მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოკლე ბიოგრაფია

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ინტრონიზაციიდან 25 წელი შესრულდა. მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის ტიტულს 1991 წლის 2 ნოემბრიდან ატარებს.
დიმიტრიოს არქონდონისი(პატრიარქ ბართლომეოსის ერისკაცობის სახელი)1940 წლის 29 თებერვალს თურქეთში, კუნძულ იმბროსზე, დაიბადა. დაწყებითი განათლება იმბროსსა და სტამბულში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო საპატრიარქოს საღვთისმეტყველო სკოლაში(იგივე ჰალკის სემინარია), რომელიც წარჩინებით დაამთავრა და იმავე 1961 წელს ეკურთხა დიაკვნად და ეწოდა სახელად ბართლომეოსი. იგი ეკუთვნის თურქეთში მცხოვრებ ბერძნულ ეთნოს, მაგრამ როგორც თურქეთის მოქალაქემ 1961-1963წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1963-1968 წლებში სწავლობდა რომის გრეგორიანის უნივერსიტეტში (საეკლესიო სამართლის დოქტორი), ბოსეს ეკუმენიკურ ინსტიტუტში (შვეიცარია) და გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში. საეკლესიო სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო სადოქტორო ნამუშევრის „წმინდა კანონთა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაცია მართლმადიდებელ ეკლესიაში“ დაცვის შემდეგ და გახდა რომის გრეგორიანას უნივერსიტეტის ლექტორი.
1969 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ათინაგორა I-მა დიაკონ ბართლომეოსს მღვდლად დაასხა ხელი.
1972 წელს იგი გახდა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის საპატრიარქო რეზიდენციის ხელმძღვანელი და ამ ფუქნციას 1990წლამდე ასრულებდა.
1973 წელს, შობის დღესასწაულზე, მას ხელი დაასხეს ფილადელფიის მიტროპოლიტად.
1974 წლის მარტიდან არის წმინდა სინოდისა და მრავალი სინოდალური კომიტეტის წევრი.
1990 წელს დაინიშნა ქალკედონის მიტროპოლიტად.
1991 წლის 22 ოქტომბერს წმინდა სინოდმა ქალკედონის მიტროპოლიტი ბართლომეოსი გამოირჩია კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად.
1991 წლის 2 ნოემბერს შედგა ბართლომეოსის კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად და მსოფლიო პატრიარქად ინტრონიზაცია.
ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს მიღებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის(მათ შორის საქართველოს) უმაღლესი ჯილდო, ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, ესტონეთის, უნგრეთისა და ლიბიის სახელმწიფოთა უმაღლესი ჯილდოები, მინიჭებული აქვს აშშ.ს კონგრესის ოქროს მედალი(1997 წელს).
ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული სასწავლებლის საპატიო დოქტორია. მათ შორის: ათენის, თესალონიკის, იოანინას, ჯორჯთაუნის, იელის, ლონდონის, ედინბურგის, მოსკოვის, ბუქარესტის, ბოლონიის, თბილისის და სხვ. იგი საუბრობს თურქულ, ბერძნულ, ძველ ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
პატრიარქი გამორჩეულად ზრუნავს გარემოს დაცვაზე და დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური პრობლემებს. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ევროპის პარლამენტში, იუნესკოში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. მსოფლიო პატრიარქის ინიციატივითა და ხელშეწყობით გაიმართა ათეულობით საერთაშორისო სიმპოზიუმი და შეხვედრა, რომლებიც სწორედ ეკოლოგიურ პრობლემების გადაჭრას ეძღვნებოდა. ამიტომაც იყო რომ გარემოს დაცვის კუთხით დაწერილი ნაშრომისთვის გადაეცა ნორვეგიული ფონდის უმაღლესი ჯილდო (2002წელს).
ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი კონსტანტინეპოლის 270-ე მთავარეპისკოპოსია.
კონსტანტინოპოლის ეკლესია დაარსებულია მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღმრთისმეტყველის მიერ. კონსტანტინოპოლის ეკლესია იყო მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი სახელმწიფოს, ბიზანტიის იმპერიის, ეკლესია. სწორედ ამან განაპირობა მისი პირველი ადგილი სხვა თანასწორ ეკლესიათა შორის.
კონსტანტინოპოლის ეკლესიას ხშირად უწოდებენ ეკუმენიკურ საპატრიარქოს, რაც მსოფლიო საპატრიარქოს ბერძნული შესატყვისია (οικουμ̠νίκος – მსოფლიო).
მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრი არის სტამბოლი (კონსტანტინეპოლი), მისი იურისდიქცია ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მრევლის ოდენობა დაახლოებით 3 მლნ-ია, აქედან 20 ათასამდე თავად თურქეთის რესპუბლიკიდან არის. მსოფლიო საპატრიარქოს ასევე ექვემდებარება კუნძული კრეტა და ფინეთის ავტონომიური ეკლესია. კონსტანტინეპოლისეკლესიაში მოქმედებს ახალი სტილი, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.