„ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მოწყალების სულისკვეთებით“ (პატრიარქის ქადაგება ხორციელის კვირას 06.03.2016)


სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდ მარხვამდე დარჩა ერთი კვირა, დღევანდევანდელ კვირას ეწოდება ხორციელის კვირა, აღება არის ხორცისა და იწყება ყველიერის კვირა.
დღეს წაკითხულ იქნა სახარება მეორედ მოსვლის შესახებ, როდესაც უფალი დიდებით მობრძანდება და დაჯდება დიდების ტახტზე. გაარჩევს ხალხს, ზოგს დააყენებს მარჯვნივ, ზოგს კი – მარცხნივ,როგორც მწყემსი ცხვრებსა და თიკნებსა. მარჯვენა მხარეს მყოფთა ეტყვის:„მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო.. რამეთუ მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე ვიყავი მწყურვალი და თქვენ მასვით, ვიყავი უცხო და თქვენ შემიაფერთ, მე ვიყავი საპქრობილესა და საავადმყოფოსა შინა და თქვენ მომხედეთ“. ხალხი კი ეტყვის: „როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი…“ და უფალი ეტყვის: „რაც გააკეთეთ ხალხისათვის ის გააკეთეთ ჩემთვის“.
და აი დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ განვვლოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება ეს არის ჩვენი გამოცდა და ყველაზე იოლი გზა, ცხონებისკენ მიმავალი, არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. უფალი იმას კი არ ამბობს რამდენი ილოცე და რამდენი იმარხულეო, არამედ გვეტყვის, როდესაც მშიერი და მწყურვალი ვიყავი – თუ მაჭამეთ და მასვით, თუ დამეხმარეთო.ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, მოწყალება – რასაც ვაკეთებთ ამქვეყნად, დაგვხვდეს სასუფეველში, მომავალ ცხოვრებაში.ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოემზადოს გარდაცვალებისთვის. ეს სწორია, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი ცხოვრებისათვის, დაუსრულებელი, მარადიული ცხოვრებისთვის.
როგორც ჩვენი დიდი მგოსანი ამბობს: „რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია“.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი იყოს.
თქვენ ალბათ გამოგიცდიათ თქვენს თავზე, რომ როცა გაჭირვებულ ადამიანს დახმარებიხართ, თქვენ უფრო ხარობთ ვიდრე ის ვისაც ეხმარებით. ეს იმას ნიშნავს რომ რაც გაეცი ის შენია, ის წინდაგხვდება, ის გაცხონებს, ის დაგეხმარება.შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და შეგიყვანს სასუფეველში.
ყოველი ადამიანი უნდა იყოს მოწყალე სამარიტელი. თქვენ იცით სახარებაში, სამარიტელმა დავარდნილი, დაჭრილი ადამიანი რომ ნახა, უპატრონა, წაიყვანა საავადმყოფოში და მკურნალს, სავადმყოფოს უფროსს გადაუხადა რა მკურნალობის საფასური, კიდევ შეჰპირდა გასამრჯელოს.
ადამიანი უნდა იყოს მოწყალე. მე მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას გასცემდა და საოცრად, ბედნიერადწარიმართა მათი ცხოვრება.
მახსოვს სტუდენტობაში, მოსკოვში იყო ერთი სამონაზვნე ირინა, რომელმაც დიდი ტანჯვა გამოიარა, მას ქონდა პატარა ოთახი დაახლ.: 3×3. ის ტაძარში, უპატრონო, უსახლკარო ხალხს ეძებდა, მიჰყავდა თავის პატარა სახლში, თვითონ იატაკზე წვებოდა და სტუმრებს კი საწოლში აწვენდა. ჩემი სწავლის პერიოდში, 8 წლის განმავლობაში, მან დიდი მოწყალება გაიღო ჩემი და მრავალი ადამიანის მიმართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს და ეხმარებოდეს გაჭირვებულ ადამიანს.
ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მოწყალების სულისკვეთებით.
მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვყიდოთ სახლი და ეს სახლი მოვაწყოთ გაჭირვებული ადამანების თავშესაფრად.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთანც არ შეუძლია თხოვნა, ვაჭრობა, მათ უნდა დავეხმაროთ, რათა ქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ მძიმე მდგომარეობიდან. ჩვენ ყველას გვევალება, რომ შევკრიბოთ ფული და ვიშოვოთ ასეთი სახლი, და ჩვენ, როგორც მოწყალე სამარიტელები მივიღებთ და ვუპატრონებთ გაჭირვებულ ადამიანებს.
ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა. ღმერთმა მოვცეს მადლი სულისა წმინდისა, რომ აღვსარულოთ ეს ლოცვა-კურთხევა.
წყალობა და მშვიდობა ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე, ამინ.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
6 მარტი 2016 წელი