დედათდიაკვნობის ინსტიტუტი _ დიაკონისების კურთხევა ალექსანდრიის ეკლესიაში


ა.წ 17 თებერვალს, დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, უნეტარესმა პაპმა და პატრიარქმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე II-მ სადღესასწაულო წირვა აღასრულა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოლვეზის მისიონერულ ცენტრში. ამავე დღეს მისმა უწმინდესობამ სამი მონოზონი და ორი კატეხიზატორი აკურთხა დედათდიაკვნად. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების შემდეგ აფრიკაში დედათდიაკვნების კურთხევის ეს პირველი ფაქტია – იტყობინებაალექსანდრიის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი.
დედათდიაკვნობის (იგივე დიაკონისობის) ინსტიტუტი ეკლესიაში მოციქულთა ეპოქიდან არსებობდა. დიაკონისები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მოსანათლისთვის ქრისტიანული მოძღვრების სწავლებაში. მათ ევალებოდათ კათაკმევლებზე ზრუნვა და მათი ნათლობისათვის მომზადება. გარდა ამისა, ისინი ეწეოდნენ ქველმოქმედებას: უვლიდნენ ავადმყოფებს, აპურებდნენ გაჭირვებულებს და ზრუნავდნენ მოხუცებულებზე. თუმცა, მათი მთავარი საქმიანობა კატეხიზაცია იყო: ისინი ნათლობის მსურველ მანდილოსნებს განსწავლიდნენ ქრისტიანობაში და ამზადებდნენ წმინდა ნათლისღებისათვის. დედათდიაკვნების ინსტიტუტი არ უნდა გავიგოთ როგორც ქალი სასულიერო პირების ინსტიტუტი: ისინი ეწეოდნენ აღმზრდელობით და სოციალურ მსახურებას, მაგრამ არ ასრულებდნენ უშუალოდ მღვდელმოქმედებას.
დედათდიაკვნების შესახებ საუბარია საეკლესიო კანონებში. მეოთხე მსოფლიო კრების 15-ე კანონი ადგენს: „ქალის ქიროთესია (ხელდადება და არა ხელდასხმა) დედათდიაკვნად მიღებულია არანაკლებ ორმოცი წლის ასაკში, თანაც გულდასმითი გამოცდის შემდეგ“. ამასთანავე, დედათდიაკონი უნდა ყოფილიყო ქალწული ან ქვრივი.
დედათდიაკვნები ფიქსირდებოდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიებში. ისეთი დიდი მამები, როგორებიც არიან ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, ადასტურებენ მათ არსებობას.
ეკლესიამ არაერთი ღირსეული დიაკონისა შერაცხა წმინდანთა დასში და მათ ხსენებას დღემდე აღასრულებს. მათ შორის: წმინდა ნინოს დედა _ სოსანა (ხსენება ძვ.სტ. 20.05), თეოზვა დიაკონისა (გრიგოლ ნოსელის და, ხსენება ძვ.სტ. _ 10.01 ახ.სტ. 23.01) და თებე დიაკონისა(რომელსაც წმინდა პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში 16:1; ხსენება ძვ.სტ. _ 3.09. ახ.სტ. _ 16.09).
დიაკონისობის ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ეკლესიაში ადრეულ ასაკში ნათლობის ტრადიცია დამკვიდრდა და კათაკმეველად დადგინებაც აღარ ხდებოდა, დედათდიაკვნების რაოდენობა თანდათან შემცირდა და შუასაუკუნეებში გაუქმდა კიდეც.
XIX საუკუნიდან სხვადასხვა ეკლესიაში შეინიშნება დედათდიაკვნობის ინსტიტუტის აღდგენა.