საქართველოს საპატრიარქოში ტრილოგიის „ნათელი ქრისტესი“-ის მესამე ტომის პრეზენტაცია გაიმართა

2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ნესტან კირთაძის რედაქტორობით გამოცემული ტრილოგიის „ნათელი ქრისტესი“ მესამე ტომის პრეზენტაცია.
ეს სამტომეული სამაგიდო წიგნია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია. ტრილოგია იქმნებოდა 16 წლის განმავლობაში და მის შექმნაში მონაწილეობდნენ ცნობილი ისტორიკოსები, ფილოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, საეკლესიო ისტორიკოსები, თეოლოგები.
პრეზენტაციას დაესწრნენ: უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მეცნიერების, კულტურის მოღვაწენი.
პრეზენტაციას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ტრილოგიის ღირსებებზე ისაუბრეს: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, წიგნის რედაქტორმა და შემდგენელმა პროფესორმა ნესტან კირთაძემ.
უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მადლობა გადაუხადა ტრილოგიის შემდგენლებს, განსაკუთრებით გამოჰყო წიგნის რედაქტორის პროფესორ ნესტან კირთაძის როლი და გამოთქვა იმედი, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება საქართველოს ისტორიის კვლევა და ანალოგიური ნაშრომების შექმნა.