ზოსიმე – წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზოსიმე
წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – შოთა გიორგის ძე შიოშვილი
დაიბადა: 1951 წლის 3 აგვისტოსს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 21ივნისი – ღირსი ზოსიმე ფინიკელის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 27. 06. 1976
მღვდლად კურთხევა: 12. 07. 1977
ბერად აღკვეცა: 10. 10. 1981
ეპისკოპოსად კურთხევა: 14. 10. 1983
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996
მიტროპოლიტობა ებოძა: 26. 09. 2009
წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი).
კათედრა წილკანში, დუშეთსა და მუხრანში. რეზიდენცია წილკანში, საეპისკოპოსო სახლი დუშეთში.
ვრცლად:
მიტროპოლიტი ზოსიმე, ერისკაცობაში შოთა გიორგის ძე შიოშვილი, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. მისი წინაპრები წარმოშობით გარე კახეთის სოფელ ჯიმითიდან ყოფილან. ბავშვობა ჩვეულებრივ თბილისურ მრავალეროვნულ გარემოში გაატარა. ღვთისადმი სიყვარული ჩა¬უნერგა ღრმადმორწმუნე ბებია ბარბარემ, რომელსაც თავისი შვილიშვილი ხშირად დაჰყავდა წირვა-ლოცვებზე სიონისა და დიდუბის ეკლესიებში. მისი მშობლები სიყვარულით ზრდიდნენ სამ შვილს. იგი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იგონებს “ნათელი გონებით დაჯილდოებულ კეთილშობილ მამას”. ბავშობიდანვე უყვარდა წიგნების კითხვა. “წიგნი უნდა გამხდარიყო ჩემთვის ის ჩირაღდანი, რის მეშვეობითაც უნდა გამეგნო გზა ამ ცოდვით დაბნელებულ და არეულ ქვეყანაში”, -_ წერდა მოგვიანებით. “მეოთხე კლასში რაღაც უცხო და საკვირველი მოხდა ჩემში, – აღნიშნავდა მეუფე ზოსიმე, – ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე, რომელსაც მე თურმე აქამდე ვერც კი ვამჩნევდი, ნისლივით აიკრიფა ზევით და ცხადად შევიცანი ჩემი შესაძლებლობანი.” (71, 32).
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. იმხანად სემინარიის რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა, ნიჭიერ სემინარიელს. 1975 წლის 21 ივლისს, სემინარიის II კურსზე ყოფნის დროს, იგი აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1977 წლის 12 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს მღვდლად და უწოდეს სახელად ანტონი დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, პარალელურად ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის სასწავლო ინსპექტორის მოვალეობას. 1979 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. მისი თვისება ბავშვობიდანვე სიმარტოვისა და სიმყუდროვისაკენ მიდრეკილების შესახებ იყო ის მთავარი ნიშანი, რომელმაც განსაზღვრა მამა ანტონის სურვილი უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და აღკვეცილიყო ბერად. XX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში სასულიერო პირობა, ბერობა გმირობის ტოლფასი იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ უნდა დაგეთმინა როგორც ახლობლების, ისე საერთოდ საზოგადოების განკითხვა, ირონიული მზერა თუ ათასგვარი ცილისწამებანი. ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიისათვის სრულიად მიუღებული იყო ეკლესია, მორწმუნე ადამიანები, მითუმტეს ახალგაზრდები, ხელისუფლება ყველაზე მძაფრად ებრძოდა ბერ-მონაზვნებს. 1978 წლის 1 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე იგი მსახურობდა თბილისის მამა დავითის ეკლესიაში (მთაწმინდა). 1980 წლის 13 ოქტიმბერს მამა ანტონი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ზოსიმე. ამ დროს იგი ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობას, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკას. 1980 წლის 14 ოქტომბერს – აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, ხოლო 1983 წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსის ხარისხში. ეპისკოპოსად კურთხევის დღეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ სიტყვებით მიმართა მან უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდო მამამთავარო! ყოვლად სამღვდელო-მღვდელმთავარნო, წმიდა მამანო და ძმანო! ღვთის განგებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით დღეს ჩვენ, უძველესი ქართული ეკლესიის შვილნი, კვლავ ვდღესასწაულობთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს – სვეტიცხოვლობას. ხარობს და ილხენს სრულიად საქართველო და მისი უძველესი ეკლესია. ზეციურ სიხარულს დაუსადგურებია სულში. დღეს ჩვენ ვიხსენებთ უფლის კვართის საქართველოში ჩამობრძანებას და მასთან თვით უფალი ღმრთის – იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი მადლის შემოსვლას, ჩვენს სულებსა და გულებში დამკვიდრებას, ჩვენი ერის აღორძინებასა და განახლებას. ამ სიხარულსა და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს ქრისტეს ეკლესიის ახალი მწყემსის, ახალი ეპისკოპოსის დადგინება. მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისათვის, მაგრამ განსაკუთრებული იგი მაინც ჩემთვისაა. ამ დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი თქვენმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ და ქართული ეკლესიის წმიდა სინოდმა მე მარგუნა. შიში და ძრწოლა მიპყრობს, როცა კი წარმოვიდგენ, რა დიდი მსახურებისაკენ მომიწოდებს დღეს წმიდა ეკლესია. მღელვარებას მიორკეცებს საკუთარი სისუსტისა და უმწეობის გაცდა და იმის ერთხელ კიდევ შეგნება, თუ რა მძიმეა გადარჩენა საკუთარი სულისა და მით უფრო, როგორი მძიმე იქნება ზრუნვა სხვათა გადასარჩენად. მაგრამ ამ შიშს იმედიც ახლავს, იმედი ღვთისა და თქვენი უწმიდესობის შეწევნისა, იმედი ჩვენი სულიერი ძმების თანადგომისა. ამ იმედითა და სასოებით აღვსილმა მინდა გავბედო და მთელი ქართველი ერის წინაშე განვაცხადო, რომ მხოლოდ თქვენი დახმარებით, მხოლოდ თქვენი მამობრივი მზრუნველობითა და თანადგომით ვბედავ იმ დიდი უღლის მოდგომას, რომელსაც ქრისტეს ეკლესიის მწყსობა ჰქვია. თქვენ ბევრს დაულოცეთ გზა ეკლესიაში, განაცდევინეთ სიხარული ენით აუწერელი, თქვენ ბევრს გაუწოდეთ დახმარების ხელი და შეასწავლეთ ცხოვრება ქრისტიანული და ამაღლებული, თქვენით დავძლიეთ წინააღმდეგობანი და განსაცდელნი. ამიტომ გვწამს მეუფეო წმიდაო, მხოლოდ თქვენი ლოცვითა და კურთხევით უნდა ვიაროთ მომავალშიც.
საყვარელნო ძმანო, ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვან წუთებში მინდა ძალზედ თბილი და უსათუთესი რამ გითხრათ, რომ გამოვხატო უღრმესი მადლობა იმ დიდი ნდობისა და პატივისათვის, ჩემი უღირსების მიმართ რომ გამოიჩინეთ. მაგრამ სამწუხაროდ, როცა ძალზედ ძვირფასის თქმა გინდა კაცს, ენა ყოველთვის გებმის. დიდ სიხარულს კი ისევე სჭირდება გაზიარება, როგორც მომეტებულ წუხილსა და სევდას. მეც მინდა როგორმე გამოვხატო ეს სიხარული, მინდა გაგათბოთ და გაგახაროთ და ამიტომ ისევ უწმიდეს ანგელოსთა სიტყვებით მოგმართავთ: – გიხაროდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კალთას ამოფარებულნო! გიხაროდეთ ქრისტე სარწმუნოებისათვის თავდადებულნო მხედარნო! გიხაროდეთ წმიდა ანდრია და სვიმონ მოციქულთა საქმის გამგრძელებელნო! გიხაროდეთ წმიდა ნინოს მიერ ნაქადაგები სჯულის შემყვარებელნო! გიხაროდეთ ქართველთა, ვითარცა ცხოვართა უმეცართა შემკრებნო!
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! გუშინ, როცა თქვენ სამღვდელმთავრო რჩევა-დარიგებებს მაძლევდით, ბრძანეთ: შენი ნამდვილი ეკლესიური მოღვაწეობა ახლა იწყებაო. თქვენმა ნათქვამმა დიდად ჩამაფიქრა და მიმახვედრა, რომ ჭეშმარიტად ეხლა უნდა დაიწყოს ჩემი ნამდვილი ეკლესიური ცხოვრება, _ ისეთი მოღვაწეობა, როგორითაც იღვაწეს ქრისტეს მოციქულებმა და მათმა მიმდევრებმა, რითაც განივრცო ქვეყნად სჯული ქრისტიანული და მიენიჭა ცოდვით დამაშვრალ ადამიანებს შვება და ბედნიერება დაუსრულებელი. ამიტომ ჩემი უღირსების მღვდელმთავრის ხარისხში აღყვანებას ვიღებ არა როგორც ჯილდოსა და განდიდებას, არამედ, როგორც ღვთისაგან ნაკურთხ, თუმცა მეტად მძიმე, მაგრამ საპატიო ტვირთს, სამღვდელმთავრო მოღვაწეობას ვიღებ, როგორც უფალი ღმრთისაკენ სამწყსოს მიმყვანებელ გზას.
ერთხელ კიდევ მოვახსენებ უღრმეს მადლობას თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ჩემდამი გაღებული ნდობისა და პატივისცემისათვის. ასევე, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავრებს იმ დიდი სიყვარულისა და თანადგომისათვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი მათგან. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი ერთობლივი სიხარული და აღმაფრენა.
დასასრულ, მინდა თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის წინაშე, და თქვენი სახით, მთელი ქართველი მორწმუნე საზოგადოების წინაშე მოვიდრიკო მუხლი და გთხოვოთ: ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, ჩემი სულის გადარჩენისათვის, ღვთის მადლით განძლიერებისა და აღორძინებისათვის, მშობლიური ქართული ეკლესიის წინსვლისა და გამარჯვებისათვის. ამინ!” (60, 1983, 2).
როგორც იგი იხსენებდა, “როდესაც მღვდელმთავრებმა დამასხეს ხელი და მესმოდა მათგან ნელი ხმით წარმოთქმული ლოცვები, ვგრძნობდი იმათგან ერთად აღვლენილი ყოველი ვედრების წილ, როგორ საკვირველ მადლს აფრქვევდა ჩემზე უფალი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ერთგან კი არ გადმოდიოდა ზეციდან ეს მადლი, არამედ ყველგან, სადაც კი მღვდელმთავარს ხელი ჰქონდათ დასხმული.” (70, 95).
ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. ამ დროს ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი იოანე (ანანიაშვილი) დაპატიმრებული იყო საერო ხელისუფლების მიერ. მეუფე ზოსიმეს მოუხდა ეპარქიაში შექმნილი რთული ვითარების მოწესრიგება. 1984 წლის იანვრიდან ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. როგორც იგი აღნიშნავდა: “სემინარიაში მართლაც ბევრი რამ იყო მისახედი და გასამართი. უპირველესად, ზუსტად უნდა განგვესაზღვრა სწავლა-განათლების მიზანი სასულიერო სასწავლებელში და შემდგომ ამაზე უნდა აგვეღო მთელი ჩვენი მოღვაწეობა… სემინარიაში მოღვაწეობისას, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი მომავალ სასულიერო პირებში მორჩილების გამომუშავებას, რაც არც თუ ისე იოლად ხდებოდა. ახალგაზრდებს ძალიან უჭირდათ საკუთარ ნებაზე უარის თქმა. ზოგჯერ თავი თავმოყვარეობა შელახულადაც კი მიაჩნდათ, როცა წინ ვეღობებოდით იმათი სურვილების აღსრულებას და ვითხოვდით მათგან ღვთისათვის სათანადო საქმის კეთებას.” (70, 120-121).
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მეუფე ზოსიმეს ღვაწლით მცხეთის სასულიერო სემინარია ერთ-ერთ გამორჩეულ სასულიერო საგანმანათლებლო კერად იქცა. 1984 წლიდან ეპისკოპოსი ზოსიმე გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად, 1985-1988 წლებში შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე იყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარე. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში: ათონის მთაზე, იერუსალიმში, კვიპროსზე, მონაწილოეობდა ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მუშაობაში შოტლანდიაში, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. მეუფე ზოსიმე ხელმძღვანელობდა ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში გადმობრძანებას. “1989 წლის 9 ოქტომბერს ზღვა ხალხს მოეყარა თავი თბილისის აეროპორტში, – აღნიშნავდა იგი, – როცა მე და მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) თვითმფრინავიდან გადმოვასვენეთ იგი, როგორ ერთიანად გაირინდა ხალხი და შორიდან მორიდებით სცა მას თაყვანი “კეთილი იყოს დედოფალო, შენი მობრძანება შენს წილხვდომილ ქვეყანაში – საქართველოში,” ვჩურჩულებდი.” (70, 182).
1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სასულიერო აკადემია. თბილისშივე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც, ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. როგორც მეუფე იხსენებს: “სასულიერო აკადემიის გახნისათვის დიდხანს ვემზადებოდით. ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი. 1 ოქტომბერს გრილი და ღრუბლიანი დღე დადგა თბილისში. სიონის ღვთისმშობლის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის მიერ სწავლის დაწყების პარაკლისი იქნა გადახდილი… ლოცვის დასრულების შემდეგ გადავინაცვლეთ სააქტო დარბაზში, რომელიც მაშინ აკადემიის შენობის პირველ-სართულზე იყო საგანგებოდ მოწყობილი.” (70, 47). საზეიმო სხდომაზე სასულიერო აკადემიის პირველმა რექტორმა, ეპისკოპოსმა ზოსიმემ წაიკითხა მოხსენება “სასულიერო განათლების ისტორია საქართველოში”. სასულიერო აკადემიის გახსნას მიესალმენ ქართული მეცნიერების, ინტელიგენციის წარმომადგენლები: აკად. ალ. ბარამიძე, ნ. ამაღლობელი, პროფ. ზ. კიკნაძე, გ. ცინცაძე. როგორც მეუფე ზოსიმე იხსენებს: “საზეიმო სხდომის დამთავრების შემდეგ აკადემიის შენობაში შედგა სადღესასწაულო სადილი, რომლის გაძღოლაც მისმა უწმიდესობამ მე დამავალა… ჩემთვის ესეც გამოცდა იყო და მე ღვთის შეწევნით უნდა ჩამებარებინა იგი.” (70, 51). მეუფე ზოსიმე თვლიდა, რომ სასულიერო სასწავლებელში სულიერების, სიმშვიდის შენარჩუნება შესაძლებელი იყო მცხეთაში, თბილისში უფრო გაძნელდებოდა ყოველივე ეს. XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან…
1988 წლის 20 ნოემბერს დიდი ხნის იძულებითი დუმილის შემდეგ კვლავ აღდგა წირვა-ლოცვა წილკნის ეკლესიაში. ტაძრის საზეიმო კურთხევა შეასრულა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ. მეუფე ზოსიმე ასე იხსენებდა ამ ისტორიულ დღეს: “წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი პირველად ჩემი სტუდენტობისას მაქვს მოლოცვილი… დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მოსკოვიდან მივიღეთ ტაძრის ამოქმედების ნებართვა. მძიმე მდგომარეობაში იყო იქაურობა. ტაძრის კედლები სადამდეც კი ადამიანის ხელი მიწვდებოდა ერთიანად იყო დამწვარი, სანთლისაგან ჩაშავებული. სამივე მხრიდან ეკლესიის კარებები იყო ჩამოხსნილი და მხოლოდ გისოსებიღა იყო დატოვებული. შესაკეთებელი და შესამინი იყო სარკმელები, საიდანაც მუდმივად უბერავდა ქარი, რის გამოც ტაძარში დიდხანს დგომა იყო შეუძლებელი, აღარც კანკელი იდგა იქ, არც ტრაპეზი და არც ამბიონი. ყველაფერი თავიდან იყო გასაკეთებელი… მიუხედავად ამისა ტაძრიდან იმედიანი გამოვედი, მჯეროდა, რომ დედა ღვთისა აღმომიჩენდა საჭირო შემწეობას მისი წმიდა სავანის ამოქმედებაში.” (70, 59-64). მეუფე ზოსიმეს თავდადებული ღვაწლით წილკნის ღვთისმშობლის ეკლესიას დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, დაიდგა კანკელი, დაიწერა ახალი ხატები, ტაძრის ეზოში აშენდა საეპარქიო სახლი. ეკლესია-მონასტრები აღდგა ნატახტარში, ანანურში, მჭადიჯვარში, ბაზალეთში, ლარგვისში, ახალგორში, წინამძღვრიანთკარში, ახატანში, ყაზბეგში. 1998 წელს აიგო ახალი ტაძრები დუშეთის რაიონის სოფელ აშში, 1999 წელს – სოფელ ბიწმენდში, ციხისძირში, ახალუბანში.
1996 წლის 25 დეკემბერს მეუფე ზოსიმე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 26 სექტემბერს მიებოძა მიტროპოლიტობა.
მიტროპოლიტი ზოსიმე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთი გამორჩეული, ინტელექტუალი მღვდელმთავარია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი საინტერესო წიგნი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის საზოგადოებისათვის უცნობ ფაქტებსა და მოვლენებზე. შეიძლება ყველაფერში არ დაეთანხმო ავტორის შეფასებებს, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამცირებს ამ წიგნების მნიშვნელობას. მეუფე ზოსიმე სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს: მელქისედეკ III-ს, ეფრემ II-ს, დავით V-ს. უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III ჯერ კიდევ ყმაწვილს ასე დაამახსოვრდა: “მას ჰქონდა დიდი თეთრი წვერი და საოცრად ცოცხალი, მეტყველი თვალები, სიღრმიდან რომ იხედებოდა ადამიანის სულში.” (71, 7). მეუფე ზოსიმე თვლის, რომ უწმიდესმა ეფრემმა ახალგაზრდა ყმაწვილის გული მოინადირა” ჭეშმარიტი, მაცოცხლებელი სიტყვით, რომელიც ასე უხვად იფრქვეოდა მის ბაგეთაგან და რომელსაც მაშინ მოწყურებულნი ვიყავით… სემინარიაში სწავლის დროს, – განაგრძობს მეუფე ზოსიმე, – ხშირად ვიყენებდი ეფრემისეულ წიგნებს და ყოველთვის გაკვირვება მეუფლებოდა ხოლმე იმ უამრავი შენიშვნებისათვის, მოსაზრებებისა და მინაწერების გამო, რაც უწმიდესი ეფრემის მიერ იყო ამ წიგნებში გაკეთებული. ის უბრალოდ კი არ კითხულობდა წიგნებს, არამედ მუშაობდა მათზე მთელი სერიოზულობით. მის მიერ წიგნებში გაკეთებული შენიშვნებიდან თუ მინაწერებიდან ნათლად ჩანს მისი ღრმა განსწავლულობა და მაღალი მისწრაფებანი.” (71, 10-18).
მეუფე ზოსიმეს სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის დროს. იგი პატრიარქ დავითს ადარებდა ძველი აღთქმის რომელიღაც მამამთავარს, „მას ჰქონდა მშვენიერი, ძლიერი და ხავერდოვანი ხმა, სხვებისაგან გამორჩეული. როცა იგი ასამაღლებელს წარმოსთქვამდა, საოცარი სისავსე იგრძნობოდა ირგვლივ”… მას შეეძლო სიკეთის დანახვა და მისი მოფრთხილება.” (72, 32-33). მეუფე ზოსიმე ცდილობს საზოგადოებას დაანახოს მიტროპოლიტყოფილ გაიოზის (კერეტაშვილის) ნამდვილი სახე, აჩვენოს მისი ღირსებები. მადლიერებით იხსენებს მის დარიგებას “მამა ანტონ, ეცადე ტრაპეზთან იყო მოკრძალებული, მისგან მორიდებით ჯობია დგომა, ნუ გაუშინაურდები ზედმეტად მას. ეს შენ დაგიცავს. ერთი შეხედვით იგი მკაცრი და შეუპოვარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში შემწყალებელი გული ჰქონდა. მეუფეს ჰქონდა ძლიერი ხმა, საეკლესიო საკითხავებს ძველ ქართულ კილოზე წარმოსთქვამდა. იგი ძველ მამებს ბაძავდა, ის ალბათ შეესწრო იმათ მსახურებას და განცდილი ჰქონდა ის სანატრელი სიტკბოება, რაც ძველი თაობის სასულიერო პირთა მსახურებას შერჩენოდა და მაინც ყველაზე მეტად მისი მსახურებიდან დამამახსოვრდა წირვის ასამაღლებელი, რომელსაც იგი უდიდესი სიყვარულითა და სასოებით წარმოსთქვამდა, მასში მთელი თავის გულსა და მოკრძალებას დებდა.” (72, 93-94).
მეუფე ზოსიმე გულთბილად იხსენებს მიტროპოლიტებს: გრიგოლს (ცერცვაძე), შიოს (ავალიშვილი), არქიმანდრიტ პართენს (აფციაური), პროტოპრესვიტერებს: ალექსანდრე გაბუნიას, პახუმ ობოლაძეს, დეკანოზ ზურაბ ცხვარაძეს. მეუფე ზოსიმე აძლოს იცნობდა არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე). მან ზუსტად ისეთი პორტრეტი დაგვიხატა მამა გაბრიელისა, როგორიც იგი იყო სინამდვილეში. ეს არ არის არც გადაჭარბებული მითოლოგიზირებული პერსონაჟი და არც ტენდენციურად დამცირებული პირი. მეუფე ზოსიმეს მიერ დახასიათებული მამა გაბრიელი ბევრი საგულისხმო დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს მომავალ თაობას… დიდია მეუფე ზოსიმეს დამსახურებაა სახარების განმარტებათა წმიდა მამათა სწავლების მიხედვით გამოცემა, რომელიც 1998 წელს დაიწყო. გამოცემულია 4 წიგნი. როგორც იგი წინასიტყვაობაში აღნიშნავდა, “იმედია ჩვენი მოკრძალებული ნაშრომი კეთილ სამსახურს გაუწევს ღვთის სიტყვით დაინტერესებულ მკითხველს და სულიერ განათლებაში შეეწევა მათ~ ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ქადაგებანი, რომელიც ორჯერ გამოიცა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. “ღვთის სიტყვის ქადაგებისას, – აღნიშნავდა იგი, – თავად დამიჭერია ხშირად რაღაც უცხო და საიდუმლო ჩემს ხმაში, უფრო სწორად ისეთი ხმა მსმენია, რასაც სასიკეთოდ შეუძრავს ჩემი სული, გული სატირლად ამჩუყებია და თვალებზე მომდგომია სიხარულის ცრემლი. ეს არ არის ამქვეყნიური ხმა, ეს ზეციური ხმა არის, რომელიც ერთხელ თუ მოესმა კაცს, აღარასოდეს დაავიწყდება ცხოვრებაში… ეს ხმა ჩემთვის მუდამ იყო სანატრელი, რადგან მე იგი არაერთგზის მაქვს მოსმენილი.”
2008 წლის 25 ნოემბერს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მღვდელმთავრად კურთხევიდან 25 წელი შეუსრულდა.
საზეიმო შეკრებაზე მეუფე ზოსიმემ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას:
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! ძვირფასო სტუმრებო! პატივცემული საზოგადოებავ!
დღეს ჩვენ შევიკრიბენით იმისათვის, რათა აღვნიშნოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი თარიღი – ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და კურთხევის 25 წლისთავი. მე მაინც და მაინც არ ვიყავი მოსურნე იმისა, რომ გამორჩევით და საზეიმოდ აღნიშნულიყო ეს დღე ეკლესიაში, მაგრამ წინ ვერ დავუდექი ბევრი პატივსაცემი ადამიანის სურვილს, რათა ღირსეული პატივი მიეგოთ თავიანთი მღვდელმთავრისათვის მნიშვნელოვანი თარიღისა და საერთოდ, მთელი მისი მოღვაწეობისათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ არის ერთი პიროვნების დღესასწაული, რომ ეს ჩვენი ეკლესიური ცხოვრების, ჩვენი წარმატებებისა თუ სიძნელეების გამომხატველი და აღმნიშვნელი დღეც არის, რამეთუ ეპისკოპოსი, როგორც ბრძანებს წმიდა მოციქული, სახე და სიმტკიცეა ეკლესიისა. ნება მომეცით, მოკლედ გადავავლო თვალი ჩვენს სამღვდელმთავრო მოღვაწეობას და იქიდან გამოვყო ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც თქვენთვის, აქ მყოფთათვის არ იქნება ინტერესმოკლებული.
ქრისტეს მიერ საყვარელნო! არ შემიძლია ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს არ გავიხსენო ჩემი ბავშობა, ჩემი სიყრმისა და სიჭაბუკის წლები. უფალი სახარებაში ბრძანებს: “არა თქუენ გამომარჩიეთ მე, არამედ მე გამოგარჩიენ თქუენო”. ჭეშმარიტად თავისი მსახურებისათვის ადამიანს არჩევს უფალი. ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც, უკვე პატარაობისას ვგრძნობდი უფალთან საკვირველ სიახლო¬ვეს და იმასაც, რომ ჩემი მომავალი ცხოვრება მასთან იქნებოდა დაკავშირებული. ჩემს სულიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის განსვენებულ ბებიას ჩემსას – ბარბარეს, მან გააღვივა ჩემში ლამპარი უფლის რწმენისა და სიყვარულის. მან ჯერ თავის მწირ სენაკში განმაცდევინა მშვენიერება და სიტკბოება უხილავი სამყაროსი, შემდეგ კი პირველმა მიმიყვანა ღვთის ტაძარში – ეკლესიაში, სადაც მაზიარა იმ ენითგამოუთქმელ სიხარულსა და ნეტარებას, რაც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს სულში და რის მაძებრადაც მე იმ დღიდან ვიქეცი. მას შემდეგ სულ ამ უცხო, ზეციურ სიხარულს დაეძებდა ჩემი სული და ამ ძიებამ, ქვეყნიურ წინააღმდეგობათა მიუხედავად, შემაყენა ღვთის წმიდა გზას, გამხადა ეკლესიის მსახური და მომკიდა უფლის საპატიო ტვირთი. მე ამ ტვირთს, როგორც დიდ საფასეს, მონდომებით და მოფრთხილებით ვეზიდებოდი ეს წლები და ვეზიდები დღესაც, რათა იგი უკლებლივ მივიტანო უფალთან მის ზეციურ სასუფეველში.
ღვთის განგებით, თავიდანვე ჩემი მოღვაწეობა დაუკავშირდა მცხეთის სასულიერო სემინარიას, ერთადერთ სასულიერო სასწავლებელს, მაშინ რომ მოქმედებდა საქართველოში, სწავლის დამთავრების შემდეგ იქვე დამტოვეს სამოღვაწეოდ და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე პედაგოგად, ზედამხედველად და რექტორად მოღვაწეობაში. წლების განმავლობაში სასულიერო პირთა აღზრდისა და განათლების საქმეს ვემსახურებოდი იქ. ეს მეტად საინტერესო და დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემი ცხოვრებისა, მაშინ მე მეტად მძიმე, მაგრამ სასიამოვნო ტვირთს ვეზიდებოდი ღვთის შეწევნით. მაშინდელი სემინარია პანსიონატის ტიპისა იყო და მეც, როგორც მოძღვარსა და ზედამხედველს, თითქმის მოუკლებლად მიხდებოდა ყოფნა იქ. მე თავად მიწევდა ცხოვრება სასწავლებლის შინაგანაწესით და ამის შესრულებას სხვებსაც ვთხოვდი. მაშინდელი სასულიერო სემინარია მოქმედებდა სამთავროს დედათა მონასტერში და მონასტრის სასიკეთო გავლენას ყველანი განვიცდიდით. მომავალი მოძღვრები, საეკლესიო განათლების გარდა იძენდნენ სულიერ ჩვევებსაც, რაც ადვილად ხორციელდება მონასტრულ სიმშვიდესა და სიმყუდროვეში. სწორედ ამ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ესწრაფვოდა პატარაობიდან ჩემი სული და სწორედ ამიტომაც მაშინდელი სასწავლებელი მშვიდ სულიერ ნავთსაყუდელად იქცა ჩემთვის. აქ პოულობდა ჩემი სული დიდ სულიერ შვებას, საერო შფოთსა და ორომტრიალს მორიდებული. შრომა და გარჯა სასწავლებელში მოღვაწეობისას, რა თქმა უნდა, იყო ძალზე დიდი, მაგრამ იგი არაფერი იყო იმ სულიერ ნუგეშთან შედარებით, რასაც მე მონასტრულ, მშვიდ გარემოში, მცხეთის უძველეს სიწმიდეებთან სიახლოვეში ვპოულობდი. ამიტომაც ვუფრთხილდებოდი მე ჩემს საქმიანობას და თავს არ ვზოგავდი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მომეტანა ეკლესიისათვის და ჩემი სულისთვის.
ეს მეტად მძიმე დრო იყო ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისათვის. ათეიზმი ბატონობდა ირგვლივ, სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ იყო შეზღუდული, არანაირი გასაქანი არ გვქონდა წინსვლისა, ყოველმხრივ ვიყავით ბორკილებდადებულნი. ძალზედ განვიცდიდით სასულიერო პირთა ნაკლებობას, მასწავლებლებიც არასაკმარისი გვყავდა სასწავლებელში. ზოგჯერ ერთ პედაგოგს რამოდენიმე საგნის სწავლება უხდებოდა, რაც არ იყო იოლი, სწავლის დონეც შესაბამისად არ იყო მაღალი. მოძღვარი-მასწავლებლების მოუცლელობის გამო, ხშირად ცდებოდა მეცადინეობები, რასაც ჩვენ განვიცდიდით. უკვე ჩემი სტუდენტობისას რამდენს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება იქ, რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ნაკლოვანებები აღმოგვეფხვრა სასწავლებლის ცხოვრებაში. ვინ იცის, იქნებ მაშინ შეისმინა უფალმა ჩვენი გასაჭირი თუ სათხოვარი და განიზრახა მომავალში სამღვდელმთავრო მოღვაწეობა ჩემი. უფალს ხომ ყველაფერი ესმის ჩვენი, იგი არ ტოვებს უყურადღებოდ ჩვენს სათხოვარსა და გასაჭირს, და ცდილობს თავის დროს აღგვისრულოს იგი. მეც ვგრძნობდი, რომ მომავალში მისგან მეტ შეწევნას მივიღებდით, რომ ჩვენზე მეტ წყალობას გაიღებდა უფალი.
ბერობის მიღების შემდეგ ჩემში გაძლიერდა განმხოლოებული, ბერული მოღვაწეობის სურვილი და ერთხანს კიდეც ვემზადებოდი საერო ცხოვრებიდან მეტი გარიდებისათვის, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ ამისთვის არა მლოცავდა უფალი, მას სხვა მოღვაწეობისთვის ვჭირდებოდი. შინაგანად მეც ვგრძნობდი, რომ სასწავლებლისათვის საჭირო ვიყავი, რომ იქიდან არ მომარიდებდა უფალი.
1983 წლის ოქტომბერში მოხდა მღვდელმთავრად გამორჩევა და კურთხევა ჩემი, იმ დროს ორი სამღვდელმთავრო კათედრა იყო გათავისუფლებული და ღვთის განგებით ერთზე, ჭყონდიდის უძველეს საყდარზე მოხდა დადგინება ჩემი. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემთვის და ეკლესიისთვის. მახსენდება ერთი სასულიერო პირის გამონათქვამი მაშინდელი: “მიხარია ეს ჩვენი ეკლესიისათვის, რადგან ვიცი, რომ ერთგულ მღვდელმთავარს შეიძენს იგი თქვენი სახით, მაგრამ ვწუხვარ თქვენთვის, რადგან ამის შემდეგ დიდი სიმძიმის ტვირთვა მოგიწევთ ცხოვრებაში” – მას შემდეგ, მეც ხშირად ვფიქრობ ამაზე და ვეკითხები ხოლმე თავს: “მეუფეო, მღვდელმთავრობამ უფრო პატივი და დიდება შეგძინა თუ სიმძიმენი? და მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს უფრო მეტად იყო სიმძიმენი, რომელსაც აი, უკვე 25 წელია ვეზიდები ღვთის შეწევნით. მადლობა უფალს, რომ იგი არ მტოვებდა ამ ტვირთის ზიდვაში, ის ყოველთვის მედგა გვერდით, მამხნევებდა და ძალას მმატებდა მოღვაწეობისათვის. სასწავლებელში ჩემს საქმიანობას ეხლა უკვე დაემატა ეპარქიაში სამსახურიც, რამაც გამიჩინა უფრო მეტი საზრუნავი და საფიქრალი.
მახსენდება ჩემი ჩასვლა ჭყონდიდის ეპარქიაში და მოღვაწეობის დაწყება იქ. ისეთი აშფოთებული და აღელვებული დამხვდა სამწყსო, რომ ძნელია ამის გადმოცემა სიტყვებით. იმდენი დარდი, წყენა და წუხილი იყო ირგვლივ დაგროვილი, რომ აღარ ვიცოდი რომლისთვის მიმეხედა, რის გადაწყვეტას შევჭიდებოდი. ყველა ქვეყნიურ, ხილულ ნუგეშსა და შეწევნას ითხოვდა ჩემგან, როცა მე თავად ვიყავი ქვეყნიურ შეწევნასა და თანადგომას მოკლებული. როცა მე მათ ვთავაზობდი სულიერ საზრდოს, როცა მე ვცდილობდი უფლისაკენ მიმეპყრო მზერა მათი, რათა მისგან მიგვეღო საჭირო შეწევნა და ნუგეში, მათ უმძიმდათ ამის მოსმენა და ჯიუტად ითხოვდნენ ჩემგან იმას, რაც მე არ შემძლო მიმეცა მათთვის. მაშინ დავივიწყე მე ჩემი დარდი და გასაჭირი და უფალს მხოლოდ იმათ შეწევნასა და დახმარებას ვევედრებოდი. რამდენი უძილო ღამე და ცრემლი მახსოვს მათზე ვედრებასა და ფიქრში გატარებული, რამდენი შეურაცხყოფა და და??