კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერს შეხვდა


კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ლატვიისრესპუბლიკის სეიმის სპიკერს შეხვდა

26 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ლატვიის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია, სეიმის სპიკერის, ქალბატონ ინარა მურნიეცეს მეთაურობით. მას საპატრიარქოში თან ახლდნენ ასევე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ელიტა გაველე და საქართველოს ელჩი ლატვიაში, ბატონი თეიმურაზ ჯანჯალია და სხვა ოფიციალური პირები.
საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
კათოლიკოს–პატრიარქი ილია II გულთბილად მიესალმა სტუმრებს.
ქალბატონმა ინარა მურნიეცემ უწმინდეს და უნეტარეს ილია II–ს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მიღებისთვის.
ლატვიელ სტუმრებთან საუბარში კათოლიკოს–პატრიარქმა აღნიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია რწმენის შენარჩუნება ქვეყნისთვის და ადამიანისთვის. „ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა: თუ სიმდიდრე დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს, რადგან მისი აღდგენა შესაძლებელია; თუ ჯანმრთელობა დაკარგე, არა უშავს, რადგან მაინც ცოცხალი ხარ, მაგრამ თუ ღმერთი დაკარგე, – მაშინ ყველაფერი დაგიკარგავს, რადგან უფლის გარეშე ყველაფერი ამაოა!.. ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ, რომ ლატვია ესოდენ გულმოდგინედ ინარჩუნებს ქრისტიანულ ფესვებს, ქრისტიანულ სარწმუნოებას…“
ქალბატონმა ინარა მურნიეცემ საუბარში აღნიშნა: „ჩვენთან, ლატვიაში, არსებობს ტრადიცია, რომ დამოუკიდებლობის დღეს ეკლესიაში აღევლინება ღვთისმსახურება და მას ეწსრებიან ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებიც. დამოუკიდებლობის დღე მუდამ გვახსენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე შევქმენით და კვლავაც განვაგრძობთ მის აღმშენებლობას. მაგრამ, ქვეყნის განვითარებისას მეტად მნიშვნელოვანია, არ დაკარგო მისი შინაგანი არსი, შეინარჩუნო ქვეყნის სული და მუდამ გვახსოვდეს, ერის ფასეულობები. ასევე მეტად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის ხელისუფლების, მიზანია ვემსახუროთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, მისი ინტერესების დაცვას“.
ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა ელიტა გაველემ დიდი მადლობა გადაუხადა კათოლიკოს–პატრიარქს თბილი სიტყვებისთვის და აღნიშნა: „თქვენ იცით, როგორ გვიყვარხართ, როგორ გვიხარია თქვენთან შეხვედრა და ჩვენთვის ეს მუდამ დიდი პატივია.ცოტა ხნის წინ ვიმოგზაურე სვანეთში, მოვიარე მესტია, უშგული და ვნახე, რომ ადამიანებში ძლიერია რწმენა, შენდება ახალი ტაძრები, მონასტრები. ამ 4 წლის განმავლობაში, რაც თქვენს ქვეყანაში ვიმყოფები, ძალიან შემიყვარდა საქართველო და ახლა გული მწყდება, რომ ერთი წლის შემდეგ მომიწევს სხვაგან გამგზავრება; უკვე დავინიშნე ელჩად ისრაელში…“
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ და ქალბატონმა ინარა მურნიეცემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.