მართმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

მართმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ აღავლინა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ღვთისმსახურების დროს წმინდა მირონი აკურთხა. წმინდა სითხის მოხარშვა ვნების კვირის ორშაბათს დაიწყო და ოთხშაბათს დასრულდა. საქართველოში წმინდა მირონს მეექვსე საუკუნიდან ამზადებენ,ბოლოს კი იგი თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ 1995 წელს აკურთხა. კათოლიკოს-პატრიქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა,რომ დამზადებული სითხე,რომელიც მირონად არ იკურთხა ეკლესიებში დარიგდება და მრევლს მისი ცხების საშუალება სამი დღის განმავლობაში ექნება.
დღევანდელ საღვთო ლიტურგიაზე მრევლს ქადაგებით მიმართა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემაც და სვეტიცხოვლის საპატრიაქო ტაძარში მირონის მოხარშვის განსაკუთრებულ ტრადიციაზე ისაუბრა. დიდ ხუთშაბათს ეკლესია სამ მნიშვნელოვან სახარებისეულ მოვლენას იხსენებს:საიდუმლო სერობას,როდესაც იესო ქრისტემ ზიარების საიდუმლო დაგვიწესა,მაცხოვრის მიერ მოწაფეების ფეხთბანვას და გეთსამანიის ბაღში ლოცვას. საღამო,როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა საიდუმლო სერობად იწოდება. ამ სუფრაზე უფალმა აიღო პური აკურთა და ბრძანა,რომ ეს მისი ხორცი იყო,ხოლო ღვინო,რომელიც შემდეგ მიაწოდა მისი სისხლი. ასე დაუწესა იესო ქრისტემ კაცობრიობას უზენაესი ღვთისწყალობა_ზიარების საიდუმლო. ამავე საღამოს მაცხოვარმა საკუთარ მოწაფეებს განუცხადა,რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. ამ დღეს საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ უფალმა უდიდესი თავმდაბლობით მოწაფეებს ფახები დაბანა. მათ შორის პირველი იუდა იყო. რიტუალი, რომელიც მორჩილებასა და სიყვარულს გამოხატავს დღეს შესრულდა სვეტიცხოვლის საპატრირქო ტაძარშიც. ტრადიციულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ ფეხები 12 მოძღვარს დაბანა.
ყველა მოქმედ ტაძარში საღამოს დაიწყო თორმეტი სახარების კითხვა.