„ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა“ – საპატრიარქოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი მოწოდება მოსახლეობისადმი

ა.წ. 18 აპრილს, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში შედგა, გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილისა და პატრიარქის ქორეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძე) ერთობლივი პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაზე მეუფე თეოდორემ მოსახლოებას ბზობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა.
„როგორც ცნობილია ბზობის დღესასწაულზე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბზის ტოტებით ტაძარში მისვლა, – განაცხადა მეუფე თეოდორემ, – ამით გამოვხატავთ სურვილს, რომ როგორც იერუსალიმში შევიდა მაცხოვარი, ასევე თითოეული ჩვენგანის გულსა და ოჯახშიც შემოვიდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიხარული არ უნდა გადავზარდოთ დაუფიქრებელ ქმედებებში და არ უნდა დავაზიანოთ ბუნება, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა.სამწუხაროდ, კოლხური ბზა, რომელიც საქართველოში ხარობს, დღეს ცუდ მდობარეობაშია და გადაშენების პირასაა, ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს მრევლს, მოსახლეობას, რომ გავუფრთხილდეთ მას და არ მოვჭრათ იგი“.
მეუფემ მოსახლეობას შეახსენა კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა, რომ ბზის ნერგები სახლებში, ქოთნებში გაახარონ და ბზობის შემდგომ დღესასწაულს საკუთარი ბზით შეხვდნენ. ხოლო ვისაც საკუთარ ეზოებში უდგას ბზა, ის გასხლას და ნასხლავი მიიტანოს ეკლესიაში საკურთხებლად.
მიტროპოლიტმა თეოდორემ გამოთქვა სურვილი, რომ ეკლესიებში საპატრიარქოს სათბურში გამოყვანილი ნერგების გარდა, სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ნერგებიც გაიცეს.

თავის მხრივ მინისტრმა აღნიშნა, რომ გავრცელებულია ორი უძიმესი დაავადება: „ბზის სიდამწვრე“ და „ბზის ალურა“.
„ბზის ალურასთან“ მიმართებით ჩენი მცდელობები შედეგიანია, თუმცა მეორე დაავადება („ბზის სიდამწვრე“ ) კვლავ პრობლემურია.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაავადებული ადგილები ლოკალიზებულ იქნას. თუმცა როდესაც ადამიანს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადააქვს ბზა (მაგ. დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში), დაავადების არეალი ფართოვდება,“ – განაცხადა ბატონმა გიგლამ.
„ბზის სიდამწვრემ“ 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები, გაანადგურა. რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
ბატონი გიგლა აგულაშვილის განმარტებით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.
ბატონმა გიგლამ, ბზის გადასარჩენად ეკლესიის თანადგომის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ერთობლივი ქმედებების შედეგიანობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით გალეგაშვილი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები.