აღაპი – მღვდელმონოზონ მიქაელის (ბრეგვაძე) გამოხმაურება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცხადებული საკლავისა და სააღდგომო ტრაპეზის გამო

აღაპი – მღვდელმონოზონ მიქაელის (ბრეგვაძე) გამოხმაურება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცხადებული საკლავისა და სააღდგომო ტრაპეზის გამო
პირველი ქრისტიანების ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ზიარება და სადილობა გაერთიანებულად ქონდათ. შემდეგ თანდათან საუფლო ჟამის წირვა და სადილის ჟამის მსახურება გაემიჯნა ერთმანეთს და ამისთვის ორი, სრულიად დამოუკიდებელი საღვთისმსახურო შენობა-ნაგებობაც გამოიყო: ტაძარ-საკურთხეველი, – საუფლო ჟამის წირვისათვის და სატრაპეზო-სასადილო, – სადღესასწაულო და სადაგი დღეების საუზმისა და ვახშმობისთვის.მოგვიანებით აღაპებად წოდებული მადლიერების სუფრები მოციქულთა დროიდან საეკლესიო საჭიროებადაა მოხსენებული: მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ღვთის სიტყვას დავაკლდეთ და ტაბლებს ვემსახურებოდეთ (διακονεῖν τραπέζαις), ახლა, ძმანო, აირჩიეთ თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულიწმიდითა და სიბრძნით სავსე კაცი, და რომლებსაც დავადგენთ ამ საჭიროებისათვის (χρείας ταύτης)“ (საქმე6:1-3)დღესაც ათანასე მთაწმინდელის მიერ დაპროექტებული ათონის მთის მონასტრების ტაძარი სატრაპეზოსთან ერთად ერთი მთლიანობაა, როგორც არქიტექტურულად, ისე ხატწერის შინაარსის მიხედვით: აქ აღმოსავლეთის აფსიდის ლიტურგიული მსახურება და ზიარება დასავლეთის აფსიდის საიდუმლო სერობასთან ერთადერთ ერთიანობაშია წარმოდგენილი. (შევნიშნავთ იმასაც, რომ დღევანდელი წირვის მსახურების დასრულებისას სეფისკვერის დარიგება, უძველესი აღაპების გახსენებაა).აღაპი საქართველოში ძველთაგანვე ეწყობოდა ეკლესიებსა და მონასტრებში, რომელიც თან ახლდა წირვას, ხშირად ეწყობოდა ე.წ. „საყოველთაო” აღაპი ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოდ, სადაც ყველა ფენის ადამიანები თანამეინახედ იკრიბებოდნენ.აღაპის მაგიდაზე პურის გატეხვა-გაზიარება შეეძლო ყველას: მათ, ვინც შუა მსახურებისას ტაძარი დატოვა, ან საერთოდ არ დაიშვებოდა მსახურებაზე; მაგალითად, კათაკმევლებს, მძიმე ცოდვილებს, სხვა რელიგიის მიმდევართ და მათაც, რომლებიც საერთოდ შორს იყვნენ რწმენისგან.ანუ ეს იყო სერობის მაგიდა, არა ზიარების საიდუმლოს მსახურებით, არამედ ადამიანური ურთიერთობების, ადამიანური სიყვარულის ნიშნად და სიმბოლოდ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ზვარაკის, ცხვრის და სხვა პროდუქტების კურთხევას, რომლის გახსნილებაც მღვდლის დალოცვით ხდებოდა და ხდება, კავშირი არა აქვს ძველი აღთქმის რიტუალურ, სოტეროლოგიურ მსხვერპლშეწირვასთან. (ეს წესით უნდა იცოდნენ მათაც, რომელთაც განკითხვის კორიანტელი დააყენეს ამ ცოტა ხნის წინ. სამწუხაროდ, მსგავსი ცილისწამებები და გაბოროტება ამ ადამიანებს ცხოვრების წესად ექცათ. ეს მათი არჩევანია. ღმერთმა უშველოთ).მნიშვნელოვანია, რომ სინურ კურთხევანში (სინ.12,54,66), სადღესასწაულო ლოცვებში, საგანგებოდაა გამოყოფილი ლოცვა დასაკლავ ზვარაკზე და ვაცზე.
შეგახსენებთ ღანგრის კრების(340წ.) განჩინებასაც: ,,თუ ვინმეს სძულს სარწმუნოებრივი აღაპების მომწყობნი და უფლისათვის საპატივცემულო ძმათა შემოკრება და არ სურს წვეულებაზე თანამოზიარეობა, რათა შეურაცხჰყოს აღსრულებადი, იყავნ შეჩვენებულ.”აღსანიშნავია, თუ ეკლესიაში უპირატესობა სასულიერო პრებსა და მორწმუნეთ ეძლეოდა, აღაპებზე დანარჩენ საზოგაოებაზე იყო გამახვილებული ზრუნვა. ლაოდიკიის კრების 27-ე კანონი (368წ.) ეხმაურება რა აღაპების მსახურებას ადგენს:
აღაპზე მიწვეულმა სამღვდელო პირებმა, ეკლესიის მსახურებმა და ერისკაცებმა არ უნდა წაიღონ იქიდან ნაწილი, რათა ამით არ შეურაცხყონ საეკლესიო წესი
პავლე მოციქული ქრისტიანებს არიგებს, რომ ხორცისა და ფხალის ჭამისათვის არ შეიძლება განიკითხო მოძმე და შეურაცხჰყო ადამიანის მადლიერება, ვინაიდან: „ვინც იმ (უფლის) დღეზე ფიქრობს, უფლისათვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლობს ღმერთს.” (რომაელთა14.6).ლოცვა და კურთხევა კი, მადლიერების სუფრაზე ყოველგვარ “შეჭამადს” ესაჭიროება, როგორ ხორცს ისე ხილ-ბოსტნეულს.
რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, რადგან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.(1ტიმ.4.4)
ამიტომაც სააღდგომო „აღვსების“(ზადიკი) საკითხავებში, „ლოცვა-კურთხევისათვის ყველისა და ხორცისა“ გაფრთხილებაა მათვის ვინც ძველი რჯულის პასექსა და ახალი აღთქმის მადლიერების ტრაპეზს შორის განსხვავებას ვერ წვდება: „უწყებულ იყავნ , რამეთუ ესევითარი ხორცი….არა არს პასექი, არცა კრავი, ვითარ იტყვიან რომელნიმე და შეიწყნარებენ… არამედ მარტივი(უბრალოდ) შეწირული, არაცა ვითარცა მსხვერპლი ღვთისადმი, არამედ მხოლოდ კურთხეულ ჭამად შემდგომად მარხვისა….ლოცვითა მღვლისა მიერ“
წმ. იოანე ოქროპირი, სააღდგომო სიტყვაში, მოუწოდებს ქრისტიანებს, რათა ყველამ განიცადოს ეს დიდებული დღე: ,, მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდნენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელნიც იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი, ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერ. ყოველნი იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებითასა.”
P.s. აღაპების გამოღვიძება ხაზგასმაა ჩვენი ეკლესიის ძირძველობისა, სამოციქულო მემკვიდრების და საეკლესიო ჩარჩოებში არსებული კიდევ ერთი „ტოლერანტობისა.“
ვისაც ყურნი აქვს სმენად, ისმინენ.
03.04.2015.