გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
ერისკაცობაში – გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე
დაიბადა: 1958 წლის 20 მაისს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 17მარტი –ღირსი გერასიმე იორდანელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 28. 06. 1997
დიაკვნად კურთხევა: 20. 07. 1997
მღვდლად კურთხევა: 10. 08. 1997
ეპისკოპოსად კურთხევა: 11. 10. 1998
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 11. 06. 2006
მიტროპოლიტობა ებოძა: 3. VI. 2007
მისამართი: საქართველო, 2100, ქ. ზუგდიდი.
მობ.: (+995 597) 57 31 11
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები).
კათედრა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ცაიშში. რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
ვრცლად:
მიტროპოლიტი გერასიმე, ერისკაცობაში გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე, დაიბადა 1958 წლის 20 მაისს თბილისში. 1965-1975 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1975-1980 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, რომლის დამ¬თავრების შემდეგ, 1980-1992 წლებში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში. 1992-1997 წლებში გიორგი შარაშანიძე სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის აღდგომის, შემდეგ კი წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში. 1997 წლის მარტში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი ჩამოვიდა საქართველოში და სულიერი მოძღვრის მორჩილად განწესებულ იქნა რუისისა და ურბნისის ეპარქიაში. 1997 წლის 27 ივნისს მორჩილი გიორგი შარაშენიძე ურბნისისა და რუისის ეპისკოპოსმა იობმა აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი გერასიმე. იმავე წლის 20 ივლისს ბერი გერასიმე იეროდიაკვნად, 10 აგვისტოს მღვდელმონაზვნად აკურთხეს და დაადგინეს შრომის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 17 იანვარს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მღვდელ-მონაზონი გერასიმე დაინიშნა საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის სოფელ პატარძლეულის ეკლესიის მოძღვრად. იმავე წლის 18 თებერვალს საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა იგი დაადგინა საეპარქიო საბჭოს მდივნად. 1998 წლის 29 მარტს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის უწმიდესმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელმონაზონ გერასიმეს მიანიჭა იღუმენის წოდება და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
1998 წლის 8 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი გერასიმე გამოარჩია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 10 ოქტომბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში იღუმენმა გერასიმემ ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, წმიდა სინოდის წევრებს: “უფლის განგებას ვერავინ განსაზღვრავს. არავინ იცის, ვის როგორი ჯვარი დაეკისრება ღვთისგან. ამ მღელვარე დღეს უდიდესი სიხარულისა და შიშის გრძნობა მეუფლება, სიხარულის, რადგან ღირსი გავხდი ესოდენ აღმატებული პატივისა და შიშის, რადგან დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა. კარგად ვიცი, რომ ეს პატივი არ არის ჩემი დამსახურება. იგი ღვთის წყალობაა. თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ რაც უფრო წინ მიიწევს ადამიანი სასულიერო იერარქიის კიბეზე, მით უფრო მეტი თავმდაბლობა მართებს. უფალს ვთხოვ, მომანიჭოს თავმდაბლობა და მორჩილება, მომცეს მადლი და ძალა, რათა ღირსეულად ვატარო მღვდელმთავრის მძიმე, მაგრამ საპატიო ჯვარი. ამ გზაზე სიარულისას იმედი მაქვს თქვენი დახმარებისა, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანადგომისა, ჩვენი სამღვდელოების, ბერ-მონაზვნებისა და მრევლის მხარდაჭერისა.
მე გაცნობიერებული მაქვს, რომ ეპისკოპოსად ჩემი კურთხევა ხდება XX საუკუნის მიწურულს, საკმაოდ რთულ ეპარქიაში. მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური რწმენა მთელ მსოფლიოში შესუსტებულია, როდესაც ბევრი, ტრადიციით მართლმადიდებელი ადამიანის აზროვნება გამიწიერდა და დასცილდა ეკლესიურ ცნობიერებას, ამიტომ ღვთის შეწევნით მსურს ყველაფერი გავაკეთო, რათა ადამიანები დაბრუნდნენ ეკლესიაში და შეიგრძნონ მართლმადიდებლური სარწმუნოების მთელი სიღრმე და მშვენიერება.
ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიას, რომლის მწყემსმთავრადაც მე ვინიშნები, სახელოვანი ისტორია აქვს. მისმა წმიდა ტაძრებმა და მონასტრებმა ბევრი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე აღუზარდეს ეკლესიას. ზუგდიდში ინახება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი – მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომლის სიახლოვეს ყოფნაც უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ეპარქიის მღვდელმთავარს, იქ მოღვაწე სასულიერო პირებს, ამ კუთხის ყველა მკვიდრს. ამ მხარეს ბოლო წლებში ბევრი ტკივილის გადატანა მიუხდა, ამიტომ ისევე როგორც დაჭრილსა და ნაიარევ ადამიანს, მას მეტი სითბო და თანაგრძნობა სჭირდება. ზუგდიდში დღეს ყველაზე მეტად იგრძნობა აფხაზეთის ტრაგედიის ექო, აქ შეიფარეს მშობლიური მიწა-წყლიდან გამოდევნილი ბევრი ლტოლვილი. ეს ყოველივე ორმაგად საპასუხისმგებლოს ხდის ჩემს მომავალ მოღვაწეობას. ამავე დროს ძალიან მიხარია, რომ მომიწევს მსახურება საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეში, რომლის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაქვს. ბოლოს, მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის თითოეულ წევრს იმ ნდობისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ჩემდამი. ვითხოვ შენდობას და თქვენს წმიდა ლოცვებს. ასევე ვთხოვ ჩვენს სამღვდელოებას და მრევლს ლოცვას, რათა ჩემი მღვდელმთავრული მსახურება იყოს ნაყოფიერი და სასარგებლო მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოსათვის.” (61, 1998, 11)
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 11 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: “დღეს აღსრულდა განგება ღვთისა და მეუფე გერასიმე, შენზე სულიწმიდა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი გადმოვიდა. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში 25-ე სამღვდელმთავრო კათედრა აღორძინდა, უძველესი ისტორიული კათედრა ზუგდიდისა და ცაიშისა. დღეს ღვთის განგებამ მღვდელმთავრის ხარისხში აგიყვანა, რაც უდიდესი წყალობაა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ როცა უფალი წყალობასა და ჯილდოს იძლევა, ადამიანიც მის მისაღებად მზად უნდა იყოს, თუ მას არ აქვს სინანული თვისთა ცოდვათა გამო და არა განკითხვა ძმისა მისისა, თუ არ არის მზად ამ დიდი მადლის მისაღებად, რომელიც ამავე დროს მძიმე ჯვრის ზიდვასაც გულისხმობს, იგი მისი სიმძიმის ქვეშ ეცემა. შევთხოვ უფალს მოგცეს თავმდაბლობა, მორჩილება და სიწმინდე, როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, თავმდაბალთა მიენიჭება მადლი, ხოლო ამპარტავანთა შემუსრავს უფალი. მიდიხარ ეპარქიაში, რომელსაც დიდი ხანია არ ჰყოლია მღვდელმთავარი, იმ კუთხეში, რომლის მცხოვრებნიც მორწმუნენი არიან, მაგრამ განიცდიან გავლენას მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დიდ ყურადღებას გამოიჩენ სამწყსოსა და განსაკუთრებით იმათ მიმართ, რომელთაც სულიერად უჭირთ და მოძღვრის დახმარებას საჭიროებენ, ამისათვის მიგავლინა უფალმა იქ. შენი მოღვაწეობის გზაზე ქება-დიდებასაც ბევრჯერ მოისმენ და დამცირება-შეურაცხყოფის ატანაც ხშირად მოგიხდება, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს, რადგან უფალი შენთან იქნება – ღმერთი, რომელმაც ეს ჯვარი გიბოძა, სასულიერო იერარქიის უმაღლეს ხარისხში აგიყვანა, მის სატარებლად ძალასაც მოგცემს, მეც და ჩვენი მღვდელმთავრებიც დაგეხმარებით. ნება უფლისა აღსრულდეს შენზედა და მადლი სვეტიცხოვლისა გეწეოდეს. მიიღე ეს კვერთხი, როგორც სიმბოლო ძალაუფლებისა და დალოცე სამწყსო შენი და ერი სრულიად საქართველოსი.” (61, 1998, 11).
2002 წლის 9 ივნისს მეუფე გერასიმე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2003 წლის ივლისიდან 2005 წლის იანვრამდე ასრულებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობას. 2004 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 1-3 ივნისს უწმიდესის და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეწვია ფოთის, ჭყონდიდის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიებს, მოილოცა იქაური სიწმინდენი. მან მიმართა სამეგრელოს მოსახლეობას: “დიდი განსაცდელი გამოიარა ამ კუთხემ, მაგრამ მედგრად და ვაჟკაცურად შეხვდა ჩვენი ხალხი მას. რა თქმა უნდა, დღესაც მრავალი განსაცდელია ჩვენ წინაშე, ამგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაიძლევა, ყველაფერი დამშვიდდება. სამეგრელო კიდევ ბევრ ნიჭიერ ადამიანს მისცემს სამშობლოს, რომლებიც გაიტანენ ქართველი ადამიანის სახელს მთელ მსოფლიოში. წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს.” (68, 2007, 6).
ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში სტუმრობისას 3 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსი გერასიმე აიყვანა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა გერასიმემ მადლობა მოახსენა მის უწმიდესობას და აღნიშნა:
“დღეს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში დიდი დღესასწაულია, და არა მარტო ჩვენს ეპარქიაში, სრულიად სამეგრელოში. გუშინ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ბრძანდებოდა ფოთისა და ხობის ეპარქიაში. მას მეუფე პეტრე ზუგდიდის შემოსასვლელში – ჭყონდიდის ეპარქიაში დახვდა, შემდგომში მეუფე შიო – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში და დღეს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ წირვა-ლოცვა აღავლინა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ზუგდიდში. ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია ეს დღე, რადგან მრავალი წლის შემდეგ თქვენი მადლი კვლავ მოეფინა სამეგრელოს, კვლავ თქვენი ლოცვა-კურთხევით დაილოცა თითოეული ადამიანი, რომელიც აქ, ამ წმინდა ტაძარში იმყოფება და რომელიც ჩვენს ეპარქიებსა და ამ კუთხეში ცხოვრობს. თქვენ ბრძანეთ სამეგრელოს დიდი მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ისტორიაში. სამეგრელოს, მართლაც, ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიაში. როდესაც სამეგრელოში წმიდა ილია მართალი ჩამობრძანდა, ბრძანა: `მე სამეგრელოში ჩავედი და იქ საქართველო ვნახეო~. დღესაც სამეგრელო, როგორც განუყოფელი ნაწილი ჩვენი ერთიანი ქვეყნისა, ჩვენი ეკლესიისა, ასე არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა შევწიროთ უფალს იმისათვის, რომ ღვთის წყალობით, თქვენო უწმინდესობავ, ჩამობრძანდით ჩვენს ქალაქში, აღავლინეთ წირვა-ლოცვა ეკლესიაში, ასეთ დიდ პატივში აღგვიყვანეთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები, დალოცეთ და აკურთხეთ ჩვენი მრევლი. კიდევ ერთხელ დაგვმოძღვრეთ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ უფალთან ერთად ვიმყოფებოდეთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთსულოვნებით, რათა ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვადიდოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
თქვენო უწმიდესობავ, თითოეული ქართველი დღეს განიცდის სიხარულს, როდესაც თბილისში სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფება ანდა ამ ტაძრით ამაყობს, – მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი ლოცვა-კურთხევით მოხდა და როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს მართლაც არის ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტი. ნება მიბოძეთ თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენი ეპარქიის სახელით შემოგწიროთ ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი უძველესი ხატი, ნიშნად ჩვენი პატივისცემისა და სამახსოვროდ დღევანდელი ღვთისმსახურებისა. ყოვლადწმიდა სამებამ დაგიცვათ, დაგიფაროთ და თქვენი მადლი და ლოცვა-კურთხევა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს, ამინ.” (68, 2007, 6).2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე გერასიმე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)