საქართველოს საპატრიარქოში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

ა.წ. 23 მარტს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო ქალაქ თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია. მომხსენებლებმა ისაუბრეს ავტოკეფალიის აღდგენასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე განსაკუთრებულად აღნიშნეს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ღვაწლი, რადგან 1917 წლის 25 მარტს გამოცხადებული ავტოკეფალია მსოფლიოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მხოლოდ 1990 წლის 4 მარტს, სწორედ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი შრომის შედეგად აღიარეს.
ამავე კონფერენციაზე შედგა პრეზენტაცია წიგნისა, რომელშიც გადმოცემულია დროებითი მმართველობის სხდომის დროს მიღებული ოქმები. აღნიშნული დოკუმენტები დღემდე მიუწვდომელი იყო როგორც ფართო საზოგადოებისათვის, ისე სამეცნიერო წრეებისათვის. გამოქვეყნებული მასალა საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტებზე დაყრდნობით უკეთ შეისწავლონ დროებითი მმართველობის პერიოდის საქართველოს ეკლესიის ისტორია. დასახელებული წიგნის გამოცემა დააფინანსა კათოლიკოს-პატრიარქის ფონდმა.