მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპარქია

მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია ქრისტიანული საქართველოს უძველესი სამღვდელმთავრო სამწყსოა. ეპარქიის შემადგენლობაში შედის მანგლისის, თეთრიწყაროს (ძვ. გარისი) რაიონები. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მარნეულისა და ჰუჯაბის, დასავლეთიდან _ აგარაკ-წალკის, სამხრეთ-დასავლეთიდან დმანისის, სამხრეთიდან – ბოლნისის, ჩრდილოეთიდან _ მცხეთა-თბილისის, სამთავისისა და კასპის ეპარქიები.
წმიდა მეფე ვახტანგის მიერ დაარსებულ საქართველოს საკათოლიკოსოს ეპარქიათაგან მანგლისი მეოთხე სამღვდელმთავროდ იხსენიება. იგი 12 ეპარქიას შორის ახიზის, ერუშეთისა და წუნდის შემდეგ სახელდება, რაც მისი დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. საეკლესიო კუთხით მანგლისის დაწინაურებას საკათედრო ტაძრის აგება და იქ დაცული უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები _ „ფიცარი ფერხისა უფლისა” განაპირობებდა. მაგლისის საყდრის დაწინაურებულ მდგომარეობას დვინის საეკლესიო კრებაზე, 506 წელს, 24 ქართველ ეპისკოპოსს შორის აქაური მღვდელმთავრის „ელაგეს ეპისკოპოს მანგლეაცის“ მე-9 ადგილზე მოხსენიებაც მიანიშნებს.
ეპარქიის საკათედრო ტაძარი VI ს-ში იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ მცხეთის ჯვართან ერთად სახელდება და მის მოსალოცად საქართველოს საზღვრებს გარედან, კერძოდ სომხეთიდანაც დადიოდნენ.
ადრიდანვე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან, ამ მხარეში მრავალი გამორჩეული ეკლესია და მონასტერი არსებობდა: სამშვილდე, გუდარეხი, დიდი თონეთის სამება, ფიტარეთი, დიდი კლდეისი, წინწყარო, ბეშთაშენი, წალკა, თეძამი, პირღებული და სხვ. 1917 წ. სექტემბერში აღდგა უძველესი და მრავალგანსაცდელგამოვლილი სამღვდელმთავრო კათედრა. იგი მანგლისისა და წალკის ძველ საეპისკოპოსო ტერიტორიათა გაერთიანებული სამწყსოა.
ქვეყნის ძნელბედობის ჟამს უძველეს ქართულ საქრისტიანო კუთხეში, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩაასახლეს. ეს მხარე დიდი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია. თავის დროზე, მაჰმადიანური აგრესიის გამო, ეს მხარე დიდად დაზარალდა, ამას დაემატა ისიც, რომ ქართული მოსახლეობა უცხოეთში, ძირითადად საბერძნეთში, წავიდა. ბერძნული მოსახლეობის დიდმა ნაწილმაც დატოვა საქართველო და სამშობლოში დაბრუნდა.
1992 წლიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მწყემსმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.
მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:
მანგლისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
მანგლისის წმიდა გიორგის ეკლესია
სანთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ბეშთაშენის, ძველი ბეშქენაშენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლე-სია
ღოუბნის წმიდა ჯვრის თაყვანისცემის ეკლესია
კოდის წმიდა ნინოს ეკლესია
თეთრიწყაროს წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
გუმბადის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
მარაბდის წმიდა მარინეს ეკლესია
ასურეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
დიდგორის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია
სოფელ რეხას ეკლესია
მშენებარე ტაძრები:
მუხათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
ხაიშის წმიდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი
ჭივჭავის წმიდა გიორგის ტაძარი.