მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპატრიარქოს ეწვია

მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციას ეწვია.
სტუმრები საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა და დეკანოზმა დავით შარაშენიძემ მიიღეს.
საბერძნეთის, ბელორუსისა და პალესტინის წარმომადგენლები საქართველოში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
ასამბლეის გენერალური მდივნის ანასტასიას ნერანძისის განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ასამბლეასთან ურთიერთთანამშრომლობაზე იმუშავებს. საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის გადასაცემად ათენის ბენაკისის მუზეუმში დაცული ფიალის ასლი ჩამოიტანეს. სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ არ მიეცათ საშუალება პირადად შეხვედროდნენ უწმინდესსა და უნეტარესს, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება.