ლუკა – საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლუკა
საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი
ერისკაცობაში – ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე
დაიბადა: 1966 წლის 14 სექტემბერს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 31 ოქტომბერი – წმ. ლუკა მახარებლის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 16. 03. 1997
დიაკვნად კურთხევა: 13. 07. 1998
მღვდლად კურთხევა: 12. 11. 1998
ეპისკოპოსად კურთხევა: 28. 08. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2011
მისამართი: საგარეჯო. საკათედრო ტაძარი.
მობ.: (+995 599) 22 34 61
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია (ქ. საგარეჯო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
კათედრა საგარეჯოსა და ნინოწმინდაში, რეზიდენცია ნინოწმინდაში
ვრცლად:
მთავარეპისკოპოსი ლუკა, ერისკაცობაში ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე, დაიბადა 1965 წლის 14 სექტემბერს თბილისში.
1982 წელს ვაჟა ლომიძემ დაამთავრა თბილისის N51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, 1984-1986 წლებში, იგი მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მან ინსტიტუტი დაამთავრა 1992 წელს. 1995 წლიდან ვაჟა ლომიძე ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილია. 1997 წლის 16 მარტს დიდმარხვის პირველ კვირას მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ექვთიმემ მორჩილი ვაჟა ლომიძე ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ლუკა. 1998 წლის 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ლუკა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის ნოემბერში სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად აკურთხა. მღვდელმონაზონი ლუკა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაადგინეს. 1999 წელს დავით გარეჯობის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღვდელმონაზონ ლუკას იღუმენის, ხოლო ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.
2003 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი ლუკა ეპისკოპოსად აკურთხა. არქიმანდრიტმა ლუკამ 27 აგვისტოს სიონის საპატრიარქო ტაძარში ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და უსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, ძმანო, დედანო და დანო. მე ყოველთვის დიდი სიხარულითა და სასოებით მოველოდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს; და მუდამჟამ ეს დღე მავსებდა სიხარულის განცდით, მაგრამ დღეს მდგომი მთელი სამწყსოსა და თქვენს წინაშე, სიონის წმიდა ტაძარში გამორჩეული მღვდელმთავრის მაღალი ხარისხის პატივზე, ჩემს გულში სიხარულთან ერთად მღელვარების განცდამ დაისადგურა იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც მარგუნა უფალმა, და ეს მღელვარება მრავლდება იმისა და გამო, რომ მე მერგო სამოღვაწეოდ ნინოწმიდის ეპარქია, ის მიწა, სადაც მოციქულთა სწორი, საქართველოს განმანათლებელი და წმიდა დედა სრულიად საქართველოსი მოღვაწეობდა და აღესრულა.
ღმერთის შეწევნით, მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვეცდები აღვასრულო ის ვალდებულება, რომელიც დამაკისრეთ თქვენ და წმიდა სინოდმა, თქვენო უწმიდესობავ და გიხდით უღრმეს მადლობას იმ დიდი ნდობისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემდამი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმიდა ნინოს ვთხოვ მფარველობასა და შეწევნას თქვენი ლოცვით და შუამდგომლობით, რათა შემაძლებინოს ამ ნდობის გამართლება და კეთილი მოღვაწეობა.
გილოცავთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და ყველა აქ მდგომთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
ღმერთმა მეოხებით ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსითა და ყოველთა წმიდათა დაიფაროს და გააძლიეროს ეს ახლადშექმნილი ნინოწმიდისა და საგარეჯოს ეპარქია და სრულიად საქართველო თქვენი ლოცვითა და წინამძღოლობით, ამინ.” (68, 2003, 8-9).
ეპისკოპოსის წარდგინების წესი შესრულდა 27 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძარში. დასასრულს მისმა უწმიდესობამ ბრძანა:
“გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. ასევე გილოცავთ ახალი ეპისკოპოსის კურთხევას; ეპისკოპოსის კურთხევა დიდი ისტორიული მოვლენაა, ყოველი მღვდელმთავარი შედის საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ახალი ეპისკოპოსები თქვენი ლოცვითა და შეწევნით, იყვნენ ნამდვილი, ჭეშმარიტი მოძღვარნი ჩვენი ერისა, რამეთუ თქვენი შეწევნა და ლოცვები აუცილებლად საჭიროა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!” (68, 2003, 8-9).
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 28 აგვისტოს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან – ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან (მახარაძე), სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიასთან (გვაზავა) და გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან (ლეჟავა) ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი ლუკა.
მეორე დღეს, 29 აგვისტოს მეუფე ლუკა ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან და გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან ერთად წმიდა დავით გარეჯელის ლავრაში ჩაბრძანდა. ამ დღეს ლავრის მოსალოცად ჩაბრძანდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე. 1995 წლის 29 აგვისტოს მოეწყო ტერაქტი საქართველოს პრეზიდენტზე, რომლის დროსაც იგი უვნებლად გადარჩა. პრეზიდენტმა წმიდა მამა დავით გარეჯელის ლავრას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად. თავის მხრივ მღვდელმთავრებმა და მონასტრის მამებმა მას ხატი აჩუქეს. წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა ლავრის მამებთან ერთად მისთვის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისის შემდეგ პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
ამის შემდეგ საპატრიარქოს დელეგაცია საგარეჯოსაკენ გაემართა, სადაც საკათედრო ტაძარში მრევლი ახალ მღვდელმთავარს ელოდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა – ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა), გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) და საგარეჯოსა და ნინოწმიდის ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლი¬სადმი. პარაკლისის შემდგომ მრევლს მიმართა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა:
“ამ ისტორიულ ადგილზე გამორჩეული იქნა გარეჯის უდაბნოს ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლუკა, მღვდელმთავრად ნინოწმიდისა და საგარეჯოსი. დედა ღვთისმშობლისა და ღირსი მამების ლოცვით ზეცაში გადაწყდა მეუფის ამ ძველ ეპარქიაში წინამძღოლობა, ეს გვახარებს ჩვენ ყველას და ვიცი, თქვენ როგორ გიხარიათ, რადგან თქვენი დიდი ხნის ნატვრა ასრულდა – ღვთისმშობლის კურთხევით. ახალ ეპარქიას ეპისკოპოსი ჰყავს. ღმერთმა ინებოს, ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო ყოფილიყავით.
გილოცავთ ამ დღესასწაულს!
დღეს ჩვენ ვიყავით გარეჯის უდაბნოში, სადაც გადავიხადეთ მცირე პარაკლისი. მას ესწრებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ _ გიორგი შევარდნაძე, სახელმწიფო მინისტრი, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე და კახეთის მხარის რწმუნებული, ბატონი ბიძინა სონღულაშვილი. აქ სოფელ უდაბნოში განახლდა და შეკეთდა სკოლის შენობა, ეს ძალიან კარგი საქმეა.” (68, 2003, 8-9).
შემდეგ თავის მრევლს მიმართა ნინოწმიდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ:
“გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს – მარიამობას, ეს ტაძარიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა; მადლობა ღმერთს, უფალმა ასე ინება და მეც გუშინ მაკურთხეს ეპისკოპოსად; მადლობა უწმიდესს ამ დიდი ნდობისათვის და მადლობა მღვდელმთავრებს დახმარებისა და გვერდში დგომისათვის, მადლობა თქვენ შეხვედრისათვის, ყველას ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამიტომ ამ ღვთის დიდებით განვასრულოთ ეს ცხოვრება და ისე წარვსდგეთ ღვთის წინაშე, რათა სასუფეველი დავიმკვიდროთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ მარიამობას დაგასწროთ.” (68, 2003, 8-9).
ამის შემდგომ ტაძარში მოსულ მრევლს მიმართა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა), რომელიც ადრე საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი ბრძანდებოდა და რომელსაც დიდი სიყვარულით შეეგება მრევლი:
“გილოცავთ ყველას ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ გახარებულნი და ბედნიერნი; მინდა მოგილოცოთ მღვდელმთავრის დადგინება ახალ ეპარქიაში – თქვენ იცით, რომ საგარეჯოს რაიონი ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა. მას ნინოწმიდისა და საგარეჯოს ეპარქია დაერქვა; მეუფე ლუკასაც იცნობთ, იგი წლების განმავლობაში გარეჯში მოღვაწეობდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მეუფე ლუკას დიდი სურვილი და მონდომებაა, რომ აღორძინდეს ეკლესია და, რაც მთავარია, აღორძინდეს ადამიანის სული ღვთის ძიებაში. ღმერთს დაუახლოვდეს ადამიანი. ამ მონდომებით მოვიდა იგი ეპარქიაში. ამ მონდომებას უნდა შეუერთოთ თქვენი ერთგულება და სიყვარული.” (68, 2003, 8-9).
ეპარქიაში მეუფე ლუკას დახვდა 6 მოქმედი ეკლესია და 1 მონასტერი. ამჟამად მოქმედია 3 მონასტერი. 8 ეკლესია, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 5 მოძღვარი. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ლუკა დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)