ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი, 2009 წ.; წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ტაძარი, 23 ნოემბერი, 2009 წ.


„ადამიანმა
უნდა იპოვოს გზა ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა,
სასუფეველში მიმყვანებელი და სამკვიდრო“


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს!

ეს განსაკუთრებული დღესასწაულია. როგორც იცით, ძველ დროს, საქართველოში იმდენად
ბევრი იყო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-მონასტერი, რომ წლის განმავლობაში, ამა
თუ იმ სოფელსა თუ ქალაქში, ყოველდღე იზეიმებოდა ტაძრის დღესასწაული – გიორგობა.
წმინდა გიორგი სიმბოლოა საქართველოსი. მსურს, რომ ახლა ყველამ ერთად ვთქვათ წმინდა
გიორგის ტროპარი.

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და
მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე
ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

იმდენად დიდია ამ წმინდანის ღვაწლი წინაშე უფლისა და იმდენად დიდია სიყვარული და
სასოება წმინდა გიორგისა ქართველებში, რომ საქართველოში იყო წმინდა გიორგის
მოსახელე 12 მეფე.

ამ მადლიან დღესასწაულს წელს ამშვენებს ერთი შესანიშნავი მოვლენა – აღდგა და
იკურთხა წმინდა 40 სებასტიელთა მოწამეთა ეს დიდებული ტაძარი, სადაც აბო თბილელი
აწამეს. ეს უწმინდესი ადგილია! აქვე არის ვახტანგ გორგასლის დროინდელი კედელი.

დღეს ჩვენ გვმართებს ფიქრი იმაზე, თუ რით მიაღწია წმინდა გიორგიმ ასეთ დიდებას.
უპირველეს ყოვლისა, წმინდა გიორგიმ ჰპოვა ჭეშმარიტი გზა! უფალი ჩვენი იესო ქრისტე
ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“. ეს არის მთავარი, – ადამიანმა
უნდა იპოვოს გზა ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა,
სასუფეველში მიმყვანებელი და სამკვიდრო.

თქვენ იცით, წმინდა გიორგი იყო მეფე დიოკლეტიანეს მხედართმთავარი. ჩვენს წინაშეა
ორი ადამიანი – მეფე დიოკლეტიანე და წმინდა გიორგი, ერთია – მბრძანებელი მსოფლიოსი
და მეორე – მისი მხედართმთავარი. ორივე დიდი პიროვნება იყო – დიოკლეტიანე გონიერი
კაცი გახლდათ; მას ეგონა, რომ ჭეშმარიტება არის იმ რწმენაში, რომელიც მას ჰქონდა –
იგი იცავდა კერპთაყვანისმცემლობას. წმინდა გიორგიმ კი ჰპოვა გზა ქრისტიანობისა.

ყველას თავისებურად ესმოდა ჭეშმარიტება. ისეთი დიდი მასწავლებელი ქრისტიანობისა,
როგორიც გახლდათ ნეტარი ავგუსტინე, ამბობს: „მშვიდობა და ჭეშმარიტება სურს ყველას,
მაგრამ ყველას თავისებურად ესმის, თუ რა არის მშვიდობა და რა არის ჭეშმარიტება“. და
მართლაც, რა არის ჭეშმარიტება? უფალი ამ კითხვაზე სახარებაში გვპასუხობს.

წმინდა გიორგის წინაშე გაიხსნა ორი გზა: ერთი – მიწიერი დიდებისა, მეორე – სულიერი
დიდებისა. იმდენად დაახლოებული პირი იყო წმინდა გიორგი დიოკლეტიანესთან, რომ
შესაძლებელია, მის შემდეგ სწორედ ის გამხდარიყო იმპერატორი. ეს კარგად იცოდა წმინდა
გიორგიმ
და ისიც იცოდა, რომ თუ ქრისტიანობას აღიარებდა, გარდაუვალი იქნებოდა მისი წამება
და სიკვდილით დასჯა. მიუხედავად ყოველივე ამისა, მან აირჩია გზა წამებისა, უარყო
გვირგვინი მიწიერი და მიიღო გვირგვინი ზეციური. მართლაც, საოცარი იყო მისი ცხოვრება.

დიოკლეტიანეს ძალიან უყვარდა წმინდა გიორგი. ემუდარებოდა, დაეთმო უცხო რწმენა და
თაყვანი ეცა კერპებისათვის, რისთვისაც ამა ცხოვრებისა ყველა სიკეთესა და სიამეს
ჰპირდებოდა. წმინდა გიორგი მტკიცედ იდგა თავის რწმენაზე და როდესაც დიოკლეტიანე
შეგონებებით ვერას გახდა, გასასტიკდა და მისი წამება ბრძანა.

დაიწყო წმინდა გიორგის წამება. ეგვიპტის ქალაქ კაიროში, ერთ-ერთ მონასტერში ინახება
წმინდა გიორგის წამების იარაღები, რკინის სალტე, რომელიც წმინდა გიორგის კისერზე
ჰქონდა შემობმული და მას ებმოდა ჯაჭჯი. მისი წამების ყველაზე საშინელი იარაღი იყო
ურმის თვალი, რომელზეც დამაგრებული იყო დანები. თან ისინი ერთ რიგში კი არ იყო
დამაგრებული, არამედ ცერად, რათა რაც შეიძლება მეტი ჭრილობა მიეყენებინა
ადამიანისთვის. ამასთან, წმინდა გიორგი ფიცარზე იყო დაბმული და ეს საშინელი წამების
იარაღი მის სხეულზე დაატრიალეს. ამ წამების შემდეგ მისი სხეული სულ ერთიანად
დაიფლითა. და იგი, თითქოს ყველას მიერ მიტოვებული, უკვე მომაკვდავი, საკანში
შეაგდეს და ამ დროს მას ესმა ხმა ღვთისა: „გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ“. აი,
ეს ხმა და ეს სიტყვები გვესმის ჩვენ მთელი ისტორიის განმავლობაში. საქართველო
წამებული ქვეყანაა. უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ეფრემ II ამბობდა:
საქართველოში ნებისმიერ ადგილზე რომ მუჭით მიწა აიღოთ და გამოწუროთ – სისხლი გამოუვაო, ისეა იგი გაჟღენთილი ქართველი მოწამეების სისხლით!
და აი, ამ დიდი
მოწამის დღესასწაულია დღეს.

შევთხოვთ უფალს, რომ მისი ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს,
გაახაროს და გაამთლიანოს საქართველო. ეს ჩვენი გამოცდაა. უნდა ვიცოდეთ, რომ
აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაგვიკარგავს, აფხაზეთი ჩვენია, აფხაზეთი დაბრუნდება და
ასევე ცხინვალის რეგიონიც, – უბრალოდ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები, სულიერი
მოღვაწეობა; უფალს ნებავს, რომ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიყვანოს ქართველი ერი!


გილოცავთ ამ დღესასწაულს. 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის წმინდა ტაძრის აღდგენა –
უდიდესი სასწაულია და მინდა დავლოცო ამ ტაძრის აღმაშენებლები, – ბატონი ბასილი
ჩიგოგიძე და ალექსანდრე თავაძე, რომლებიც აქ ბრძანდებიან. დალოცვილი იყავით თქვენი
ოჯახით, თქვენი შვილებით!

ასევე მინდა დავლოცო ჩვენი ცნობილი არქიტექტორი რევაზ ჯანაშია, რომელსაც მრავალი
ტაძარი აქვს აშენებული.

მათთან ერთად მინდა დავლოცო ტაძრის მშენებლები – ილია ნასარაშვილი და ყველა ის
ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მშენებლობაში.

მინდა დაგლოცოთ თქვენ ყველანი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – სისხლით არის მორწყული ეს მიწა. და როდესაც თქვენ აქ
მოხვალთ, დიდი კრძალვით უნდა შემოხვიდეთ ტაძარში. აქ აწამეს წმინდა აბო თბილელი.
იცოდეთ, ეს წმინდა მიწაა!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36 (523), 2009 წ.