ურბნისისა და რუისის ეპარქია

ურბნისისა და რუისის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი
რუისისა და ურბნისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის – რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქიის იურისდიქცია ქარელის რაიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება.
რუისისა და ურბნისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება გორისა და ატენის ეპარქია, დასავლეთიდან სურამისა და ხაშურის, ჩრდილოეთიდან _ ნიქოზისა და ცხინვალის, სამხრეთიდან _ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები.
ქვეყნისათვის ისტორიულად ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ცენტრალური ქართლის სამღვდელმთავროებს – რუისსა და ურბნისს გარკვეულწილად უკავშირდებოდა: საქართველოს მოსაქცევად მცხეთისაკენ გზად მიმავალმა წმიდა ნინომ ამ მხარეში გაიარა და ერთი თვის განმავლობაში ღვთაებრივი მოძღვრების ნათლით განანათლებდა აქაურ მკვიდრთ; ასურელ წმიდა მამათაგან სამი – მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი და თადეოზ სტეფანწმიდელი ამ კუთხეში მოღვაწეობდა; ეპარქიის საკათედრო ტაძარში საქართველოს მეფის კურთხევაც (გიორგი II 1072-1089წწ.) აღსრულებულა და აქვე უკანასკნელი განსასვენებელიც უპოვია ქვეყნის წინამძღოლს (ალექსანდრე IV იმერთა მეფე, 1683-1695 წწ.); ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად კი წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის დროს, 1104 წელს, საეკლესიო კრების ჩატარება ითვლება.
ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს – წმიდა ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI საუკუნეთა მიჯნაზე აუგიათ და მისი განახლება ცამეტ ასურელ მამათაგანს – თადეოზ სტეფანაწმინდელს უკავშირდება.
ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი ბიბლიოთეკები არსებობდა. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა.
დიდი ისტორიის მქონე ეპარქიები, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, მცხეთა-ქართლის ეპარქიას მიუერთეს. რუის-ურბნისის ეპარქიის განახლება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უკავშირდება. 1917 წელს, განახლებულ ცამეტ ეპარქიას შორის ერთ-ერთი ურბნისის ეპარქიაც იყო, გარკვეულ დროს კი უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს, ან მეზობელ სამწყსოს მღვდელმთავარს ჰქონდა სამართავად შეთავსებული.
1996 წლის 21 ოქტომბრიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
ურბნისისა და რუისის ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:
ქარელის ხარების საკათედრო ტაძარი
რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
ურბნისის საკათედრო ტაძარი.
ქარელის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
ქარელის წმიდა ლაზარეს ეკლესია
კეხიჯვრის წმიდა გიორგის ეკლესია
აბანოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ბრეძის წმიდა გიორგის ეკლესია
რუისის ხარების ეკლესია
რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ზემო ხვედურეთის წმიდა გიორგის ეკლესია
ქვემო ხვედურეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
სამწევრისის წმიდა და პატიოსანი ჯვრის ეკლესია
სოღოლაშენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ტახტისძირის წმიდა პეტრესა და პავლეს ეკლესია
ყინწვისის წმიდა გიორგის ეკლესია
ბრეთის წმიდა პიროს ბრეთელის ეკლესია
ბრეთის წმიდა გიორგის ეკლესია
სასირეთის წმიდა გიორგის ეკლესია
ღვლევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ქვენატკოცის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
შაქშაქეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ავლევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
აბისის წმიდა მარინეს ეკლესია.

მონასტრები:
ქოზიფას მამათა მონასტერი:
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
წმინდა შიო მღვიმელის ეკლესია
ყოველთა წმიდათა ეკლესია
მართალი ლაზარეს ეკლესია
სარკის წმიდა გიორგის მამათა მონასტერი
მუხილეთის მამათა მონასტერი
ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის მამათა მონასტერი:
წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
წმიდა გიორგის ეკლესია
ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმიდათა მამათა მონასტერი
ძამის წმიდა საბა განწმენდილის მამათა მონასტერი
ტბეთის გაბრიელ მთავარანგელოზის მამათა მონასტერი
კოდმანის წმიდა გაბრიელ ქართველის მამათა მონასტერი
ბანას წმიდა გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერი
უდაბნოს წმიდა გიორგის მამათა მონასტერი
ქართას წმიდა ბასილი დიდის მამათა მონასტერი
იტრიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი
სამწევრისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი
ურბნისის წმიდა ნინოს დედათა მონასტერი
ხეობის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დედათა მონასტერი
ორთუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი
ატოცის წმიდა გიორგის დედათა მონასტერი
მოხისის წმიდა გიორგის დედათა მონასტერი
რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი
ბრეთის წმიდა პიროს ბრეთელის დედათა მონასტერი
დირბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი
ტყემლოვანის წმიდა მარიამ მეგვიპტელის დედათა მონასტერი
ქარელის დედათა მონასტერი.