„გაამწვანე საქართველო“ ქარელის რაიონში

ა.წ. 28 მარტს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის“ ძალისხმევითა და ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით ქარელის რაიონის სამწევრისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის ეზო, ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერი და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა. ეს აქცია მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს. ახლადგამწვანებულ ტერიტორიას ეწოდა „სიცოცხლის ხეივანი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა მოსახლეობამ, ისე ქალაქ თბილისის N 51 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ფონდი „გაამწვანე საქართველო“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წელს შეიქმნა და აქტიურად მონაწილეობს ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრასა და ტყე-პარკების შექმნაში.