ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19 დეკემბერი, 2009 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი, 2009 წ.


„მრავალი წყალობა და მადლი მოუღია ჩვენს ერს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით,
ამიტომ ვუწოდე მას ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი!“


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“. სადაც
სიყვარულია – იქ ღმერთია, სადაც სიძულვილი – იქ ბოროტი ძალა. როგორც ღმერთის
არსებას ვერ წვდება ადამიანის გონება, ისევე ვერ წვდება იგი სიყვარულის არსს. ჩვენ
მხოლოდ ის ვიცით, რომ სიყვარული სხვადასხვა ფორმითა თუ სახით ვლინდება. ბედნიერია
ის ადამიანი, ვისაც სიყვარული აქვს, ვინც დაჯილდოებულია ღვთისგან ამ სათნოებით, ამ
მადლით. უნდა ითქვას, რომ სიყვარული არ იფარგლება ერთ ადამიანში დავანებით –
იგი ყველას ეფინება თავის გარშემო, ანიჭებს სიყვაულს და მისგან მომდინარე სიხარულს. მსმენია, რომელიღაც ადამიანზე უთქვამთ,
„ღვთისაგან ისეთი ბედი ჰქონია, რომ
სიყვარულში მყოფობს, ამიტომ თვითონაც მოსიყვარულეა და სიყვარულს ჰფენს თავის
გარშემოო!“ სწორედ ასეთი პიროვნება ბრძანდებოდა წმინდა ნიკოლოზი, რომლის დღესასწაულსაც დღეს ვზეიმობთ. იგი გამორჩეულია თავისი სასოებითა და სიყვარულით.
სიყვარული მხოლოდ ის კი არ არის, რომ თბილი სიტყვები უთხრა სხვას, მთავარია
საქმე, სიყვარული საქმით ვლინდება. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ამაზე უნდა
იზრუნოს. ქართველი კაცი, ქართველი ერი – უფლის მიერ სიყვარულით არის დაჯილდოებული
და ჩვენ ვმადლობთ შემოქმედს ამ დიდი წყალობისათვის. ზოგჯერ გვგონია, თითქოს
სიყვარული დაიშრიტა, თითქოს გამოელია იგი ადამიანს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის,
რომ ადამიანის გული არასდროს რჩება ცარიელი. თუ სიყვარული გამოელია, უმალ სიძულვილი
შედის მასში და ადამიანი იქცევა იარაღად ბოროტი სულისა.

მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს გამოვლენილი ანტიეკლესიური გამონათქვამები
სიყვარულის დეფიციტით არის გამოწევეული. იმ ადამიანებს სიყვარული გამოელიათ.
ეკლესია ჩვენი უდიდესი საუნჯეა, ეს ადამიაწები კი უხეშად ეხებიან მას და ღმერთმა
ინებოს, რომ არ დაისაჯონ ისინი!

მინდა შევთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ მისი წმინდა ლოცვით, უფალმა მოგვცეს ისეთი
გული, ისეთი ბუნება, რომელიც სიყვარულს მიიღებს ღვთისაგან და რომელიც შეგვეწევა,
რათა სიყვარულითა და სიმდაბლით ვიცხოვროთ!

უნდა ითქვას, რომ სიყვარული
არის მადლი ღვთისა, ეს არის
ჯილდო. ვინმეს შეიძლება დაებადოს კითხვა, თუკი სიყვარული
ღვთის ჯილდოა, რა დამნაშავეა
ის, ვისაც არ მიუღია იგი? ამ ჯილდოს მიღება თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ყოველი
ადამიანი
დაბადებულია თავისუფალი ნებით და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჰქონდეს სწრაფვა
ღვთისა და საკეთისაკენ. მაშინ იგი
აუცილებლად ეზიარება ამ ჯილდოს ღვთისგან! ამის მაგალითი
გახლდათ წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მოწყალების დიდ საქმეებს
საიდუმლოდ იქმოდა, რათა ღვთის
გარდა იგი არავის ეხილა.

ზოგიერთი ბევრ სიკეთეს აკეთებს, მაგრამ სანაცვლოდ ქებას
ითხოვს და თან ყოველივეს ხალხის დასანახად იქმს. წმინდა ნიკოლოზი კი ფარულად
მოღვაწეობდა, ამიტომაც ჰპოვა უდიდესი მადლი წინაშე ღვთისა და შეიქმნა
სასწაულთმოქმედი! მის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულის შესახებ წაგვიკითხავს, და
რაც მთავარია, საკუთარ თავზეც გამოგვიცდია. ვისაც კი ოდესმე რწმენითა და სიყვარულით
მიუმართავს წმინდა ნიკოლოზისთვის – მას მისგან აუცილებლად მიუღია მადლი; წმინდა
ნიკოლოზი მსწრაფლ ასრულებს თხოვნას.

ეს უდიდესი წმინდანი IV საუკუნეში ცხოვრობდა და გახლდათ მონაწილე ნიკეის პირველი
მსოფლიო კრებისა. უდიდესი სასწაულებია აღწერილი მის ცხოვრებაში და ძნელად
მოიპოვება მისი დარი წმინდანი. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზის ლოცვა-კურთხევა!

მრავალი წყალობა და მადლი მიუღია ჩვენს ერს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, ამიტომ
ვუწოდე მას ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქირი! დიდი
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და
ჩვენი ერი! და იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ სიყვარული, წმინდა ნიკოლოზის
ლოცვით ღმერთმა მიჰმადლოს ეს ჯილდო და ზეგარდამო წყალობა! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით
აღგისრულოთ ყოველი თქვენი
ლოცვა-ვედრება, ამინ!

დღეს წირვაზე მობრძანებულები არიან საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის
წევრები და ხელმძღვანელები. აკადემიის პრეზიდენტია ბატონი მარატ
ციცქიშვილი. ღმერთმა დაგლოცოთ დღეს მეტად აქტუალურია
ეკოლოგიური პრობლემები. მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ უკიდურესად არის დაბინძურებული
ჰაერი, წყალი, ჩვენი სასიცოცხლო
წყაროები, შეიძლება ომიც აღარ
იყოს საჭირო კაცობრიობის მოსასპობად და ეკოლოგიურმა კატასტროფამ გაანადგუროს იგი.

მეცნიერებს მინდა საჩუქრად
გადავცე ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

ჩვენთან
არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40 (526), 2009 წ.