პატრიარქმა მრევლს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ადამიანის აზროვნებაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, მეცნიერების აზრით, ადამიანის აზროვნება არ არის დამოკიდებული მის ფიზიკურ სხეულზე. “ჩვენი აზროვნება დამოკიდებულია ჩვენს სულზე”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის განცხადებით, ადამიანის გონებას მუდმივად სჭირდება ვარჯიში. გონების ვარჯიშისთვის კი აუცილებელია ფიქრი და წიგნების კითხვა. უწმინდესის თქმით, ზოგიერთი ადამიანი რთული სიტუაციის დროს სასოწარკვეთილებაში ვარდება, თუმცა, პატრიარქს მიაჩნია, რომ გამოსავალი ყველა მდგომარეობიდან არსებობს.
გარდა ამისა, როგორც უწმინდესმა განაცხადა, ადამიანმა მუდმივად უნდა აკეთოს ის, რისი კეთებაც უყვარს. “უსაქმურობით ჩლუნგდება გონება და სუსტდება ადამიანის სულიერი ძალა”, – ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე უწმინდესმა იდეების სახით მრევლს სამი დავალება მისცა. პატრიარქის განცხადებით, ის აძლევს ყველას დავალებას, გააკეთონ თოჯინები და ვინც საუკეთესოს შექმნის, პატრიარქისგან საჩუქრად წიგნებს მიიღებს. ილია მეორემ გაიხსენა უცხოეთში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს სტუმრობა მოხუცებულთა სახლში, რომლის მობინადრეებიც თოჯინებს აკეთებდნენ, რაც მათ განწყობაზე დადებითად აისახებოდა.
უწმინდესმა მრევლს ასევე მიწის მორწყვის დავალება მისცა. გარდა ამისა, პატრიარქს აქვს იდეა, რომ თბილისთან ახლოს შეიქმნას ღორების ფერმა, სადაც დასაქმდებიან ადამიანები. მან მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ფერმაში მუშაობის გამოცდილება აქვთ, აუცილებლად გამოეხმაურონ ამ იდეას და მისი განხორციელების გეგმა ერთად მოიფიქრონ. ილია მეორემ საზოგადოებას მოუწოდა, ვისაც სურვილი აქვს ფერმისთვის თუნდაც 10 ლარის შენატანი გააკეთოს. “მეც აუცილებლად დაგეხმარებით. ეს ეკლესიისთვის არ იქნება, ეს იქნება მრევლისთვის. ეკლესიას ეს არ სჭირდება, სჭირდება მრევლს”, – ბრძანა პატრიარქმა.