გარდამოცემა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების შესახებ

დღეს წმინდა ეკლესია დღესასწაულობს და პატივს მიაგებს ანგელოზთა და ყველა წმინდანთა დედოფალს, რომელიც ტოვებს მიწიერ სამყოფელს.დედა ღვთისმშობლის მიძინებამდე სამი დღით ადრე ყოვლადძლიერმა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ზეციდან მოავლინა მთავარანგელოზი გაბრიელი და დაავალა მას, ეხარებინა უფლის დედისთვის სასუფეველში დამკვიდრების შესახებ. მთავარანგელოზი, რომელიც ადრეც მოევლინა მარადქალწულ მარიამს და ახარა, რომ იგი გახდებოდა მშობელი ქრისტესი, – ახლა აუწყებს, რომ იგი მალე დატოვებს მიწიერ ცხოვრებას და გადაინაცვლებს მარადიულ სამყოფელში, ზეცად, სადაც მოელის ენითგამოუთქმელი დიდება და პატივი.მთავარანგელოზმა გაბრიელმა მას პალმის რტო გადასცა, ისევე, როგორც ხარებისას, შროშანი.
უწყებულის გამო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დიდი სიხარულით აღივსო და მაშინვე ზეთისხილის მთისაკენ გაემართა, სადაც ისედაც ხშირად მიდიოდა სალოცავად. როდესაც მან აქ თავისი ბოლო ლოცვა აღავლინა, სასწაული მოხდა: როდესაც კი დედა ღვთისმშობელი მუხლს იდრეკდა, მიწამდე იხრებოდნენ ხეებიც, ნიშნად მისდამი მიწიერი სამყაროს უდიდესი მოწიწებისა და პატივისცემისა.იგი შინ რომ დაბრუნდა, ძლიერმა მიწისძვრამ შეძრა არემარე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი პირქვე დაეცა და იწყო ლოცვა, შემდეგ აღანთო სანთლები, საკმეველი და მოუხმო მენელსაცხებლე დედებს, თავის მეგობრებს და უთხრა:– დადგა დრო ჩემი გასვლისა, უნდა განგეშოროთ და ვეახლო ჩემს ძეს და უფალს!
ძლიერ დამწუხრდნენ და მწარედ ატირდნენ ყველანი. მოულოდნელად სხვა სასწაულმა გააოგნა ისინი: ძლიერი ქარი ამოვარდა და ქარბორბალა დატრიალდა, ამ დროს ღრუბლებმა ცად ატაცებული თორმეტი მოციქული მოიყვანა (დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, სადაც წარგზავნილნი იყვნენ საქადაგებლად), რათა ისინიც გამხდარიყვნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან გამოთხოვების თანაზიარნი, თაყვანი ეცათ მისთვის და დაეკრძალათ. ღრუბლების მეშვეობით მოციქულები თავად მაცხოვარმა მოიყვანა, რათა პატივი მიეგო თავისი ყოვლადწმინდა დედისთვის.მოციქულები რომ ეახლნენ, მარადქალწულმა უთხრა:
– ჩემი ძის წმინდა მოწაფენო და მოციქულებო, მთავარანგელოზმა გაბრიელმა მაუწყა, რომ უნდა დაგტოვოთ, მაგრამ არა სამუდამოდ, არამედ ზეცად გადავსახლდები და იქიდან შეგეწევით.
მოციქულმა პავლემ ცრემლმორეულმა ასე მიმართა:„დედავ ცხოვრებისა და ღვთის სიტყვის დედავ! ჩემი ღმერთი იესო ქრისტე ხორციელად არ მინახავს და როდესაც შენ გიმზერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავად უფალს ვხედავდი და იგი მუდამ ჩვენთან იყო. დიდი ნუგეში იყო ჩვენთვის, მოციქულებისთვის, შენს გვერდით ყოფნა. და ახლა შენც გვტოვებ და გადადიხარ მარადიულ სამყოფელში, სადაც დაუსრულებელი სიხარულია! შენთვის ეს დიდი ბედნიერებაა, რადგან უფალთან მიდიხარ. ჩვენ კი თან გვიხარია და თან მწუხარე ვართ. გვიხარია შენს გამო, რადგან მიდიხარ იქ, სადაც არის სიხარული დაუსრულებელი, მაგრამ მწუხარე ვართ, რადგან ჩვენ აქ დედამიწაზე შენი ხილვის ბედნიერების გარეშე და შენი სიმდაბლის, შენი წმინდა დარიგებების და შენი უძლიერესი ლოცვის გარეშე ვრჩებით!“იგივეს ამბობდნენ სხვებიც. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ყველასაგან შენდობა ითხოვა და თქვა:– ახლა დავწვები ჩემს სარეცელზე და როგორც დავდებ სხეულს, ასევე დატოვეთ. ეს თქვა თუ არა, პირჯვარი გადაისახა, სარეცელზე დაწვა, თვალნი დახუჭა, ხელები გულზე დაიკრიფა და სული განუტევა. როგორც კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ თავისი წმინდა სული ტკბილ იესოს მიაბარა, მოხდა უდიდესი სასწაული – ყველა ბრმა და კოჭლი, ყველა სნეული, ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან მოსული, ვინც მის სამყოფელს მიეახლა, უმალ გამოჯანმრთელდა! მუნჯები ამეტყველდნენ, ყრუთ სმენა მიეცათ, კეთროვნები განიწმინდნენ, რამეთუ ასე განაგო უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რათა სათანადო პატივი მიეგო ყოვლადწმინდა მარიამისთვის, რომ ყველას გაეცნობიერებინა, რომ – მიიძინა არა ჩვეულებრივმა ადამიანმა, არამედ მარადქალწულმა მარიამმა – ლოგოსის დედამ, დედამ უფლისა, სასწაულების ღმერთის დედამ!როგორც კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი წმინდა სული განუტევა, გაისმა ურიცხვ ანგელოზთა გალობა, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ადიდებდნენ. მოციქულებმა აღამაღლეს დედა ღვთისმშობლის სარეცელი და გეთსიმანიის ბაღისკენ გაემართნენ, რათა დაედოთ იგი საფლავად. ამ მსვლელობას აცილებდა ანგელოზთა გალობა ზეციდან, რომელსაც შეუერთდა მოციქულთა გალობაც. მოციქულებთან ერთად გალობდნენ ქრისტეს მოწაფეები და მრავალრიცხოვანი მორწმუნენი. ასე შეერთდა იესო ქრისტეს სამწყსოს გალობა ანგელოზთა გალობასთან. ასე მიაცილებდა ერთად დედა ღვთისმშობელს ზეცა და მიწა, ანგელოზები და ადამიანები. ამ უჩვეულო მსვლელობის დროს, მარადქალწულის სხეული გამოსცემდა კეთილსურნელებას და აღავსებდა იმ ადგილებს, რომელსაც გადიოდა პროცესია. დიდებულმა სანახაობამ შური აღუძრა იუდეველებს და ზოგიერთი მათგანი გამოემართა ცუდი განზრახვით, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარეცელი მოციქულთა მხრებიდან გამოეტაცათ და ძირს დაემხოთ. ერთ-ერთმა მათგანმა იკადრა და ხელითაც სცადა შეხება. მოხდა სასწაული და ყველა მათგანს უმალ თვალის ჩინი წაერთვა, ხოლო მას, ვინც ბოროტი განზრახვით სცადა შეხებოდა წმინდა სარეცელს, ანგელოზმა ორივე ხელი უხილავი მახვილით მოჰკვეთა. ამ იუდეველს ერქვა ანტონი, მისი მოკვეთილი ხელები სარეცელზე დარჩა ჩამოკიდებული, თვითონ კი ნახევრადმკვდარი, გონებამიხდილი ძირს დაეცა. მაშინ მიხვდნენ კადნიერი იუდეველები თავის სიბრიყვეს, იწყეს გოდება და შენდობას სთხოვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. წმინდა მოციქულემა პეტრემ დედა ღვთისმშობლის მკერდიდან აიღო პალმის რტო, რომელიც მარადქალწულს მთავარანგელოზმა გაბრიელმა მიართვა და დაბრმავებულების თვალებს შეახო მათ მაშინვე დაუბრუნდა თვალის ჩინი, შემდეგ პალმის რტო მოკვეთილ ხელებსაც შეახო და კადნიერ იუდეველს გაუმთელდა ხელები. მომხდარმა შესძრა იუდეველები, ისინი ქრისტეს და ღვთისმშობლის მადიდებელნი გახდნენ და პროცესიას გალობით თვითონაც გაჰყვნენ.ასე აღსრულდა პირველი უდიდესი სასწაულები დედა ღვთისმშობლისა. ყველა ერთხმად ღაღადებდა:
„დიდ არის უფალი იესო ქრისტე და მისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა, მარადქალწული მარიამი!“როდესაც გეთსიმანიის ბაღთან მივიდნენ, ღვთისმშობლის წმინდა სხეული ქვის აკლდამაში დაასვენეს, რომელიც წინასწარ კლდეში საგანგებოდ გამოკვეთეს და საფლავის კარზე ლოდი მიადეს. სამი დღე და სამი ღამე ისმოდა ანგელოზთა გალობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავთან.შემდეგ კი, აი, რა მოხდა: მოციქული თომა, რომელიც ადრეც ვერ შეესწრო აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას, ამჯერადაც, დედა ღვთისას მიძინებაზეც, ვერ მოვიდა დროულად. თომა მოციქული ღრუბელმა სხვა მოციქულებთან ერთად არ აღიტაცა, არამედ მოგვიანებით, მხოლოდ დედა ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ გადმოიყვანა. ამიტომ იგი მწარედ ტიროდა და დამწუხრებული ფიქრობდა: „რომელი ცოდვების გამო არ მეღირსა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან გამოთხოვება? რომელი ცოდვის გამო დავაგვიანე და დედა ღვთისმშობლის მიძინებას ვერ დავესწარი?“მოციქულებმა თათბირის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, თომა მოციქულისთვის დედა ღვთისმშობლის საფლავის გახსნა გადაწყვიტეს, რათა იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფეხებს მთხვეოდა, ნუგეში მიეღო და ერწმუნა, რომ მისი ქადაგებაც შეწირულია. როდესაც ეს გააკეთეს, იხილეს ახალი სასწაული: საფლავში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეული აღარ იყო, დარჩენილ იყო მხოლოდ მისი წმინდა საფარველი, ისევე როგორც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მისი სუდარა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხორციელად აღიტაცა ზეცად თავისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა. ეს არის ჭეშმარიტი ამბავი. აი, ასეთი სასწაულები აღესრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს, რამაც გარდამოცემით დღემდე მოაღწია!