შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს ვიზიტი საქართველოში

3 იანვარს საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა მისი აღმატებულება, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე, თანმხლებ პირებთან ერთად. თბილისის აეროპორტში აზერბაიჯანელ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო და საერო ოფიციალური პირები მიეგებნენ.მისი აღმატებულება, შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე თბილისში ჩამოვიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.იმავე დღეს მთავრობის კანცელარიაში ბატონი შეიხი მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი, სხვა ოფიციალური პირნი.