საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1918 – 1921)

e1839ae18394e1839de1839ce18398e18393e18394-e1839de183a5e183a0e1839de1839ee18398e183a0e18398e183abe183941 

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1861 წლის 15 თებერვალს გორის მაზრის სოფელ დისევში. მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია საეკლესიო მოღვაწემ, ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ, რომელიც ხელს უწყობდა ძმისწულს სწავლა-განათლების გაღრმავებაში. 1867 წელს ლონგინოზი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გადავიდა სტავროპოლის სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1884-1888 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში.
1887 წელს ლონგინოზი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად ლეონიდე. ახალგაზრდა სასულიერო პირმა მიზნად დაისახა საქართველოს ეკლესიის ინტერესებისათვის ბრძოლა. 1888 წელს იგი დაინიშნა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების„ მიერ დაარსებული სკოლების ინსპექტორად.
ამ საზოგადოების დაფინანსებით კავკასიის მთიანეთში, ფშავ-ხევსურეთსა და მთიულეთგუდამაყარში, არდონ-ალაგირის ხეობასა და საინგილოში გაიხსნა სკოლები. ამ სკოლების წარმატებაში დიდი იყო ბერმონაზონ ლეონიდეს ღვაწლი. როგორც იგი იხსენებდა: – „ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო თვალთა წინაშე სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე განუწყვეტლივ დავდივარ საქართველოს მთა და ბარში სახარების სიტყვის, ჰუმანიტარული სწავლა-განათლების და ეროვნული შეგნების ხელგაშლით სათესად ქართველი ერის მაშვრალთა კლასის ფართო წრეებში. პირველად მე წავაკითხე „დედაენა” მთის შვილებს და პირველად მე ავამღერე მშობლიურ ჰანგზე დაბეჩავებული ჩემი მოძმენი”. 1891-1897 წლებში ბერ-მონაზონი ლეონიდე მუშაობდა ქართლ-კახეთის სინოდის კანტორის წევრად, 1897 წლიდან – დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად. 1898 წლის 17 აპრილს მღვდელმონაზონი ლეონიდე აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. როგორც ეპისკოპოსად კურთხევისას წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: – „სიყრმიდანვე მრწამდა და მტკიცედ მჯეროდა, რომ პირისაგან უფლისა გამოვალს ბედი კაცისა და წარიმართების სავალნი მისნი. ღვთის მადლით, ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს არცერთი დღე, რომ არ მეგრძნოს სინამდვილე ამ მაცხოვნებელი ჭეშმარიტებისა, მაგრამ ეს ჭეშმარიტება უფრო ცხოველ და მოქმედ არს ჩემში აწინდელს, უშესანიშნავესს ჩემთვის დღესა, მე ჭაბუკი ხორციელის ასაკობის მხარით და ჯერ გამოუცდელი საეკლესიო მსახურებაში, აღყვანილ ვიქნე უმაღლესსა ხარისხსა მღვდელმთავრისა”.
ეპისკოპოს ლეონიდეს მოღვაწეობაში ერთ-ერთი საოცარი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლას, რუსი ეგზარქოსების ანტიქართული პოლიტიკის მხილებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი საინტერესო გამოკვლევები, პოლემიკური წერილები, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ქართული საზოგადოებრივი აზრის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეის აქტუალობის თვალსაზრისით. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1906 წელს პეტერბურგში გამართული სინოდის იმ სხდომებში, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს იხილავდა. თავის გამოსვლაში მეუფე ლეონიდემ აღნიშნა: – „დღეს ქრისტიანობა საქართველოში განიცდის საშინელ კრიზისს, ხალხი არ დადის ეკლესიებში, სრულიად აჰყარა პატივისცემა სამღვდელოებას, მღვდლების მოქმედებას და სწავლა-დარიგებას აღარ აქვს გავლენა მრევლზედ. როგორც სამღვდელოება ისე მორწმუნე ნაწილი ქართველი ერისა. ერთადერთ საშუალებად იმისა, რომ არ მოისპოს საბოლოოდ ქრისტიანობა საქართველოში და სამღვდელოებამ მოიპოვოს კვლავინდელი ნდობა სამწყსოსი, თვლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აღადგენს არჩევნებითი სისტემით. ეს დასკვნა ერისა და სამღვდელოებისა საბოლოოა, მეტად მცირეა და ვერავითარი მოსაზრება ვერ შეაცვლევინებს მათ ამ რწმენას” (სტილი დაცულია).
ეპისკოპოსი ლეონიდე თერგდალეულთა იდეების ერთგული იყო და სამშობლოს მსახურება, ერის ინტერესების დაცვა მისთვის უპირველესი საზრუნავი გახდა. იგი მტკიცედ გმობდა კოსმოპოლიტიზმს: – „სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და არა სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობელისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი და გადაბრუნებული ტანისამოსით პამპულობას, ღმერთმა დაიხსნას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგან და სამგზისკურთხეულ იყოს მშობელი ენისა და მამულისათვის თავდადებით მოსიყვარულე ქართველი”. 1908 წლიდან ეპისკოპოსი ლეონიდე გურია-ოდიშის ეპარქიას განაგებდა, მკაცრად ილაშქრებდა რუსეთის ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრული განდევნა სკოლებიდან.
1917 წლის 12 (25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. იგი დაინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ. 13 მარტს ეპისკოპოსი ლეონიდე შეხვდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის („ოზაკომი”) წარმომადგენელს, ბ. ხატისოვს და მოახსენა მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 14 მარტს გამოცხადდა ეგზარქოსის სასახლეში და საქართველოს ეგზარქოს პლატონს გამოუცხადა, რომ მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი გადაყენებული იყო ეგზარქოსის თანამდებობიდან. ეგზარქოსყოფილმა გამომწვევად უპასუხა: – „მე ყველაფერს ამას შევატყობინებ პეტერბურგში წმიდა სინოდს დეპეშით, რასაც სამი-ოთხი დღე დასჭირდება და შემდეგ მათი განკარგულების შესაბამისად მოვიქცევიო. ამავე დროს გთხოვთ ძალას ნუ დამატანთ, ეს თქვენთვის კარგი არ იქნება, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც უმწეო არა ვარ, რუსის ჯარი და მთავრობა მომხრედ მყავსო.” საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, ეპისკოპოს ლეონიდეს ხელმძღვანელობით, დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. ეგზარქოსყოფილი პლატონი რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მითითებით ცდილობდა, არ დაეთმო პოზიციები, 27 მარტს იგი გამოაცხადეს ამიერკავკასიის ეგზარქოსად და თბილელ მიტროპოლიტად. 15 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ გურიაოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე თბილელ მიტროპოლიტად აირჩია. 1917 წლის 23 აგვისტოს ეგზარქოსყოფილმა პლატონმა თბილისი დატოვა. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, მიტროპოლიტ ლეონიდეს ხელმძღვანელობით, ეგზარქოსის სასახლე დაიკავა.
1917 წლის 17 სექტემბრიდან 1919 წლის 23 თებერვლამდე მიტროპოლიტი ლეონიდე იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, უწმინდესი კირიონის გარდაცვალების შემდეგ (1918 წლის 27 ივნისი) – კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი. იგი ესწრებოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და განაცხადა: – „ყველას გინახავთ, რა უმწეოდ და უაზროდ აწყდება ხოლმე მიდამოს პირზე მზის პირველი სხივებით სკიდან გამოტყუებული სიცივისგან მობუზული ფუტკარი, მაგრამ გადის დრო, დგება ზაფხული და მადლიანი ღვთის მუშაკიც დღითიდღე ფრთებს შლის, ღონიერდება, სიცოცხლის ძალით ივსება და ბოლოს ჯარასავით ტრიალებს ყვავილებით დაფენილ ველ-მინდვრებში, სკაში წასაღები თაფლის ამოსაწურად, რაკი აღგვეძრა თავისუფლების სიყვარული, ჩვენთვის ყოველივე მიზეზგარეშე დადგება სანატრელი ზაფხული, ჩვენც აუცილებლად გავაჩაღებთ შემოქმედებით მუშაობას.”
1918 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე არჩევნების გარეშე, პირველ საეკლესიო კრებაზე მიღებული ხმების საფუძველზე (230 მომხრე) დამტკიცებულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოსპარტიარქად.
1919 წლის 29 თებერვალს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი აღსაყდრება. ჩაიარა საზეიმო დღეებმა და უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე პირდაპირ აღმოჩნდა იმ პრობლემების წინაშე, რომლებმაც თავი იჩინა დამოუკიდებელ საქართველოში.
სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ გააუქმა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლება, ეკლესია გამოყოფილ იქნა სახელმწიფოსგან.
ეხებოდა რა ხელისუფლების პოლიტიკას, უწმინდესი ლეონიდე გულისტკივილით აღნიშნავდა: – „ეკლესიას ჩამოართვეს სასწავლებლები, ქონება, მიწები, ეკლესიებიდან გამოიტანეს ძვირფასეულობა, მას წაართვეს მოქალაქეობრივი უფლება და შეძლება, სარწმუნეობრივ-ზნეობრივი ნუგეში ეცა მორწმუნეთათვის ყველა იმ დღესასწაულებში, რომელიც შეადგენს წმინდათწმინდას და ისტორიულ ატრიბუტს მათი ქრისტიანული რწმენისას და იძულებულს ხდიან მათ თავისი დოგმატი და ტიპიკონი ამქვეყნიურ და ისიც სოციალისტურ ანგარიშებს შეუფარდონ…”
უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე 1919 წლის ოქტომბერში ეწვია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, შეხვდა მოსახლეობას, ქართული საჯარისო ნაწილების შემადგენლობას და მოუწოდა ყველას, ქართული სახელმწიფო ინტერესებისათვის გაერთიანებულიყვნენ.
პატრიარქმა დამაჯერებელი პასუხი გასცა რუსეთის პატრიარქის, ტიხონის წერილს, რომელშიც საუბარი იყო ქართველი მღვდელმთავრების „ცდომილებაზე, ავტოკეფალიის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.” უწმინდესი ლეონიდე აღნიშნავდა: – „ჩვენ საქმეთა შინა ცდომებას არა აქვს ადგილი ხოლო უკეთუ ასეთები შეგვენიშნა, მათი აღკვეთისათვის ყოველ ეკლესიას მოეპოვება საშუალება”. უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე მკაცრად გმობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულებას: – „ჩვენი მთავრობა სოციალისტურია”, – აღნიშნავდა იგი, – „პრინციპულად ვერ ეგუება ეკლესიას. თანახმა ვარ, დიახაც, ნუ შეეგუებიან ურთიერთს ეკლესია და სოციალისტები და დროზე გაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ აქაც სავალდებულოა სამართლიანობა და ჩვენც მარტო სამართლიან დაშორებას ვთხოულობთ სახელმწიფოსგან, სხვა არაფერს.” სამწუხაროდ, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით, გარდა ეკლესიის შევიწროებისა. უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე გრძნობდა იმ სერიოზულ საშიშროებას, რომელიც ახალგაზრდა დამოუკიდებელ საქართველოს ემუქრებოდა. ერისადმი საგანგებო მიმართვაში აღნიშნავდა: – „ყველაფერს შეელიეთ, ყველაფერი დასთმეთ, ნურავითარ მსხვერპლს ნუ დაერიდებით სამშობლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, რომ ამაზე სასახელოსა და სათნოს, ამაზე უფრო სასიკეთოს და სახეიროს, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შთამომავლობისათვის, ვერაფერს გააკეთებთ.” 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება თბილისში შემოვიდა. უწმინდესი ლეონიდე, საეკლესიო სიწმინდეებთან ერთად, დროებით ქუთაისში გადავიდა. 13 აპრილს დაბრუნდა დედაქალაქში, სადაც გულსაკლავი სურათი დახვდა – გახარებული უცხოტომელნი და დამწუხრებული თანამემამულენი. ასეთი იყო თბილისი, ასეთი იყო სრულიად საქართველო. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ 1921 წლის 15 აპრილს, რევკომის დადგენილებით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა.
დაიწყო საეკლესიო ქონების ჩამორთმევა, ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროება. 1921 წლის 11 ივლისს უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე გარდაიცვალა. 17 ივლისს დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. საოკუპაციო ხელისუფლების შიში გადალახა ასობით თბილისელმა, საქართველოს სხვადასხვა პროვინციიდან ჩამოსულმა თანამემამულემ, რათა უკანასკნელი პატივი მიეგო განსვენებული პატრიარქისათვის. უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და განმტკიცების საქმეში.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე