აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა

მე-5 კვირა აღდგომიდან, სამარიტელისაიოანეს სახარება, 4. 5-42
იერუსალიმსა და იუდეაში ყოფნისას იესო ქრისტემ მრავალი სასწაული აღასრულა და ბევრი მიმდევარი გაიჩინა, რამაც სინედრიონის უკმაყოფილება გამოიწვია. მოშურნეთაგან თავის განრიდების მიზნით, მაცხოვარმა დატოვა იუდეა და გალილეაში გაემგზავრა. ამისთვის ყველაზე მოკლე და მოსახერხებელი გზა აირჩია – სამარიის გავლით.
სამარიტელებსა და იუდეველებს შორის იმ დროს დიდი მტრობა იყო. შუღლი იმდენად იყო გაღვივებული, რომ სამარიტელები ტაძარში მიმავალ მომლოცველებს მასპინძლობაზე უარს ეუბნებოდნენ და ზოგჯერ თავსაც ესხმოდნენ. ამიტომაც ებრაელები ამჯობინებდნენ შემოვლითი გზით ევლოთ ხოლმე გალილეადან იერუსალიმში.
თავის მხრივ, იუდეველებიც მტრბდნენ სამარიტელებს. უარს ამბობდნენ მათთან, როგორც იუდეველ ხალხთან, ურთიერთობაზე, დაუშვებლად მიაჩნდათ მათთან ერთად არათუ ღვინის, წყლის დალევაც კი. ხოლო თუ ვინმე ებრაელს სამარიტელად მოიხსენებდა, ეს იყო მისი დიდი შეცდომა.
უფალმა კი იმიტომ გადაწყვიტა სამარიაზე გავლით წასვლა, რომ სახარების პირველი მარცვლები დაეთესა ამ ხალხშიც, რომლებიც არც წარმართებს განეკუთვნებოდნენ, არც იუდეველებს, თუმცა კი ისინიც მოელოდნენ მესიის მოსვლას.
შუადღისას, იესო სამარიის ქალაქ სუქარში შევიდა და იმ ადგილას, სადაც იაკობის ჭა იყო, დაისვენა. ამ დროს მოვიდა სამარიტელი ქალი ჭიდან წყლის ასაღებად და უფალმა მას სთხოვა წყალი. (მოწაფეებს ამ დროს საჭმლის მოსატანად იყვნენ წასულები). ქალი მიხვდა, რომ მგზავრი იუდეველი იყო და რაკი იცოდა იუდეველთა და სამარიტელთა ურთიერთსიძულვილი გაუკვირდა, თუ რატომ ისურვა მან მისი ჭურჭლიდან წყალის დალევა. ამიტომაც გაკვირვებულმა მიუგო: ,,შენ იუდეველი ხარ და მე, სამარიელს, როგორ მთხოვ წყალს? რა საერთოა ჩვენს შორის?“
იესომ მიუგო: შენ რომ იცოდე, თუ ვინ გთხოვს წყალს, პირიქით, ჩემგან ითხოვდი ცხოველსმყოფელ, სიცოცხლის მომნიჭებელ წყალს, რომელიცაა საღმრთო ჭეშმარიტება, რასაც ყოველი ადამიანის სულის წყურვილის დაურწყება შეუძლია.
მაცხოვარი ცდილობს, სამარიტელი ქალის გონება, ზეცად აღამაღლოს და განაგრძო: წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, რადგან წყალი, რადგან ეს წყალი იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
ანუ ამ წყალზე როდი გეუბნები, რომლის ამოსახაპადაც შენ მოსულხარ; იგი, გინდ გამდინარე იყოს და გინდაც დამდგარი, მხოლოდ დროებით კლავს წყურვილს. ის წყალი კი, რომელზეც მე გეუბნები, სამუდამოდ დაარწყულებს ადამიანსო;
რა არის ეს ცხოველი წყალი, რომელსაც უფალი სამარიტელ დედაკაცს სთავაზობს? – ეს არის სახარება, უფალ იესო ქრისტეს ქადაგება, მოძღვრება, რითაც საუკუნო ხსნას იღებს ყოველი ადამიანი.
რა თქმა უნდა, ქალი ვერ მიხვდა, თუ რა წყალზე ესაუბრებოდა მაცხოვარი, მისი გონება ისევ მატერიალური ჭის წყლისკენაა მიმართული და პასუხობს: ბატონო, სათლიც (წყლის ჭურჭელი) არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?
დედაკაცს ისევ ჰგონია, რომ წყაროს წყალზე ელაპარაკებიან, რაღაც განსაკუთრებულზე, საკვირველზე, რომელიც მართლაც ერთხელ და სამუდამოდ დაუკმაყოფილებს წყურვილს, და იგიც იმისათვის სთხოვს უფალს ასეთ წყალს, რომ ჭასთან მისვლა აღარ დასჭირდეს და ეუბნება: ,,მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე.“
აქ უკვე უფალს საუბარი სხვა თემაზე გადააქვს და ეუბნება, რომ დაუძახოს თავის ქმარს. ამით იგი ცდილობს, ცოდვის განცდა გამოიწვიოს ქალში და მისი გონება ამქვეყნიურ ფიქრს განარიდოს, რადგან იგი არაკანონიერი ქორწინებით ცხოვრობდა და უკვე მეხუთედ იყო გათხოვილი. სამარიტელმა მიუგო, რომ ქმარი არ ჰყავს. იესომ დაუდასტურა და ისიც დასძინა, რომ ეხლანდელის გარდა მას ხუთი ქმარი ჰყავდა, რითაც მიახვედრა ის, რომ გულთამხილავია.
უფლის მოულოდნელმა პასუხმა შესძრა ქალი, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე დაფარული საიდუმლო უთხრა. დედაკაცი მაშინვე მიხვდა, რომ მასთან მოსაუბრე არაჩვეულებრივი ადამიანია და მაშინვე ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა: ,,უფალო, ვხედავ, რომ წინაწარმეტყველი ხარ, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ
თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია უფლის თაყვანისცემის ადგილი?“ანუ, სად უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს, ვინ არის მართალი, სამარიტელთა მამები თუ იუდეველები.
აქედან ჩანს, რომ, მიუხედავად თავისი ცხოვრების წესისა, ისიც მოელოდა ჭეშმარიტ ღმერთს და იმედოვნებდა, რომ აღთქმული მესია გადაწყვეტდა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ სადაო, თუნდაც ისეთ საკითხს, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ იუდეველთა და სამარიტელთა წარმოდგენით ღმერთის თაყვანისცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთ ადგილას, – მხოლოდ იქ შეიძლებოდა მისი სათნო-ყოფა მსხვერპლშეწირვით და ვინაიდან მათ სხვა და სხვა ადგილი ჰქონდათ მიჩნეული ვერ რიგდებოდნენ.
იესო ქრისტეს სურს აუხსნას დედაკაცს, რომ არ არის სწორი ღმერთს ან სიონის მთაზე ეძიებდე ან გარიზინისაზე, რომ დადგება დრო, როცა ჭეშმარიტი თაყვანისცემა მამისა იქნება შინაგან სულიერ ქმედებებში, შინაგან სულიერ მსხვერპლშეწირვაში და ასეთი მსხვერპლშეწირვა არ იქნება დაკავშირებული ადგილთან და დროსთან, არამედ აღესრულება ყველგან და ყოველ დროს.
სამარიტელმა მიუგო, რომ იცის, მალე მოვა მესია, რომელსაც ქვია ქრისტე და ის ეტყვის ყველაფერს. აქ უკვე იესომ აღარ დააყოვნა და უთხრა: მესია, რომელსაც ელოდები, მე ვარო.
(იესოს არასდროს უსაუბრია საკუთარი თავის შესახებ ასე განცხადებულად, როგორც ამ უბოროტო უბრალო ქალთან).
პასუხით (მე ვარ აღთქმული მესიაო), გახარებული სამარიტელი დედაკაცი ივიწყებს, თუ რისთვის არის მოსული იაკობის ჭასთან და ქალაქში მიიჩქარის, რათა ყველას შეატყობინოს უფალთან შეხვედრისა და საუბარის ამბავი და მთელი ქალაქი მოიყვანოს მაცხოვართან.
როცა სამარიტელი ქალი წავიდა, დაბრუნებულმა მოწაფეებმა ქალაქიდან მოტანილი საზრდო შესთავაზეს უფალს, რადგან უკვე შუადღე იყო – სადილობის ჟამი. მაგრამ უფალი უარს ამბობს საზრდოს მიღებაზე – მე სხვა საზრდო მაქვს, რომლის შესახებაც თქვენ ჯერ არ იცითო.
გამოუცდელმა მოწაფეებმა ვერ გაუგეს მოძღვარს, უფალმა პირდაპირ განუმარტა მათ, რომ მისი, ამქვეყნად მოსვლის მიზანია – კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის ტყვეობისაგან და რომ ამასთან დაკავშირებული სწავლებაა სულიერი საზრდო, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მიწიერი საკვები.
მაცხოვარმა, მოწაფეთა მზერა იმ ადამიანებისაკენ მიმართა, რომლებიც სამარიტელ დედაკაცს, ქალაქიდან მოჰყავდა და თქვა: აბა, შეხედეთ ამ ახლად აჯეჯილებულ ყანას – უფლისაკენ რწმენით მომავალ სამარიტელებს! – განმზადებულან მომკისათვის! რამდენნი მოდიან აქეთ იმისთვის, რომ ქრისტე ირწმუნონ. მკის დრო დამდგარა!
თუმცა, სამარიტელთა რწმენა, რომელზეც აქაა საუბარი, ჯერ კიდევ არასრულყოფილი იყო. დედაკაცის მონათხრობმა ისინი იმის აღიარებისაკენ აღსძრა, რომ იესო – აღთქმული მესიაა, ქრისტეა. ხოლო რწმენის უფრო მაღალ საფეხურზე ისინი უფლის ქადაგებით ავიდნენ, როცა იესო მათი თხოვნით ორი დღე იმყოფებოდა სამარიაში.
ამ ხალხმა ქრისტე მსოფლიოს მხსნელად და მაცხოვარად მიიღო, ანუ მათ უკეთ შეიცნეს იგი, ვიდრე იუდეველთა უდიდესმა ნაწილმა, რომელთა აზრითაც მესია მხოლოდ რჩეული ერისთვის უნდა მოვლენილიყო.
დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენი სიყვარული არ უნდა იყოს შემოფარგლული მხოლოდ ვიწრო წრით – ნათესავებით, ახლობელ-მეგობრებით, თანამოქალაქეებითა და თუნდაც ერთმორწმუნეებით, არამედ იგი ჩვენს მტრებსაც უნდა მოიცავდეს. ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ მათ, ვპატიობდეთ წყენას და შევეწეოდეთ გაჭირვებაში. რა თქმა უნდა, ძნელია კეთილს უსურვებდე და უყოფდე იმას, ვინც თვითონ ბოროტს გიკეთებს, აკურთხებდე იმას, ვინც გაგინებს და გწყევლის, მაგრამ ასე მოქცევა აუცილებელია, თუ უფლის შვილებად გვსურს ვიწოდოთ.
ცნობისწადილმა, რომელიც ისწრაფვის ჭეშმარიტება შეიმეცნოს იმათგანაც კი, ვინც უცხოა მისთვის, მტრულად განწყობილადაც კი მიაჩნია, გახადა სამარიტელი დედაკაცი უფალთან საუბრის ღირსი.
ღმერთი მიდის ჭეშმარიტებისა და საღმრთო მადლის მეძიებელთა შესახვედრად და მათი მეშვეობით სხვა ადამიანთა მოქცევასაც უწყობს ხელს.
სამარიტელი დედაკაცის მეორე ღირსშესანიშნავი თვისებაა მისი სიყვარული მოყვასისადმი, თანამოქალაქეთადმი (მუხლები 28-29).
იგი მხოლოდ საკუთარ თავზე როდი ფიქრობს, ქალმა იცის, მის მშობლიურ ქალაქში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც, მის მსგავსად, აწუხებს საკითხი ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ, და ვინც მოელის მესიის მოსვლას. და აი, როცა მან შეიტყო, რომ მის წინაშე თავად აღთქმული მესია – ქრისტეა, სასწრაფოდ თანამოქალაქეთაკენ მიეშურება, რათა მათაც აუწყოს ამ ბედნიერების შესახებ, რისი ღირსიც თვითონ შეიქნა და სხვებიც ღირს-ყოს ქრისტეს ხილვისა. თავისი სიკეთის გამო იქცევა იგი ერთგვარ საშუალებად თანამოქალაქეების მოსაქცევად ქრისტეს რწმენაზე.
აი, ამგვარად ძალუძთ ცოდვათა უფსკრულიდან აღდგომა ყველაზე მძიმე ცოდვილთაც კი, როცა საღმრთო მადლი მათ სულს ეხება და ისინიც არ დაიხშობენ გულის სასმენელთ უფლის მოწოდებაზე.
დიახ, ეს არის ყველაზე მთავარი შეგონება სახარების ამ თავისა, რომელიც გვასწავლის, რომ ღვთის სასუფევლის მოპოვება შეუძლიათ ყველაზე დიდ ცოდვილთაც, თუ ისინი კეთილნი არიან და ღმერთს გულწრფელად ეძიებენ.
ამ სახარებიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყანისცემა არ ნიშნავს მხოლოდ გარეგნულად სწორ მსახურებას, თუმცა ისინიც სცოდავენ, რომელთაც უყვართ უფალი, მაგრამ უარყოფენ რელიგიურ-ღვთისმსახურებით წეს-ჩვეულებებს.
თუ სურს ადამიანს ღვთის გზით სვლა, აუცილებელია მასში მოხდეს ამ ორივე მსახურებების გაერთიანება, შერწყმა, ისევე როგორც სულისა და ხორცის ერთობა.
ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი.