პატრიარქმა მრევლს საქართველოს მომავალზე დაფიქრებისკენ მოუწოდა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამებისა სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა, “დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ დედამიწა იარსებებს და საქართველო იქნება”.
“ჩვენ იმით ვამაყობთ, რომ დიდგორი მოვიგეთ. მინდა, გითხრათ, რომ ეს ომი დამთავრებული არ არის. ყოველდღე ომია მსოფლიოში. დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ დედამიწა და საქართველო იარსებებს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ დღევანდელ დღეზე არ უნდა ვიფიქროთ. მთავარი არ არის, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, როგორ გავერთოთ, ამიტომ ასეთ თემას გაძლევთ: მინდა, რომ თქვენ ძალიან ღრმად გააანალიზოთ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო ხვალ, ემუქრება თუ არა საშიშროება, თუ მშვიდობიანი ცხოვრება იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.
“დრო სამი კომპონენტისგან შედგება. წარსული უკვე წავიდა, ვერაფერს შეცვლით. აწმყო კი ისეთი სწრაფია, რომ ნათქვამი სიტყვაც უკვე წარსულია. მთავარი მომავალია. ერთი წინადადებაა, რომელზეც ყველა ქართველი ფიქრობს, ეს არის საქართველო ხვალ, ანუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალ საქართველო. ჩვენზე დიდი ერები იყვნენ და პირისაგან მიწისა აღიგავნენ. ჩვენ წარსული უნდა გავაანალიზოთ.
სასწავლებლებში აუცილებლად ანალიტიკური აზროვნება უნდა შემოვიდეს, თორემ მრავალ შეცდომას დავუშვებთ”, – ბრძანა პატრიარქმა და მრევლს “უკვე დაშვებული შეცდომების გაანალიზებისკენ მოუწოდა”.