
იმის გამო, რომ განკურნება შაბათს მოხდა, ისინი ბრალს სდებენ მაცხოვარს და სიკეთეს ცოდვად უთვლიან, ამბობდნენ, რომ ასეთი სახით, – ანუ იუდეველთა კანონების დარღვევით (შაბათ დღეს მათ ყველაფრის კეთება ჰქონდათ აკრალული), ადამიანს არ შეუძლია სიკეთისქმნაც. ფარისევლები მაცხოვარს ღვთისაგან მოვლენილად არ მიიჩნევდნენ, ხოლო ვისაც მასთან ერთად ნახავდნენ, ან მით უმეტეს, თუ მას მესიად ან წინასწარმეტყველად აღიარებდნენ, საკრებულოდან კვეთდნენ.
ხალხში ამის გამო საყოველთაო შიში სუფევდა. თავად ბრმის მშობლებსაც ეშინიათ ეთქვათ სიმართლე, თუ როგორ და ვინ განკურნა მათი შვილი და ფარისევლებს ასე პასუხობენ: ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ძე, და რომ ბრმა იშვა, ხოლო ახლა როგორ ხედავს, ან ვინ აუხილა მას თვალები, არ ვიცით, მაგას კითხეთ, ასაკი აქვს, თვითონ თქვას თავის თავზე.
ფარისევლები ისევ განკურნებულს მიუბრუნდნენ და უთხრეს: მხოლოდ მოსეს ესაუბრებოდა ღმერთი, ხოლო ეს, იესო, არ ვიცით საიდან არის და ვინ არის, შენ ვინ გგონია იგი?
ბრმადშობილმა მიუგო: საკვირველი ის არის, რომ თქვენ არ იცით საიდან არის, და მე კი ამიხილა თვალები. ვიცი, რომ ცოდვილებისას ღმერთი არ ისმენს, მაგრამ ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მისას ისმენს. არავის გაუგონია, რომ ვინმეს აეხილოს თვალები ბრმად შობილისთვის. ეს რომ არ ყოფილიყო ღვთისაგან, ვერ შეძლებდა ვერაფრის გაკეთებას.
ფარისეველებმა შერისხეს ეს კაცი მაცხოვრისადმი რწმენის გამო და საკრებულოდან გამოაგდეს.
იესომ მისი გამოგდების ამბავი რომ შეიტყო, მოძებნა იგი და ჰკითხა: „გჯერა კაცის ძისა (ანუ ქრისტესი)?“
მან უპასუხა: ვინაა იგი რომ მჯეროდეს?
ვინც შენ გელაპარაკება, სწორედ ისაა, – მიუგო უფალმა.
ყოფილმა ბრმამ უთხრა: „მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.“
ყველაზე მეტად ბრმადმობილის საქციელი ჩვენთვის მისაბაძია თვალის აღხილვის შემდეგ.
მან გვიჩვენა მაგალითი გონიერებისა, ავისა და კარგის გარჩევისა, გაბედულებისა, სამართლიანობისა, კეთილისმყოფელისადმი მადლიერებისა.
ჩვენც მოვალენი ვართ მასავით მადლობა შევწიროთ როგორც შემოქმედს, ისე ჩვენს კეთილისმყოფელთ, რომელნიც ჩვენს სწორ გზაზე დაყენებას ცდილობენ.
და ვინ არის კეთილისმყოფელი?
ამის გამოცნობა ძნელი არ არის, რადგან, თუ ყოველი სათნოება ღვთისაგანაა, მაშინ ქველისმომქმედი ადამიანიც ღმერთის საქმეთ აღასრულებს და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებს.
ინებოს უფალმა, ყველა სულიერად ბრმადშობილს აეხილოს შინაგანი თვალი, ხშირად გვქონდეს საშუალება სიკეთე ვთესოთ და სიმართლეს ვემსახუროთ, და ამასთან დავიცვათ ჩვენი კეთილისმყოფელნი ფარისეველთა და ძლიერთა ამა სოფლისათას ბოროტგანზრახვათა და ქმედებათაგან.
შევძლებთ კი სწორი არჩევანის გაკეთებას?
შევძლებთ ყველგან და ყოველთვის ვადიდოთ ღმერთი?