საკვირაო ქადაგება (25 ივლისი, 2010 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 ივლისი, 2010 წ.

„სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული მამულისა და
ადამიანის სიყვარული!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის გონება ვერასდროს მიწვდება ღვთის განგებას. დავით წინასწარმეტყველი
ამბობს: „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. ხშირი შემთხვევაა,
როცა ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ესა თუ ის მოვლენა შეიძლება მოხდეს ჩვენს
ცხოვრებაში, მაგრამ გადის დრო, იგი სიკეთით აღესრულება და ვხვდებით, რომ ის
აუცილებელი იყო ჩვენთვის.

ჩვენმა დიდმა წინაპარმა, წმინდა ილია მართალმა ბრძანა, რომ ქართველებს გვაქვს სამი
დიდი ფასეულობა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ აღნიშნული სიტყვები
შემდეგგვარად განვმარტეთ: ყოველი ერისა და ყოველი ადამიანისა სამი დიდი საუნჯეა –
ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. პირველი – ღმერთია, ღმერთის გარეშე შეუძლებელია
ადამიანის ცხოვრება, მისი არსებობა. ღმერთის გარეშე ადამიანი ველურ მხეცად იქცევა,
იგი კარგავს ხატებას ღვთისას, იცვლება მისი ბუნება და, მასთან ერთად, საერთოდ
ყველაფერი ამქვეყნად.

ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, ეს
ლათინურად ასე ჟღერს: Tempora mutantur en tus mutamur in illis. საქმე ისაა, თუ
საით მიდის კაცობრიობა. მთავარი ფასეულობა დედამიწაზე – ადამიანია. უღმერთოდ იგი
კარგავს თავის სახელს. თავის ბრწყინვალებასა და მშვენიერებას, რომლითაც იგი
შემოქმედმა დააჯილდოვა. მაგრამ არსებობს გადარჩენის საშუალება, – ეს არის სინანული.
ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ეს უდიდესი ნიჭი ღვთისა, ვინც დაინახავს თავის შეცდომებს და
შეეცდება,
გამოისყიდოს ისინი. ამიტომ ამბობს ღირსი მამა ეფრემ ასური: „ჰე უფალო, მომანიჭე მე
განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. როგორ შეიძლება ადამიანმა
განიცადოს თავისი შეცდომები? უპირველეს ყოვლისა, ყველაფრის საფუძველი არის
ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. სიყვარული აშენებს, ხოლო სიძულვილი
ანგრევს… ადამიანს
უნდა ჰქონდეს სასოება,
იმედი ღვთისა. და თუ ეს სამი სათნოება – სარწმუნოება, სიყვარული და სასოება
– გააჩნია ადამიანს, ის არ
დაიღუპება და,მიუხედავად
მრავალი სირთულისა,
აუცილებლად გააგნებს
გზას. თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „მე
ვარ გზა ჭეშმარიტება და
სიცოცხლე“.

თავისი ცხოვრების გზაზე ადამიანმა შესაძლოა
ყველაფერი დაკარგოს,
მაგრამ ყოველივე გამოსწორდეს, გარდა ერთისა:
თუკი მან დაკარგა სულიწმინდის მადლი, – ყველაფერი დაკარგული აქვს. აი,
ამიტომაა, რომ სწორედ
სარწმუნოებაზე უნდა იყოს
დაფუძნებული სიყვარული მამულისა და ადამიანისა! არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანმა
თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი, რაც არის – სწრაფვა ღვთისაკენ და
სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვარი თუ ვერ შექმნა ადამიანმა თავის ცხოვრებაში,
იგი ვერ გახდება მკვიდრი სასუფეველისა.

რა არის სამშობლოს სიყვარული? საერთოდ, სიყვარული ისეთი რამაა, რასაც ვერასდროს
ახსნის ადამიანი. თავად ღმერთი არის სიყვარული, ამიტომ არ შეგვიძლია განვმარტოთ, რა
არის იგი, მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაში გამოვლინდება. თუკი შენ გიყვარს მხოლოდ
ისინი, რომელთაც შენ უყვარხარ, – ეს სიყვარულის კიბის დაბალი, პირველი ქვედა
საფეხურია. მაგრამ თუკი გიყვარს ის, ვისაც შენთვის კეთილი არაფერი გაუკეთებია,
თუკი ხედავ სხვა ადამიანის გაჭირვებას, თუ გაქვს სულიერი თვალი, – მაშინ ცხონების
გზაზე დგახარ.


დაბოლოს, თვითონ ადამიანი. ადამიანი არის უდიდესი საიდუმლო, ვერავინ ახსნის მის
ბუნებას, არა მარტო სულიერს, არამედ ფიზიკურს. მაგალითისთვის მინდა გავიხსენო
ჩემი საუბრები ექიმებთან, ცნობილ პროფესორებთან. ბევრჯერ მიკითხავს მათთვის – რა
ამუშავებს გულს? ეს ხომ რაღაც მცირე ორგანოა, ჩვენი სხეულის ერთი პატარა ნაწილი
და განა სასწაული არ არის, რომ სწორედ იგი აცოცხლებს ჩვენს სხეულს მრავალი წლის
მანძილზე? და რა არის ის ძალა, რომელიც გულს ამუშავებს? ამ კითხვაზე პასუხი
ვერავისგან მივიღე. ერთმა მითხრა: სული ამუშავებსო და ეს პასუხი, ალბათ, ყველაზე
ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. მართლაც, ვერაფრით ავხსნით ამას. გულის გარდა – სხეულის
აღნაგობა, ორგანოების მთლიანობა, აქ უამრავი სასწაულებრივი ნიუანსი და დეტალია…
მაგალითად, როცა ადამიანი ავად ხდება და მას სიცხე აქვს, – ეს მისთვის სასარგებლო
ყოფილა, ამ დროს ორგანიზმი ებრძვის ვირუსს, რომელიც შეიჭრა ადამიანის სხეულში; ასეთი
მრავალი მაგალითი შეგვიძლია მოვიხმოთ. თავად ადამიანში, მის სხეულსა და ბუნებაში
ჩადებულია ბრძოლის უნარი და სხეულიც ებრძვის იმ მავნე ბაქტერიებს, რომ დიდხანს
გვაცოცხლოს.

ასე რომ, თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოთქმულს, არსებობს სამი დიდი საუნჯე – ღმერთი,
სამშობლო და ადამიანი. ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან და წარმართობიდან ვიცით, რომ
ადამიანებს აქვთ განწმენდის სურვილი. ძველი იუდეველები მოიყვანდნენ თხას ან ცხვარს,
დაადებდნენ ხელს და უშვებდნენ უდაბნოში. მათ სწამდათ, რომ თხამ აიღო მათი ცოდვები.
წარმართობაში კი ასეთი წესი იყო: ადამიანი მიდიოდა ზღვასთან, ზღვის ტალღებს
ეუბნებოდა თავის ცოდვებს და სწამდა, რომ ტალღებს მიჰქონდა მისი ყოველგვარი ცოდვა და
თავად განიწმინდებოდა. განიწმინდებოდა თუ არა ამგვარად ადამიანი, ეს სხვა საკითხია,
აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ყველა დროში, ყოველ ადამიანში იყო სურვილი
განწმენდისა. და მიუხედავად წარმართობის ცდომილებისა, ამ ადამიანებსაც ჰქონდათ
შერჩენილი სურვილი იმისა, რომ ისინი დღეს უკეთესი ყოფილიყვნენ, ვიდრე გუშინ იყვნენ.

დიდება და მადლობა უფალს, რომ კაცობრიობას მოგვანიჭა სურვილი განწმენდისა და
გამოსწორებისა! ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სასოება და რწმენა – რომ
ღმერთის მადლითა და ძალით გამოვასწოროთ ჩვენი ნაკლოვანებები. ადამიანი უნდა
ხედავდეს, რა არის მასში უარყოფითი. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ნაკლზე
ვიფიქროთ, ხშირად ვიწყებთ სხვა ადამიანის გამოსწორებას. ეს, რა თქმა უნდა, დიდი
შეცდომაა. თუ ადამიანი ხედავს საკუთარ ნაკლს, იგი არასდროს დაიწყებს სხვა ადამიანის
განკითხვას.

სიხარული და მწუხარება სულ გვერდიგვერდ დადიან. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით
თუშეთსა და ხევსურეთში და მე ნანახმა გამაოცა. ქრისტიანობის 2000 წლის მანძილზე ეს
იყო პატრიარქის ჩასვლის პირველი შემთხვევა ამ კუთხეში და მე გამაკვირვა ამ ხალხის
გულწრფელობამ, გულღიაობამ, სიკეთემ. ყველას უნდოდა, რაღაც სასიამოვნო გაეკეთებინა
ჩემთვის, ჩვენი მღვდელმთავრებისთვის, რაღაცით გავეხარებინეთ. ეს არის მართლაც ისეთი
წრფელი კუთხე, რომელსაც ჩვენ ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ძვირფას ბრილიანტს, –
იქ ჯერ არ არის შეღწეული თანამედროვე საზოგადოების მანკიერი თვისებები.

ძალიან სამწუხარო ამბავი მივიღეთ იქიდან, ავტოკატასტროფაში შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ყველამ ვიცით, როგორი ცუდი გზებია ამ მხარეში. სამწუხარო ის არის, რომ დაიღუპნენ
ისინი, ვინც ჩემი ვიზიტის დროს იქ არ იყვნენ, მათ არ მიუღიათ ჩვენი ლოცვა-კურთხევა.
მაგრამ გვწამს, რომ უფალი შეიწყნარებს მათ სულებს და ისინი განისვენებენ საყოფელთა
მართალთასა. ძალიან ვწუხვარ, რომ გარდაცვლილთა შორის არის ჩემი ნათლული. ახლა ჩვენ შევასრულებთ პანაშვიდს
ამ 7 გარდაცვლილი ადამიანისთვის. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები და ღმერთმა მისცეს
ძალა მათ ნათესავებს. ერთი შემთხვევაა ძალიან მძიმე – მამა ცოცხალი გადარჩა და მისი
მეუღლე და 2 შვილი გარდაიცვალა, თითქმის მთელი ოჯახი გავიდა ამქვეყნიდან. და ეს
იმდენად მძიმეა, რომ მას თავის მოკვლა უნდოდა. ღმერთმა დაიფაროს და ღმერთმა ძალა
მისცეს.

ღმერთმა აცხონოს და ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი ახლად გარდაცვალებულთა! და
ღმერთმა გვიხსნას ჩვენ ასეთი შემთხვევებისაგან!

დღეს არის ორი გვარის დალოცვაა: ქემოკლიძეებისა და იარაჯულების. ღმერთმა დაგლოცოთ,
გაგახაროთ, გაგამრავლოთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და კეთილდღეობა!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2010 წ.