ღირსი ალექსის (შუშანია) ცხოვრება

ღირსი ალექსის (შუშანია) ცხოვრება
წმიდა ალექსი (შუშანია) 1852წლის 23 სექტემბერსსენაკის მაზრისსოფელნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში სკოლაში შეიყვანეს, იგი დიდი ნიჭიერებით გამოირჩეოდა, თუმცა მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამოზურგეთშიწაიყვანა. ალექსის1868წელს გარდაეცვალა მამა. მან სიკვდილის წინ დალოცა შვილი და ოჯახზე ზრუნვა უანდერძა. ამ დროს მომავალი მღვდელმონოზონი 16 წლისა იყო.
მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსიიერუსალიმშიგაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კიკონსტანტინეპოლშიჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც დიდვაჭარი იყო, გამოირჩეოდა განსწავლულობით და ხასიათდებოდა, როგორც მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა და დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა მათი ხელობა, ერთხანს თავადაც ვაჭრად გახდომას ფიქრობდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდაიოანე ნათლისმცემლისპატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაიწყო ფიქრი საკუთარ მომავალზე. ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი სიამოვნებებით, ასევე დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარული, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი მსახურებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?“ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი!“ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდე ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა. ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანისაქართველოშიდაბრუნდნენ.
სამშობლოში დაბრუნებული ალექსი ფეხშიშველი დადიოდა სოფლიდან სოფლად, ეხმარებოდა ქვრივებსა და გაჭირვებულებს, უვლიდა ჭლექით, ქოლერითა და სხვა გადამდები სნეულებებით შეპყრობილ ავადმყოფებს. მისი სიტყვა და საქმე პოულობდა მრავალ მიმდევარს, რომელთაც ღვთისა და მოყვასის უანგარო მსახურებისკენ უბიძგებდა. ზოგი მას დაჰყვებოდა და მასთან ერთად ეწეოდა მსგავს მოღვაწეობას; ზოგი კი ტოვებდა ერს და მონასტერში მკვიდრდებოდა.
საზოგადოებრივ საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსი, არ ივიწყებდა გონებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას. იგი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, რომელთა წიგნთსაცავებში დიდი ინტერესით ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ამავე დროს მას ახლო კავშირი ჰქონდა ცნობილ მწიგნობარ ნიკო დადიანთან, რომელიც ამ დროს ცხოვრობდა სამეგრელოს სოფელ ბეთლემში. ნიკოს მდიდარი ბიბლიოთეკა და საუბარი ფრიად ნაყოფიერი სკოლა აღმოჩნდა ახალგაზრდა ალექსისათვის. მეფის რუსეთის მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილ, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანად მცოდნე, საზოგადოდ ღრმად განვითარებულ პირთან, ნიკო დადიანთან, სიახლოვემ დიდი გავლენა მოახდინა მასზე.
ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიული ხელით გადაწერილი აქვს ბასილი დიდის „ექვსთა დღეთა“ და მამათა ცხოვრება. ამავე ხანებში ხუცურად გადაუწერია გელათის გულანის საგალობლები.
მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონოზონ ბენედიქტე ბარკალაიას თაოსნობითა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის გაბრიელ ეპისკოპოსის თანადგომით, დაიწყო საქართველოდან ქართველი ბერების სამოღვაწეოდ წასვლა საბერძნეთში, ათონზე, ივერიის ძველ ქართულ მონასტერში. ალექსი დაინტერესდა ამ საქმით და ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონზე. მათთან ერთად წავიდა გელათის მონასტრიდან მღვდელმონოზონი თეოდოსი (ერისთავი), ფრიად განათლებული ასკეტი ბერი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა მოძღვრულ ხელმძღვანელობას სამშობლოში დაბრუნებულ ალექსის. მისი ერთი მოკლე წერილი მონაზვნური ცხოვრების შესახებ დაბეჭდილია ალექსი ბერის წიგნში „ბრძოლა თავის თავთან“.
ალექსის გავლენით მონოზვნობა მიიღო მისმა მთელმა ოჯახმა: ძმამ, დებმა და დედამ.თვითონ ალექსი 1885 წელს დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც1886 წელს ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი _ მღვდელმონოზვნად. იგი ცხოვრობდა ხობის მონასტერში, შემდეგ კი თავისი რამდენიმე მოწაფით გადავიდა თეკლათის ძველი მიტოვებული ეკლესიის ეზოში. მის სავანეს იმდროინდელ საეკლესიო მთავრობასთან არავითარი ოფიციალურ-ადმინისტრაციული დამოკიდებულება არ ჰქონია; არავითარი სამსახურებრივი ჯილდო და ხარისხი არ მიუღია, თუმცა კი ხშირად სთავაზობდნენ. შინაგანი უბრალოებისა და თავმდაბლობის გამო, სამკერდე სამღვდელო ჯვარსაც არ ატარებდა.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით, ნელ-ნელა აღდგა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. მამა ალექსიმ შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მას ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო.
1898 წლიდან იგი სრულებით ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა. გარეშე მნახველს შაბათ-კვირაობით იღებდა. დანარჩენ დროს კი ლოცვასა და სამწერლობო მუშაობაში ატარებდა.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: საზრდელს დღეში ერთხელ იღებდა. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად; ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: ერთი ხის ჭილობგადაფარებული ტახტი, უბრალო დაბალი მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა უბრალო კარადა, რომელზედაც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთის კაცი. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი“, ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე იდებდა დიდ, საგანგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს, რომელიც, მისივე თქმით, გოლგოთისკენ მიმავალ ქრისტესთან აკავშირებდა.
მართალია, ალექსი ბერი განმარტოებულ მონოზვნურ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. საქართველოს ყოველი კუთხიდან დადიოდნენ მასთან როგორც მისი მოწაფეები, აგრეთვე ათეისტურად განწყობილი, მაგრამ მისი მოღვაწეობით დაინტერესებული პირები, მოსწავლე-ახალგაზრდობა, სტუდენტები. ამიტომაც უბრალო ბერის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ზოგიერთი ამ საუბრისა და კამათის შინაარსი ალექსის აღწერილი აქვს დაბეჭდილ და დაუბეჭდავ ნაშრომებში.
ალექსი თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალებთან „მწყემსი“ და „შინაური საქმეები“. მას სურდა, თავის სავანეშიც მოეწყო პატარა სტამბა ხალხისათვის სასარგებლო წიგნებისა და ფურცლების გასავრცელებლად, მაგრამ ტექნიკური დაბრკოლებების გამო ეს სურვილი ვერ განახორციელა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ღირსი ალექსი ბერი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს, გარდა ამისა, ნივთიერ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთ მყოფ ღარიბ მოსწავლე სტუდენტობასაც.
ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ,,ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო“.
1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგსარქოსი ალექსი ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი შუშანია თავისი ხის დიდი ჯვრით შეხვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოს ალექსის და გადასცა შემდეგი საპროტესტო წერილი:
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურადიღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა ჩვენს ყანაში დათესოს ღვარძლი – მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს“.
ეგზარქოსი შეაშფოთა ხალხში დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მქონე ბერის საჯაროდ გამოსვლამ და განზრახვაზე ხელი აიღო.
თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში ალექსი ბერი შეიპყრო მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ. ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი1923წლის18(31) იანვარს სამოცდაათი წლის ასაკშიმიიცვალა. ღირსი ალექსის გარდაცვალების შემდეგ მის სავანეში მოღვაწეობდნენ მისივე აღზრდილი ბიძაშვილები დები აკეფსიმა და ფასტო (იღუმენიას ხარისხით), რომლებიც ალექსის სიცოცხლეშივე აღიკვეცნენ მონოზვნად. ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით, დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
1995 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ალექსი შუშანია წმინდანად შერაცხა, უწოდა ღირსი ალექსი და ხსენების დღედ 18(31) იანვარი დააწესა.