კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოში სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღო

კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოში სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღო

20 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ საპატრიარქო რეზინედციაში მიიღო: სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ოთარ დანელია, მისი მოადგილე ბატონი გიორგი ნოზაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები. საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე) და საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნულიცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი გიორგი ანდრიაძე.
კათოლიკოს–პატრიარქთან საუბარში აღინიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის და საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრის წარმატებულად ჩატარებული ერთობლივი აქცია გორში, ახალციხესა და თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშებს გაშენებასთსან დაკავშირებით. ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ამჟამად მუშაობს დავიწყებული ქართული ვაზის ჯიშების აღდგენის საქმეზე, რაშიც გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწიეს: ჯიღაურას საცდელ მეურნეობაში არის აღდგენილი420–ზე მეტი ძველი ქართული ვაზის ჯიში; დასავლეთ საქართველოში – 40 ჯიში; მუშაობა ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდება. ბატონმა ოთარ დანელიამ ასევე აღნიშნა, რომ გაიხსნა ღვინის მუზეუმი, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ვაზის და ღვინის ქვეყნისთვის. ფრანგი კოლეგების ხელშეწყობით, მომავალი 2017 წელი საფრანგეთის ღვინის აკვანში, ქალაქ ბორდოში, გამოცხადებულია საქართველოს ღვინის წელიწადად და ქართველ მეღვინეებს საშუალება მიეცემათ წარმოაჩინონ უნიკალური ქართული ღვინო.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს. მეცხოველეობაში აღინიშნა ქართული ძროხის, ქათმისა და ღორის ჯიშების აღორძინების საქმე; ისაუბრეს მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებსა და ქართული ხორბლის ჯიშებისა აღდგენასა და განვრცობაზე.
კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II –მ ბრძანა, რომ დღეს საქართველოში მიწა არ უნდა ცდებოდეს და ყველამ, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი, აუცილებლად უნდა დაამუშაოს იგი.