საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927-1932)

  1. ბიოგრაფიული მატიანე

picture31სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III, ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წლის 15 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში, მის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: “ჩემი გენიალოგია პაპა ჩემის მამის, მოსე მღვდლის იქით ჩემთვის უცნობია. მოსე მღვდელი იყო ნიქოზელის ნაკურთხი (რადგან ჩვენი სოფელი რუსეთთან შეერთებამდე ეკუთვნოდა ქართლის, ხოლო ეკლესიურად XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ქართლს ეპარქიას) დადიოდა ჩოხა-ახალოხით და, თუ ვინმე მისცემდა წესების ასრულებაში სიმინდს, პურს ან ღვინოს, მოიდებდა ზურგზე და გაუყენებდა სახლისაკენ. ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომელთაგანაც მესამე, ხოსია (ქაიხოსრო) იყო პაპაჩემი ერისკაცი, და მეოთხე – დავით მღვდელი, საქართველოს ეგზარქოს ისიდორესაგან ნაკურთხი.

მამაჩემი მურმანი იყო წიგნისმკითხველად ხეფინისხევის სოფელ ლირში, საეკლესიო წიგნების კარგი მცოდნე, ექვსი წლის ვიქნებოდი, მამამ რომ ლოცვები დამაწყებინა ზეპირად, მოასწრო ესწავლებინა ჩემთვის ლოცვანი და “მრწამსის” დასაწყისი. შვიდი წლისას გარდამეცვალა მამა, დავრჩით ოთხი ძმა და ორი და პაპის ამარა სიღარიბეში. მამის გასვენებას დაესწრო ჩემი ბიძა, საყვარელა გაჩეჩილაძე, დედის ძმა, რომელმაც შემისვა ცხენზე წამიყვანა სოფელ წევაში და მიმაბარა იქაურს სამრევლო სკოლაში, რომელიც იყო გახსნილი რომანოზ გორგაძისაგან, იმასთან დავიწყე ანბანი, მაგრამ მალე გადაიყვანეს მღვდლად სხვაგან. მისი ადგილი, წევის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაიჭირა მაკარ გაჩეჩილაძემ. ეს სამრევლო სკოლა და მისნი მსგავსნი დასავლეთ საქართველოში გახსნილნი იყვნენ ნეტარხსენებული გაბრიელ ეპისკოპოსის ინიციატივით. მან შემოიღო წესად ვინც ათ წელიწადს იმასწავლებლებდა იმათ აკურთხებდა მღვდლად. მან დიდი ამაგი დასდო ქართული წერა-კითხვის გავრცელების საქმეს იმერეთში, რითაც დაიმსახურა გულისწყრომა იანოვსკის და მადლობა შეგნებული ქართველობისა. 1882 წელს ჩამიყვანა პაპაჩემმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, მიმიღეს მესამე განყოფილებაში. ერთ წელიწადს ძლივს შემინახა პაპაჩემმა თავისი ხარჯით მგონია მაშინ ისესხა რვა თუმანი სურამელ სომხისაგან, რაშიაც თორმეტი წლის განმავლობაში ვაძლევდით სარგებელს, ოცდაოთხ ჩაფ ღვინოს ტკბილობაზე. ითხოვა ჩემი სახელმწიფო ხარჯზე მიღება, მოსთხოვეს ობლობისა და სიღარიბის მოწმობა. პაპაჩემმა მიართვა კეთილმოწესეს მიერ გაცემული მოწმობა და მიმიღეს სახელმწიფო ხარჯზე. ასე რომ არ მომხდარიყო, უნდა ამეკრიფა ქუთაისიდან გუდა-ნაბადი და ამეღო ხელი სწავლაზე. ყველა კლასებში პირველ მოწაფედ მივდიოდი და წყალობა შევინარჩუნე.[1]

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსიფიკატორული რეჟიმის პირობებში იდევნებოდა ყოველივე ქართული, მაგრამ იყვნენ ისეთი პედაგოგებიც, რომელნიც ახერხებდნენ მოქალაქეობრივ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებას და მოსწავლეებს კარგ მაგალითს აძლევდნენ. უწმიდესი ქრისტეფორე სიყვარულით იხსენებდა: ნიკო მაღრაძეს, პოლიევქტოს კვიცარიძეს, ქართულის მასწავლებელს ანდრო ბენაშვილს.

XIX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ერთგვარი პოპულარობით სარგებლობდა სალიტერატურო წრეები, რომელნიც შემდეგ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციად გადაკეთდა. ქრისტეფორე ციცქიშვილი ჩაერთო ნოე ჟორდანიას ლიტერატურული წრის საქმიანობაში, მაგრამ როგორც აღნიშნავდა: “მას შემდეგ, რაც ამ წრეში ჩაერთნენ მიხა ცხაკაია, ეგნატე ნინოშვილი წრემ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ფრთხილად ვიქცეოდი, მაგრამ ერთხელ სპენსერის “აღზრდის” კითხვაში დამიჭირეს და მეორედ “სევერნი ვესტნიკის”, ამ უკანასკნელი დანაშაულისათვის ყოფა-ქცევაში დამისვეს “სამი” და ერთ წელიწადს გამინახევრეს “სახელმწიფო ხარჯი”.[2] სემინარიის დამთავრების შემდეგ ოცი წლის ქრისტეფორე ციცქიშვილი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელთან მივიდა და მღვდლად კურთხევა ითხოვა. მეუფე გაბრიელმა  უპასუხა, ჯერ მასწავლებლად იმუშავე და მღვდლად კურთხევაზე შემდეგ იფიქრეო, როგორც ჩანს მას ეს წინადადება არ მოეწონა და განცხადებით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ვლადიმირს, რომელმაც 1895 წლის 9 აპრილს ქრისტეფორე აკურთხა მღვდლად და ¬გაგზავნა კასპიის ოლქში წელიწადნახევრის შემდეგ მან თხოვნით მიმართა ეგზარქოსს გადმოეყვანა საქართველოში. 1897 წელს ჯერ გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში, ხოლო 1898 წლიდან სოფელ იტრიის ეკლესიის წინამძღვრად იქნა გადაყვანილი. ახალგაზრდა განათლებულმა სასულიერო პირმა იტრიაში თავისი საქმიანობა სამრევლო სკოლის გახსნით დაიწყო. პირველ ხანებში სკოლას არ ჰქონდა შენობა, მაგრამ 1900-1901 წლებში მისი ღვაწლით აშენდა კაპიტალური შენობა 5 ოთახით. სკოლაში მრავლად მოვიდნენ ბავშვები მეზობელი სოფლებიდან. მამა ქრისტეფორე საღვთო სჯულთან ერთად ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას. ამავდროულად იგი იყო სკოლის გამგეც. ამავე პერიოდში იგი ბევრს მოგზაურობდა ქართლის სოფლებში, იწერდა ხალხურ თქმულებებს, ლეგენდებს. მამა ქრისტეფორე ფრთხილ, მაგრამ ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსეთის იმპერიაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებისადმი. ამ მხრივ საინტერესოა მისი უბნის წიგნაკის პირადი ხასიათის ჩანაწერები, პატარ-პატარა შენიშვნები. 1899 წლის თებერვალში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ისიდორე გადაყვანილ იქნა რუსეთში, იგი გამორჩეული იყო თავისი ანტიქართული პოლიტიკით, ლანძღავდა ქართველ ხალხს და ველურებს უწოდებდა მათ. სემინარიის ქართველი სტუდენტები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ მის გამოსამშვიდობებელ საღამოს და სწორადაც მოიქცნენო – შენიშნავს მამა ქრისტეფორე. საინტერესოა მამა ქრისტეფორეს ჩანაწერები “ეკლესიასტე”, “ტბეთობა”, “ლეგენდა თამარზედ”, “ჩვენი ახლანდელი მოღვაწენი” – ჩანაწერები დათარიღებულია 1893-1900 წლებით. “პატრიოტიზმი – აღნიშნავდა იგი – ჯანსაღი გრძნობაა, ამშვიდებს ადამიანს და ხელს უწყობს ობიექტური წარმოდგენის შექმნას, იგი განსხვავდება ფსევდოპატრიოტიზმისაგან, პატრიოტიზმი საბავშვო ასაკიდან ყალიბდება და ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის აღზრდას, გარემოს, რომელიც მასზე გავლენას ახდენს და რომელიც სათავეს იღებს მშობლების, ნათესავების, მეგობრების, კუთხის, სოფლის, ქალაქის სიყვარულიდან და შემდეგ მასში ნივთდება სამშობლოს სიყვარული, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი ნამდვილად პატრიოტად ჩამოყალიბდეს საჭიროა ბავშობიდანვე მიეჩვიოს კარგისა და ცუდის გარჩევას, რადგან ბავშვს თავდაპირველად ყველაფერი დადებითად ეჩვენება. პატრიოტულ აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ერების პატივისცემის ჩანერგვას”[3]. წერილში “ტბეთობა” საუბარია შორაპნის მაზრის სოფელ _ ტბეთის წმიდა გიორგის ეკლესიაზე – ავტორი ცდილობდა იმის გარკვევას, თუ რატომ უნდა დარქმეოდა შავშეთში მდებარე ტბეთის სახელი ამ ადგილს, იგი იქიდან გადმოსახლებული ხალხის მიერ არის დაარსებული, თუ ეკლესიის ახლოს მდებარე პატარა ტბის გამო დაერქვა ეს სახელი. ხალხური გადმოცემით ეკლესია თამარ მეფეს აუშენებია. მშენებლობის პროცესში ეკლესია თამარის თვალწინ რამდენჯერმე დანგრეულა… სიზმარი უნახავთ, რომ საძირკვლის ქვები ურმებზე უნდა გადაეტანათ და იმდენ ხანს ეტარებინათ სანამ მიწაზე არ დაეცემოდნენ და ბოლოს ასე შეურჩევიათ ეს ადგილი, სადაც აუგიათ კიდეც ეს ეკლესია. მამა ქრისტეფორეს დაკვირვებით წმიდა გიორგის დღესასწაულზე მრავალრიცხოვანი მრევლის მოსვლა და წმიდა თამარ მეფის თქმულების ასეთი სახით გადმოცემა ხალხში ეროვნულ სულისკვეთებას ამტკიცებსო. საინტერესოა მამა ქრისტეფორეს მიერ იმერეთში ჩაწერილი “ლეგენდა თამარზედ”, გადმოცემის თანახმად თამარი იყო ულამაზესი და უწმიდესი, რომელიც სარკმელში მზის სხივებზე კიდებდა ტანსაცმელს, თუ სხივი ტანსაცმელს არ დაეცემოდა ქვეყანაში რთული ვითარება იქნებოდა ეს იყო ღვთიური ნიშანი”.[4]

საყურადღებოა მამა  ქრისტეფორე ციცქიშვილის “ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი “დღეობები და ხატობები ხეფნისხევში”. ავტორი დაწვრილებით აღწერს სურამის ახლოს მდებარე ხეფნისხევის გეოგრაფიულ მდებარეობას ამ ხეობაში გაშენებულ სოფლებს: წაქვა, ხევისჯვარი, გრიგალათი, ხუნევი. ყურადღებას აქცევს აქაურთა ჩაცმულობას – შარვალი, ჩოხა, პაიჭები, მოკლე ახალუხი, რომელიც ქართლის სხვა კუთხეთა ჩაცმულობიდან თითქმის არ განსხვავდება. მეტყველებაში დიდია ზემო იმერული კილოს გავლენა, რაც განპირობებულია იმერეთიდან მოსახლეობის ამ ადგილებში გადმოსვლის გამო. ქრისტეფორე ციცქიშვილის დაკვირვებით აქ გავრცელებულ დღესასწაულები “კვირაცხოვლობა”, “ოქონობა”, “ხალარჯობა”, “ტბეთობა”, “ვარდობა” იმავე დროს აღინიშნება იმერეთში. მისი აზრით ზოგიერთი დღეობა წინაქრისტიანულ პერიოდში იღებს სათავეს. ის ფაქტი, რომ უქმედ ცხადდება არა კვირადღე, არამედ ორშაბათი, ამაში წარმართობის დროინდელი კვალი უნდა იკითხებოდეს. გარდა ამისა თვით რიტუალური მხარეც შეიცავს წინაქრისტიანული პერიოდის ქცევის ფორმებს, მაგალითად “ვარდობა”, სადღაც ბუნების ზეიმისა და ღვთისმშობლობის ნარევს მოგვაგონებს. “ალბათ ვარდობა, ვარდის დღე წარმართობის დროინდელი დღეობაა და შემდგომში მისცემია მას ცოტაოდენი ქრისტიანული ელფერი.”[5] ნარკვევში აღწერილია ამ დღესასწაულების ჩატარების წესები, სუფრა, ლხინი, რომელნიც თითოეულს თან სდევდა.

ამ ჩანაწერებიდან კარგად ჩანდა ქრისტეფორე ციცქიშვილის ინტერესთა სფერო, ქართული ზნე-ჩვეულებათა, ტრადიციათა შესწავლის და ღრმად გააზრების სურვილი.

ქრისტეფორე ციცქიშვილის მსოფლმხედველობა ყალიბდებოდა XIX საუკუნის 80-90-იან წლებში. იმ დროს საქართველო იყო რუსეთის კოლონიური უღლის ქვეშ. ერთის მხრივ საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობდა ქართული ეროვნული ცნობიერების მოსპობას და ამისათვის არ იშურებდა არც ფულს, არც ძალას და რუსულ საგანმანათლებლო სასწავლო სისტემას, რომელიც განათლების მინისტრ გრაფ ტოლსტოის მიერ იყო შემუშავებული და ქართველი ხალხის დაჩქარებულ ასიმილაციას გულისხმობდა, მეორეს მხრივ ესაა პერიოდი, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ყველაფერს აკეთებდა ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების გრძნობის ასამაღლებლად, ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ინტერესების დასაცავად. XIX საუკუნის 90-იან წლებში ნოე ჟორდანიას ლიტერატურულ წრეში მონაწილეობა თავის გავლენას მოახდენდა ახალგაზრდა ქრისტეფორე ციცქიშვილზე. იგი არ აჰყვა ახალგაზრდა მარქსისტების კოსმოპოლიტიზმს. წერილში “ცივილიზაცია”, საუბრობდა რა ახალგაზრდა მარქსისტების მიერ მოწონებულ ო. რეკტის მოსაზრებაზე ძველის უარყოფა ცივილიზაციის ნიშანიაო, აღნიშნავდა – ცივილიზაცია და ის მასშტაბები, რომელსაც მან სადღეისოდ მიაღწია საფუძველს იღებს წინა კულტურებიდან და არ გულისხმობს მის უარყოფას, განადგურებას. კაცობრიობის განვითარება ხდება მიღებული მემკვიდრეობის ათვისების გზით და თავის თავში მოიცავს ახალი სოციალური, ეკონომიკური კულტურული ფორმების შექმნას”.[6]

მამა ქრისტეფორე ციცქიშვილისათვის მიუღებელი იყო თეორიული პატრიოტიზმი, თუ იგი საქმით არ არის განმტკიცებული. იგი მკაცრად აკრიტიკებდა იმ ქართველებს, რომელნიც რუსეთში ყოფნის დროს სამშობლოზე წუწუნებდნენ სიტყვით, ხანდახან პოეზიითაც, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულებს დიდი არაფერი გაუკეთებიათ. მას საინტერესო ჩანაწერები აქვს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მიმდინარეობათა შესახებ. იგი ვრცლად ეხებოდა “სოციალ-დემოკრატების~ საქმიანობას და ამ მოძრაობაში მწერალ გიორგი წერეთლის როლს. თერგდალეული გიორგი წერეთელი XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან მკაცრად დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძეს და თავმომწონედ განაცხადა “ოთარაანთ ქვრივისა” და “ლუარსაბ თათქარიძის” აზროვნება წარსულს უნდა ჩაბარდეს და მარქსიზმის მიხედვით უნდა ავაწყოთ ჩვენი ცხოვრებაო. მან ჟურნალი “კვალი” დაუთმო ახალგაზრდა მარქსისტებს. ილია ჭავჭავაძემ გიორგი წერეთელი საახალწლო, სალაღობო ლექსში ასე დაახასიათა: “ბებერსა სარძლოთ მორთულსა, უფრთხილდით განერიდეთო”. გიორგი წერეთელს დაუპირისპირდნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა. ქრისტეფორე ციცქიშვილი მათ პოზიციას იზიარებდა და კრიტიკულად აფასებდა გიორგი წერეთლის შემოქმედებას. მისი აზრით – გიორგი წერეთლის ნაწერებში არ იგრძნობოდა დიდი შემოქმედებითი ნიჭი, ასევე გაზვიადებულად ეჩვენებოდა მის ისტორიკოსობაზე საუბარი. ქრისტეფორე ციცქიშვილის აზრით გიორგი წერეთლს პიროვნული ამბიცია ამოძრავებდა, როდესაც გაუცნობიერებლად ახალი მოძრაობის (სოციალისტურის) სათავეში მოქცევას და მისი საჭიროების მიუხედავად პოპულარიზაციას უწევდა სოციალისტურ იდეებს. ქრისტეფორე ციცქიშვილი თვლიდა, რომ სოციალიზმი შესაძლოა მართლაც წარმოადგენდეს დიდს, მნიშვნელოვანს მოძღვრებას, მან შეიძლება მართლაც არამცირედი როლი შეიტანოს ევროპის სახელმწიფოთა განვითარებაში, მაგრამ მისი გავრცელებისათვის საქართველოში არ არსებობდა აუცილებელი პირობები. მისთვის მიუღებელი იყო სოციალ-დემოკრატთა მომხრეების მიერ ეროვნული იდეების უარყოფა. მისი მტკიცებით სოციალიზმის იდეა იმ ქვეყნებისათვისაა განკუთვნილი, სადაც მრეწველობა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი საზოგადოებრივ-სოციალური ინფრასტრუქტურაა შექმნილი, აქედან გამომდინარე მისი გავრცელება ევროპის ქვეყნებში შესაძლებელია, მაგრამ საქართველოში, სადაც არც მრეწველობაა ფეხზე დაყენებული და თვით საზოგადოებაშიც ეკონომიკურ დიფერენცირებას მძაფრი ხასიათი არ მიუღი, სოციალიზმის იდეები ხელოვნურია და არა ბუნებრივი.

გამოუქვეყნებულ წერილში “ქართველი ხალხის ნაციონალიზმი” კიდევ ერთხელ უბრუნდება XIX საუკუნის 90-იანი წლების კოსმოპოლიტთა კრიტიკას და აღნიშნავს – ბოლო დროს ღირსების მტკიცებად იქცა, იმის აღნიშვნა, რომ ქართველი ერი ნაციონალური გრძნობებისაგან თავისუფალიაო, სინამდვილეში ნაციონალური გრძნობების დეფიციტი სამწუხარო ფაქტია, ვინაიდან შეგნებული ნაციონალიზმი კულტურას ნიშნავს, მართალია ეს გრძნობა ქართველობაში მოკოჭლობს, მაგრამ არც მთლად განდევნილ-უარყოფილია.

ქრისტეფორე ციცქიშვილი მკაცრად აკრიტიკებდა “მესამე დასის” პროგრამის იმ დებულებებს, რომელნიც ეროვნულ საკითხს ეხებოდა, მესამე დასელთა მტკიცებით მშრომელი ხალხი მტრულად ეკიდება ეროვნულ საკითხს და მისი მოწესრიგება არ წარმოადგენს მშრომელთა სასიცოცხლო ინტერესებს. სოციალ-დემოკრატთა აზრის საწინააღმდეგოდ მას მოჰყავდა ერთი მაგალითი, რომლის შემსწრეც თვითონ ყოფილა. 1905 წელს თბილისში გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე ორატორს ეროვნული პრობლემების წინ წამოწევისათვის მკაცრად გაუკრიტიკებია სოციალ-ფედერალისტების პარტია, მაგრამ შეკრებილ ხალხს არ მიუღია სოციალ-დემოკრატის სიტყვები და “გაუმარჯოს საქართველოს” სკანდირება დაუწყიათ, ორატორი ძირს ჩამოუგდიათ. “ტყუილად ასავსავებდა უმწეოდ ხელებს ბატონი ორატორი ხალხის გასაჩუმებლად, ხალხს იმის აღარ ესმოდა და რამდენიმე ათასი კაცი თითქოს ერთი კაციაო გაიძახოდა: “გაუმარჯოს საქართველოსო”.[7] ქრისტეფორე ციცქიშვილი არ იზიარებდა სოციალ-დემოკრატების იდეებს, იგი უფრო ხალხოსნური სოციალიზმის გავლენის ქვეშ იყო. ამის დასტურია მისი წერილები: “გლეხკაცის ხვედრი ტურგენევისა და ნეკრასოვის ნაწარმოებების მიხედვით”, “ნეკროლოგი ანთიმოზ ჯუღელის გარდაცვალების გამო”, “ექიმის სიზმარი”. მისი აზრით ტურგენევისა და ნეკრასოვის ნაწარმოებების როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებულია ანტიბატონყმური იდეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში. მათ ნაწარმოებებში დიდი მხატვრული ძალით აისახა ბატონყმობის მთელი სისასტიკე, რომელიც რუსეთის სინამდვილეში ვლინდება და უმძაფრესი ხასიათით უკიდურესად ზღუდავდა, ავიწროებდა გლეხობას. ქრისტეფორე ციცქიშვილის აზრით ტურგენევი და ნეკრასოვი საკუთარი მსოფლმედველობრივი პოზიციიდან გამომდინარე მძაფრად უპირისპირდებოდნენ ბატონყმობას და მიიჩნევდნენ მას როგორც ბოროტებას. ბატონყმობის კრიტიკა მათ შემოქმედებაში უკავშირდება რუსეთის იმპერიის მმართველობით სისტემას, საერთოდ გამეფებული რეჟიმის გმობას. ბატონყმობა და თვითმპყრობელობა ერთმანეთისაგანვე გამომდინარეობენ. ქრისტეფორე ციცქიშვილის აზრით, საგლეხო რეფორმას, ბატონყმობის გაუქმებას არ მოუტანია რუსეთის სინამდვილეში სოციალური პრობლემატიკის სიმძაფრის შესუსტება. საიმპერატორო ხელისუფლებამ და გაბატონებულმა ფენებმა ხელიდან არ გაუშვეს გლეხობის უკიდურესი ექსპლოატაციის ბერკეტები.

მისი წერილი “ექიმის სიზმარი” ეძღვნებოდა ივანე გომართელის პიესას და აღნიშნულია პიესა თავისი შინაარსით სოციალური ხასიათისაა. მასში მოქმედი გმირები არიან ღარიბი ხალხის წარმომადგენლები, რომელთაც არ შესწევთ მკურნალობის საფასურის დაფარვა. ახალგაზრდა ექიმს დამრიგებლად დედა გამოუჩნდა, რომელიც შვილს ურჩევს ანგარიში არ გაუწიოს ხალხის მძიმე მდგომარეობას. ექიმის პოზიცია უფრო კეთილშობილურია, უმტკიცებს დედას, რომ ექიმის მოვალეობა მას უფლებას არ მისცემს არ უმკურნალოს ღარიბს, ამავე დროს იაფი ფასის გამო ხალხიც უფრო მიაკითხავს. ქრისტეფორე ციცქიშვილი მიიჩნევდა, რომ წარმოდგენელი პიესა ხელოვნური იყო და ავტორის უნიჭობაზე მეტყველებდა.


2. რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მხილება

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროებისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ერთმორწმუნე კეთილი მოკავშირე – მფარველის იმიჯი დაიმსხვრა. ქართველი ხალხი არასდროს შერიგებია სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობის გაუქმებას. ამის დასტური იყო 1802, 1804, 1812, 1819-20, 1832, 1841 წლის აჯანყებები. მართალია ისინი მარცხით დამთავრდა, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპირებდა ფარ-ხმალის დაყრას და დამარცხებასთან შეგუებას. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება თავიანთი გამომწვევი ქმედებებით კიდევ უფრო აღრმავებდა დაპირისპირებას. XIX საუკუნის 20-იან წლებში მთავარმართებელ ალექსი ერმოლოვს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-სათვის ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნია. “თქვენო იმპერატორობითო უდიდებულესობავ!

ქართველი ხალხი არ არის თქვენი ქვეშემდგომის ღირსი, თუ კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხებს ადამიანობაზე პრეტენზია არ აქვთ და ბედნიერებად მიიჩნევენ რუსეთის იმპერატორის ქვეშემდგომობას, ქართველები, როგორც თანასწორებს ისე გვიყურებენ და არ მიაჩნიათ ბედნიერებად რუსეთის იმპერატორის ქვეშემდგომობა. არ იქნება ქართველი, არ იქნება კავკასიის პრობლემა” – ამიტომ იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებაში შეიმუშავეს ქართველთა გარუსების უფრო დახვეწილი პროექტები და მისი განხორციელება დაავალეს ცბიერ, მოქნილ და დაუნდობელ კოლონიზატორს მიხეილ ვორონცოვს…

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით გაერთიანდა “მამული, ენა, სარწმუნოების” დროშის გარშემო. ეს მოძრაობა მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობის აღდგენას. ქართველი სამღვდელოების ინტელექტუალური ნაწილი აქტიურად ჩაერთო ამ მოძრაობაში და მძაფრად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლების საეკლესიო და საგანმანათლებლო პოლიტიკას. მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი, როგორც ქართველი პატრიოტი აქტიურად ჩაება ამ ბრძოლაში. მის ფონდში დაცულია საინტერესო წერილები, რომელიც ეძღვნება საეკლესიო სკოლაში ქართული ენის დევნა-შევიწროების პრობლემებს. იგი სინანულით შენიშნავდა: “საქართველოს ეგზარქოსების მთავარი და ერთადერთი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სასულიერო სასწავლებელი, სადაც ქართველი მოსწავლეები არა ღვთისმეტყველებასა და სასულიერო განათლებას დაეუფლებოდნენ, არამედ მოხდებოდა მათი გარუსება. XX საუკუნის ათიან წლებში ხელისუფლებამ მოახერხა საეკლესიო სკოლებიდან ქართული ენის განდევნა. თვით ქართულ სასულიერო ნაშრომებიც, რომელთა გაცნობა სემინარიაში ფრაგმენტულად ხდებოდა რუსულად უნდა ესწავლათ. სწავლების ასეთმა მანკიერმა პრაქტიკამ ქართველ ახალგაზრდებს გული აუცრუა სასულიერო სასწავლებლებისადმი, ამან საზოგადოებაში ვერ დაბადა შესაბამისი, ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან უფრო დაახლოების სურვილი, პირიქით მოხდა მათი გაუცხოება.”[8] ქრისტეფორე ციცქიშვილმა მხარი დაუჭირა ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის პოზიციას და დაუპირისპირდა კავკასიის განათლების ოლქის მზრუნველს კირილე იანოვსკის პედაგოგიური თეორიებს. კირილე იანოვსკი უტიფრად აცხადებდა, რომ ქართველი ერი როგორც ერთიანი არ არსებობს და ქართული ენაც არ წარმოადგენს საერთო ენასო, ამიტომ აუცილებელი აღარ არის ქართულ ენაზე სწავლებაო. ქრისტეფორე ციცქიშვილი შენიშნავდა – იანოვსკის ასეთი “არგუმენტები” გარდა იმისა, რომ აბსურდულია, სახიფათოა იმ მხრივაც, რომ ქართველი ერის დაშლის, ეროვნული შეგნების დანაწევრებას, კუთხურობის ზრდას ემსახურებაო. სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნის მცდელობას დაუპირისპირდა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებით 1903 წელს გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და მისი ადგილი დაიკავა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე), როგორც ქრისტეფორე ციცქიშვილი შენიშნავდა ოფიციალური ხელისუფლება ეპისკოპოსებს მხოლოდ იმ ნიშნით არჩევდა, თუ რამდებად სანდონი იყვნენ ისინი ხელისუფლებისათვის და რუსული ეკლესიისათვის. ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) ერთგულად ემსახურებოდა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და გამოირჩეოდა თავისი ანტიქართული საქმიანობით. იგი საიდუმლო წერილებში, რომელსაც პეტერბურგში იმპერატორის სახელზე აგზავნიდა, ხელისუფლებას ურჩევდა უფრო მკაცრად მოქცეოდნენ ეროვნული იდეების დამცველებს და დაეჩქარებინათ მხარის რუსიფიკაცია.

მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი შენიშნავდა, ქართველ მოსახლეობასა და ეგზარქოსებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო მათი ანტიქართული პოლიტიკა, ისინი არ ერიდებოდნენ ქართველი ხალხის ისტორიული წარსულისა თუ თანამედროვეობის ფალსიფიკაციას და საქმის ვითარებას ცენტრალურ ხელისუფლებას ისე უხატავდნენ, თითქოს მათი სამსახური ურთულესი იყო ველურ, მოურჯულებელ ქართველებში. ქრისტეფორე ციცქიშვილი წერილში “მგზებარე რუსი პატრიოტი” ეხებოდა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვის საქმიანობას. მისი დასკვნით ვოსტორგოვი იყო ვ. ველიჩკოს მოსწავლე, რომელიც ქართველი ხალხის მეგობრად ითვლებოდა, სინამდვილეში ეს იყო ყალბი მეგობრობა, ველიჩკომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოწინავე ქართველი საზოგადოების წადილს თბილისში დაარსებულიყო უნივერსიტეტი, ასევე წინააღმდეგი იყო თავის საქართველოში XIX საუკუნის 70-იანი წლების რეფორმებით გათვალისწინებული საერობო და სასამართლო სისტემის განახლებისა. ველიჩკო ქადაგებდა ქართველი ხალხის უპერსპექტივობას, სულიერებისაგან მის დაცლას, მისი მეგობრობა კი იმაში იხატებოდა, რომ ძველ ქართველებს მოიხსენიებდა გმირებად. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი თავის მასწავლებლების საქმეთა ღირსეულ გამაგრძელებლად იქცა. მას სძულდა ქართველები და სურდა საეკლესიო სკოლებიდან ქართული ენის სრული განდევნა. ქრისტეფორე ციცქიშვილის დაკვირვებით ვოსტორგოვი საკმაოდ ფრთხილი კაცი იყო. 1901 წელს იგი თვლიდა, რომ სკოლებში მშობლიური ლიტერატურის სწავლებას 6 კვირეული საათი უნდა დათმობოდა, მაგრამ როდესაც პოზიციები გაიმყარა 1904 წელს იმ მოტივით, რომ ქართული ენა არ იძლეოდა საშუალებას ღვთისმეტყველების შესწავლისათვის საერთოდ აკრძალა ქართულ ენაზე სწავლება. ვოსტორგოვის მიერ შედგენილი სასწავლო გეგმების ვერაგობა იმაშიც ჩანდა, რომ ის ქართველები, რომლებსაც დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ენა ვალდებულნი იყვნენ ესწავლათ რუსულად და მათთვის გასაგებ ენაზე. ქრისტეფორე ციცქიშვილი საფუძვლიანად ეჭვობდა, რომ ეს გეგმა მიმართული იყო ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ახლადშემოერთებულ აჭარის პროვინციაში, სადაც სასწავლო გეგმის თანახმად უნდა ესწავლათ თურქულ და რუსულ ენებზე. იქმნებოდა იმის საშიშროებაც, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქართულ ენაზე მოლაპარაკეებად არ ჩაეთვალათ მეგრელები, სვანები. ეს ყველაფერი რუსეთის შოვინისტური წრეებიდან მოდიოდა და მას თეორიულად ამაგრებდნენ იმპერიული პრესის ფურცლებზე – დასძენდა ქრისტეფორე ციცქიშვილი. მისი აზრით ივანე ვოსტორგოვის საქმიანობა იყო უკიდურესად რეაქციული და მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გადაგვარებას. მამა ქრისტეფორე ციცქიშვილი ქართველი სასულიერო წრის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო და მკაცრად უპირისპირდებოდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების ანტიქართულ საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი მიიჩნევდა, რომ ქართველი ხალხის ეროვნული და რელიგიური ინტერესების დაცვა შესაძლებელი იქნებოდა თუ აღსდგებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გაუქმებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია.


3. ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. მათი არგუმენტით დაუშვებელი იყო ერთ მართლმადიდებელ სახელმწიფოში რამდენიმე ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა. სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლებისათვის ახლადდაპყრობილი ქვეყნის რუსულ  სახელმწიფო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელისშემშლელი იქნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომელიც ისტორიულად ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების საყრდენი იყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II 1811 წელს რუსეთში გადაასახლეს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა და საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა რუსეთის წმიდა სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი, 1811-1817 წლებში პირველი ეგზარქოსი იყო ქსნის ერისთავთა შთამომავალი მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი, 1817 წლიდან 1917 წლამდე საქართველოს ეკლესიას მართავდნენ რუსი ეგზარქოსები, რომელნიც გამოხატავდნენ რა ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას, იბრძოდნენ ქართული ტრადიციების, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ. 1819-1820 წლებში დასავლეთ საქართველოში ეგზარქოს თეოფილაქტე რუსანოვის პოლიტიკის გამო  დაიწყო აჯანყება. ხელისუფლებამ აჯანყების მოთავეებად გამოაცხადა ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი) და გენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (შერვაშიძე), რომელნიც დააპატიმრა. ხელფეხშეკრული მოხუცი მღვდელმთავრები რუსეთში უნდა გადაესახლებინათ, დოსითეოზი სურამთან გარდაიცვალა, ექვთიმე პეტერბურგის მახლობლად სვირის მონასტერში გამოკეტეს… დაიწყო ქართველი სამღვდელოების, ქართული წირვა-ლოცვის, ქართული გალობის დევნა. ქართველი ხალხისათვის მოუთმენელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. მოწინავე ქართველობა მტკიცედ დაუპირისპირდა რუსი ეგზარქოსების რეაქციულ პოლიტიკას. XIX საუკუნის 60-90-იან წლებში თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში დიდი ადგილი ეჭირა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას. ქართულ და რუსულ პრესაში გამოჩნდა მეცნიერულად არგუმენტირებული წერილები საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე. წერილების ავტორები იყვნენ: ნიკოლოზ დურნოვი, ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი. მამა ქრისტეფორეს ჩანაწერებში დიდი ადგილი ეთმობა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვისა და გალობის აღდგენის აუცილებლობას. იგი უპირისპირდებოდა მათ, ვინც თვლიდა რომ ქართული გალობა მოსაწყენი და დამღლელია, რომ იგი უფრო წარმართულია, ვიდრე ქრისტიანული, მას მიაჩნდა ასეთი დამოკიდებულება მიმართული იყო არა მარტო ქართული წირვა-ლოცვის, არამედ საერთოდ ქართველობის წინააღმდეგ. ქრისტეფორე ციცქიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის წარმოებულ ბრძოლაში. საინტერესოა მისი შენიშვნები “ქართული საეკლესიო საქმეების გამო”. ამ შენიშვნებში ჩამოყალიბებულია შემდეგი მოთხოვნები: 1. დამოუკიდებლობა ეკლესიისა კათოლიკოსის მეთაურობით. 2. ძირითადი რეფორმა სკოლისა, რომელიც იქნება ქართულენოვანი და სადაც აღარ იქნება წოდებრივი პრინციპი. 3. სასულიერო პირთა მომზადებისათვის აუცილებელია ორწლიანი კურსები. 4. სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება. 5. სასულიერო პირთათვის სრული სამოქალაქო უფლებების მინიჭება.”[9]

1905 წელს გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მანიფესტი, რომელშიც მრავალ დაპირებასთან ერთად საუბარი იყო იმაზე, რომ იმპერიის მცხოვრებთ თავისუფლად შეეძლოთ გამოეთქვათ თავიანთი აზრი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და წარმოედგინათ ამ პრობლემათა გადაჭრის გზები. ქართველმა სამღვდელოებამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და გადაწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებზე თბილისში სამღვდელოების ყრილობის მოწვევა. გადაუჭარბებლად შეიძლება აღინიშნოს, ამ ყრილობის მოწვევის მთავარი ორგანიზატორი დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი იყო, რომელმაც ეპარქიებში დაგზავნა შეტყობინებები გამოეგზავნათ დელეგაციები თბილისში, სადაც 28 მაისს ჩატარდებოდა ყრილობა. როდესაც ეს ამბავი საქართველოს ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) შეატყობინეს, თავზარდაცემულმა სასწრაფოდ რკინიგზის სადგურის უფროსებს მიწერილობები დაუგზავნა 26-დან 30-მაისამდე არცერთი ქართველი მღვდლისათვის თბილისში გამოსამგზავრებელი ბილეთი არ მიეცათ, მაგრამ თუ ისინი უბილეთოდ მატარებელში ჩასხდომას მოინდომებდნენ პოლიციას ძალით ჩამოესვათ. თბილისის პოლიციას ებრძანა 27-30 მაისს თბილისში ჩამოსული მღვდლების დაპატიმრება… ასეთი უკიდურესი ღონისძიებანი კიდევ უფრო დაძაბავდა ვითარებას და ახლადდანიშნულმა მთავარმართებელმა გრაფმა ი. ვორონცოვ-დაშკოვმა ეგზარქოსს აგრძნობინა არ სურდა სერიოზულ სკანდალში გახვეულიყო. ეგზარქოსი ალექსი იძულებული გახდა უკან დაეხია. ქართველი სამღვდელოება შეიკრიბა ვერის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში. ყრილობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი მდივნებად მღვდლები: ი. ჯაში და ა. მიქელაძე. თავმჯდომარემ გამოიტანა ავტოკეფალიის საკითხი, წერილობით ტექსტი რომელიც უნდა გაეგზავნათ რუსეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სახელზე, სინოდის ობერპროკურორისათვის, კავკასიის მეფის ნაცვლისა და უწმიდესი სინოდის თავმჯდომარის მიტროპოლიტ ანტონისათვის. მიღებული ტექსტის შინაარსი ასეთი იყო: “IV საუკუნეში დაფუძნებულ ივერიის ეკლესიას სათავეში ედგა მთავარეპისკოპოსი, რომელიც დამოკიდებული იყო ანტიოქიის პატრიარქზე. ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა შესუსტდა და V საუკუნეში ივერიის ეკლესიის მღვდელმთავრებმა, რომელთაც სრულიად ივერიის კათოლიკოსთა წოდება მიიღეს, თანდათან დაიმკვიდრეს უფლება თავიანთი ეკლესიის დამოუკიდებლად მართვისა. მცხეთა-ივერიის სამთავარეპისკოპოსომ, რომელისაც კათოლიკოს-პატრიარქის ხარისხი მიენიჭა, სრულიად დამოუკიდებლად დაიწყო მართვა, სათავეში კი ედგნენ კათოლიკოს-პატრიარქები, წოდებულნი უწმიდესად და უნეტარესად.

უძველესი დროიდან მოკიდებული XIX საუკუნემდე ივერიის ავტოკეფალური ეკლესია არასდროს ყოფილა ქვრივ-ოხერი, რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგაც კი ათი წლის განმავლობაში იგი დამოუკიდებლად განაგრძობდა მართვას კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის მოთავეობით, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. როდესაც ერეკლე მეორემ, ქართლ-კახეთის მეფემ რუსთა იმპერატორის უზენაესი ხელისუფლება და მფარველობა სცნო (1783 წლის 24 ივნისს) ხელშეკრულების VIII-ე მუხლში დათქმული იყო, რომ “საქართველოს ეკლესიის მართვისა და რუსეთის სინოდისადმი მის დამოკიდებულებაზე უნდა შედგეს განსაკუთრებული მუხლი”, მაგრამ არ შედგენილა. შედგენას ხელი შეუშალა იმ გარემოებამ, რომ ძველთაგან დადგენილი წეს-ჩვეულებით ქართველი მეფეები ეკლესიის საქმეებში არ ერეოდნენ, თუ ეკლესია თვითონ არ სთხოვდა მათ შემწეობას.

იმპერატორი პავლე I, რომელმაც იცოდა ეს და ვერ პოულობდა გზას, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია რუსეთის სინოდს როგორ დამორჩილებოდა, გენერალ-ლეიტენატ კნორინგის სახელზე დაწერილ 1801 წლის 20 იანვრის რესკრიპტში სხვათა შორის ამბობდა, ხელს არ ვახლებ საქართველოს ეკლესიის პრივილეგიებსო, მაგრამ, მიუხედავად ყოველივესი, მიუხედავად ქართველი ხალხის სურვილისა შენარჩუნებულიყო კათოლიკოსის თანამდებობა და წოდება, რაც 1801 წლის აპრილში ქართველი ელჩების მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის წარდგენილ ნოტაში გამოითქვა, აგრეთვე მიუხედავად კათოლიკოს ანტონ II-ის ხელშეკრულებებისა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ივერიის ეკლესია ავტოკეფალურია და არ შეიძლება რუსეთის სინოდს დაემორჩილოს, რუსეთის მთავრობამ კათოლიკოსი ანტონ II აიძულა 1810 წლის 3 ნოემბერს რუსეთში წასულიყო, ხოლო ივერიის ეკლესია რუსეთის ეკლესიას შეუერთა. რუსეთის მთავრობამ სინოდთან ერთად მიუხედავად III მსოფლიო კრებისა 8-ე წესისა და IV მსოფლიო კრების 39-ე წესისა, ივერიის ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და საქართველოში ისე დაიწყო ეგზარქოსების დანიშვნა, თანხმობა არ ჰქონდა აღმოსავლეთის პატრიარქებისა და ადგილობრივი მღვდელმთავრებისაც კი. რუსეთის მთავრობამ, როცა ივერიის ეკლესიის დამოუკიდებლობა გააუქმა და იგი სინოდს დაუმორჩილა, სამღვდელოებას საეკლესიო მამულების უშუალო გამგებლობა ჩამოართვა და მის მიერ დანიშნულ სამმართველოს გადასცა. ამ განკარგულებით დაირღვა საქართველოს ეკლესიის ძველისძველი უფლებები, რომელთა მიხედვით საქართველოს ყველა მეფე საერთოდ და კერძოდ უკანასკნელნი მეფენი – ერეკლე II და გიორგი XII იცავდნენ იმ წესს, რომ მეფე საეკლესიო მიწებს არათუ წაართმევდა, ხელსაც ვერ დააკარებდა მათ. მოსალოდნელი იყო, საეკლესიო მამულების სახელმწიფოს ხელში გადასვლის შემდეგ მთავრობას თვითონ ეკისრა სამღვდელოების მატერიალური უზრუნველყოფა და მღვდელმსახურები ამ მხრივ პირდაპირ არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი მრევლზე. მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალური და ქონებრივი უფლებების ჩამორთმევას, ქვეყანაში, მხარეში ხალხის სულიერებისათვის უცხო საეკლესიო მმართველობის შემოღების ქართველი ხალხის საეკლესიო რელიგიური ცხოვრების სრული დეზორგანიზაცია მოჰყვა. ქართველმა ხალხმა, რომელსაც აღარ ჰყავდა კათოლიკოსი – ქვეყნის “სულიერი მეფე” და მოზიარე მეფის წინაშე, მისი სახით მეოხი და მფარველი დაჰკარგა. გაუქმდა მრავალსაუკუნოვანი კათედრები, დაინგრა არქიტექტურული თვალსაზრისით შესანიშნავი ტაძრები, დაცარიელდა მონასტრები, დაიხურა მათთან არსებული სკოლები, ხოლო სანაცვლოდ გახსნილი წმინდა რუსული სასულიერო-სასწავლო დაწესებულებანი მღვდლობის ისეთ კანდიდატებს გვთავაზობენ, რომლებიც ქართული მრევლისათვის სრულიად მოუმზადებელნი არიან, მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილ და ბიუროკრატიული სულისკვეთებით აღზრდილ მღვდლებს, ხალხში პოლიტიკური ტენდეციების გამავრცელებლებს საქართველოს ადრინდელ მწყემსთა ხიბლი არ აქვთ. ყოველივე ამის შემდეგ ოდითგან მართლმადიდებელ და ჯვარმოსილ ქართველ ხალხში, რომელიც ცხოვრებას ლოცვასა და ისლამთან ბრძოლაში ატარებდა, არის შემთხვევები ღვთისმსახურთა შეურაცყოფისა, მათი მკვლელობისა, თავისი წრიდან არა მარტო მწყემსთა, არამედ მწყემსმთავრის გაძევებისა, ძველისძველი სალოცავების  წაბილწვისა, გაძარცვისა, გადაწვისა და ა.შ.

ქართველმა სამღვდელოებამ მხედველობაში მიიღო ზემოთქმული, აგრეთვე ის, რომ ჯერ ერთი, ივერიის ეკლესია კანონიკურად გახლავთ ავტოკეფალური, ვინაიდან არ ყოფილა კრების დადგენილება მისი ავტოკეფალიის გაუქმებისა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო: მეორედ, მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თვითშეგნების სრულად აღიარება, თავისუფალია შინაგანი წყობილებით, თავისუფლად ძალუძს თავისი სიტყვით მსახურება, ყველა თავისი საქმისა და მისადმი რწმუნებული ყოველთვის თავისუფლად მართვა, მხოლოდ თავისუფლად თვითმმართველ ეკლესიას შესწევს უნარი, დაიცვას თავისი სრული დიდებული წმიდა რწმენა და სავსებით ფლობდეს მისი ღვთაებრივი მოწოდების განსახორციელებლად აუცილებელ ხმას, რომელიც ადამიანის გულს აღანთებს; და ბოლოს, ეკლესიის დამოუკიდებლად არსებობისათვის მეტად საჭიროა მატერიალური საშუალებანი, ამიტომ ითხოვს:

1) ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს ავტოკეფალური უფლებები და თავისი კათოლიკოსითურთ აღსდგეს მცხეთა-ივერიის საკათოლიკოსო. ადრინდელ საზღვრებში (გუბერნიები: თბილისი, ქუთაისის, ბათუმისა, ნაწილი შავი ზღვის გუბერნიისა – აფხაზეთი, ზაქათალის ოლქი).

2) აღსდგეს წესი, როდესაც ღვთისმსახურთა განთავისუფლებულ ადგილებს არჩევნების შედეგად იკავებენ.

შენიშვნა ა: კრებულის წევრთ ადგილების დასაკავებლად მრევლი ირჩევს. უფლებაუნარიან კანდიდატებს. ხოლო სამღვდელოება და ხალხის წარმომადგენელნი, – კათოლიკოსსა და მღვდელმთავრებს. არჩეულ მღვდელმთავარს ამტკიცებს ივერიის ეკლესიის ყველა მღვდელმთავრის კრება კათოლიკოსის მეთაურობით და კათოლიკოსთან არსებული წმიდა სინოდი, ხოლო კათოლიკოსს უზენაესი საერო ხელისუფლება.

შენიშვნა ბ: მღვდელმთავართან არსებულ საეპარქიო საბჭოზე ამა თუ იმ ადგილზე სასულიერო პირთა კანდიდატების არჩევის საქმის ჯეროვანი განხილვის შემდეგ არსებულს ამტკიცებენ და შესაბამის წოდებას ანიჭებს ადგილობრივი ეპისკოპოსი, რომელსაც ყოველ შემთხვევაში უფლება აქვს დასაბუთებული ვეტოს დადებისა.

3. კათოლიკოსთან დაფუძნდეს წმიდა სინოდი (თავმჯდომარე კათოლიკოსი), ხოლო ეპარქიის მღვდელმთავრებთან – საბჭოები, შედგენილი გარკვეული ვადით არჩეული სასულიერო და საერო პირთაგან.

4. კათოლიკოსთან არსებული წმიდა სინოდის ხელში მოექცეს ყველა ეკლესიის, მონასტრის, სამღვდელოების, სასწავლო-სასულიერო დაწესებულებისა და საქველმოქმედო დაწესებულებების უმაღლესი მართვა-გამგეობა.

5. ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს სახელმწიფოსათვის გადაცემული ყველა საეკლესიო მამული”[10] პეტიციას ხელი მოაწერა 412 კაცმა. იმისათვის, რომ დაემსხვრიათ რუსეთის ხელისუფლების მტკიცება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ერთი მუჭა ავანტიურისტები მოითხოვენო, ყრილობის მონაწილეები, რომელთაც მრევლიც შეუერთდა დაახლოებით ათასამდე კაცი საეკლესიო დროშებით, ჯვარ-ხატებითა და გალობით ვერის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე გამოვიდა და მეფისნაცვლის სასახლისაკენ დაიძრა. როდესაც ამის შესახებ საქართველოს ეგზარქოს ალექსის შეატყობინეს მან თბილისის პოლიციის უფროსს სთხოვა ჟანდარმებს მეამბოხე სამღვდელოება დარბევა. მოხდა დაპირისპირება და პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილენი, მათრახებით სცემა სამღვდელოება. საქართველოს ეგზარქოს ალექსისა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა. ილია ჭავჭავაძე საგანგებოდ შეხვდა მეფისნაცვალ ი. ვორონცოვ-დაშკოვს და ესაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე. ამ ამბების შემდეგ, როგორც ქრისტეფორე ციცქიშვილი აღნიშნავდა: “ეგზარქოსმა ალექსიმ დამიბარა თავის სახლში, მე მღვდელ მარკოზ ტყემალაძის, დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის და დეკანოზ ავდაშკევიჩის თანდასწრებით განვუცხადე. მას, რომ ყაზახების სიმხეცე სულ შენი ბრალია მეთქი, შენ ჩვენთან არავითარი კავშირი არა გაქვს, რომ შენ ხარ დეკანოზ ი. ვოსტორგოვის ყმა, რასაც ის ჩაგძახებდა იმასვე ამოიძახებდი, ისიც გაგექცა და დავრჩით ახლა უეგზარქოსოდ, რადგან ი. ვოსტორგოვი იყო ნამდვილი ეგზარქოსი მეთქი”.[11]

ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე ემსჯელა 1906 წელს პეტერბურგში სინოდის საგანგებო სხდომაზე. ქართველი საზოგადოება კარგად აცნობიერებდა, რომ  რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება საკითხს დადებითად არ გადაწყვეტდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საკითხი გაცდა სამეცნიერო კამათის სფეროს, მან საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. პეტერბურგში სინოდის სხდომაზე დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეას მხარს უჭერდნენ ეპისკოპოსები: კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი. ქართველი ავტოკეფალისტების წინააღმდეგ გამოვიდა ჩვენი თანამემამულე, მოღალატე ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)… რუსეთის ხელისუფლებამ ქართველი ავტოკეფალისტების დისკრედიტაციისათვის გაავრცელა ჭორები მათი ტერორისტობის შესახებ და დაიწყო რეპრესიები. პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობით გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონი, სდევნიდნენ ლეონიდეს, არქიმანდრიტ ამბროსის. ქრისტეფორე ციცქიშვილი იხსენებდა: “გენერალმა ამილახვარმა დამიბარა ქართლში მოგზაურობის დროს და სხვათა შორის მკითხა რატომ ესა და ეს ქალაქელი მღვდელი არ აირჩიეს კრებაზე თავმჯდომარედ და შენ აგირჩიესო. მე ვუპასუხე, ქალაქელებს (იმისაგან დასახელებულებს) შედარებით კარგი ადგილები უჭირავთ, ეგზარქოსთანაც ახლო არიან და არ უნდოდათ ეწყენინებინათ მისთვის მეთქი, მე კი ვფიქრობდი, რომ სათქმელი უნდა თქმულიყო. ვინმეს უნდა გაეწია თავმჯდომარეობა, რომ ყრილობა არ ჩაშლილიყო, არ ვფიქრობდი, რომ ადგილიდან გადავეყენებინე მთავრობას და, თუ გადამაყენებდა მაინც და მაინც, ნათქვამია “გადმომიგდე იტრია, ვითომც ერთი კიტრია”,[12] ქართველმა სამღვდელოებამ რეპრესიების, დევნა-შეურაცხყოფის მიუხედავად უარი არ თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეაზე და როდესაც რუსეთის იმერიაში კიდევ უფრო გამწვავდა სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი, (1917 წლის თებერვალში იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა ს.ვ.) ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და 1917 წლის 12 (25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. ამ ბრძოლაში თვალსაჩინო იყო დეკანოზ ქრისტეფორე ციცქიშვილის დამსახურება.

1905 წლის შემოდგომაზე თბილისში ავლაბარში გაიხსნა ქალაქის პროგიმნაზია, სადაც ქალაქის თავის ჩერქეზიშვილის დახმარებით ქრისტეფორე ციცქიშვილი დაინიშნა საღვთო სჯულის მასწავლებლად 1911 წლის 23 აპრილს მას გარდაეცვალა მეუღლე და შვილების, ოჯახის პრობლემები მთლიანად თავის თავზე აიღო.

დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარებულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე მხარს უჭერდა თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს კანდიდატურას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ეპისკოპოსის კირიონის არჩევის შემდეგ ოპოზიციაში ჩაუდგა უწმიდესსა და უნეტარესს კირიონ II-ს. მისი განწყობა კარგად სჩანს 1918 წლის თებერვალში მის მიერვე დაარსებულ სასულიერო ჟურნალ “ახალ სიტყვაში”. “საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლებას ქართველმა ერმა წაუმძღვარა წინ თავისუფლებამ ეკლესიისა – აღნიშნავდა იგი – ვინც რა უნდა თქვას ჩვენ კი ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ხალხი თვინიერ სარწმუნოებისა, წარმოადგენს ცხოველთა ჯოგს, რომელსაც ვერავითარი ძალა, ვერავითარი ადამიანის ავტორიტეტი ვერ მიაღებინებს ზნეობრივ ვალდებულებათა საჭიროებას. ამას მოწმობს ისტორიაც და დღევანდელი რუსეთის არეულობაც, სადაც ურწმუნოების ხაზგასმით ქადაგებამ ხალხის მასას ცხოველური ინსტიქტები უმწვერვალესად აღუგზნა, რის შედეგებსაც ჩვენი თვალით ვხედავთ: ადამიანის ღირებულების დაცემას, დაუნდობლობას, შეუბრალებლობას, თვითგასამართლებას და სხვ. ეკლესია  და   რელიგია,   ხალხის  ამამაღლებელი, ზნეობრივად განმასპეტაკებელი საშუალებაა და ასეთი დანიშნულება რომ შეასრულოს ეკლესიამ თავისუფალი უნდა იყოს. ეს თავისუფლება ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა, მაგრამ არ კმარა საქართველოს საეგზარქოსოს, საქართველოს საკათალიკოსო დაერქვას, არ კმარა ძველი ტიტულების აღდგენა, ძველი საკათალიკოსო შესამოსელის გამომზიურება, საჭიროა ფხიანობა, შემოქმედებითი მუშაობის გაჩაღება, უნარი მოქმედ ძალების შემჩნევისა, დაფასებისა და მათი შეთანხმებულად დარაზმვისა, ნაკლები “მეობა” და მეტი “ჩვენობა” საქმე ბევრია, ეკლესიური ცხოვრება როგორც ყოველივე ამ ქვეყნად, ცვალებადობას განიცდის, იგი თანდათან უნდა ახლდებოდეს და უმჯობესდებოდეს. ამ ცხოველი განახლების გზაზე მტკიცე სიარული არის დანიშნულება ქართული თავისუფალი ეკლესიისა.”[13] ქრისტეფორე ციცქიშვილი იყო საქართველოს საკათალიკოსოს ოფიციალური ჟურნალ “სვეტიცხოვლის” სარედაქციო კოლეგიის წევრი, მაგრამ ჟურნალის არასასურველი მიმართულების გამო, როგორც იგი აღნიშნავდა დატოვა სარედაქციო კოლეგიის წევრობა. იგი დაუფარავად აკრიტიკებდა უწმიდესსა და უნეტარესს კირიონ II-ს. აცხადებდა “თუ ვინმესათვის ცხადი არ არის ჩვენი მიზანი, ვიტყვით კიდევ. ჩვენ არ მოვისვენებთ სანამ ჩვენი უფროსები არ იწამებენ წმიდა კოლეგიურ გამგეობას, სანამ იგინი არ მიეჩვევიან პატივით მოპყრან უმრავლესობის აზრს”.[14] ვფიქრობ უსამართლო იყო კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II დადანაშაულება არაკოლეგიალურ მმართველობაში. იმ დროისათვის საკათალიკოსო საბჭო კოლეგიალური მმართველობის საუკეთესო ფორმა იყო. ქრისტეფორე ციცქიშვილის კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-სადმი დამოკიდებულება კარგად ჩანდა მის გამოუქვეყნებელ წერილში “კათოლიკოსი კირიონი და მისი ღვაწლი-მოღვაწეობა.” “კათოლიკოსი კირიონი II გვარად საძაგლიშვილია. პირვანდელი მისი მოღვაწეობა გამოირკვევა თელავისა და გორის სასულიერო სასწავლებლებში, სადაც დღესაც არის დარჩენილი კვალი ამ მოღვაწეობისა, მაგრამ ამაზე ჰკითხოს თელაველებსა და გორელებს. გიორგი საძაგლიშვილმა 1896 წლის მიწურულში მიიღო ბერობა კურთხეულ იქმნა ეგზარქოს ვლადიმირის, შემდეგში კიევის მიტროპოლიტის მიერ, რომელსაც იღუმენმა კირიონმა თავის დროზე ხოტბა-დიდება შეასხა. “ქართლში მოციქულებრივი მოგზაურობისათვის. ჩვენ ვიცით ეგზარქოსმა ვლადიმერმა რა სიკეთეც უყო ქართულ ეკლესიას თავის აქ, თუ პეტროგრად კიევში – მიტროპოლიტად ყოფნის დროს. შემდეგ მომავალმა კათოლიკოსმა მიიღო გორის ეპისკოპოსობა. ამ დროს იმერეთის კათედრა იყო დაჭერილი ლეონიდეს და გურია-ოდიშისა ალექსანდრეს მიერ. არცერთი არ აპირებდა იმ ხანად სიკვდილს და კირიონს კი ესაჭიროებოდა ფრთების გაშლა. ამისათვის ითხოვა თავისი რუსეთში გადაყვანა. მამულის მოყვარული ადამიანი ამჯობინებდა თავისს სამშობლოში სამსახურს – უცხო ქვეყანაში აღმატების სურვილს, მაგრამ კაცია და ბუნებაო.

პირველ ხანად იმედი არ გაუმართლდა კირიონს. მისცეს მხო¬ლოდ ქორეპისკოპოსობა რუსეთში, მაგრამ მერე დაიმსახურა ქ. ორიოლის კათედრა. დადგა 1905 წელი. იაპონიამ რიგიანად შებერტყა ფუყი, ბუმბერაზი რუსეთი. რუსეთის თვითმპყრობელობა შეირყა, სხვა და სხვა ხალხებმა წარუდგინა რუსეთის მთავრობას მოთხოვნილებანი. საქართველოს სამღვდელოებამაც წამოაყენა მოთხოვნილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ჯერ იმერეთის სამღვდელოებამ, ეპისკოპოსის ლეონიდეს მეთაურობით გამოიტანა თავის საეპარქიო კრებაზე დადგენილება ამის შესახებ მარტში, და მერე ქართლ-კახეთის სამღვდელოებამ 1905 წლის მაისის ყრილობაზე, როდესაც მოხდა ყველასაგან სამახსოვრო ამბები. ეპისკოპოს კირიონს ამ მოთხოვნათა შექმნაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არც სიტყვით არც საქმით. ესმა კი რა ორიოლში, საქართველომ ავტოკეფალიის საკითხი წამოაყენაო, ითხოვა მაშინდელისათვის დაცლილი სოხუმის კათედრა, რაიცა სინოდმა მისცა, რომ ამით ქართველების გული მოეგო და ავტოკეფალიის მოთხოვნილების სურვილი გაენელებინა. ამრიგად, კირიონი გამოეშურა საქართველოში სხვამ არავინ დამასწროს კათოლიკოსობის მიღებაო. 1906 წელს კირიონი და ლეონიდი გაწვეულ იქმნენ სინოდში ჩვენი ეკლესიის საქმეებზე. არ ვიცით როგორ, რის და ვის საშუალებით, ეპისკოპოსმა კირიონმა მიიღო დაპირება მაშინდელი ობერ-პროკურორისაგან, რომ, თუ საქართველოს სამღვდელოება დაკმაყოფილდება ამით, შენ დაგნიშნავთ ეგზარქოსადო. ამ წინადადებით მოევლინა ეპისკოპოსი კირიონი თბილისში საქართველოს სამღვდელოების დელეგატებს, რომელთაგანაც კატეგორიული უარი მიიღო ამ კომბინაციაზე. ეს უარი გამომდინარეობდა იმ დავალებისაგან, რომელიც დაეკისრა ორთავე ეპისკოპოსს, კირიონს და ლეონიდეს, მოეთხოვათ ავტოკეფალია და არ გაემართათ სინოდთან რაიმე ვაჭრობა. სინოდის ობერ-პროკურორს ეგონა, რომ კირიონი დაითანხმებდა ქართველ სამღვდელოებას დაკმაყოფილებულიყვნენ რუსი ეგზარქოსის ქართველით შეცვლით და როდესაც დაინახა, რომ ეს კირიონმა ვერ შეძლო, სოხუმიდან სადღაც ქორეპისკოპოსად გადაიყვანა რუსეთში. ამ თანამდებობას თავი დაანება თავისით და სინოდმა მისცა საცხოვრებლად რომელიღაც მონასტერი. ამასობაში საქართველოში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. ამ მკვლელობაში მონაწილეობა უსაბუთოდ და განუკითხავად დააბრალა სინოდმა ეპისკოპოს კირიონს და არქიმანდრიტ ამბროსის. ამის გამო ამბროსი უეცრად გაგზავნეს `სტარაია რუსიას~ მონასტერში და დაუმორჩილეს სასტიკ რეჟიმს. ასეთივე მდგომარეობაში ჩააყენეს ეპისკოპოსი კირიონიც… 1917 წლის 27 თებერვლის რევოლუციის შემდეგ 12 (25) მარტისათვის გადაწყდა მცხეთაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამ დღისათვის  პოლოცკიდან გამოიწვიეს ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც არ მოვიდა. შემდეგ, როცა გაიგო ავტოკეფალიის გამოცხადება, გასწია სინოდში და იქიდან მოციქულად მოგვევლინა სინოდისა და ობერ-პროკურორისაგან… შემდეგ კი მედავითნე-დიაკონთა წყალობით მიიღო კათოლიკოსობა… აი მოკლედ მოწამეობრივი ღვაწლი კირიონ II. ეპარქიების ძებნა რუსეთის სივრცეზე, სინოდთან და ობერ-პროკურორებთან ვაჭრობა, მათ მიერ მოციქულად მოვლინება საქართველოში აქ მტკიცება, რომ სინოდსა და ობერ-პროკურორებს დიდად ჰყავთ მიჩნეული იგი, ხოლო იქ, სინოდში რწმუნება, რომ აქ საქართველოში დიდად მიღებული ჰყავს, ყველასა, აი ტაქტიკა კირიონისა… როგორი ყალბიც არის მოწამებრივი შარავანდედი კირიონ II-სა, ისეთივეა მისი მეცნიერული შარავანდედით. საზოგადოებაში გავრცელებულია ყალბი აზრი, როგორც მისი მოწამებრივობისა, ისე მეცნიერობისა. ბრბო ბრიყვია, საკმარისია გაიგონოს ამა და ამ კაცმა რაღაც სქელი წიგნი დაწერაო, რომ მეცნიერების სიგელი შესთავაზოს. თუ რა შინაარსისა ეს მეცნიერული ნაშთი, არავინ უკვირდება.”[15] სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო ქრისტეფორე ციცქიშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესსა და უნეტარესს კირიონ II-სადმი ასეთი დამოკიდებულება. მამა ქრისტეფორე კირიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გადმოცემისას უშვებს სერიოზულ უზუსტობებს. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში არაერთი მეცნიერული წერილი გამოაქვეყნა ეპისკოპოსმა კირიონმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის პრობლემებზე. რუსეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ ეპისკოპოსი კირიონი იყო ავტოკეფალური მოძრაობის ხელმძღვანელი და ამიტომ დევნიდა მას. იგი თავისი სურვილით არ წასულა რუსეთში, აიძულეს დაეტოვებინა სამშობლო, ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს, ბოლოს კი სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხიც. ი. ჩიჯავამისადმი გამოგზავნილ წერილში იგი წერდა: “ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდა, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან… მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გავიდეს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია.”[16] რაც შეეხებოდა ეპისკოპოს კირიონის მეცნიერული მოღვაწეობის შეფასებას, ვფიქრობ, მამა ქრისტეფორე აქაც სუბიექტურია, კირიონის მეცნიერული საქმიანობას აფასებდნენ და ანგარიშს უწევდნენ: პროფ. ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე შახმატოვი, ალექსანდრე ცაგარელი, გრიგოლ ყიფშიძე, თედო ჟორდანია და სხვ. კირიონთან მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი. არასწორია კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყალბი დიდების შარავანდედით მოხსენიება.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, მაგრამ ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა არა ეროვნული მიმართულების სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, რომელნიც აცხადებდნენ, რომ აშენებდნენ დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს. მათთვის უცხო იყო რელიგიურობა. ისინი ისეთ დადგენილებებს იღებდნენ, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის როლი და მნიშვნელობა. სოციალ-დემოკრატებმა ეკლესია სახელმწიფოსაგან, სკოლა ეკლესიისაგან გამოჰყვეს. 1918 წლის 1 დეკემბერს მეხუთე გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობიდან სასულიერო პირობის გამო გაათავისუფლეს დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი. იგი ამ დროს იყო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1921 წელს. 1918 წლის ივნისიდან 1920 წლის 1 სექტემბრამდე ღვთისმსახურებას ეწეოდა ქართულ ჯარში. 1921 წლის 1 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე საკათოლიკოსო საბჭოს დავალებით მსახურობდა გორის მაზრის სოფელ ნაბახტევის დროებით მღვდლად. დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში გამართული III საეკლესიო კრების მუშაობაში. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს გარდაცვალების შემდეგ ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ქართველ სამღვდელოებას არ მისცა უფლება თბილისში საეკლესიო კრების ჩატარების და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისა, ამიტომ გადაწყდა გელათში კრების გამართვა. კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსი. კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაემტკიცებინათ ურბნისის ეპარქიის სამღვდელოების მიერ გამორჩეული დეკანოზი ქრისტეფორე ურბნელ ეპისკოპოსად, ამავე დროს მიუთითა, რომ ამიერიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ¬მთავრების გამორჩევა მოხდებოდა მხოლოდ საკათალიკოსო საბჭოსა და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ.

ურბნელ ეპისკოპოსად დეკანოზ ქრისტეფორე ციცქიშვილის გამორჩევა გააპროტესტეს დეკანოზებმა ნიკიტა თალაკვაძემ, იოსებ ჩიჯვაძემ, ვასილ კარბელაშვილმა…

1922 წლის 18 მარტს სვეტიცხოველში შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. წირვის დამთავრების შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს, საზოგადოებას.

“უწმიდესო მეუფეო, თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, მოწყალენო ხელმწიფენო!

ღვთის განგებით, ნებითა სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო (გელათის) კრებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მღვდელმთავართა, მე მოწოდებულ ვარ უმაღლეს სამღვდელო ხარისხის, ეპისკოპოსობის მისაღებად. ვმადლობ პირველ ყოვლისა ღმერთსა და ზეციერ მღვდელმთავარსა, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელმაც ღირს-მყო ასეთსა დიდსა პატივსა, გმადლობთ თქვენ, უწმიდესო მეუფეო, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსო კეთილო, ვმადლობ მესამე საეკლესიო კრების წევრთ-მღვდელმთავართა, სხვათა სასულიერო და საერო, პირთა, რომ არ მიჰხედეთ ჩემს უღირსებას და მიცანით ღირსად ეპისკოპოსის ხარისხის მიღებისა: ცხადია ჩემთვის – თქვენმა ლმობიერებამ დაჰფარა აურაცხელნი ნაკლოვანებანი ჩემნი.

“არა არს უფლება, გარნა ღმრთისაგან” (რომ. 13.1), – ამბობს მოციქული პავლე, მაგრამ არა ყოველი უფლებით მოსილი არის საამო ღვთისათვის, არიან უფლება მოსილნი, ღვთისაგან რისხვად მოვლენილნი, როგორც ფარაონი მოსეს დროს, იროდი, ანნა და კაიაფა და სხვანი მრავალნი ძველად და დღეინდელსა დღესაც, მაგრამ მე ვსასოებ, რომ თქვენს არჩევანში ჩემს შესახებ, უფალს ჰნებავს გამოაღებიოს კეთილი ნაყოფი ჩემს მოღვაწეობას ერისათვის.

თქვენ ნუ გეუცხოვებათ, მე ვიტყვი, რომ მე ამ ბოლო დრომდე ფიქრადაც არ მომსვლია ეპისკოპოსობის ხარისხის მიღება, არც არავინ შემიწუხებია ამისათვის. ვიცოდი, რომ არ შემიძლია ღირსეულად ვატარო ეს მძიმე ტვირთი. მართალია, სიყრმითვე მქონდა ჩანერგილი გულში ღვთისა და ერის სამსახური, მაგრამ მე ჩემის ცხოვრებით ვგავდი უფრო სახარების იგავის იმ შვილს, რომელმაც მამის ბრძანებას, რომ წასულიყო და ემუშავნა ვენახში, ხალისით უპასუხა, ახლავე წავალო, მაგრამ დაპირება არ შეასრულა.

და სრულიად ბუნებრივად ვეკითხები ჩემს თავს, ვარ ღირსი ეპისკოპოსობის ხარისხის მიღებისა, თუ არა? მოსეს სიტყვები რომ გავიმეორო: “უფალო, მიავლინე სხვა იგი, რომლისა მივლინება ძალგიძს,” თუ ისაიასი: “აჰა, უფალო, მიმავლინე მე!” უკეთუ გავიხსენებ პავლე მოციქულის სიტყვებს: “ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფა (ტიტეს მიმ. 1.7) და სხვა, უკეთუ წარმოვიდგენ გონებით, თუ ვითარ შეაძრწუნებდა წმიდათა მამათა: ბასილი დიდსა, გრიგოლ ღვთისმეტყველსა, იოანე ოქროპირსა, ამბროსი მედიოლანელსა და სხვათა მრავალთა ეპისკოპოსის ხარისხის მიღება, უნებლიეთ დავეთანხმები მათ, ვისაც უღირსად მივაჩნივარ ეპისკოპოსის ხარისხის მიღებისათვის. მაგრამ ვსასოებ ყოვლად შემძლებელი ღმერთი განკურნებს სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა ჩემთა და მომცემს შეძლებას გავამართლო მათი იმედი, ვინც არ დაჰხედა ჩემს უძლურებას და მომიწოდა ამ დიდ თანამდებობისათვის.

ძნელია დღეს ღვთისა და ერის სამსახური. მსოფლიო ომმა სრულიად გადაატრიალა ტრადიციული შეხედულებანი. ძლიერნი ტახტნი მეფეთანი დაიმსხვრენ. ძველი ტირანია მოისპო, მაგრამ, “შეკრებასა ღვარძლისასა აღმოჰფხვრეს იფქლიცა.” (მთ. 13,29) და იფქლი უფროს, ვიდრე ღვარძლი. განსაკუთრებით ეკვეთნენ სარწმუნოებას. დღეს, სარწმუნოება მიაჩნია ნასწავლსა და უსწავლელს, ადამიანის დამამცირებელ და უკან ჩამომრჩენ ფაქტორად. ასეთი გარემოება გვაძლევს ჩვენ, სასულიერო მოღვაწეთ, შესაფერისად აღვიჭურვოდ და ისე ვიმოქმედოთ. მართალია, ეკლესია ქრისტესი ურყევია თავის საფუძვლებით, მაგრამ ეკლესიის მოქმედება, ხან მარტივდება, ხან კი რთულდება და ფართოვდება, ცხოვრებისდა გვარად. გონებრივი, ზნეობრივი, პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური ცვალებადობა აღიბეჭდების ეკლესიის ცხოვრებაზეც. ასეთი საზოგადოებრივი ცვლილებანი მოითხოვენ ეკლესიისა და მის მსახურთაგან ცხოვრებასთან შეფარდებულ მოქმედებას, ერთგვარ შეგუებას და ალღოს აღებას. ერთ წერტილზე გაჩერება ნიშნავს უკან ჩამორჩენას და ერთგვარ სიკვდილს.

თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენს გარშემო ცხოვრების დუღილს, შევნიშნავთ, რომ საზოგადოების სხვა და სხვა წრეებმა თავისებურად, მაგრამ ყველამ უარყოფითად განიცადეს განვლილი ამბები. ჩვენი ინტელიგენცია სხვა და სხვა მიზეზებისა გამო ამ უკანასკნელ საუკუნებში არ ყოფილა პატივისმცემელი ეკლესიისა, ამ ბოლო დროს კი ამ ინტელიგენციაში გაიმარჯვა და სათავეში მოექცა ცხოვრებას ის ნაწილი, რომელიც ეკლესიისადმი გულგრილობას კი აღარ სჯერდება, არამედ ეკლესიას სასტიკ ომს უცხადებს. მართალია, ხალხის დახმარებით მან დაამხო ტირანია თვითმპყრობელობისა, მაგრამ თვით უიმედოდ დასნეულდა უტოპიზმით. საიქიო სამოთხის უარისმყოფელებმა მოინდომეს ღვთისა და სარწმუნოების გმობით სააქაო სამოთხის დამყარება. მაგრამ ცხადი შეიქნა, ურელიგიოთ ზნეობის დამყარება ფუჭი ოცნებაა. სარწმუნოების დამცირებას მოჰყვება ამ ქვეყნადვე ჯოჯოხეთი. ადამიანი – ადამიანისთვის მგელიაო, იტყოდნენ რომაელები. ეს სიტყვები დღეს ალეგორიას კი აღარ შეიცავენ. ალაგ-ალაგ ადამიანი ისე დაეცა, რომ კაცის მჭამელად იქცა.

ინტელიგენციის ასეთმა ქადაგებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ მდაბიო ხალხი, ზნეობრივად დაეცა, ვერც უფლებრივად მოიპოვა რამე: ასეთივე დაბეჩავებულია, როგორც უწინ. ვერც ეკონომიურად გაღონიერდა, პირიქით, მისი კეთილდღეობა დიდს განსაცდელშია.

როგორ შეხვდა ახალ ცვლილებებს სამღვდელოება? მღვდლები არიან ეპისკოპოსის თანამშრომელნი და მის განზრახვათა აღმასრულებელნი. სამწუხაროდ სამღვდელოების უმრავლესობას დავიწყებული აქვს სახარება ქრისტესი, იმას შემუშავებული აქვს თავისი სახარება და მორალი. არამც თუ უნაკლულოდ არ ასრულებს იგი თავის მოვალეობას, არამედ მრავალი მღვდელი თვეში ერთხელაც არ შეიხედავს ეკლესიაში. ლოთობა, გარყვნილება, გაუტანლობა, უმცროს თანამოძმის დაჩაგვრა, მის კუთვნილ შემოსავლის მითვისებით – ძალიან ხშირი მოვლენაა სამღვდელოებაში, კერძოთ ქართლში. საჭიროა უღირს მწყემსთა გასწორება, ჯიუტთა ჩამოშორება ეკლესიისაგან და საერთოდ – სამღვდელოებაში შეტანა თავის ღირსების შეგნების და დაცვისა, საჭიროა მისი მოდუნებული ენერგიის ამოძრავება.

როდესაც ჩვენის ეკლესიის ჩამოთვლილ წყლულებს გავითვალისწინებ, უნებლიეთ შემიპყრობს შიში და სასოწარკვეთილება წინამდებარე სარბიელზე გამოსვლის ჟამს. მაგრამ დიდ არს უფალი და განუზომელია მოწყალება მისი ჩვენდა მიმართ! მე მრწამს: თვინიერ სარწმუნოებისა არ არის ერის კეთილდღეობა და ხსნა. ყოველი სასიცოცხლო ნიშნების მატარებელი ერი უნდა ეყრდნობოდეს სარწმუნოებას. ჩვენთვის, ქართველებისათვის ხომ ქრისტიანული სარწმუნოება არის ცხოველსმყოფელი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა მისი საიქიო და სააქაო ბედნიერება. ქრისტიანების შესუსტებამ დააუძლურა საქართველო. დროთა უკუღმა ტრიალმა გაამაჰმადიანა მესამედზე მეტი ქართველობა. ვერავითარმა პროპაგანდამ ვეღარ მოაქცია მათი გული საქართველოსკენ. ამის მოწამენია საინგილო, აფხაზეთი, მესხეთი, ტაო-კლარჯეთი, ბორჩალო. მაინც ქრისტიანული სარწმუნოება არის ცხოველი სვეტი ქართველი ერის არსებობისა. ამიტომაც უწოდა ქართველმა ერმა თავის ქრისტიანობის აკვანს, ემბაზს, პირველსა და უმთავრეს საყდარს მცხეთაში “სვეტიცხოველი”. ეს “სვეტი ცხოველი” უძღოდა ჩვენს მამა-პაპათ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში წინ, როგორც ღრუბლის სვეტი უძღოდა და უნათებდა გზას უდაბნოში ეგვიპტის მონობისაგან თავდაღწეულ ისრაელს. დღეს ეს სვეტი ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც დავით აღმაშენებლის და თამარის დროს, მას ნისლი გადაეფარა და ვეღარ სწვდება მისი სხივები საქართველოს ყოველ კუთხეს. ამ სვეტს ებრძოდა სპარსეთის და შემდეგ ოსმალეთის მუსულმანობა, მას ებრძოდა და დღესაც ებრძვის ვითომდა ქრისტიანულ რუსეთის უხეში ძალა, ძველი და ახალი, მაგრამ ძალუმია ქართველ ერის ძველი კულტურა, რომელიც გაღვიძებული იყო, ჯერ კიდევ X ს-ის უწინარეს ქრისტეს მოსვლისა და გაკეთილშობილდა ქრისტიანობის ზედგავლენით. დღესაც მაგრადა სდგას ჩვენი სასოება “სვეტიცხოველი” – ეკლესია ქრისტესი. “სვეტი-ცხოველი” მიაფენს თავის შარავანდედს საქართველოს ყოველ კუთხეს და შეჰკრებს მთლიან საქართველოს. ისევ “სვეტმაცხოველმა” უნდა ადინოს და აწვეთოს ქართველთა გულში მირონი დაუშრეტელი და მისცეს მას ძალი და სიმხნე ღვთისა და სამშობლოს სიყვარულისა და სამსახურისა.

ამ რწმენით და სასოებით მივიღებ მღვდელმთავრობის ხარისხს. მივანდობ უფალს ჩემს თავს და შევთხოვ მას, მომცეს ძალი და სიმხნე ურცხვენელად ვიღვაწო სადიდებლად მისდა და სასარგებლოდ ერისა ჩვენისა. ვსასოებ, რომ მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მოვლინებულ იქნება ჩემზედა, უწმიდესო მეუფეო და თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ლოცვითა და ხელდასხმითა თქვენისათა, შეავსებს ნაკლოვანებათა ჩემთა. ილოცეთ ჩემთვის თქვენცა, მამანო და ძმანო, რათა განამტკიცოს უფალმა ძალნი ჩემნი, რათა წარემათებოდნენ სულიერითა ჰასაკითა  ჩემ მიერ ძღვანებულნი პირმეტყველნი ცხოვარნი და მწყემსნი, რათა არა წარვიწყმიდო სული ჩემი და არცა წარვსწყმიდო სულნი სულიერთა შვილთა ჩემთანი.”[17] მეუფე ქრისტეფორეს ეს სიტყვა ზუსტად ასახავდა XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების სურათს. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება როგორი ნათელი ფერებითაც არ უნდა შეფუთულიყო გონიერი ადამიანებს ვერ მოატყუებდა. მოდიოდა ნგრევისა და წარსულის უარყოფის მძიმე პერიოდი… სასულიერო წოდება უნდა მომზადებული შეხვედროდა მოსალოდნელ განსაცდელს…

4. მღვდელმთავრობის ხანა

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში გადავიდა, საიდანაც ემიგრაციაში წავიდა. ევროპის სახელმწიფოებმა მხოლოდ დიპლომატიურ დონეზე გააპროტესტეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. ახალმა საოკუპაციო ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ “რევკომმა” გააუქმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუცია, ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მიმართ დაიწყო ტერორი. აპატიმრებდნენ და გაუსამართლებლად ხოცავდნენ ქართველს პატრიოტებს, საქართველოს სხვადასხვა პროვინციებში სისხლის გუბეები დადგა. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მთავარი სამიზნედ იქცნენ ქართული ეროვნული ცნობიერების მატარებელი ინტელიგენცია და არისტროკრატია. მათთვის მიუღებელი იყო სამშობლოს, ეროვნების ცნება. – საქართველო ძალიან გათავხედდა და იგი უნდა გადაიხნას. – ამ სიტყვების ავტორმა იოსებ სტალინმა ყველაფერი გააკეთა თავისი სამშობლოს გადასახნავად. 1921-1922 წლებში საქართველოს ჩამოაშორეს ერთა ლიგის მიერ საქართველოს სახელმწიფოს კანონიერ საზღვრებში მოქცეული შემდეგი ტერიტორიები: ისტორიული ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირის ოლქი, საინგილო, სოჭის რაიონი. გარდა ამისა დარჩენილი ტერიტორია დააქუცმაცეს ავტონომიებად (აფხაზეთი, აჭარა, სამხრეთ ოსეთი). საქართველო თავისი ავტონომიებით შეიყვანეს ამიერკავკასიის ფედერაციაში და მისი მეშვეობით ახალ მოდერნიზებულ რუსულ იმპერიაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი უწოდეს.

ბოლშევიკური ხელისუფლება იყო ურწმუნო ფანატიკოსების ჯგუფი, რომელთაც სძულდათ ტრადიციული რელიგიები და სწამდათ ახლად შექმნილი კერპები მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი, ტროცკი, ბუხარინი, ზინოვიევი. საოკუპაციო ხელისუფლება შიშობდა მათი ბოდვითი იდეები ხალხში ფეხს ვერ მოიკიდებდა, თუ არ მოსპობდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანულ სარწმუნოებას. 1921 წლისათვის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას 1450 მოქმედი ეკლესია, 25 მონასტერი, 1600 სასულიერო პირი ჰყავდა. ეს მნიშვნელოვანი ძალა იყო და ბოლშევიკების მტკიცებით საჭირო იყო მათი განადგურება. საოკუპაციო ხელისუფლების რევკომის 1921 წლის 15 აპრილის დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია გამოცხადდა იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციად და მთელი მისი ქონება ბოლშევიკური ხელისუფლების საკუთრებად. ამ დადგენილების გამოცემის შემდეგ დაიწყო აგრესიული ათეიზმის უმძიმესი ხანა, ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, საეკლესიო სიწმიდეთა შეურაცხყოფა – დატაცება, ეკლესიათა ნგრევა, სასულიერო პირთა დაპატიმრება – დახვრეტა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თავს დაატყდა საშინელი ტერორი და ცილისწამება. ასეთ რთულ ეპოქაში მოუხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება ცხუმ-ბედიელ მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ გელათის საეკლესიო კრებაზე მკაცრად გააპროტესტა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მიღებული 1921 წლის 15 აპრილის დადგენილება და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სინდისის თავისუფლების დეკრეტს. “ხელისუფლების მიერ ამ სამართლიანი მოთხოვნის უარყოფა მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გამოცხადებულია დევნილ სარწმუნოებად და ეს გარემოება ეცნობება ყველა მორწმუნეთ.”[18] საოკუპაციო ხელისუფლებამ არა თუ გააუქმა აღნიშნული დადგენილება, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები. ასეთ რთულ ვითარებაში დაიწყო თავისი სამღვდელმთავრო მოვალეობის შესრულება ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა, რომელიც აკურთხეს მანგლელ-ურბნელად. ამ დროს აღნიშნული ეპარქიები, იქ მყოფი სამღვდელოება ხელისუფლებისგან განიცდიდა სასტიკ ზეწოლას. მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ შექმნილი ვითარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე არაერთხელ იქნა განხილული. 1922 წლის აპრილში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ საგანგებო წერილით მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს და მოითხოვა მსოფლიოს დიდი სახელმწიფოებისგან დაეცვათ საქართველო, ქართველი ერი, რომელიც საოკუპაციო ხელისუფლების წყალობით სისხლისაგან იცლებოდა. სამწუხაროდ დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერა სიტყვიერ თანაგრძნობას არ გასცილებია. საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი დაკითხვაზე გამოეძახებინათ “ჩეკაში”. 1922 წლის 13 ივნისს საპატრიარქო სასახლეში მიმდინარეობდა საკათალიკოსო საბჭოს სხდომა, სადაც მივიდნენ “ჩეკას” წარმომადგენლები და გამოაცხადეს “კათოლიკოსი დაკითხვაზე უნდა წამოვიდეს “ჩეკას” თავმჯდომარესთან კოტე ცინცაძესთანო.” კათოლიკოს-პატრიარქმა ითხოვა ათი წუთი, განაგრძო სხდომა და გამოაცხადა მისი შესაძლო დაპატიმრების შემთხვევაში აუცილებელი იყო რომელიმე მღვდელმთავარს მისი მოვალეობა შეესრულებინა, ამიტომ იგი ქმნიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველობას და მის თავმჯდომარედ მანგლელ-ურბნელ ეპისკოპოსს ქრისტეფორე ციცქიშვილს ნიშნავდა. დროებითი მმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის დაპატიმრების ან ავადმყოფობის შემთხვევაში. კათოლიკოსის დაკითხვა “ჩეკას” შენობაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ხელისუფლებამ უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის ბრალი დასდო: “ცილისწამებაში”, საბჭოთა ხელისუფლების გაბრიაბრურებაში,” “კონტრევოლუციონერებაში.” 1922 წლის 17 ნოემბერს საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის ჩამოერთმია საპატრიარქო სასახლე. პატრიარქი ამბროსი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 1923 წლის 13 იანვარს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ჩეკას) გადაწყვეტილებით დაპატიმრებულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობა გადავიდა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის ხელში, რომელსაც მეთაურობდა მანგლელ-ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი). რა უნდა გაეკეთებინა ასეთ რთულ ვითარებაში მეუფე ქრისტეფორეს? იგი პირველ ყოვლისა შეეცადა ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლას და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ყველა არ იზიარებდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის შინაარსს. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ეს განცხადება სასურველი მესიჯი იყო. ხელისუფლება შეეცადა და ნაწილობრივ მიაღწია კიდეც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შიგნით დაპირისპირების პროვოცირებას. სასულიერო პირთა ნაწილმა გულუბრყვილოდ დაიჯერა, თუ არა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მემორანდუმი საბჭოთა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ასეთი დაპირისპირება არ იქნებოდაო. ბოლშევიკური პრესა, უშიშროების აგენტურა, აქტიურად ცდილობდა მოსახლეობაში ამ აზრის განმტკიცებას. ბოლშევიკები შეეცადნენ ეკლესიის შიგნით დასაყრდენის მოპოვებას, მათთვის სარწმუნოების, საეკლესიო კანონიკისა და სამშობლოს ინტერესების დამცველი სასულიერო პირები მიუღებელნი იყვნენ, ამიტომ სასულიერო წოდება ორ ჯგუფად გაჰყვეს. პირველი მიმართულების წევრები, რომელნიც შეურიგებელნი იყვნენ საოკუპაციო ხელისუფლების მიმართ მოინათლენ როგორც “პირწავარდნილი რეაქციონერი ანტისაბჭოელები” და გააგრძელეს მათი დევნა-შევიწროება, მეორე მიმართულების წევრებს, რომელნიც მოსურნე იყვნენ საოკუპაციო ხელისუფლებასთან დიალოგის და თანამშრომლობისა “პროგრესიული სამღვდელოება” ეწოდა. ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) ქართველი სამღვდელოების იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვინც თვლიდა, რომ ეკლესიის გადასარჩენად აუცილებელი იყო ხელისუფლებასთან დიალოგი, ამავე დროს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში საჭირო იყო განახლება და რეფორმები. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ამ “რეფორმებში” მისთვის სასურველი პოზიცია დაინახა. 1923 წლის 10 სექტემბერს მეტეხის ციხეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმარველის, ურბნელი ეპისკოპოსის ქრისტეფორესა და ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსის დავითისაგან (კაჭახიძე) ასეთი შინაარსის მიმართვა მიიღო “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ 1923 წლის 9 სექტემბერს სხდომაზე დაადგინა: საკათალიკოსო საბჭო სცნობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ყოფნა საქართველოს ეკლესიის სათავეში ამჟამად ვნებას აყენებს ეკლესიას და ამისათვის განაჩინებს: ეთხოვოს მის უწმიდესობას თავისი ადგილი დაუთმოს სხვა პირს.”[19] მსგავსი შინაარსის განცხადება უფრო მწვავე შეფასებებით განმეორდა 1924 წლის 16 ოქტომბერს “ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერთ გავითვალისწინეთ რა საქართველოს ეკლესიის დღევანდელი უნუგეშო მდგომარეობა ტაძრების ნგრევა, მღვდელთაგან ნაძალადევად სამსახურისათვის თავის დანებება, დაჭერა და ციხეში ჩაგდება და ბოლოს დახვრეტაც კი, მორწმუნე ერის წუხილი და გოდება ეკლესიების გაუქმების გამო, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზია მემორანდუმი. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა როგორც მთლიანად ქართველ ერს, ისე განსაკუთრებულად საქართველოს ეკლესიას, ამისათვის მოვითხოვთ, რომ ამბროსიმ საჯაროდ აღიაროს თავისი შეცდომა. თუ არ აღიარებს შეცდომას მოწვეულ იქნას კრება მის გადასაყენებლად.” მიმართვას ხელს აწერდნენ ეპისკოპოსები: ქრისტეფორე (ციცქიშვილი), დავითი (კაჭახიძე), სვიმეონი (ჭელიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი). ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია სახეზე იყო ეკლესიის შიგნით დაპირისპირება. ამას ადასტურებდა 1925 წლის 6 იანვრის გაზეთი “კომუნისტის” ინფორმაცია, რომელიც იუწყებოდა: “1925 წლის 2 იანვარს რელიგიურ საზოგადოებათა წარმომადგენლობის კრებამ, რომელსაც ესწრებოდნენ: თ. სახოკია, ი. მირიანაშვილი, დ. ლაზარიშვილი. ანტ. თოთიბაძე, დ. გარსიაშვილი, მ. ფხალაძე, ი. რატიშვილი, ნ. მაჭარაშვილი დაადგინა: ეპისკოპოს ქრისტეფორეს გამოუცხადოს უნდობლობა.”[20] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მისი გადადგომის მოსურნეთ შემოუთვალა, რომ იგი თავისი ნებით არ გადადგებოდა, თუ სურდათ, ოფიციალურად გადაეყენებინათ. საზოგადოების უმრავლესობისათვის ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება მიუღებელი იყო, უწმიდესი ამბროსი საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირისათვის სასულიერო პირთა ნაწილისგან გადადგომის და მონანიების მოთხოვნა ხელისუფლებისაგან დაკვეთად აღიქმებოდა. ოფიციალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დიალოგის სურვილმა ეკლესიაში განახლებისა და რეფორმების მოსურნენი კიდევ უფრო შორს წაიყვანა. 1923 წლის 2 სექტემბერს ქუთაისში ჩატარებულ სამღვდელოების კრებას დაესწრო პროვინციელი ბოლშევიკების ლიდერი ვალია ბახტაძე, რომელმაც სასულიერო პირებს მიმართა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო განახლებული ეკლესია და რა შემთხვევაში ითანამშრომლებდა ხელისუფლება მასთან. ეპისკოპოსმა დავითმა გულახდილად განაცხადა: “დადგა დრო, ეკლესიაში განხორციელდეს ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. ამ გზით გადადგმულ იქნას პროგრესული ნაბიჯები ეკლესიურ ცხოვრებაში, გენუის კონფერენციაზე გაგზავნილმა მემორანდუმმა, კონტრრევოლუციურმა გამოსვლებმა საქართველოს ეკლესია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, საბჭოთა ხელისუფლებამ იგი თავის მტრად მიაჩნია და ამიტომ დაარბია ეკლესიები, დაიქსაქსა სამღვდელოება, მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეკლესიას პოლიტიკასთან არავითარი საერთო არა აქვს, თუ ამას დავამტკიცებთ ნორმალურ პირობებში, მაშინ ალბათ ხელისუფლება შეწყვეტს ეკლესიის საწინააღმდეგოდ კამპანიას.”[21] ნუთუ მართლა სჯეროდათ მათ, რომ საოკუპაციო ხელისუფლების ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულების მიზეზი მხოლოდ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმი იყო? რა თქმა უნდა არა. ხელისუფლებას უფრო დიდი გეგმები ჰქონდა. იგი ახალ რელიგიას “სოციალიზმს და კომუნიზმს” სთავაზობდა საზოგადოებას და იქ ჭეშმარიტი რელიგიის ადგილი აღარ რჩებოდა. მაინც რა რეფორმებს და სიახლეებს გულისხმობდნენ ეკლესიაში ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მოსურნენი? ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს მათ მიერ შედგენილი “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სარეფორმო პროექტი,” რომლის თანახმადაც უქმდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო (სინოდი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა. საქართველოს ეკლესიის მეთაური იქნებოდა თბილისის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც უნდა დაქვემდებარებოდა ქართლ-კახეთის ეპარქიის კათედრები, მისი რეზიდენცია იქნებოდა თბილისში. თბილისის მღვდელმთავარს თანაშემწედ ეყოლებოდა ქორეპისკოპოსი. იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიას მართავდა ქუთაისის მღვდელმთავარი, რომელსაც კათედრა ექნებოდა ქუთაისში, აფხაზეთსა და სამურზაყანოს ეპარქიას მართავდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, რომელსაც კათედრა ექნებოდა სოხუმში. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს ეხმარებოდნენ მთავარეპისკოპოსები, რომელთაც ეპარქიები დაყოფილი აქვთ ოლქებად და ცხოვრობენ იქ, სადაც მოესურვებოდათ. პროექტის თანახმად ცვლილებები უნდა შეხებოდა თვით ეკლესიასაც. საკურთხევლის კანკელს მოაჯირი ცვლიდა, ეკლესიიდან უნდა გამოეტანათ ყველა ხატი  (მაცხოვრის ხატის გარდა), ტაძარში იკრძალებოდა საკმევლისა და საცეცხლურის გამოყენება, სამრეკლოდან ზარის დარეკვა შეიძლებოდა მხოლოდ ერთხელ წირვის დაწყების წინ, რეფორმატორთა აზრით დროის მოთხოვნის შესაბამისად უნდა გამარტივებულიყო ღვთისმსახურება, წირვის დროს არასავალდებულოდ ცხადდებოდა სამოციქულოს წაკითხვა, შვიდი საიდუმლოდან სავალდებულო არ იყო სინანული, ჰიგიენური მოსაზრებით ზიარების დროს სავალდებულო არ იყო ბარძიმიდან ზიარება. საეკლესიო წიგნები ძველი ქართულისა და ასომთავრულ-ხუცურის ნაცვლად უნდა გათანამედროვებულიყო. უნდა შემცირებულიყო საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა, კატეგორიულად იკრძალებოდა ბერ-მონაზვნობა, ვისაც უნდოდა შეეძლო განდეგილად ეცხოვრა, ეს მას არანაირ პრივილეგიას არ ანიჭებდა. საეპისკოპოსო კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო ცოლიანი, ან ქვრივი. შეიძლებოდა დაქვრივებული მღვდლის მეორედ დაქორწინება. იკრძალებოდა მარხვა, აუცილებლად იყო მიჩნეული საეკლესიო დღესასწაულების ახალი სტილით აღნიშვნა, მრავალსაუკუნოვანი ქართული საგალობლების გათანამედროვება. ისინი მიიჩნევდნენ, თუ ეს რეფორმა საეკლესიო ცხოვრების სფეროში გატარდებოდა, ამას მოჰყვებოდა ეკლესიის საქმიანობის გამოცოცხლება და პროგრესის გზაზე დამყარება, კარჩაკეტილობისა და ცალმხრივობის მოსპობა, მისი გამოცოცხლება და გავრცელება ყველა იმ საქმეზე, რომელნიც ემსახურებიან, როგორც კერძო პიროვნებას, ისე საზოგადოებრივი განვითარებისა და პროგრესის საქმეს.”[22] ეცნობი ამ პროექტს და უსიამოვნო განწყობა გეუფლება, ეკლესია, საეკლესიო კანონიკა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა და შეუცვლელად მოაღწია XX საუკუნემდე დადგა უდიდესი განსაცდელის წინაშე. საზოგადოებაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება არ უნდა აისახოს ეკლესიაზე, სამწუხაროდ მათ ეს არ ესმოდათ და ამ რეფორმის ცხოვრებაში გატარება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სრულ განადგურებას გამოიწვევდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალ სტილზე გადასვლის შესახებ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა სახელმძღვანელოდ ახალი სტილის კალენდარის შემოღების შესახებ ასეთი დადგენილება გაავრცელა:

“1. 1923 წლის 24 ოქტომბრისა შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველ ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები, წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წელს ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალი სტილით. გამოეცხადოს საკათალიკოსო საბჭოს მადლობა – პროფესორ დიდებულიძეს და ბენაშვილს, პასქალიონის შედგენისათვის ახალის სტილის კალენდრის თანახმად.

დადგენილებას ხელს აწერდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე, ეპისკოპოსი ქრისტეფორე ურბნელი, დეკანოზი გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამინ კანდელაკი, ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

2. 1924 წლის 11 აპრილს: “საკათ. საბჭომ” მოისმინა განცხადება ეპისკოპოს სვიმონ ჭყონდიდელისა, შუამდგომლობა სხვადასხვა ადგილებიდან მორწმუნეთაგან და დადგენილება ტფილისის სამღვდელოების კრებისა, რომ პასექის უქმობა 1924 წელში, მხოლოდ ამ წელში, გამონაკლისის სახით, მოხდეს ძველი სტილით, დაადგინა: “საკათ. საბჭო ადასტურებს თავის დადგენილებებს, შესახებ ახალის სტილის შემოღებისა საქართველოს ეკლესიაში, მხოლოდ ამა 1924 წლის პასექის უქმობას აცხადებს ძველი სტილით.”

ხელს აწერენ: საკათალიკოსო საბჭოს დროებითი თავჯდომარე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, მიტრ. ნაზარი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, დეკანოზი გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ. კანდელაკი, ივანე რატიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

3. 1924 წლის 16 ოქტომბრის: “თანახმად საკათ. საბჭოს დადგენილებათა 1923 წლის 24 ოქტომბრიდან და 1924 წლის 11 აპრილიდან, შემოღება ახალი სტილის კალენდრისა საქართველოს ეკლესიაში დადასტურებულ იქმნეს.”

ხელს აწერენ: კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, ეპ. დავითი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, ეპ. ნესტორი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამენ კანდელაკი, გერასიმე იმნაიშვილი.

თანახმად ზემო მოყვანილ სრ. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა, მე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითმა მოადგილემ, ურბნელმა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ამა 1925 წლის 14 იანვარს, წმიდისა მოციქულთა სწორისა, ქართველთა განმანათლებელის ნინოს ხსენების დღეს, ტფილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამოვაცხადე საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა საცნობელად და სახელმძღვანელოდ.

ახალი სტილის კალენდარი მიღებულია საქართველოს ეკლესიის მიერ მთლიანად და ყველა დღესასწაულები, როგორც უძრავნი, ისე მოძრავნი, მარხვანი და წმიდათა ხსენებანი უნდა გადახდილ იქმნეს ახალის სტილის კალენდრის მიხედვით. 1925 წელში იქმნება:

1) ბრწყინვალე აღდგომა 12 აპრილს; 2) მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე პირველ თებერვალს; 3) ხორცთა აკრება 15 თებერვალს; 4) ყველიერის აღება 22 თებერვალს; 5) ბზობა 5 აპრილს; 6) ამაღლება 21 მაისს; 7) სულის წმიდის მოფენა 31 მაისს; 8) პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი 8 ივნისს.

ახალი სტილის კალენდრის შესახები საკათ. საბჭოს დადგენილებანი ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს, დადასტურებულია საკათ. საბჭოს გაძლიერებულ შემადგენლობისაგან, ე.ი. ეპისკოპოსთა თანადასწრებით, რამდენჯერმე. ამის გამო საკითხი ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათ. საბჭოში აღარ დაისმის.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე: მიტრ. ქრისტეფორე ურბნელი.

1925 წ. 14 იანვარი”[23]

იმ დროს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა დაპატიმრებული იყო კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მეთაურობით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ახალ სტილზე გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთობ სარისკო, გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. მართალია, დროებითი მმართველობა იშველიებდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მაგალითს, უწმიდესი ბასილ II წერილის, მაგრამ მორწმუნე მრევლმა ამ დადგენილების ინსპირატორად ბოლშევიკური ხელისუფლება მიიჩნია და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ახალი სტილის მოსურნეთ. ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ სცადა მხარდაჭერა მიეღო ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებისაგან. პროფესორმა კორნელი კეკელიძემ დროებითი მმართველობის ამ გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა: “მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი ცხოვრებაში გატარება – წერდა იგი – ცხადია მორწმუნენი საუკუნეთა განმავლობაში შეჩვეულნი ძველ ტრადიციებს, უცბათ ერთი ხელის დაკვრით ვერ შეითვისებენ ახალ წესს, მაგრამ სამღვდელოების ვალია თანდათან მიზანშეწონილი ხელმძღვანელობათა და ახსნა-განმარტებით შეაჩვიოს ისინი ამას”[24]ახალ სტილს სრული მხარ¬დაჭერა გამოუცხადა ისტორიკოსმა სერგი გორგაძემ.

საინტერესოა ეპისკოპოსის ქრისტეფორეს წერილი ივანე ჯავახიშვილისადმი. ამ წერილში ავტორი ცდილობს თავისი პოზიციის გამართლებას “მის გამო მე მნათლავენ რუსეთის ცოცხალი ეკლესიის (“обнавленц”-ების) მომხრეთ”, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში რთული ვითარება შეიქმნა. მრევლის უმრავლესობამ უარი განაცხადა ახალი სტილით დღესასწაულების აღნიშვნაზე. მართალია IV საეკლესიო კრებამ დაადასტურა (1927 წლის 24 ივნისს) ახალი სტილის კანონიერება, მაგრამ 1928 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო სინოდი იძულებული გახდა ასეთი შინაარსის განცხადება გაევრცელებინა: “ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რისი მიზეზიც მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობაა ამ საკითხში. მათი აზრით, ახალი კალენდრის შემოღება უაღრესად ძნელია იქ, სადაც საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს არ მიაჩნიათ დასასვენებელ დღეებად. ამიტომ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა: 1928 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიაში დღესასწაულნი, უძრავ-მოძრავნი და მარხვანი სრულდებოდეს იულიუსის კალენდრით.”[25]

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში საგანგებო ვითარება შეიქმნა. ერთ მხარეზე იყვნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრებული წევრები, რომელნიც ბოლშევიკურ ხელისუფლებას უწოდებდნენ საოკუპაციო ხელისუფლებას და მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ. უწმიდესი ამბროსი სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა: “მქონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი იმნაირ კითხვებს, რომელნიც წამოყენებულნი არიან ჩემს წერილში? როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე მტრების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს, ასეთ დროს ცუდია არ ვიტვირთოთ მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას”[26]. მეორე მხარეზე იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრები ეპისკოპოსის ქრისტეფორეს მეთაურობით, რომელნიც თვლიდნენ, თუ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე არ წავიდოდნენ საქართველოს ეკლესიას სრული კატასტროფა მოელოდა. ეპისკოპოსი ქრისტეფორე ივანე ჯავახიშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: “აბა თქვენ გაგეგზავნათ მემორანდუმი ევროპაში, რა მოუვიდოდა ქართულ უნივერსიტეტს, მას სრულიად გაანადგურებდნენ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენ ეს სიფრთხილე ვერ გამოვიჩინეთ და საქართველოს ეკლესია განადგურდა.”[27] უნივერსიტეტს პროფესურის სიფრთხილის მიუხედავად მაინც შეესივნენ ბოლშევიკები ჯერ ავტონომია წაართვეს მას, რექტორობას ჩამოაშორეს ივანე ჯავახიშვილი, ხოლო მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები   ნაციონალისტობის ბრალდებით უნივერსიტეტიდან გააძევს, ბევრი მათგანი დააპატიმრეს, მათ ჩაენაცვლნენ ახალი დროის გამეცნიერებული პროფანები, რომელთაც ისტორიამ “წითელი პროფესურა,” ხელისუფლების ნების უსიტყვო აღმასრულებელნი, მისი ნასუფრალით აღზევებულნი უწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ  დაგმო 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყება და მას პოლიტიკური ავანტურა უწოდა, ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღიარებდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას როგორც ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებას. თუმცა ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის შექმნილ უმძიმეს ვითარებას ოდნავაც არ ცვლიდა. საქართველოს სახკომსაბჭოს 1923 წლის 23 ნოემბრის დადგენილებით კვლავ გრძელდებოდა მოქმედი ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, საეკლესიო ქონების ჩამორთმევა წმიდა ხატების, ჯვრების ვანდალური განადგურება, სასულიერო პირთა დაპატიმრება და დახვრეტა. 1924 წლის 19 აგვისტოს ქუთაისის მაზრის პასუხისმგებელი რწმუნებულის ვინმე შონიას განკარგულებით ანტისაბჭოთა, აგიტაციას ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთოზ ნიკოლაძე. ტერორი და რეპრესიები მძვინვარებდა მთელ ქვეყანაში. საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებდა, რომ სინდისის თავისუფლებას იცავდა, არ ავიწროებდა ეკლესიებს, მაგრამ მისი ხელმძღვანელები საიდუმლო წერილებში მოითხოვდნენ საეკლესიო ქონების ექსპროპრიაციის (ჩამორთმევის) დაჩქარებას. ამას ადასტურებდა 1925 წლის საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის სხდომის ოქმი N20. “განსახილველი საგანი: საეკლესიო განძეულობის შესახებ (მომხ. ფილიპე მახარაძე) დადგენილება: წინადადება მიეცეს ამიერკავკასიისფინსახკომის რწმუნებულს საქართველოში სასწრაფოდ წარმოადგინონ საქართველოს ცაკში დაწვრილებით ცნობები თუ რომელი ეკლესიებიდან რამდენი განძეულობა იყო გამოტანილი, სად იმყოფება დღეს ეს განძეულობა, თუ გაუკეთდა ამ განძეულობას რეალიზაცია, რა დანიშნულებას მოხმარდა რეალიზაციიდან მიღებული თანხები.”[28] ასეთ ვითარებაში დაიმსხვრა იმის ილუზია, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ეკლესიას მდგომარეობას შეუმსუბუქებდა. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერის მიხა ცხაკაიასადმი გაგზავნილი წერილიდან ჩანს როგორ ილუზიებში იყო იგი “კომუნიზმის გაძლიერებისათვის უმჯობესია, საბჭოთა ხელისუფლებამ უმაღლესი საერო მთავრობის N25 დეკრეტი სარწმუნოების შესახებ დაიცვას. ხოლო თუ საეკლესიო წესებში და სამღვდელოებაში რაიმეა დასაგმობი, მიზეზი თვით რელიგიაში – ქრისტიანობაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ თავად სამღვდელოებაა გასაჩოთქი”[29] სამღვდელოება არა თუ “გაჩოთქეს” დაატერორეს და საერთოდ მოქალაქეობრივი უფლებებიც ჩამოართვეს.

1924 წლის 15 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი, ეპისკოპოსი ქრისტეფორე იძულებული გახდა საგანგებო წერილით გამოხმაურებოდა შექმნილ რთულ ვითარებას. იგი მთავრობის თავმჯდომარეს ატყობინებდა: “მიუხედავად 1923 წლის ხელისუფლების ინსტრუქციებისა და რელიგიურ საზოგადოებათა დაარსების ორგანიზაციისა და თავისუფლად მოქმედების შესახებ ცხოვრებაში არ ტარდება, ფაქტიურად ხალხს აკრძალული აქვს სარწმუნოებაზე ხმის ამოღება. საქართველოში, დაკეტილია 1000-ზე მეტი ეკლესია (იხ. გაზ. “კომუნისტი” 1924 წ. 10 მაისი). ეს გარემოება ვერ აიხსნება ვერც ჩვენი ხალხის ვითომდა დაწინაურებით, ვითომც სარწმუნოებისადმი გულგრილობით… არსად საკავშირო რესპუბლიკების ტერიტორიაზე არ წარმოებს სარწმუნოების ისე შევიწროება, როგორც საქართველოში… საჭიროა ყველა ერებმა, რომელნიც საბჭოთა ფედერაციაში შედიან იგრძნონ თავი არა როგორც გერებმა, როგორც ეს იყო 1917 წლის რევოლუციამდე, არამედ საკავშირო სოციალისტური საბჭოთა სახელმწიფოს რესპუბლიკების ღვიძლ შვილებად ჭირსა და ლხინში. ქართველი ხალხი სარწმუნოების საკითხში დაჩაგრულად გრძნობს თავს… ნებას მივცემ ჩემ თავს გულახდილად ავღნიშნოთ ერთი გარემოება. მიმდინარეობს დაცინვა, გამასხარავება სასულიერო პირებისა, საზოგადოდ და ნამეტნავად ქუჩებში, ეს უფრო ამცირებს მათ, ვინც დაცინვას აწარმოებს, ხოლო სამღვდელოებას მოსახლეობის თვალში მოსავს შარავანდედითა და მოწამებრივი გვირგვინით. ასეთ დაცინვას აწარმოებდნენ ახალგაზრდები, ასე იქცევიან განსაკუთრებით რუსები, სომხები და ებრაელები. შეგიძლიათ მთლიანად დაკეტოთ ეკლესიები სარწმუნოება ისევ დარჩება უმრავლესობის გულში. განა სამღვდე-ლოებამ არ იცის, რომ საეკლესიო ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ ხმას ვერავინ იღებს, ჩვენ გვიხდება ეკლესიის განახლებაზე ფიქრი, როცა მთავრობა წმინდად ათეისტურია.

აუცილებლად მიგვაჩნია – სასულიერო პირები მოქალაქეობრივი უფლებით გაუსწორდნენ სხვებს. ქალაქად და სოფლად სასულიერო პირთ ჰქონდეთ გარკვეული ქონება, სახლები, მრევლისგან აშენებული და მათთვის დანიშნული, ეს სახლები მათ ჩამოართვეს… გაპარტახების პირზეა მონასტრები იქნებ მიგვეცა უფლება მონასტრებში მცხოვრები ბერებისათვის მიწის ნორმის ქონებისა, რომ თავისი შრომით ირჩინონ თავი.

ეპისკოპოსი ქრისტეფორე მთავრობისაგან მოითხოვდა: 1. გაღებული იქნას ეკლესიები ყველგან საქართველოში, სადაც კი მრევლი, თუნდაც უმცირესობაც ამას მოითხოვს, 2. გამარტივებულ და გაადვილებულ იქნას რელიგიურ საზოგადოებათა გახსნის და მოწყობის საქმე. 3. დაუბრუნდეს სასულიერო პირთ საერო ტანისამოსით სამოქალაქო სამსახურში შესვლის ნება, 5. დაუბრუნდეს ეკლესიებს ჩამორთმეული ქონება, რომელიც აუცილებელია ღვთისმსახურებისათვის. სინდისის თავისუფლების რეალურად ცხოვრებაში გატარება ხელს შეუწყობს ქართველი ერის მორწმუნეთა სულიერ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას… საქართველოს ეკლესია საჯაროდ აცხადებს, რომ იგი სცნობს დღევანდელ საბჭოთა მთავრობას, დგას პოლიტიკის და პოლიტიკურ პროცესის გარეშე და არავის თავის წევრთაგან არ მისცემს უფლებას ამის წინააღმდეგ წავიდეს.”[30] ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ გმობდნენ ადმინისტრაციული წესით ეკლესიების დახურვას, სასულიერო პირთა დევნა-შევიწროებას და ამას პროვინციელი ბოლშევიკების თავდადებას მიაწერდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არ ხდებოდა მათი საიდუმლო მითითებების გარეშე.

1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს – “ვაღიარებთ საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობს ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებაში. ვგმობთ 1924 წლის აგვისტოს ავანტიურას. ამავე დროს პროტესტს გამოვთქვამთ საქართველოში რელიგიური დევნის გამო, სასულიერო პირს დღეს თავისუფლად მოგზაურობა არ შეუძლიათ საქართველოში… მაგალითად მღვდლები, ძმები ნესტორ და სვიმონ დააპატიმრეს გზაში (სურამში მიდიოდნენ). სვიმონი გაგიჟდა, ნესტორი მეტეხის ციხეში ზის, ციხეებში ჩაყარეს მღვდლები მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისმსახურებას ასრულებდნენ. გთხოვთ, 1. გაადვილებულ იქნას რელიგიურ საზოგადოებათა შექმნის პირობები, ცნობილ იქნას საკმარისად საზოგადოების არსებობისათვის 50 წევრის ყოლა, ნაცვლად 1500-სა, შეჩერებულ იქნას ეკლესიების დახურვა. 2. შეწყვეტილ იქნას სასულიერო პირთა შევიწროება-დევნა, 3. დაუბრუნდეთ სამუშაო მიწის ნორმა სასულიერო პირთ, რომელნიც თავის შრომით აწარმოებენ მეურნეობას. 4. დატოვებულნი იქნან თავიანთ ბინებზე თბილისში მცხოვრები სასულიერო პირები. 5. სასწრაფოდ გამოძიებულ იქნას საქმე იმ სასულიერო პირთა, რომელნიც ციხეში სხედან და თუ ისინი არ იქნებიან დამნაშავენი გაათავისუფლონ. დასასრულ სინდისის თავისუფლების დეკრეტის რეალურად ცხოვრებაში გატარება სრულად დაამშვიდებს ქართველ მორწმუნეთ, რომელნიც შეადგენენ ქართველი ერის უდიდეს ნაწილს და წაართმევს საბჭოთა ხელისუფლების მტერთ უკანასკნელ საშუალებას, რაიმე გავლენა იქონიონ ქართველ ერზე.”[31] მიმართვას ხელს აწერდნენ: ეპისკოპოსი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი დავითი, ეპისკოპოსი სვიმეონი, ეპისკოპოსი ნესტორი. ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ბოლშევიკურ ხელისუფლებას საგანგებო წერილობითი განცხადებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოს სსრ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს “როგორც თბილისის სამღვდელოებამ თავის საოლქო კრების დადგენილებით, ისე საქართველოს ეკლესიის ყველა ეპისკოპოსმა მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში 1924 წლის 20 ოქტომბერს განუცხადეს მთავრობას, რომ სამღვდელოება სცნობს საბჭოთა მთავრობას, გმობს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებს, რომელიც მოწყობილი იყო 1924 წლის აგვისტოში, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ეკლესია სცნობს კათოლიკოს-პატრიარქად ამბროსის, რომელიც მის მიერ გაგზავნილ მემორანდუმისათვის არის დასჯილი და ზის ციხეში. გასამართლებულთაგან გაათავისუფლეს: დეკანოზები მ. ტყემალაძე, ა. თოთიბაძე, ა. მირიანაშვილი, არქიმანდრიტი პავლე ჯაფარიძე.

ვფიქრობ პატრიარქ ამბროსიც და დეკანოზი კალისტრატეც უნდა გათავისუფლდნენ… ეს პირნი სრულიად უვნებელნი იქნებიან გათავისუფლების შემდეგ მთავრობისათვის, ჩემთვის სრულიად ცხადია, ამის თავდებობის ტვირთვა შემიძლია მთელის ჩემის პასუხისმგებლობით.” ქრისტეფორე ურბნელი. 1925 წ. იანვარი.

მიუხედავად ამისა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა მიუღებელი იყო. 1924 წლის 6 ივლისს მორწმუნეთა ჯგუფმა სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვაზე არ შეუშვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი და მისი მომხრე ეპისკოპოსები. 1925 წლის 10 მარტს საპატიმროდან გაათავისუფლეს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს წევრები. მორწმუნე საზოგადოება დიდი სიხარულით შეეგება წამებულ სასულიერო პირთ, რომელთაც დიდი სულიერი ტანჯვა-წამება გადაიტანეს საპყრობილეში. უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის მიაჩნდა, რომ კურსი, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა ატარებდა იყო მიუღებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისათვის, მორწმუნე მრევლისათვის. იგი შეუდგა რა საქართველოს ეკლესიის მართვას პირველ ყოვლისა ახსნა-განმარტება მოსთხოვა ქუთათელ ეპისკოპოს დავით კაჭახიძეს საქართველოს ეკლესიის რეფორმის პროექტის გამო. ამავე დროს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა კალისტრატე (ცინცაძე), მელქისედეკი (ფხალაძე), ვარლაამი (მახარაძე), სტეფანე (კარბელაშვილი). მის პოზიციას მხარს უჭერდა ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე). უწმიდესი ამბროსის განკარგულებით ეპისკოპოს კალისტრატეს მიებოძა მიტროპოლიტობა და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ (30. X. 1925 წ.) ეპისკოპოსი ქრისტეფორე გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად (7. IV. 1925 წ.). უწმიდესი ამბროსის ეს გადაწყვეტილებანი მიუღებელი აღმოჩნდა ეპისკოპოს ქრისტეფორეს, ეპისკოპოსის დავითის, ეპისკოპოსის სიმეონის, ეპისკოპოსის ნესტორისათვის. იმ დროს, როდესაც ბოლშევიკური ხელისუფლება ახორციელებდა აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში როგორც მაღალი იერარქიები, ასევე რიგითი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს… იყო ურთიერთბრალდებები… დაპირისპირებების კულმინაცია იყო 1926 წლის 26-27 დეკემბერი, როდესაც უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსისთან, საკათოლიკოსო საბჭოსთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევის გარეშე ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ: მიტროპოლიტები: ქრისტეფორე, დავითი, ეპისკოპოსები სიმეონი, ნესტორი. სამღვდელოებიდან დეკანოზები: ალექსი თევზაძე, ბენიამინ კანდელაკი, რაფიელ ივანიცკი, ნესტორ მაჭარაშვილი, იოანე ლუკაშვილი, იოსებ ჩიჯავაძე, დავით ხახუტაშვილი, ზაქარია ლუკაშვილი – თბილისიდან, ელიზბარ ანჩაბაძე, სიმონ გიგინეიშვილი – სოხუმიდან, დეკანოზი ალექსი გულისაშვილი გარე კახეთიდან, არქიმანდრიტი გრიგოლ სიდამონიძე – ბორჩალოდან, დეკანოზები – კონსტანტინე შანიძე, ამბროსი ფოფხაძე, სილოვან შუბლაძე, დავით მუსერიძე – ქუთაისიდან, დეკანოზი არსენ თოხაძე – აჭარიდან, დეკანოზი სიმონ სალარიძე – გორიდან, იოანე სარალიძე – ბორჯომიდან, გრიგოლ მაჭავარიანი – სიღნაღიდან, დეკანოზები ლავრენტი დევიძე, კოტე ანთაძე – შორაპნიდან, იოანე ბობოხიძე – ფოთიდან, ევგენი შენგელია – ზუგდიდიდან, დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი – თელავიდან, დეკანოზი ვასილ კოპტონაშვილი – ახალციხიდან, ვასილი ხიდაშელი – ცხინვალიდან, დავით ჯორბენაძე – ოზურგეთიდან. ყრილობის ინიციატორებმა სცადეს ქართული ინტელიგენციის მხარდაჭერის მოპოვება ამ მიზნით ყრილობაზე მიიწვიეს: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, მელიტონ კელენჯერიძე, მაგრამ ისინი საეკლესიო კრებას არ დასწრებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა შემთხვევაში სასულიერო პირებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის გამოც აპატიმრებდნენ ქუთაისის საეკლესიო კრება მუშაობას ვერ შეუდგებოდა თუ მას ოფიციალური ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ ექნებოდა. ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის მიუღებელნი იყვნენ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს ის შემადგენლობა, რომელმაც ქართველი ერის ეროვნული და სარწმუნოებრივი თავისუფლების დასაცავად ხმა აღიმაღლა და ამის გამო საპატიმროშიც მოხვდნენ, მაგრამ სულიერად არ გატყდნენ. უწმიდესი ამბროსი წამებულის შარავანდედით იყო შემოსილი, რაც საოკუპაციო ხელისუფლებას კიდევ უფრო აღიზიანებდა. ქუთაისის კრების მონაწილეთა უმრავლესობა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას, საეკლესიო ცხოვრების სფეროში რეფორმების გატარების აუცილებლობას აღიარებდა.

ქუთაისის საეკლესიო კრების დღის წესრიგი ასე განისაზღვრა: 1. “დროებითი საეკლესიო მმართველობის დაარსება; 2. საქართველოს მორწმუნე მრევლისადმი მიმართვის ტექსტის მიღება; 3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს მოქმედებისა და მისი დღევანდელი შემადგენლობის გადაყენების შესახებ; 4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრების მოწვევის დროის განსაზღვრა; 5. მიმდინარე საკითხები.”[32] კრებაზე იმსჯელეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარების შესახებ და მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  საკათოლიკოსო საბჭოს გაუქმებისა და მისი წევრების საეკლესიო თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მაინც რა იყო საკათოლიკოსო საბჭოსადმი ასეთი მტრული დამოკიდებულების მიზეზი? მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობა, ამით მათ სურდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსისათვის დასაყრდენი გამოეცალათ. ჯერ კიდევ 1925 წლის შემოდგომაზე ფიზიკურად დასუსტებულმა უწმიდესმა ამბროსიმ საკათალიკოსო საბჭოს დაამტკიცებინა მის მიერ წარდგენილი წინადადება კათოლიკოს-პატრიარქის ავადმყოფობის შემთხვევაში მოსაყდრე მიტროპოლიტი კალისტრატე შეასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას. “განახლებისა და რეფორმების” ჯგუფის წევრებს საკათოლიკოსო საბჭოს ამ დადგენილებამ წონასწორობა დააკარგვინა და გამოატანინა სრულიად უკანონო განჩინება 1926 წლის მარტში “დაევალოს მიტროპოლიტ ქრისტეფორეს შეუდგეს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის აღსრულებას, როგორც საკათოლიკოსო საქმეების, ისე მცხეთა-თბილისის საეპარქიო საქმეთა წარმოებაში.”[33]ეს გადაწყვეტილება უკვე აშკარად მიანიშნებდა ორხელისუფლებიანობის არსობას საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში. ქუთაისის საეკლესიო კრებამ დაადგინა:

“1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს შემადგენლობა გადაყენებულ იქნას; 2. საკათოლიკოსო საბჭოს ნაცვლად საეკლესიო კრების მოწვევამდე დაარსდეს საქართველოს ეკლესიის დროებითი გამგეობა. შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მიტროპოლიტი ქრისტეფორე, თანაშემწე ეპისკოპოსი სტეფანე. წევრები: ეპისკოპოსები ალავერდელი მელქისედეკი, ურბნელი სვიმეონი (ამ დროს ქრისტეფორე უკვე იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი ს.ვ.). დეკანოზები: დ. ხახუტაიშვილი, ნ. მაჭარაშვილი, ბ. კანდელაკი, სამოქალაქო პირნი: კ. სვიმონიშვილი, გ. გაჩეჩილაძე. 3. დროებით გამგეობას უფლება ეძლევა კოოპტაციით მოიწვიოს თავისი შემადგენლობის შესავსებად ეკლესიისათვის სასარგებლო პირები. 4. საქართველოს ეკლესიის დროებით გამგეობას ევალება ჩაიბაროს საკათოლიკოსო საბჭოს ყოველივე საბუთები, თანხები, ინვენტარი საკათოლიკოსო კანცელარიისა. 5. ყველა ის სასულიერო თანამდებობაზე მყოფნი პირნი, რომელნიც არ დაემორჩილებიან საქართველოს ეკლესიის დროებით გამგეობას დათხოვნილად ითვლებიან; 6. ეპისკოპოსი დავითი დატოვეულ იქნას ქუთაისის კათედრაზე მიტროპოლიტის ხარისხზე აყვანით. დროებითმა გამგეობამ უნდა მოიწვიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრება. 7. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი რჩება თავის თანამდებობაზე.”[34] დროებითი გამგეობის მიერ საეკლესიო მართვა-გამგეობის ხელში აღების შემთხვევაში რა ფუნქცია დარჩებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსის? ალბათ ფორმალური. ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსისადმი გაგზავნილ წერილში თავიანთი მოქმედებანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლის გამო გადადგმულ აუცილებელ ნაბიჯად გამოაცხადეს?! “ჩვენი მიზანია საქართველოს ეკლესიის ერთიანობის, სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება. ჩვენ არავითარი განზრახვა არა გვაქვს უადგილო და უდროო რეფორმები შემოვიღოთ ეკლესიაში, ვარწმუნებთ თქვენს უწმიდესობას, რომ თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა უაღრესად  გაღვივდება როგორც ჩვენი, ისე მთელი მორწმუნე ერის გულში უკეთუ გაიზიარებთ ჩვენს თქვენთან თანამშრომლობას, თანახმად წარმოდგენილი დადგენილებისა, რომელნიც არ არიან მომართული თქვენი უწმიდესობის პიროვნების წინააღმდეგ, არამედ გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ეკლესიის სიყვარულით.”[36] ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ წერილის შემდგენელთა აზრს, რომ თითქოს მათ არავითარი პირადული ზრახვები არ ამოძრავებდათ და მხოლოდ საქართველოს ეკლესიის სიყვარულით მოქმედებდნენ. ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეობამ “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მი¬მართ გამოაქვეყნეს საგანგებო მიმართვა: “ყოველი მორწმუნე ქართველისათვის ცხადი უნდა იყოს თუ როგორ სატირალ მდგომარეობაშია საქართველოს ეკლესია და ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ თუ დროზე არ იქნა მიღებული საჭირო ზომები ჩვენი ეკლესია მთლიანად განადგურდება… ყოველივე ამის მიზეზია საკათოლიკოსო საბჭოს უტაქტო მოქმედება, საეკლესიო კანონების უგულებელყოფა დროისა და გარემოებისათვის ანგარიშის გაუწევლობა. საკათალიკოსო საბჭოს მუშაობის ნაკლოვანებებია: ა) უსამართლო დასჯა საქართველოს ეკლესიის ყველაზე უხუცესი მღვდელმთავრის ეპისკოპოს დავითისა ქუთათელის კათედრიდან მაწყვერელ ეპისკოპოსად გადაყვანით, სადაც არც ბინა არის და არც საშუალება იმის შესანახად. (სულ 15-20 ღარიბი ეკლესიაა)  მას ბრალი წაუყენეს ვითომც ერეტიკოსობაში, კათოლიკოს ამბროსის მიერ გენუაში გაგზავნილი მემორანდუმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ეპისკოპოს დავითის თავმჯდომარეობით შედგენილი პროექტო საეკლესიო რეფორმებისა არამც თუ სცილდება ამ ფართეთ დასახულ პროგრამას, საკათოლიკოსო საბჭოს მოწოდებებს. დავითს ამ პროექტის გამო მწვალებელი შეერქვა. ბ). ეპისკოპოსი დავითი მეტეხის ციხეში იყო უწმიდეს ამბროსთან და მოსთხოვა გადადგომა. ეს არა თუ დანაშაული, არამედ მოვალეობის შესრულება იყო, რომელიც გამოხატავდა სამღვდელოების სურვილს არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში… ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლება არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, რომლის მოქმედება მიმართულია ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური წარმატებებისაკენ… საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭო 1924 წლიდან იყო ვადაგასული, ქუთაისის კრების მიერ დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის დროებითი გამგეობა კანონიერია, ვინაიდან მის შექმნას ხელს აწერს 6 ეპისკოპოსი. გ) საკათოლიკოსო საბჭოს დანაშაული იყო 1924 წლის ივლისში მიღებული ბრძანება კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე ქრისტეფორეს თბილისიდან გორში გადაყვანის და მის მაგივრად ეპისკოპოსის პავლეს დანიშვნისა. ეპისკოპოსთა კრებულში თავის სასარგებლოდ ხმების უფლების შესაქმნელად 1925 წლის შემოდგომაზე აკურთხეს 5 ეპისკოპოსი: მელქისედეკი, სტეფანე, კალისტრატე, ალექსი, ვარლამი… საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით კალისტრატე უცებ გაამიტროპოლიტეს… საკათოლიკოსო საბჭოს უკანონობას მოჰყვა ფრიად სამწუხარო განხეთქილებანი ეკლესიაში. ამიტომ საკათოლიკოსო საბჭო დათხოვნილია.”[37] მიმართვას ხელს აწერდნენ: საქართველოს ეკლესიის დროებითი გამგეობის თავმჯდომარე (ქუთაისის კრებამ შექმნა ეს ორგანო ს.ვ.) მიტროპოლიტი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი დავითი (ქუთაისის კრებამ გაამიტროპოლიტა ს.ვ.), ეპისკოპოსები: იოანე (მარღიშვილი), ნესტორი (ყუბანეიშვილი), სტეფანე (კარბელაშვილი), სიმეონი (ჭელიძე), დეკანოზები: დ. ხახუტაშვილი, ი. აბესაძე, თ. დგებუაძე, პ. კარბელაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი გრძნობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ინსპირირებული დაპირისპირებების სერიოზულობას. მისი განკარგულებით 1926 წლის 25 დეკემბერს სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა, რომელმაც მოისმინა მისი უწმიდესობის მიერ განსაკუთრებული ოფიციალური განცხადების ტექსტი: “მივიღე ინფორმაცია, რომ ქუთაისში ეპისკოპოს დავითის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვის გარეშე მოწვეული იყო საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა ეპარქიებიდან ზოგიერთი მღვდელმთავარი და საეკლესიო პირი. საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო რა მხედველობაში, რომ ამნაირი კრება არ არის გათვალისწინებული საქართველოს ეკლესიის დებულებით. განაჩინა: ქუთაისში ჩატარებული საეკლესიო კრება გამოცხადდეს უკანონოდ.”[38]ქუთაისის საეკლესიო კრების მიერ საკათოლიკოსო საბჭოს და კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსისადმი წამოყენებულ ბრალდებებზე დასაბუთებული პასუხებია გაცემული მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ, მოვუსმინოთ  მის არგუმენტებს: “შემთხვევით გავეცანი ერთს რემენგტინის მანქანაზე დაბეჭდილ რვა გვერდიან საბუთს შემდეგის სათაურით: “სრულიად საქართველოს ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ.” ამ საბუთის ბოლოში მოთავსებულია – “სრულიად საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა ქ. ტფილისი 1927 წ. 6 იანვარს.” ეს საბუთი (უმჯობესია ვუწოდოთ “ეპისტოლე”) დროებითი მმართველობის მიერ გაცემულ საბუთების სიაში არ არის აღნიშნული, – არ უზის N, არც ტფილისის მთავარხუცესს მიუღია მისდამი რწმუნებულ ოლქისადმი გამოსაცხადებლად. მაშასადამე, ეპისტოლე იგი ოფიციალური ხასიათის არ არის. ეპისტოლე ბლომად გაუგზავნიათ პროვინციაში, ტფილისშიც მრავალი მიუღიათ თვით დროებითი მმართველობის წევრებიდანაც: ცხადია, ეპისტოლე ოფოციალური ხასიათის წერილად მაინც უნდა ჩაითვალოს.

რას შეიცავს ეპისტოლე? საკათოლიკოზო საბჭოს “უკანონო” მოქმედებათა აღნუსხვას და ამის გამო 1926 წლის დეკემბერ 26-27 ქუთაისში მომხდარ “კრების” მიერ “საკათოლიკოსო საბჭოს შემადგენლობის” “გადაყენების” აუცილებლობას.

სანამ ეპისტოლეს არსებითად განხილვას შევუდგებოდეთ, საჭიროა განვმარტოთ, რომელ საკათალიკოზო საბჭოზეა ლაპარაკი ეპისტოლეში. 1921 წლის სექტემბერში საეკლესიო გელათის კრებამ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქად ცხუმელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია), ხოლო საკათოლიკოსო საბჭოს წევრად (სამღვდელოთაგან) ი. მირიანაშვილი, მ. ტყემალაძე და კ. ცინცაძე (და საეროთაგან) ნ. თავდგირიძე, ვ. ივანიცკი და კ. კეკელიძე. ამასთან ერთად საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესიის “დებულებით” (60) საკათოლიკოსო საბჭოს მუდვმივ ან პასუხიმგებელ წევრებად ითვლებიან საქართველოს “ყველა მმართველი მღვდელმთავრები. 1922 წლისგანმავლობაში საბჭოს ჩამოშორდნენ რ. ივანიცკი და კ. კეკელიძე. მათ მაგივრად მიწვეულ იქმნენ გელათის კრებისაგან არჩეული კანდიდატები ნ. არჯევანიძე და ი. რატიშვილი. 1923 წლის იანვარში, დაპატიმრებულ იქმნენ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საბჭოს წევრები ნ. თავდგირიძე, ი. მირიანაშვილი და კ. ცინცაძეც. თუმცა ზემოაღნიშნულსა გამო 1923 წლის იანვარში საკათოლიკოსო საბჭოს მუშაობა შეწყდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბრის 7 იგი განახლდა. ამ საბჭოში შედიოდნენ ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე (ციცქიშვილი) რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის პატიმრობაში მყოფობის დროს მისი უწმიდესობის ნებართვით ეწეოდა კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილეობას. დეკ. გ. გამრეკელი, ი. რატიშვილი, გ. იმნაიშვილი (სამივე კანდიდათაგანი) და მათ მიერ კოომპტაციის წესით მიწვეულნი დეკ. ბ. კანდელაკი და ს. მგალობლიშვილი (დეკ. მ. ტყემალაძემ და ნ. არჯევანიძემ აღარ მოისურვეს საბჭოში მუშაობა). 1924 წლის მეორე ნახევარში განთავისუფლებულ იქმნენ (სხვა და სხვა დროს) ი. მირიანაშვილი, ნ. თავდგირიძე და ტყემალაძე. 1925 წ. იანვრის 12 ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორეს მიერ სამივე მიწვეულ იქმნენ საბჭოში სამუშაოდ. ამის შემდეგ საბჭოდან გავიდნენ ბ. კანდელაკი და ს. მგალობლიშვილი. 1925 წ. მარტის 8 განათავისუფლეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და დეკანოზი კ. ცინცაძე. მისი უწმიდესობა შეუდგა თავისი მოვალეობის აღსრულებას, ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე კი მიიქცა თავის ეპარქიაში (ჯერ ურბნისისაში და შემდეგ სოხუმისაში) დეკანოზი კ. ცინცაძე, მიუხედავად მისი მარტის 25 დათარიღებულ N 6414 განსხვავებისა (“მე 1924 წლის სექტემბრამდე მქონდა უფლება წევრად ყოფნისა.”) მაინც მიწვეულ იქმნა საბჭოში იმ მოსაზრებით, რომ წევრები ვალდებულნი არიან დარჩენ სანამ ახლები არ იქნებიან არჩეულნიო. ამრიგად 1921 წლიდან 1926 წლის დასასრულამდე საკათ. საბჭო მუშაობდა ორი შემადგენლობით, რომელთაგან N1 მეთაურობდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, ხოლო N2-ში კი დეკანოზი კანდელაკი, დანარჩენები (მეტნაკლები ხანგრძლივობით) მუშაობდნენ ორთავეში.

დროებითი მმართველობის მოქმედი წევრები არიან N2 საკათოლიკოსოს საბჭოს მთავარი მოქმედნი ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე და დეკ. ბ. კანდელაკი, ამის გამო, როცა ეპისტოლეში ლაპარაკობენ საბჭოზე უნდა ვიგულისხმოთ N1 საბჭო, ანუ (სისწორით რომ ვთქვათ) კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და დეკანოზი კ. ცინცაძე. ნათქვამის შემდეგ გასაგებია, თუ რა მაბედვინებს, ავიღო ხელში კალამი მეტად დიდი ადგილი უჭირავს ჩემს პიროვნებას ეპისტოლეში…

1) ა) პირველ და უმთავრეს “ნაკლად” ეპისტოლე აღიარებს დებულებას, – საკათოლიკოსო საბჭოს მიერ “სიბრძნისა და წინდახედულობის” უქონლობის გამო საქართველოს ეკლესიასა და “საერო მთავრობის” შორის არაკეთილმშვიდობიანი დამოკიდებულება “დამყარდაო…” მართლა ფაქტია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს “საერო მთავრობის” შორის არსებობდა “არაკეთილმშვიდობიანი დამოკიდებულება”? 1926 წლის დეკემბრის 28 კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ განაცხადა საკათოლიკოსო საბჭოში შემდეგი: “მივიღე ცნობა, რომ ზოგიერთნი პირნი ავრცელებენ ქართველ მორწმუნეთა საზოგადოებაში ხმას, ვითომც საკათოლიკოსო საბჭოს უკანონო მოქმედებათა და მთავრობისადმი ურჩობის გამო, საკათოლიკოსო საბჭოსა და საქართველოს ს.ს.ს. რესპუბლიკის მთავრობის შორის არ არსებობდეს მშვიდობიანი ურთიერთობა, რაც ვითომ შედეგად მოჰყოლოდეს ეკლესიისადმი მთავრობის განსაკუთრებული სიმკაცრე და შეიწროება.” იქონია რა აღნიშნულ განცხადებისა გამო მსჯელობა, საკათოლიკოსო საბჭომ (სხდომას დაესწრო ექვსი მმართველი მღვდელმთავარიც) ერთხმად დაადასტურა, რომ `საკათოლიკოსო საბჭოს არ აქვს საფუძველი თქვას (და არც უთქვამს), ვითომც საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის მთავრობა სხვაგვარად ეპყრობოდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინმე სხვა რომელიმე აღსარების, ან სარწმუნოების რელიგიურ საზოგადოებას.”

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ეპისტოლე ამცნობს “სრულიად საქართველოს ეკლესიის მორწმუნეთ,” “საკათოლიკოსო საბჭოს (იგულისხმება N1)… უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოციქულთა პავლესი (რომ. 13,1-2) და პეტრესი (1.2.13) სიტყვების დავიწყება, რომ ქრისტიანეთ კეთილმშვიდობიანი დამოკიდებულება იქონიონ საერო მთავრობასთან. არ იქნებოდა სახეირო ეკლესიისათვის (გვ. 3). მართლადაც, ნაჩვენებ ალაგას მოციქული პავლე სწერს: “ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ… რომელი ადგებოდეს ხელმწიფებასა, ღვთისა ბრძანებასა ადგების.” ხოლო მოციქული პეტრე კი ბრძანებს: “დაემორჩილენით უკვე ყოველსავე კაცობრივსა ხელმწიფებასა”-ო. ე.ი. მთავრობას დაემორჩილეთ და ნუ აღდგებით მის წინააღმდეგო. ამიტომ, როცა დროებითი მმართველობა ამხილებს საკათოლიკოსო N1 საბჭოს მოციქულთა პეტრესა და პავლეს სიტყვები დაგვიწყებიათო და ისიც “სრულიად საქართველოს ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ” ეპისტოლეში, მოვალე იყო როგორც იურიდიულად ისე ზნეობრივად დაესახელებია ანუ აღენიშნა თუნდაც ერთი ფაქტი, “რომელიც ცხადყოფდა, რომ საკათოლიკოსო N1 საბჭო “აღუდგა” “ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა” და არ “დაემორჩილა” მას. ამგვარ ფაქტს დროებითი მმართველობა არ უჩვენებს (და ვერც უჩვენებს), ვინაიდან საკათოლიკოსო N1 საბჭო ყოველთვის იდგა კანონიერების ნიადაგზე: ჰქონდა მთავრობასთან “კეთილმშვიდობიანი”  დამოკიდებულება, – მიმართავდა მას თავის საჭიროებათა გამო, ემორჩილებოდა მის ბრძანება-განკარგულებებს და “დაჟინებით მოითხოვდა სამღვდელოებისაგან ეკლესიის შესახებ საბჭოთა მთავრობის მიერ გამოცემულ კანონებით (1) სავსებით და აღსრულებას” (1926 წ. XII. 28 ოქმი) ამის გამო დროებითი  მმართველობის ზემოაღნიშნული მხილება (ნამდვილათ კი ბრალდება) საკათოლიკოსო N1 საბჭოს მიმართ ძლიერ ენათესავება ცილისწამება-დასმენა-დაბეზღებას.” ამის შემდეგ გასაგებია საკათოლიკოსო საბჭოს 1926 წლის დეკემბრის 28 ოქმის შემდეგი ამონაწერი: “კ. პატრიარქის მიერ მიღებული ცნობა უნდა ჩაითვალოს პირადი და ბოროტი მიზნით გამსჭვალულ ადამიანთა მიერ გავრცელებულ ცილისწამებად, რომელიც გამოწვეულია საკათტოლიკოსო საბჭოს კანონიერ და კანონიკურ ნიადაგზე მტკიცედ დგომისა გამო უკმაყოფილებით.”

ბ) ეპისტოლეს მკითხველმა შეიძლება იფიქროს, საკათოლიკოსო საბჭოს მიმართ წამოყენებული ბრალდება საბუთდება სიტყვებით: “საკათოლიკოსო საბჭოს უნდა მიეღო ზომები (კათოლიკოს-პატრიარქის), მემურანდუმი არ გაგზავნილიყო (გენუაში, გვ. 3) მაგრამ, ჯერ ერთი: საიდან იციან ეპისტოლეს ავტორებმა, რომ საკათოლიკოსო საბჭოს შეეძლო “მიეღო ზომები მემორანდუმი არ გაგზავნილიყო”? მემორანდუმის შედგენა-გაგზავნის საქმეში საკათოლიკოსო-საბჭოს წევრები იღებენ მონაწილეობას იმდანადვე, რამდენადაც მონაწილეობდა ამ საქმეში დღევანდელი დროებითი მმართველობის მეთაური, ხოლო მაშინდელი საკათოლიკოსო საბჭოს მუდმივი წევრი – ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე: არც მეტად არც ნაკლებად. და თუ მისი მეუფება ბრძანებს, – “ვიღებდით მონაწილეობასა,” მაშინ ან ერთად უნდა მიგვეღო ზომები მემორანდუმის გაუგზავნელობისათვის, ან მის ყოვლადუსამღვდელოესობას უნდა მოგონებოდა ცოტნე დადიანი და მსგავსად ამ კეთილშობილი მამულიშვილისა, მობრძანებულიყო ჩვენთან და გაეზიარებინა ჩვენი ბედი… ეპისტოლეს ავტორებმა კარგად იციან, რომ მემორანდუმი დაწერა და გაგზავნა საბჭოს მონაწილეობის გარეშე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, და თუ მის გამო მოთავსებულ იქმნენ საგანგებო კომისიაში და გამასწორებელ სახლში ნ. თავდგირიძე, ი. მირიანაშვილი, მ. ტყემალაძე და კ. ცინცაძე (რომელმაც გაატარა იქ 26 თვე, კ. პატრიარქმა კი 16) უნდა გულწრფელად აღიარო, რომ ჩვენ გვეწვია ისეთი ხვედრი, როგორიც წილად ხვდა კაცსა კვირინელსა, სახელით სვიმონს რომელი წარიქციეს, რათა აღიღოს ჯვარი იესოსი (მათ. 27,32) ცხადია, საკათოლიკოსო საბჭოს მემორანდუმის გაუგზავნელობისათვის ზომებს ვერ მიიღებდა: კათოლიკოზ-პატრიარქი მეტად დიდი პიროვნებაა, რომ მის სულსა და გულს ვინმე დაეპატრონოს…

ბ) ადამიანის ყოველსავე მოქმედებას აქვს დასასრული: მემორანდუმის “შემადგენელნი და გამგზავნელნი” ფრიად კომპეტენტურ ორგანოს მიერ არამც თუ დაისაჯნენ არამედ შეწყნარებულ და განთავისუფლებულნიც იქმნენ “დანარჩენ სასჯელისაგან.” ამით სავსებით ამოიწურა “მემორანდუმის გაგზავნის” საკითხი მათ მიერ, ვისაც ეს საქმე ეკითხებოდა და ვიზედაც იგი დამოკიდებული იყო მთლიანად ჩანს, ოფიციალურად ღვთისუარისმყოფელნი და ქრისტიანობასთან მებრძოლნი ადამიანები, მეტის ქრისტიანული ლმობიერებით და კაცთმოყვარებით ყოფილან განმსჭვალულნი, ვინემ ქრისტეს მოძღვრების ოფიციალურად მქადაგებელნი და მისი მადლით “შემოსილნი” ეპისტოლეს ავტორები, რომელთაც ვერ შეუგნიათ ვერც საღვთო წერილის სტყვები (ხომ. 1,9) და ვერც მოციქულთა (25) კანონი: “არა შური იძიო ორგზის ერთბამად”, ე.ი. ერთი დანაშაულისათვის ორჯერ დასჯა არ შეიძლებაო… “მამაო მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან” (ლუკ. 23,24), ანუ რასა იტყვიან!

გ) ეპისტოლეს ავტორები მოძღვრავენ თავიანთ მკითხველებს: “საკათოლიკოსო საბჭო მემორანდუმის გაგზავნის შემდეგ მაინც უნდა ცდილიყო მის გასაბათილებლად” (გვ. 3) აქ ადგილი უნდა ქონდეს ან გულმავიწყობას, ან ცბიერებას. საკათოლიკოსო საბჭო არამც თუ შეეცადა, არამედ მიიღო კიდევ რადიკალური ზომები “მემორანდუმის გასაბათილებლად.” თვით ეპისტოლე გვამცნობს რომ 1923 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში კათოლიკოს-პატრიარქს წარსდგომია ქუთაისიდან გამოგზავნილი დელეგაცია (ეპისკოპოზი დავითი, დეკ. პლატონ ცქიტიშვილი და ტრიფონ ჯაფარიძე) თხოვნით, – “მემორანდუმის გაგზავნის გამო შეეტანა საბჭოთა მთავრობის წინაშე განცხადება, რომ მემორანდუმის გაგზავნა იყო შეცდომა,” ხოლო იმავე წლის ენკენისთვის 9. საკათოლიკოსო საბჭოს N2 ს (1 ამ დროს მეტეხში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი) სიონის გალავანში განუჩენია: “ეთხოვოს მის უწმიდესობას თავისი ადგილი დაუთმოს სხვა პირს.” ჟურნალს ხელს აწერენ ეპ. ქრისტეფორე, ეპ. დავითი, დეკ. ბ. კანდელაკი და ს. მგალობლიშვილი. ჩანს ეპისტოლეს ავტორთა და საკათოლიკოსო N2 საბჭოს (აგრეთვე ქუთათურ დელეგაციის) აზრით, “მემორანდუმის გასაბათილებლად” საჭირო ყოფილა კათოლიკოზის მიერ, ან “მემორანდუმის გაგზავნის შეცდომად აღიარება,” ან “სხვა პირისათვის თავისი ადგილის დათმობა.” კათოლიკოზ-პატრიარქს იმ ჟამად არ უნებებია არც ერთისა და არც მეორე წინადადების შესრულება, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგი 1924 წლის მარტში, მისმა უწმიდესობამ უზენაეს სასამართლოს წინაშე “თავის გენუის კონფერენციისადმი მიმართვა შეცდომათ აღიარა” (იხ. 1924 წ. მარტის 21 N65 “კომუნისტში” მოთავსებული უზენაესი სასამართლოს რეზოლუცია) გამასწორებელი სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი 1925 წლის ივნისის 10, საკათოლიკოსო საბჭოში შეუტანია წინადადება, – “საკათოლიკოსო საბჭომ ინებოს განკარგულება, რათა სამღვდელოება არ ერეოდეს პოლიტიკურ საქმეებში”. ამ წინადადების გამო საკათოლიკოსო საბჭოს იმავე დღეს გამოუტანია შესაფერისი (N35) განჩინება და დაუგზავნია ეპარქიათა მმართველ მღვდელმთავრობისათვის სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად. ადამიანს რომელმაც პოლიტიკურ საქმეებში (მემორანდუმი პოლიტიკურ აქტად არის ცნობილი) ჩარევისათვის ორ წელზედ მეტი პატიმრობაში გაატარა (მისჯილი ქონდა 9 წელიწადი), თავის მოქმედება საქვეყნოდ შეცდომად აღიარა, ხელქვეითი ორგანოები გააფრთხილა, – პოლიტიკურ საქმეებში სამღვდელოება არ გაერიოსო, და ყოველივე ამით საკათოლიკოსო N2 საბჭოს და ქუთათურ დელეგატების მოთხოვნილება სავსებით შეასრულა, ვფიქრობ, მეტი არ მოეთხოვება რა…

დ) გარნა ეპისტოლეს ავტორები ამით არ კმაყოფილდებიან, ისინი თხოულობენ კათოლიკოზს და “მისთანათა” ასეთი განცხადება უეჭველად 1923 წლის სექტემბერში უნდა შეეტანათო: “შემდგომში კათოლიკოზ-პატრიარქმა და მისთანათა შეიტანეს ასეთი განცხადება მთავრობის წინაშე, მაგრამ გვიან და იყო” (გვ. 2) თუ რისთვის არ ინება მისმა უწმიდესობამ ზემო ხსენებული განცხადების შეტანა საცა ჯერ არს 1923 წლის ენკენისთვეში, მე არ ვიცი, მაგრამ “მისთანათა”, რომ არავითარი განცხადება არ შეუტანიათ “მემორანდუმის გაგზავნის შეცდომად აღიარების შესახებ, – ეს ძალიან კარგად ვიცი. ან რა უფლება ჰქონდათ “მისთანათა” მემორანდუმის შესახებ რაიმე განცხადება? მემორანდუმის შედგენა-გაგზავნაში “მისთანათა” მონაწილეობა არ მიუღიათ, და ვერც კათოლიკოზ-პატრიარქის მსაჯულად გამოდგებოდნენ: 1921 წლის აპრილის 15 N21 დეკრეტით ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და ამის შემდეგ არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება დასდოს მსჯავრი ვისიმე პოლიტიკურ მოღვაწეობას, – დადებითი იქნება ეს მოვლენა თუ უარყოფითი, ყოველი მოქალაქე (თუნდაც სამღვდელო) პოლიტიკურ მოღვაწეობისათვის პასუხისმგებელია საერო სასამართლოს წინაშე. სისხლის სამართლის კოდექსიც გარკვევით ღაღადებს (მუხ. 126): “მითვისება რელიგიურ ან საერო ორგანიზაციის მიერ საადმინისტრაციო, სასამართლო, ან საქვეყნო სამართლის ხასიათის სხვა ფუნქციისა გამოიწვევს… ეს კარგად მოეხსენებათ ეპისტოლეს ავტორებს, მაგრამ მათ მაინც სურთ “მისთანათა” მოახვიონ თავს რაღაც განცხადება… არ მიკვირს!…

ე) ეპისტოლეს ავტორები განაგრძობენ: “კათოლიკოზს და მისთანათა ასეთი განცხადება მთავრობის წინაშე რომ შეეტანათ (მისთანათა”, რომ არავითარი განცხადება არ შეუტანიათ ის უკვე ვიცით) 1923 წლის ენკენისთვეში, საქართველოს ეკლესიას ასცდებოდა ის ზიანი, რომელიც მას მოელოდა მომავალშიო: მემორანდუმის გაგზავნამ “დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას და კიდევ მეტს უქადისო (უთქვამთ კათოლიკოზისათვის ქუთათელ დელეგატებს და ამას სავსებით იზიარებენ ეპისტოლეს ავტორები) რაიცა 1924 წლის უგუნურ გამოსვლების დროს გამართლდა კიდეცო” და რომ სამღვდელოებამ საზოგადოდ და  “განსაკუთრებით სოფლის სამღვდელოებამ ფრიად მწვავედ განიცადა თავის თავზედ შედეგები მემორანდუმის გაგზავნისაო.” (გვ. 2) გამოდის, რომ ზოგიერთა სამღვდელო პირთა მონაწილეობა ჭეშმარიტად უგუნურ გამოსვლებში და მათ მიერ ამის გამო `მწვავე შედეგების განცდა” გამომდინარეობს “მემორანდუმისაგან”. ვნახოთ”.

“მემორანდუმის” ავტორი და “მისთანანი” უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა 1924 წლის მარტში და მიუსაჯა: პირველს “თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლით, სასტიკი იზოლაციით და ყოველი მისი ქონების კონფისკაციით,” დანარჩენთ იგივე სასჯელი 2-5 წლამდე და ეს განჩინება გამოქვეყნებული იყო კვლავ ადგილობრივ გაზეთებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი სამღვდელო პირი, რომ ეს არ გაეგოს. 1924 წლის გამოსვლებს კი ადგილი ქონდათ ხუთი თვის შემდეგ აგვისტოში. ნუ თუ შესაძლებელია ვიფიქროთ. სამღვდელოებამ, თუნდაც, ვერ გაითვალისწინა, რომ, თუ კათოლიკოზი პოლიტიკაში ჩარევისათვის გადარჩა სიკვდილით დასჯას, (ეს მოხდა უმთავრესად მისთვის, რომ “შეცდომად აღიარა მემორანდუმის გაგზავნა”) – მის უწმიდესობაზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ სამღვდელოებას არ ჩაუთვლიდნენ დამსახურებად გამოსვლებში მონაწილეობის მიღებას?! მაგრამ დავეთანხმებით ერთი წუთით ეპისტოლეს ავტორებს, რომ სამღვდელოებამ აგვისტოს გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა მემორანდუმის გავლენით. ეს ხომ სცოდნიათ ეპისტოლეს ავტორებს (იგივე საკათ. N2 საბჭოს წევრებს) ჯერ კიდევ 1923 წლის ენკენისთვეში (ე.ი. ერთი წლით ადრე), როდესაც აფრთხილებდნენ კათოლიკოზს, მემორანდუმი მეტად დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკლესიასო, რატომ კათოლიკოზის და “მისთანათა” გასამართლების შემდეგ (1924 წ. მარტი) არ დაუგზავნეს სამღვდელოებას ეპისტოლეები: გაუფრთხილდით მამანო და ძმანო არ ჩაერიოთ პოლიტიკურ საქმეებში,  თორემ თქვენც ისეთივე (თუ უარესი არა) ბედი გეწევათ, როგორიც “კათოლიკოზს და მისთანათაო.” ცხადია, თუ ვინმეა დამნაშავე იმაში, რომ სამღვდელოებამ `მწვავედ განიცადა თავისთავზედ მემორანდუმის გაგზავნის შედეგები,” მხოლოდ და მხოლოდ ეპისტოლეს ავტორები, რომელთაც წინასწარ იცოდენ, თუ რა მოყვებოდა მემორანდუმთან კავშირს და არ გააფრთხილეს სამღვდელოება, განსაკუთრებით “სოფლის სამღვდელოება”… მაცხოვარმა ბრძანა, მონაი, რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისა და არ მოიქცევა ამ ცოდნის მიხედვით უნდა იტანჯოს ფრიადო (ლუკ. 12 47) და თუ ეს ყოველივეს მცოდნე მოძღვრები ფიზიკურ ტანჯვას ასცდნენ, ვფიქრობ, ზნეობრივს მაინც ვერ ასცდებიან…

ვ) შეიძლება თქვან “მემორანდუმის გასაბათილებლად” (და საერო მთავრობასთან კეთილმშვიდობიანი დამოკიდებულების აღსადგენად”) უკეთესი იქნებოდა, კათოლიკოზ-პატრიარქს რომ განეხორციელებია საკათოლიკოზო N2 საბჭოს დადგენილება, – “თავისი ადგილი დაეთმო სხვა პირისათვის.” როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ წინადადების მიღების დროს ჩვენ დაბარებული ვიყავით… “მისთანანი” მეტეხში ვიყავით (შემდგომ ორთაჭალაში) ის კი სიონის გალავანში: რა მოსაზრებით უარყო მან საკათოლიკოსო N2 საბჭოს ეს წინადადება, მე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ 1925 წლის დასაწყისში (როგორც გამასწორებელ სახლს საავადმყოფოში, ისე განთავისუფლების შემდეგაც), როცა ავადმყოფობამ მაგრად ჩასჭიდა ხელი, ხშირად ბრძანებდა: თუ ეკლესიისათვის სასარგებლო იქნება, მე გადავდგებიო. ერთხელ გავკადნიერდი და მოვახსენენ: ეს საკითხი დიდი საკითხია, პასუხი ღვთისა და ერის წინაშე თქვენვე უნდა აგოთ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენვე უნდა გამოიტანოთ, რჩევისათვის კი შეიძლება მიმართოთ საკათოლიკოსო საბჭოს მუდმივ და პასუხისმგებელ წევრებს, ე.ი. ეპისკოპოზებს და არა უკვე გასულ (ამორჩეულ) წევრებს მეთქი. ღიმილიღ მიბრძანა: ვითომ შენცა რჩევას იძლევიო, თუმცა, მართალი რომ თქვას კაცმა, არა ტყუიო: ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მე დამბრალდებაო. ამის შემდეგ მე გავედი ტფილისიდან (მაისის 20) და დავბრუნდი, ენკენისთვის გასულს. ზაფხულში კათოლიკოზი ბორჯომში ბრძანდებოდა: ტფილისის სამრეკლოებმა და სამღვდელოებამ საშვალება მომცეს ზაფხულზე აგარაკად ვყოფილიყავიო. შემოდგომაზე მოხდა ეპიზკოპოზთა კრება. ვფიქრობ თავის გადადგომის შესახებ მისი უწმიდესობა ეპისკოპოზთა კრებულს მოელაპარაკა და მიიღო მათგან უარი. საბუთად მაქვს მისი უწმიდესობის ერთი წინადადება საკათოლიკოზო საბჭოს სრული შემადგენლობისადმი, რომელიც ერთხმად იქმნა მიღებული ეპისკოპოზებისაგანაც კი, რომელთაც ორი წლის წინად ურჩიეს მის უწმიდესობას – შენი ადგილი სხვას დაუთმეო. აი ეს წინადადება: “ავადმყოფობის გამო შეიძლება მე იძულებული გავხდე დრო გამოშვებით მოვარიდო საბჭოში და ეპარქიაში ინტენსიურ მუშაობას. ამისთვის წინადადებას ვაძლევ საკათოლიკოზო საბჭოს არსებული “დებულების” მეორე შენიშვნა შეცვლილი იქმნას ამ ნაირად: “როდესაც კათოლიკოზი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, ან სხვა საპატიო მიზეზით მოკლებულია საშვალებას საეკლესიო საქმეების ხელმძღვანელობისას, საკათოლიკოსო საბჭო გამოიწვევს ერთ-ერთ მღვდელმთავარს დანიშნავს მას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ (1925.X.9”.)

ვიმეორებ, ეს წინადადება უკამათოდ იქნა მიღებული. მე კი ვფიქრობ, ყოვლადსამღვდელოთ რომ არ მიეღოთ ეს წინადადება, ან მის შესახებ კამათი გაემართათ, კათოლიკოზი გადადგებოდა, მაგრამ ეპისკოპოზებმა ეს არ ინებეს და კათოლიკოზიც გამაგრდა იმ რწმენაში, რომ ეკლესიისათვის უფრო სასარგებლო იქნება, თუ ის დარჩება თავის ადგილზე. მეორის მხრით, თვით ეპისკოპოზნიც რომ ამ აზრისანი არ ყოფილიყვნენ, კათოლიკოზს არ მოერიდებოდნენ და პირდაპირ ურჩევდნენ, – გადადექიო. მიმდინარე წლის მარტის 22 იმავე მღვდელთმთავართ ნაკლები საბუთი ქონდათ ხელში (სახელდობრ, მისი უწმიდესობის ამა წლის თებერვლის 9 რეზოლუცია: “ექიმებისაგან აკრძალული მაქვს ინტენსიური საქმიანობა, ამისთვის ეპარქიის საქმეების მართვა-გამგეობას ვაბარებ მიტროპოლიტ იოანეს, იმ პირობით, რომ უმთავრესი საქმეები მე მომახსენოსო), მაგრამ მათ გამოიტანეს განჩინება: “დაევალოს მიტროპოლიტ ქრისტეფორეს შეუდგეს კათოლიკოზ-პატრიარქის მოვალეობის ასრულებას, როგორც საკათოლიკოზო საქმეების ისე მცხეთა-ტფილისის საეპარქიო საქმეთა წარმოებაშიო.” ცხადია თუ ვინმემ შეუშალა ხელი “მემორანდუმის გაბათილებას” კათოლიკოზის გადადგომით, ეს იყვნენ ყოვლადსამღვდელონი და უწინარეს ყოველთა ამ უებარი საშვალების აღმომჩენი მღვდელმთავარნი ქრისტეფორე და დავითი: თუ მათი აზრით “მემორანდუმის” ავტორი ვერ გამოდგება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად 1923 წლის ენკენისთვეში, იგი ვერ გამოდგებოდა საქართველოს მამათმთავრად 1925 წლის მწიფობისთვეში, მით უმეტეს რომ მათი მეუფებანი 1924 წლის აგვისტოს გამოსვლებს მჭიდროდ უკავშირებენ “მემორანდუმს.”

იქნება “კათოლიკოზმა და მისთანათა” დაიმსახურეს “საერო მთავრობის” უნდობლობა “დანარჩენ სასჯელისაგან” განთავისუფლების შემდეგ? ამ საკითხის პასუხად საუმჯობესოდ მიმაჩნია მივიყვანო აქ ამონაწერი 1926 წ. დეკემბრის 28 ოქმიდან: “საკათოლიკოსო საბჭოს (N1) დღევანდელმა შემადგენლობამ განაახლა მუშაობა მხოლოდ 1925 წლის გაზაფხულზე, რომ მუშაობის განახლებისა იგი გაეცნო ს.ს. ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის 1924 წლის ნოემბრის 21 თარიღოვან N124 დადგენილებას და იუსტიციის და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების იმავე წლის დეკემბრის 2 გამოცემულ ინსტრუქციას, და სცნო ხსენებული კანონები საქართველოს ეკლესიის, როგორც რელიგიურ საზოგადოების არსებობისა და მოქმედებისათვის კმასაყოფელად; რომ აღნიშნულის გამო, ხსენებულ დადგენილება-ინსტრუქციით იგი თვითხელმძღვანელებს და ეპარქიათა მმართველ მღვდელთმთავართ დაუგზავნა სახელმძღვანელოდ, რომ მღვდელმთავრებს სახელმძღვანელოდ დაეგზავნა საკათოლიკოზო საბჭოს 1925 წლის ივნისის 10 N35 განჩინება, – ეპარქიათა მმართველთ ინებონ განკარგულება, რათა სამღვდელოება არ ერეოდეს პოლიტიკურ საქმეებში; რომ აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით ის დაჟინებით მოითხოვს სამღვდელოებისაგან ეკლესიის შესახებ საბჭოთა მთავრობის მიერ გამოცემულ კანონების სავსებით დაცვას და აღსრულებას, რის მაგალითს წარმოადგენს თუნდაც შემდეგი 1926 წლის ნოემბრის 20 განკარგულება კათოლიკოზ-პატრიარქისა: “საოლქო კრების დადგენილებანი უნდა შეფარდებულ იქმნან არსებულ სამოქალაქო კანონმდებლობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქო კრებას სურვილი დაკმაყოფილებული ვერ იქნება ჩემ მიერ… და რომ საკათოლიკოზო-საბჭო ამის შემდეგაც სასტიკად მოითხოვს მის ქვემდებარე პირთა და ორგანოთა მიერ სრულ ლოიალობის დაცვას და ეკლესიის შესახებ გამოცემულ სამოქალაქო კანონების სავსებით შესრულებას.”

ცხადია, საკათალიკოზო საბჭო ვერ გაბედავდა ამ ოქმის წარდგენას მთავრობისადმი (ს.ს. ც. აღმ. კომიტეტში, ს.ს.რ. სახალხო კომისართა საბჭოში და საქართველოს კომუნისტურ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში), მას რომ ჩაედინოს ისეთი რამ, რასაც შეეძლო გამოეწვია “საერო მთავრობის” უნდობლობა. ჩემი ღრმა რწმენით “მემორანდუმის გაბათილების” საკითხი დაიწყო მაშინ, როდესაც კ. პატრიარქმა “თავის გენუის კომფერენციისადმი მემორანდუმით მიმართვა შეცდომად აღიარა,” უზენაესმა სასამართლომ ამ აღიარების გამო მის უწმიდესობას უმაღლესი სასჯელის მაგიერ ცხრა წლით გამასწორებელ სახლში მოთავსება მიუსაჯა და ამ მსჯავრის გამოტანის ერთი წლის შემდეგ კათოლიკოზ-პატრიარქი “დანარჩენ სასჯელისაგან” განათავისუფლა, ხოლო დამთავრდა მაშინ, როდესაც კათოლიკოზ-პატრიარქმა ამბროსიმ საკათოლიკოზო საბჭოში წინადადება შეიტანა, – სამღვდელოება არ ერეოდეს პოლიტიკურ საქმეებშიო და ეს წინადადება საკათოლიკოზო საბჭომ დაადასტურა. თავისი ადგილის სხვა პირისათვის კათოლიკოზ-პატრიარქის ამბროსის მიერ დათმობა მდგომარეობას გაამწვავებდა: მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა უეჭველად იტყოდა ძალა დაატანეს და იმისთვის დაუთმო სხვა პირს თავისი ადგილი, თვით კათოლიკოზს კი “მოწამის” გვირგვინით შეამკობდა. ამ მოსაზრებისა გამო, ვფიქრობ, კათოლიკოზ-პატრიარქი დღესაც არ უთმობს სხვა პირს თავის ადგილს: ჭორებსა და აურ-ზაურს ერიდება…

2) ამ “თავკიდეთა ლოდის” შემდეგ, ეპისტოლეში აღნიშნულია საკათოლიკოზო საბჭოს მოქმედებათა “ნაკლი” (გვ. 1) ანუ “უკანონო” ებანი (გვ. 7) რომელთა შორის პირველი ადგილი უჭირავს “უსამართლოდ დასჯას საქართველოს ეკლესიის ყველაზე უხუცეს მღვდელმთავრის, ეპისკოპოზ დავითის ქუთათელ კათედრიდან მაწყვერელ ეპისკოპოსად გადაყვანით, ისეთ ადგილზე გადაყვანით, სადაც არც ბინა არის, არც საშვალება იმის შესანახად” (გვ. 1). სანამ ამ “უკანონობას” არსებითად შევეხებოდეთ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ ესმით ეპისტოლეს ავტორებს “კანონიერება.” ამ ღირსშესანიშნავ საბუთის მეშვიდე გვერდზე სწერია: კათოლიკოზ-პატრიარქი ამბროსი რჩება თავის ადგილზე” (ქუთაისის “კრების” განაჩენია); მცხეთა-ტფილისის ეპარქიაში დაგზავნილ ცირკულარში (NIII თებერვლის 12 თარიღით) აღნიშნულია: “დროებითი მმართველების თავმჯდომარედ ბრძანდება კათოლიკოზ-პატრიარქი ამბროსი”-ო. მიმდინარე წლის იანვრის 4 კი დროებითი მმართველობის წევრებმა მოსთხოვეს თავის თავჯდომარეს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარია და “საქმეები” ჩაგვაბარეო. მისმა უწმიდესობამ უპასუხა: სანამ მე ვითვლები დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ და კ. პატრიარქად კანცელარიაც და “საქმეები”-ც ჩემს განკარგულებაში იყოსო. დროებითი მმართველობის წევრებმა იმ დღესვე მოიწვიეს მილიცია, დალუქეს კანცელარია, ხოლო მეორე დღეს, იანვრის 5, მილიციის საშვალებით ჩაიბარეს საქმეები და კანცელარია. ეპისტოლე დათარიღებულია იანვრის 6, და იქ გარკვევით არის აღნიშნული, რომ “კათოლიკოზი რჩება თავის ადგილზეო.” მილიციის საშუალებით კაცს კანცელარია და “საქმეები” ჩამოართვეს და ის მაინც რჩება თავმჯდომარედ თავის ადგილზეო. ასე ესმით ეპისტოლეს ავტორებს კანონიერება, მაგრამ დაუბრუნდეთ “ყველაზე უხუცეს მღვდელმთავარს-ეპისკოპოს დავითს” და ვიკითხოთ: რაში გამოიხატა მისი მეუფების “უსამართლოდ დასჯა?” იმაში, რომ გადაიყვანეს ისეთ ადგილზე, სადაც არც ბინა არის, არს საშუალება მისი (ეპისკოპოზის) შესანახად”! ყოვლადსამღვდელო დავითი გადაყვანილ იქმნა გორი-ახალქალაქ-ახალციხის მაზრების მღვდელმთავრად “მაწყვერელის” და არა “ურბნელის” პატივით, ვინაიდან მისი მეუფება ერთხელ უკვე იწოდებოდა “ურბნელად.” ეს ეპარქია 1926 წლის ოქტომბრამდე ეჭირა მიტროპოლიტ იოანეს, მაგრამ რაღაც მიზეზებით მისმა მეუფებამ გაანება მას თავი, სამი კვირის შემდეგ კი კვლავ განაცხადა სურვილი ამ ეპარქიაში დაბრუნებისათვის. იგივე ეპარქია (წერილობით) ითხოვეს ცხუმელმა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ და ბათუმ-შემოქმედელმა ნესტორმა: ჩანს ეპარქია არ ყოფილა იმდენად დაძაბუნებული, რომ იქ არ მოიპოვებოდეს “საშუალება უხუცეს მღვდელმთავრის შესანახად.” ამ მოსაზრებას ამაგრებენ ციფრებით და ფაქტებით. 1926 წ. პირველ ნახევარში ეპისკოპოსმა დავითმა სთხოვა საკათოლიკოზო საბჭოს, დამიმტკიცეთ შემდეგი ხარჯთ-აღრიცხვაო: ეპისკოპოზს თვიურად 30 მანეთი, ბინის ქირად 10 მ. და კანცელარიის შესანახად 10 მ. სულ 50 მანეთიაო. მიტროპოლიტ იოანემ ურბნისის ეპარქიისგან თავისუფლების შემდეგ წარმოადგინა ანგარიში: ყოველთვიურად ვიღებდი ათ მანეთსო. ამის გარდა, წარსული წლის ოქტომბრის 23-24 ვიყავი გორში (დროებით მე მებარა ეპარქია), სადაც სამრეკლო საბჭოს წევრებმა გადმომცეს: იმ იმედით, რომ ახალი ეპისკოპოზი იცხოვრებს გორში (მეუფე იოანე ცხოვრობდა ტფილისში), ჩვენ შეუდექით სამოთახიანი სახლის შენება-შეკეთებასო, ხოლო თუ ბინის მოწყობამდე დანიშნავთ ეპისკოპოზსო (მაშინ მხოლოდ ყოვლადსამღვდელო ნესტორს ქონდა შემოტანილი განცხადება) დეკ. გ. ნასყიდაშვილი უთმობს მას ერთ-ერთ ოთახსო, რაც იქაც დაადასტურა  დეკანოზმა. ამგვარად უბინაობაზე და საშვალების უქონლობაზე ლაპარაკი უნდა ჩაითვალოს სიყალბედ…

მერე რა დანაშაულებისათვის “დაუსჯია” ეპ. დავითი ასე “უსამართლოდ” საკათოლიკოზო საბჭოს ეპისტოლეს ავტორებმა ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი არ იციან, მაგრამ “არა ოფიციალურად (აქ უკვე გულთმისნობა იწყება) საკათოლიკოზო საბჭოს თვალში დავით ეპისკოპოზს მიუძღვის ორი დანაშაული: ერთი მისი, ვითომდა, მწვალებლობა (ერეტიკოსობა) და მეორე მისი უარყოფითი დამოკიდებულება მემორანდუმის გაგზავნასთან” (გვ. 1).

განვიხილოთ! “ეპ. დავითის ერეტიკოსობა გამოიხატა, განაგრძობს ეპისტოლე, მისი თავმჯდომარეობით 1923 წ. ქალაქ ქუთაისში შედგენილ პროექტში საეკლესიო რეფორმათა შესახებ” (გვ. 1-2) ეპისტოლეს ავტორები, რომ გულთმისნობის გზას არ დასდგომოდნენ და ოდნავაც მაინც ჩაფიქრებოდნენ საკათოლიკოზო საბჭოს იმ ცირკულირს (იხ. დამატება N1), რომლიდანაც ამოუგლეჯიათ (და ისიც თავის საწინააღმდეგოდ) ერთი ფრაზა. მიხვდებოდნენ, რომ “საეკლესიო რეფორმათა შესახებ პროექტის” წარმოდგენა დავალებული ქონდა ყოვლადსამღვდელო დავითს. ცირკულირში სწერია: “დაევალოს ეპარქიათა მღვდელმთავრებს დაუყოვნებლივ მოახდინონ განკარგულება… ცვლილებათა დამუშავებელ კომისიების არჩევის შესახებ და კომისიათა მიერ დასაბუთებული და დამუშავებული პროექტები წარმოუდგინონ საკათოლიკოზო საბჭოს უცვლელად, თავიანთი დასკვნის (ცალკე) დართვით.” მაშასადამე თუ ყოვლადსამღვდელო დავითმა დაამუშავა სასურველ ცვლილებათა პროექტი, ამით მას მხოლოდ შეუსრულებია საბჭოს დავალება და საბჭო მართლაც დიდად ახირებული რამ დაწესებულება უნდა ყოფილიყო, რომ ეპისკოპოზი დავითი მისი დავალების შესრულებისათვის დაესაჯა. მაშ რაშია საქმე? თუმცა სიტყვა გაგვიგრძელდა, მაგრამ იძულებული ვარ ავალაპარაკო აქ ფაქტები და თვით ყოვლადსამღვდელო დავითი. 1925 წლის ოქტომბრის 11 თარიღით დავით ეპისკოპოსმა მოართვა საკათოლიკოზო საბჭოს განმარტება რომელშიაც სწერია: “ვინაიდან ჩემ მიერ ხელმოწერილ და “მუშა და გლეხში” (1923 N35) დასტამბულ პროექტის გამო იყო და ალაგ-ალაგ დღესაც არის გავრცელებული არასწორი ხმები, პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოზო საბჭოს, რომ ა) პროექტი იგი იყო გამოწვეული 1) საკათოლიკოზო საბჭოს 1922 წლის 19 ოქტომბრის N47 დადგენილებით (ზემოთ რომ მოვიყვანეთ) და 2) კეთილი მიზნით – გვეხსნა ეკლესია დანგრევისაგან მაშინდელ საშინელ მომენტში და ხელი შეგვეწყო დატუსაღებულთა გამოშვებისათვის…

ბ) რომ პროექტი იგი იყო მხოლოდ პროექტი… მე არცერთი მღვდლისთვის არ მიმიწერია მიეღო  და განეცხადებია ის პროექტი, და არც თავად შემიცვლია რა ეკლესიასი, გ) ის პროექტი მომენტისა გამო ეკლესიაში იყო შედგენილი სიჩქარით ორ დღეში, და აზრები მასში არაა გამოხატული ყველგან სისწორით და ნათლად. დაბეჭდილში არის შეცდომა… დასასრულ, სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი დაისტამბა გაზეთში; მისი დაბეჭდვა ჩემზე არ იყო დამოკიდებული” (საქმე 17/1925).

როგორც ხედავთ, დამუშავებული პროექტი ყოვლადსამღვდელო დავითს საბჭოში კი არ წარუდგენია, არამედ (თავის უნებურად) დაუსტამბავს გაზეთ “მუშა და გლეხში” (N35, 1925, VIII.26) ამის გამო “პროექტის გარშემო” “გავრცელებულა არა სწორი ხმები,” მით უმეტეს, რომ იგი ყოფილა “შედგენილი სიჩქარით ორ დღეში, და აზრები მასში არაა გამოთქმული ყოველგან სისწორით და ნათლად, დაბეჭდილში არის შეცდომა” (რედაქცია კი ადასტურებს, რომ დაბეჭდილია “უცვლელადო”) ამ სიჩქარით შედგენილმა პროექტმა მიიქცია პრესის ყურადღება. “მუშა და გლეხი”-ს თვით იმ ნომერში, რომელშიდაც ადგილი აქვს დათმობილი პროექტს, მოთავსებულია მოწინავე წერილი “პირველი ნაბიჯი,” რომელიც გვეუბნება შემდეგს: “ჩვენ ვფიქრობთ პირველი ნაბიჯი ქუთაისის სამღვდელოების წარმომადგენლებისა მოკლე ხანში უფრო ღრმა და უფრო რადიკალურ გამოძახილს პოვებს სამღვდელოების დაბალ წრეებში… ყოველგვარი ახალი, ყოველგვარი “პროგრესული” ნაბიჯის გადადგმა მისი (ეკლესიის) ცხოვ-რებაში ჩვენს მიერ აღიარებული იქნება, როგორც დადებითი მოვლენა. ყოველ შემთხვევაში, ეს უფრო დააფიქრებს მათთაც, ვისაც ეკლესია სწამს – ამ ეკლესიის საფუძვლების შესახებ. დაფიქრება კი ყველაზედ უფრო შეუწყობს ხელს იმას, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით ეკლესიის საკითხში: “მის სრულ მოსპობას” (ხაზი რედაქციისაა) დაუმატეთ ამას გაზეთ Заря Востока 2 (266, 1923, XI, 18) ცნობა, რომ “ამას წინათ დავით ეპისკოპოზის მეთაურობით შედგა მღვდელმთავრების ჯგუფის კონფერენცია, რომელთაც გადასწყვიტეს გაატარონ რეფორმები საქართველოს ეკლესიაში. მათი სურვილია “ცხოველი ეკლესიის” შექმნა საქართველოს მასშტაბში чтоже ?”… მე მგონია დიდი “სიბრძნე და გამჭრიახობა” არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ გავრცელდა ყოვლადსამღვდელო დავითის შესახებ “არასწორი ხმები”. საკათოლიკოზო საბჭო სწორედ იმისთვის თხოულობდა უკვე ხსენებული ცირკულარით პროექტები “უნდა დაგროვდეს ცენტრში (საბჭოში) განხორციელებისათვის ერთ სპეტრში გასატარებლადო,” რომ უზრუნველყო ეს თუ ის პიროვნება “არასწორი ხმების გავრცელების” შედეგებისაგან…

ყოვლადსამღვდელოს მიზანი – “გვეხსნა ეკლესია დანგრევისაგან და ხელი შეგვეწყო დატუსაღებულთა გამოშვებისათვის” – კეთილი და კარგი იყო, მაგრამ მის განსახორციელებლად არჩეული საშუალება კი ფრიად ცუდი: შეცდომით და აჩქარებით დაწერილი პროექტით ვერავის დააკმაყოფილებთ, – ვერც იმათ ვის ხელშიაც არის უფლება “დატუსაღებულთა გამოშვებისა” და ვერც მორწმუნე ერს. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ პროექტი დაწერილია დავითისებური კატეგორიული კილოთი: “საკურთხეველში ტრაპეზის უკან ასვენია ან დახატულია ქრისტესს ხატი, სხვა ხატების ტაძარში დახატვა აკრძალულია… საკურთხეველს ორივე გვერდზე ახლავს კედლებამდე ბუდუარები და ამათ შორის ჩამოშვებულია ფარდა… საცეცხლური და საკმეველი მოსპობილია… სასწაულთ მოქმედი ხატი არ არსებობს… სამოციქულონი ყოველნაირ ღვთისმსახურებიდან და მღვდელმოქმედებიდან განიდევნოს… სასიკვდინო ზიარების მიცემა მღვდლისათვის არ არის სავალდებულო… კაბა და ანაფორა დაუშვებელია ეკლესიასა და სხვა მღვდელმოქმედების დროის გარეშე… მარხვა სავალდებულო არ არს… დღესასწაულთა რიცხვი შემცირდეს და გადატანილ იქნეს ახალ სტილზე.” (მუშა და გლეხი” N35).

მიუხედავად იმისა, რომ დავით ეპისკოპოზის პროექტში “ერეტიკული” არ არის რა (ერეტიკული ელემენტი კი მოიპოვება), მდაბიო ხალხი (და ზოგი ინტელიგენტიც) უარყოფით შეხვდა აღნიშნულ პროექტს და თავისი უარყოფითი შეხედულება მოიტანა საკათოლიკოზო საბჭოს კრებამდე. როგორ შეხვდა საკათოლიკოზო საბჭო ამ “ბუდუარებიან,” “ჩამოშვებულ ფარდებიან” და “სასიკვდინე ზიარებიან” პროექტს ჩანს მის N63 განჩინებიდან 1925 წლის ოქტომბრის 12 გამოტანილიდან: “საკათოლიკოზო საბჭომ მოისმინა ყოვლადსამღვდელო დავითის (ოქტომბრის II) განმარტება და სცნო იგი დამაკმაყოფილებლად , ხოლო გაზეთში მისი პროექტის დასტამბვა – სამწუხარო მოვლენად.” (საქმე N17/1925) ნათქვამიდან ცხადია, რომ საკითხს დავით ეპისკოპოზის “ერეტიკოსობის” შესახებ საკათოლიკოზო საბჭომ მოუღო ბოლო 1925, X, 12 და ამის შემდეგ ეპისტოლეში ამ საგანზე ლაპარაკი უნდა ჩაითვალოს პირდაპირ ცილისწამებად.

ეხლა შევეხოთ დავით ეპისკოპოზის საკათოლიკოზო საბჭოს წინაშე (ვითომდა) მეორე დანაშაულს – “მის უარყოფით დამოკიდებულებას მემორანდუმის გაგზავნასთან” და ამის გამო საბჭოს მიერ მის “უსამართლოდ დასჯას.” ეპისტოლე მოგვითხრობს (უკვე კატეგორიული ტონით): “მეორე დანაშაული ეპისკოპოზ დავითის საკათოლიკოზო საბჭოს თვალში იყო მისი მონაწილეობა იმ დეპუტაციასი, რომელიც ქუთათერებმა მიუგზავნეს კათოლიკოზ-პატრიარქს 1923 წლის სექტემბერში სათხოვნელად, რომ მემორანდუმის გაგზავნისა გამო შეეტანა საბჭოთა მთავრობის წინაშე განცხადება, რომ მემორანდუმის გაგზავნა იყო შეცდომა” (გვ. N2). როცა ეს დეპუტაცია წარუდგა კათოლიკოზ-პატრიარქს, საკათოლიკოზო N1 საბჭოს წევრები “ცხრაკლიტულში” ისხდნენ და არა იცოდნენ რა, თუ რა ხდებოდა სატუსაღოს გარეშე და რომ სცოდნოდათ – დიდად მადლობელი დარჩებოდნენ დეპუტაციის მეთაურისა, რომლის იმ დროინდელ მოქმედებას საფუძვლად სდებია, როგორც თვით ბრძანებს “დატუსაღებულთა გამოშვება”. ფრიად ბოროტი ადამიანები უნდა იყვნენ საკათოლიკოზო საბჭოს წევრები, რომ მათი გამოშვებისათვის ხელსშემწყობი და მზრუნველი კაცის დასჯა მოენდომებინათ და ისიც მის შემდეგ, როდესაც მემორანდუმის ავტორმა უკვე შეასრულა ქუთათურ დეპუტაციის თხოვნა-აღიარა საქვეყნოდ შეცდომად მემორანდუმის გაგზავნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოვლადსამღვდელო დავითს “დასჯამდე” არასოდეს არ უბრძანებია, მემორანდუმის შედგენა-გაგზავნაში საკათოლიკოზო-საბჭოს წევრებმაც მიიღეს მონაწილეობაო, და თუ ამგვარი ბრალდება თავს მოახვია საკათოლიკოზო საბჭოს “დასჯის” შემდეგ ეს იმდენადვე საფუძვლიანია, რამდენადაც მეორე მისი მეუფების ბრალდება-პროვოკაცია, “საკათოლიკოზო საბჭომ არ შეასრულა მთავრობის ბრძანება, მიეღო თბილისის სამხედრო ტაძრის ქონებაო.” (მოხსენება N345, 1926. XI. 14), – ამგვარი ბრძანება საკათოლიკოზო საბჭოს არასოდეს არ მიუღია. საგულისხმოა ისიც, რომ ეპისტოლეს ავტორებს მეტად გულმავიწყი და სულელ ადამიანებად გამოყავთ საკათოლიკოზო საბჭოს წევრები. მართლაც, მემორანდუმის სიმწვავე საბჭოს წევრებმა საკმაოდ იგემეს და ნუთუ ხელმეორედ ასტეხდნენ მის გამო განგაშს, თუნდაც “არაოფიციალურად,” განსაკუთრებით ივნისის 10 შემდეგ, როდესაც მისი უწმიდესობის წინადადების თანახმად, სამღვდელოებას სასტიკად აუკრძალეს პოლიტიკაში არ გაერიოთო! ეპისტოლეს ავტორებმა კარგად იციან, რომ საკათოლიკოზო საბჭოს წევრები არ არიან თავისი (თუ ეკლესიის არა) მტრები, მაგრამ, სამწუხაროდ ისინი (ეპისტოლეს ავტორები) დიდ პატივს სცემენ განსვენებულ (თუმცა უკვდავ) ეგნატე ლოიოლას, რომელმაც დასტოვა ანდერძი: საშუალებას ამართლებს მიზანიო. ამ პატიოსან გვამთა მიზანი კი ის არის, რომ გაუტეხონ ეპისტოლეს მკითხველთა თვალში სახელი საკათოლიკოზო საბჭოს წევრებს და მიაყენონ მათ ყოველგვარი “ჭირი და იწროება.” ღმერთმა მსვიდობა მისცეთ!…

მაშ რამ გამოიწვია დავით ეპისკოპოზის “დასჯა”, ან როგორც ერთმა გულუბრყვილო გურულმა მითხრა ცივ ქვეყანაში გადასახლება”? კათოლიკოზის განთავისუფლების პირველ დღეებშივე ქუთაისიდან შემოვიდა საბჭოში დავით ეპისკოპოსზე საჩივრები, რომელთა დედააზრი იყო: ყოვლადსამღვდელო არ შეეფერება ქუთაისს და გადაიყვანეთ აქედანო. საჩივრებს მოყვა აპოლოგია: დავითი ჩინებული მღვდელმთავარია და ნუ დასძრავთ ადგილიდანო. მისმა უწმიდესობამ ამ ქაღალდების შესწავლა მე მიბრძანა. შევასრულე მონდობილობა და მოვახსენე: ჩვენებური “კლიაზებია” და საქმე უნდა მოისპოს მეთქი. სხვათაშორის დავისაბუთე იმითაც, რომ ზოგიერთი მომჩივარი აპოლოგიაზეც აწერდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი საბუთი დაშორებული იყო ერთმანეთისაგან, ერთის თუ ორი დღის მანძილით. ამის შემდეგ მე ქალაქიდან წაველ, დაიმედებული, რომ საქმე მოისპობოდა. შემოდგომაზე გავიგე, რომ საბჭოს საქმე არ განეხილა. ერთხელ ვისარგებლე შემთხვევით და შევეკითხე მის უწმიდესობას, თუ რატომ არ იყო საქმე განხილული. მიბრძანა: შენი წასვლის შემდეგ მე ბევრი ქუთაისელი კაცი ვნახე აქაც და ბორჯომშიც, და ყველა იმას მთხოვდა, – დავითი მოგვაშორეთო; აი ამ დღეებში შემოვიტან საბჭოში და როგორც უჯობდეს, ისე მოიქეცითო. საბჭოში მე ჩემი აზრი გავიმეორე, მაგრამ ამჯობინეს ყოვლადსამღვდელო მელქისედექის გაგზავნა, საქმის ადგილობრივ გასაცნობად. ყოვლადსამღვდელომ ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ მოახსენა (1925 წ. დეკემბრის 16) საბჭოს: თუმცა დავით ეპისკოპოზი “უმწიკვლო ადამიანია,” მაგრამ “მისი გადაყვანა ქუთაისიდან საჭიროა და სასარგებლო თვით ყოვლადსამღვდელო დავითისათვისაც და საქმისთვისაცო.” (საქმე N17/1925).

ეს მოხსენება საკათოლიკოზო საბჭომ მოისმინა 1926 წლის იანვრის 22 და განაჩინა: “ყოვლადსამღვდელო დავითზე შემოსულ საჩივრებში არ არის ისეთი რამ, რისთვისაც შეიძლებოდეს მისი მეუფების სასამართლოში მიცემა და ამისთვის მაზედ შემოსული საჩივრები დატოვებულ იქმნას უშედეგოდ”. ამ განაჩენით საქმე მიყუჩდა, მაგრამ ქუთათურები მაინც არ ისვენებდნენ: უკმაყოფილებას უცხადებდნენ კათოლიკოს-პატრიარქს, მე კი პირდაპირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, – დავითს ხელს აფარებ და ეპარქიას ღუპავო. (ამას დამიმოწმებს თვით ყოვლადსამღვდელო დავითიც). ვერც მისი მეუფება გრძნობდა თავს დამშვიდებულად. მიმართვა ყოვლადსამღვდელო ვარლამ მარგველს, გავცვალოთ ეპარქიებიო, მიიღო უარი. ასეთივე პასუხი მიიღო ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე სოხუმელისაგან, რომელმაც გადმომცა: სოხუმში დავითი ვერ გამოდგებაო…

1926 წ. ოქტომბრის შუარიცხვებში დამიბარა კათოლიკოს- პატრიარქმა, საღამოს შვიდ საათზე ჩამოდი ჩემთანო. ვეახელ აღელვებული დამხვდა. გადმომცა დიდი წერილი და მიბრძანა: პირველი გვერდი წაიკითხე და უკანვე მომეციო. წერილი ასე იწყებოდა: თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, რომ მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იმყოფებოდა დავით ეპისკოპოზის გავლენის ქვეშ, ყოველგვარ ზომებს ხმარობს, რომ ჩვენი საჩივრები დარჩეს უყურადღებოდ, ეპარქია კი იღუპებაო. უკანასკნელად გთხოვთ და თანაც მოგახსენებთ: თუ მოკლე დროში ყოვლადუსამღვდელოესი დავითი არ იქნება გადაყვანილი ქუთაისიდან, ჩვენ 600 კაცი მივიქცევით მოსკოვის მთავარეპისკოპოსისადმი თხოვნით, მიგვიღოს თავის მფარველობის ქვეშ. გავანებე კითხვას თავი და შევეკითხე მის უწმიდესობას ხელმოწერილია წერილი თუ არა: ხელმოწერილიც არის და ფრიად სანდო კაციც არისო. მოვახსენე: ის რომ სანდო კაცი იყოს, მუქარით არ მოგმართავდათ და წერილს არ დააწერდა: “ფრიად საიდუმლოდ” მეთქი. თუ 600 კაცი ფიქრობს მოსკოვში ქაღალდის გაგზავნას, ამ ქაღალდზე ექვსი მაინც მოაწერდა ხელს მეთქი. გამოვიტანე კანცელარიიდან “საქმე”, გადავკითხე. თავიდან ბოლომდე საჩივრები, განუმარტე მათი უსაფუძვლობა და მოვახსენე, ის თქვენ მიერ სანდოდ მიჩნეული კაცი, თქვენი მტერი ყოფილა, უნდა აგაღელვოთ და გაართულოს თქვენი ავადმყოფობა მეთქი. გამირისხდა: შენ მართლა დავითის გავლენის ქვეშ ყოფილხარო, ხომ ხედავ, ეპარქიაში ხანძარიაო. მეწყინა, შევეკამათე და შეუმჩნევლად ხმა ავიმაღლე იმდენად, რომ კანცელარიაში მყოფმა დეკანოზმა მ. ხუციშვილმა ასტეხა არაბუნებრივი ხველა და ამით მაგრძნობინა ჩემი თავდავიწყება. ბოდიში მოვიხადე და ვთხოვე, ის წერილი ჩემთვის ეჩუქებინა. გაუკვირდა, გაიღიმა და მიბრძანა: ახირებული კაცი ხარ, მე წერილის მეორე გვერდიც არ წაგაკითხე და შენ კი ჩუქებას მთხოვ?! მივეცი პატიოსანი სიტყვა, რომ თუ წერილს მაჩუქებდა, მისი შინაარსი, როგორც ავტორი თხოულობდა სამუდამოდ “ფრიად საიდუმლოდ” დარჩებოდა. წერილი გადმომცა, მეც მაშინვე დავხიე, გავაღე ფანჯარა და ნაფლეთები მტკვარში გადავყარე. წარბები შეიჭმუხნა, ჩაფიქრდა და ბოლოს მიბრძანა: შენ აგე ამ საქმესი პასუხიო. თანხმობის ნიშნად  ხელზე ვემთხვიე, ერთხელ კიდევ ვთხოვე დამშვიდებულიყო და გამოვეთხოვე.

რამდენიმე დღის შემდეგ მწირველი ვიყავ სოხუმში. წირვა რომ გათავდა, ვინახულე მისი უწმიდესობა, იქვე იყვნენ მიტროპოლიტი იოანე, დეკანოზი ნაცვლიშვილი და ორიოდე საეროთაგანი. მოახსენეს, თქვენთან გეახლათ ვიღაც მანდილოსანი და თხოულობს მოუსმინოთო. მიბრძანა, მიიღეო. გაველ სამუშაო ოთახში, მაგრამ მანდილოსანმა დაჟინებით მოითხოვა მისი უწმიდესობის ნახვა. გაბრძანდა და ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ფრიად დაღონებული. როცა მარტო დავრჩით, მიბრძანა: იმ წერილის პასუხს ელიანო. შევეცადე დამემშვიდებია, მაგრამ ხმა არ გამცა, გამომეთხოვა და შებრძანდა საწოლ ოთახში.

გიორგობისთვის 3, საკათოლიკოზო სხდომაზე, თვით ინება თავმჯდომარეობა (ჩვეულებრივად კი მე მანდობდა თავმჯდომარეობას) და ჩემდა გასაცვიფრებლად საკითხთა შორის აღმოჩნდა მის უწმიდესობის ხელით დაწერილი N60 წინადადება (ბოლო დროს ქაღალდებს დეკანოზ ნაცვლიშვილს აწერინებდა) მღვდელთ-მთავართა გადაყვანა-გადმოყვანის შესახებ: დავით ეპისკოპოზს უპირებდა გადაყვანას ურბნისში. წინადადება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასათვის, რომ შეკითხვაზე: ვინ რას იტყვისო, ხმა არავინ დაძრა. უხერხული სიჩუმე ისევ მე დავარღვიე  განცხადებით: ამ წინადადების მიღება გამოიწვევს გართულებას: დავითი გაჯიუტდება და ქუთაისიდან არ წამოვა მეთქი. ეს ერთი. მეორე ისა, რომ ურბნისის ეპარქიას წერილობით თხოულობენ მიტროპოლიტ იოანეც მეთქი. მე შევპირდი მეუფე ქრისტეფორეს, მხარს დაუჭერ თქვენს კანდიდატურას მეთქი და ამიტომაც წინადადებას ვერ ვიზიარებ მეთქი. მესამე: მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადსამღვდელო დავითი დღეს თუ ხვალ თვით დაანებებს თავს ქუთაისს და ამისთვის მისი ადმინისტრაციული წესით დაძვრა სასურველი არ არის მეთქი. რა საბუთი მქონდა ამ უკანასკნელი განცხადებისათვის? ის, რომ ყოვლად სამღვდელო, დავითი კვირაში ერთხელ მაინც მწერდა: მომიხერხე ტფილისში ერთი ოთახი და 25-30 მანეთი და დამიხსენ ამ ჯოჯოხეთიდანო. მისი მეუფების ამ სურვილს ადვილად გაიგებს ის, ვინც იცნობს დავით ეპისკოპოზს: იგი არის კაცის ნიჭიერი, ჩინებული მწერალი, ქველმოქმედი, მაგრამ უაღრესად ამპარტავანი, თავმოყვარე და უკმაყოფილო… თავის გარეგნობით, რასაც არ მალავს ოფიციალურ მიწერ-მოწერაშიც. 1926 წლის ოქტომბრის 17 და 21 NN295 და 301 მოხსენებებში ყოვლადსამღვდელო სთვლის თავის თავს “ულამაზო ეპისკოპოსად,” რომელიც თურმე არ მოსწონთ (ალბათ აქვს სურვილი მოსწონდეთ!) “სილამაზის მოტრფიალე” “ვიღაც ქალებს,”, “მახინჯ ადამიანებს”, “გარყვნილ გემოვნების მქონე მორწმუნეებს (უფრო ურწმუნოებს)”, და ამისთვის ყოველთვის ცდილობს და ცდილობდა ერთსა და იმავე ადგილზე არ დარჩეს დიდხანს. მის მეუფებას ხშირად უთქვამს: ადამიანი უნაკლო არ არის, ამისთვის თუ გინდა, რომ მოსვენებით და ბედნიერად იცხო¬ვრო, ერთსა და იმავე ადგილზე არ დარჩე დიდხანს, გაგიცნობენ და პატივს აღარ გცემენო. ამ ფილოსოფიას მისი მეუფება სინამდვილეში ახორციელებდა: აკადემია დაამთავრა 1899 წ. იმავე წელში დაიწყო სამსახური კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებაში, 1900 წ. გადავიდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1902 წ. სენაკის (სამეგრელოს) სასულიერო სასწავლებელში, 1903 წ. სოლოკამსკის, ხოლო 1904 წ. პოლოცკის სასწავლებლებში, 1905 წ. ვიტებსკის სემინარიაში, 1906 წ. დონის სემინარიაში, 1907-1912 წწ. ალავერდის ეპისკოპოსად (მოძრაობას ხელი შეუშალა ნიკონ ეპისკოპოსის მოკვლამ), 1912-1913 წ. პეიტიგორსკის ქორეპისკოპოსად, 1914-1917 წ. ვინიცკის ქორეპისკოპოსად (მოძრაობა შეაჩერა ომიანობამ) 1917-1919 წ. ურბნელ ეპისკოპოსად 1919-1921 წ. საკათოლიკოზო საბჭოს წევრად, 1921-1922 წ. ჭყონდიდელ-შემოქმედელად, 1923 წ. ბათუმ-შემოქმედელად, 1924 წ. ალავერდელად და იმავე წელს ნოემბრიდან ქუთათელად. მაგრამ ეს სხვათაშორის, საკათოლიკოზო საბჭოში კი ჩემ განცხადებას მხარი დაუჭირა ერთმა წევრმა: დანარჩენები მიემხრნენ ყოვლადსამღვდელო მელქისედექის (დღეს მისი მეუფება დროებითი მმართველობის წევრია) განცხადებას: “მისი უწმიდესობის წინადადება გამოწვეულია საქმის დაკვირვებითი შესწავლით და ეკლესიის სარგებლობით და ამისთვის სიტყვის შეუბრუნებლად უნდა მივიღოთო…” საკითხი ამოიწურა…

ღვთისა და სინოდის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ დავითის ერეტიკოსობა – რეფორმატორობა – ანტიმემორანდუმისტობა არცერთ საკათოლიკოსო წევრს არ მოსვლია თავში ნოემბრის 3 სხდომაზე. გადამჭრელი გავლენა იქონია კათოლიკოზის ღრმა რწმენამ, – ეპარქია დაიღუპება თუ დავით ეპისკოპოზი ქუთაისში დარჩებაო. ამას დაერთო მელქისედეკ ეპისკოპოზის ავტორიტეტული განცხადება (ავტორიტული იმიტომ, რომ ის 1925 წ. ქუთაისში იყო ამ საქმის გამო), დავითის გადმოყვანა სასარგებლო და საჭიროა მისთვისაც და საქმისთვისაცო და ყოვლადსამღვდელო დავითის ნივთიერად უკეთ მოწყობა, ვინემ ის იყო მოწყობილი ქუთაისში…

3) შემდეგ “ნაკლად” საკათოლიკოსო საბჭოს ეთვლება ის, რომ მას “გაუვიდა ვადა რწმუნებულობის 1924 წ… მართალია 1925 წ. 10 სექტემბერს გაუგრძელდა მას ვადა მოქმედებისა ეპისკოპოზთა კრებულმა მეოთხე საეკლესიო კრებამდე, მაგრამ თანვე დასძინა, რომ ეს კრება უნდა მოეწვია. საკ. საბჭოს 1926 წ. გაზაფხულზე, რაიცა მან არ შეასრულა და ამით მოისპო თავისთვის მოქმედების უფლება. თავის მართლება, რომ არც ერთ ეპისკოპოსს არ წარმოუდგენია მასალა კრებისათვისო და ამისთვის გადაიდო იგიო არის სიტყვის ბანზე აგდება (გვ. 3-4). საკათოლიკოზო საბჭოს წევრებს, რომ 1924 წ. სექტემბერში გაუთავდათ ვადა რწმუნებულების, ეს ყველა მათგანმა კარგად იცოდა და სწორედ ამისთვის განუცხადეს ეპისკოპოზთა კრებულს 1925.X.10: ჩვენი  არჩეულ წევრთ გაგვივიდა ვადა, თქვენ კი უვადო წევრები ბრძანდებით, განგვათავისუფლეთ, ჩვენი არსებობა უკანონოა, თქვენ თავად ეკლესიის მართვა-გამგეობა კრების მოწვევამდე, საკმარისი იქნება სამ-სამი მღვდელმთავარი მორიგეობით ბრძანდებოდეთ ტფილისშიო. ეპისკოპოსებმა არ შეიწყნარეს ვადაგასულ წევრთა მუდარა და განაჩინეს: “საკათალიკოზო საბჭოს აწინდელი შემადგენლობა ცნობილ იქმნას კანონიერად და მისი წევრნი-უფლებამოსილად ახალ არჩევნებამდე”-ო. თავისთავად ცხადია ეს არჩევნები უნდა მოეხდინა საეკლესიო მეოთხე კრებას, მაგრამ რა დროისთვის უნდა მოწვეულიყო იგი ეპისკოპოზთა კრებულს არ განუსაზღვრავს. ასე რომ, “თანაც კრება 1926 წ. გაზაფხულზე უნდა მომხდარიყოო.” ნაყოფია ეპისტოლეთა ავტორთა… სიმართლისა და საკათ. საბჭოსადმი სიყვარულისა. მიუხედავად კრების მოწვევის დროის განუსაზღვრელობისა, 1926 წ. თებერვლის 10 განჩინებით საკათ. საბჭომ მოიწვია საეკლესიო კრება იამვე წლის მაისის 23 თვის, თანაც დასძინა: წინდადება მიეცეთ ეპარქიათა მმართველთ აპრილის პირველამდე წარმოგზავნონ ადგილობრივ აღძრული და დამუშავებული საკითხებიო. ამ საკითხებს საკათოლიკოსო საბჭო ელოდა აპრილის რვამდე და, რადგანაც ასეთები არცერთ მღვდელთმთავარს არ წარმოუდგენია და აღდგომის დღესასწაულებიც მოახლოებული იყო (აღდგომა იყო მაისის 2), განაჩინა (აპრილის 8): საეკლესიო კრება მოწვეულ იქმნას მის შემდეგ, როცა დაგროვდება მასალებიო. ეს განჩინება მეორე დღესვე დაეგზავნათ მღვდელმთავრებს, მაგრამ იგი არ მოსწონთ ეპისტოლეს ავტორებს: “ეს არის სიტყვის ბანზე აგდება, პროექტები უნდა წარმოედგინათ კათოლიკოსსა და მის მოსაყდრესო” (გვ. 4). მე არ ვიცი რამდენად შესაფერია  საეკლესიო მმართველობის (თუნდაც დროებითის) ეპისტოლეში “ბანზე სიტყვის აგდებაზე” ლაპარაკი, მაგრამ კარგად ვიცი შემდეგი: 1917 წლიდან მე გახლავართ საკათოლიკოზო საბჭოს წევრი და მოწმე იმისა, რომ ვისაც ფეხი შემოუდგამს საბჭოს კარებში ყველა იმეორებს, ცვლილებანია საჭირო ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ კონკრეტულად რა ცვლილებანი (ან რატომ) უნდა იქმნას შემოღებულნი არავისაგან მსმენია. ამის გამო. საკათ. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ 1922 წ. ოქტომბრის 19 გამოიტანა N47 დადგენილება (ნაწილობრივ უკვე ზემოთ მოყვანილი): “ცნობილ იქმნას სასურველად, რომ (საქართველოს ეკლესიაში) ცვლილებანი მოხდეს სამღვდელოების და მორწმუნე ერის მონაწილეობით… დაევალოს ეპარქიათა მღვდელმთავრებს… კომისიების არჩევა… და კომისიათა მიერ დამუშავებული პროექტები წარმოუდგინონ საბჭოს უცვლელად, და რომ არჩეული კომისიების გარეშეც ყველა მორწმუნეს  შეუძლია წარმოადგინოს… საჭირო ცვლილებათა დასაბუთებული პროექტი.”

ასეთი პროექტების მოთხოვნა “ბანზე სიტყვის აგდება” კი არ არის, არამედ ნიშანია საქმიანობას: ეპისტოლეს ავტორებს კარგათ მოეხსენებათ, რომ მეორე და მესამე კრებებზე თითქმის ერთხმად იქმნა უარყოფილი საკათოლიკოსო საბჭოს პროექტები სამღვდელეობის მიერ სამსახურს გარეშე საერო ტანისამოსის ტარებისა და მღვდელმსახურებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ. ხოლო ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე ქუთაისის საკრებულო ტაძრითგან ექსორიაყოფილ უყვიათ ახალი სტილის შესახებ განმარტების მიწოდების გამო. საკათოლიკოსო საბჭომ სწორედ იმისთვის გამოიტანა 1922 წელში N47 განჩინება, რომ ის ღრმად იყო დარწმუნებული, ვერცერთი ცვლილება, რომელიც მორწმუნე ერის მიერ არ არის ცნობილი სასურველად ვერ გატარდება ცხოვრებაში, თუნდაც იგი საეკლესიო კრების მიერ იყოს გამოტანილი. ამ აზრისა ვარ მე დღესაც, მით უმეტეს რომ აი რა ამოვიკითხე მიმდინარე წლის თებერვლის 11 “კომუნისტის” N33 მოწინავე წერილში (გადმობეჭდილია “პრავდადან”): “ცენტრ. საკონტროლო კომისიის პლენუმის დადგენილებით… ამა თუ იმ ძირითად ცვლილებათა პროექტები მმართველობის დარგში წინასწარ უნდა იქნას განხილული ფართო კრებაზე. პარტიულ ორგანიზაციებსა და პროფკავშირებში და აგრეთვე მუშების და გლეხების კრებებზე… სანამ ეს საკითხები მიიღებენ კანონის ფორმას…”

დამახასიათებელია შემდეგიც: თუ საკათ. საბჭოს მიერ მასალების მოთხოვნა “ბანზე სიტყვის აგდებაა,” დროებითი მმართველობის 1927 წ. იანვრის 31 განჩინების მესამე მუხლი – “დაევალოს ეპარქიის მმართველთ წარმოადგინონ მღვდელთმთავართა კრებაზე (რომელიც დანიშნული იყო და შესდგა მარტ. 22) მომავალ საეკლესიო კრების განსახილველი საკითხები და მასალები.” – რაღაა?! თუ: გუოდ ლიცეტ ჟორის,…ლიცეტ ლორის?!,… ფრაზა – “მაისის 23 კრების მოუწვევლობით საკათ. საბჭომ მოისპო თავისთვის არსებობის უფლებაო.” გაუგებარია: თუ საკათ. საბჭოს მაისის შემდეგ მოსპობილად სთვლიდა თუნდაც ეპისტოლეს ავტორთა მეთაური, რაღათ უგზავნიდა მას მისი მეუფება მოხსენებებსა და თხოულობდა მისგან სანქციას, განსაკუთრებით გაუგებარია 1926 წლის სექტემბრის 24 N209 მოხსენების გამოგზავნა რომელშიდაც აღნიშნულია მეოთხე საეკლესიო კრებაზე განსახილველი საკითხები: ეპისტოლეს ავტორთა მეთაური მიტროპოლიტ ქრისტეფორე როდის ბრძანდება ჭეშმარიტებასთან ახლო, – 1926 წლის სექტემბრის 24, თუ 1927 წლ. იანვრის 6?! ჩანს, საკათ. საბჭოს აღნიშნული “ნაკლი” არც იმდენად დიდი ყოფილა, რომ მას მოსპობდა არსებობის უფლება: სრულ გონებაზე მყოფი ადამიანი კი არსება მოსპობილებთან ურთიერთობას არ იჭერს!…

შენიშვნა: ამ საკითზე ამომწურავ პასუხს შეიცავს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსის რეზოლუცია, რომელიც დადებულია ქუთაისის “კრების” თავჯდომარე ქრისტეფორე მიტროპოლიტის 1926 წლის დეკემბრის 28 მოხსენებაზე. (იხილე ქვემოთ): `1926.XII.29 თუმცა საკათ. საბჭოს წევრებს 1924 წლის ენკენისთვეში გაუვიდათ ვადა, მაგრამ ისინი 1925 წლის ოქტომბრის 10 N11 განჩინებით ჩვენი ეკლესიის ყველა მღვდელმთავართა (მიტრ. ქრისტეფორე, მიტრ. იოანე, ეპისკოპოზნი: დავითი, სვიმონი, ნესტორი და პავლე) საკათ. საბჭოს მუდმივ და პასუხისმგებელ წევრთა მიერ დატოვებულ არიან საკათ. საბჭოს წევრებად ახალ არჩევნებამდე. ამიტომ მათი გადაყენება უკანონო იქნება ყველა მღვდელთმთავართა ნებადაურთველად. თუ დღეს ყველა მღვდელთმთავარნი მოითხოვენ მათ გადაყენებას, მაშინ თვით ყოვლადსამღვდელოთ უნდა აიღონ ხელში ეკლესიის მართვა გამგეობა. საეკლესიო კრება მოწვეული იყო 1926 წლის მაისის 23 – სათვის და თუ არ შესდგა, ამის მიზეზი იყო ის, რომ არცერთ მღვდელთმთავარს (მათ შორის ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორეს, დავითსა და სტეფანესაც) არ წარმოუდგენიათ მათგან მოთხოვნილი საკითხები, რომელიც უნდა გარჩეულიყო კრებაზე. ამის გამო აპრილის 8 განჩინებით საკათ. საბჭომ გადასდო კრება და ხელახლა მოსთხოვა საკითხები ეპარქიათა მმართველ ეპისკოპოზთ, მაგრამ არც ამ მოთხოვნილებას გასცეს პასუხი ეპისკოპოზებმა გარდა ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორესი (წარმოადგინა ამ წლის 30/IX მხოლოდ სია საკითხთა და არა დამუშავებული საკითხები) და ეპ. ნესტორისა – 6/V. ჩემს ეპარქიაში დაინიშნა საეკლესიო კრებაზე განსახილველ საკითხების წამოსაყენებლად და დასამუშავებლად, დეკ. დ. ხახუტაშვილის თავმჯდომარეობით, კომისია; მაგრამ ამ კომისიის ნაშრომი ჩემთვის ჯერაც არ წარმოედგინათ. ნათქვამიდან ცხადად ჩანს კრების დაგვიანება საკათ. საბჭოზე დამოკიდებული არ ყოფილა. ამჟამად კრება მიწვეულია 1927 წლის მარტის 23 თვის, და კვლავ მოთხოვნილია მღვდელთმთავართაგან დამუშავებული საკითხები, რომელთა გადასასინჯავად და გადასამუშავებლად (თუ ამას მოითხოვს საჭიროება) უკვე თებერვლის 10 განჩინებით დაარსებულია კრების წინასწარი კომისია. მთავარ მიზნად ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორეს დაუსახეს საეკლესიო კრებისათვის მასალების დამზადება. ვფიქრობ ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა, ეკლესიაში ანარქიის შეუტანელად, წინასწარი თათბირის კომისიას მინიჭებული აქვს უფლება, საქმისათვის სასარგებლო პირთა მიწვევისა. (საქმე. N46/926) რაც შეეხება ბრძანებას – “პროექტები კათოლიკოსსა და მის მოსაყდრეს უნდა დაემზადებინათო.” – ესეც მოკლებულია სამართლიანობას: კათ. პატრიარქის პროექტები (მაგ. მარხვაში ტაძრის დღესასწაულების შესახებ) დღესაც დაცულია კანცელარიაში, ხოლო “მოსაყდრეს” რომ პროექტების დაწერის უნარიცაა და გაყვანის შესაძლებლობაც აქვს ამის მოწმეა სამივე საეკლესიო კრებისა და საკათ. საბჭოს ჟურნალები, მაგრამ თუ იგი მოელოდა პროექტებს სხვებისაგან, ეს გამოწვეულია შემდეგით: “მოსაყდრეს” ყოველთვის უსაყვედურებდნენ, შენ ქალაქის გარეთ რა ხდება არ იციო, ამისთვის შენი პროექტები ტერიტორიულია, სოფლის მორწმუნეთათვის გამოუსადეგარიო, ამიტომ მე მსურდა, მენახა “პრაქტიკულ” მოღვაწეთაგან წარმოდგენილი პროექტები, რომელიც მისაღები იქნებოდა მორწმუნეთა უმრავლესობისათვის, მაგრამ ასეთი პროექტი მე ვიხილე მხოლოდ ერთად-ერთი, – საკურთხეველის გვერდებზე “ჩამოშვეულ ფარდების” იქით მოწყობილ “ბუდუარებით” და “სასიკვდინე ზიარებით”… შეიძლება ასეთი პროექტი ფრიად “პრაქტიკული” იყოს, მაგრამ ჩემთვის კი გაუგებარი და მიუღებელია~…[39]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით გამგეობას (ქუთაისში 1926 წლის დეკემბერში მოწვეულ კრებაზე შექმნილს ს.ვ.) განსაკუთრებით აღიზიანებდათ მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსაყდრის თანამდებობაზე ყოფნა და მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. შექმნილ ვითარებაში 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ დროებითი გამგეობისაგან დათხოვნილად გამოცხადებულ საკათოლიკოსო საბჭოს შემდეგი განცხადებით მიმართა: “ვინაიდან დავრწმუნდი, რომ ის არევ-დარევა, რომელიც დღეს სუფევს ჩვენს ეკლესიაში გამოწვეული ყოფილა უმთავრესად ჩემ მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობის აღსრულებით, პატივისცემით ვთხოვ საკათოლიკოსო საბჭოს, აირჩიოს მოსაყდრედ სხვა მღვდელთმთავარი, მე კი გამათავისუფლოს ხსენებული მოვალეობის აღსრულებიდან.”[40] მიტროპოლიტ კალისტრატეს ეს გადაწყვეტილება იყო იძულებითი და კიდევ უფრო აძლიერებდა ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეთა პოზიციებს. მათ ხელისუფლებაც წაეშველა. საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1926 წლის დადგენილებით შინაგან საქმეთა სახალხო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გაუტარებელი საეკლესიო მართვა-გამგეობის ორგანოები ჩაითვლებოდა უკანონოდ. ქუთაისის კრების მონაწილეობა განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიტს, რათა რეგისტრაციაში გაეტარებიანთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი გამგეობა. ამის შემდეგ მოითხოვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის, ბეჭდის, საქმის წარმოების გადაცემა, დახმარებისათვის მიმართეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, რომელმაც 1927 წლის 4 იანვრის ბრძანებით ჩამოართვა საკათოლიკოსო და საეპარქიო კანცელარია უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის. უწმიდესი ამბროსი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარიატის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: “შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1927 წლის 4 იანვრის ბრძანებით ჩამოგვერთვა როგორც საკათოლიკოსო, ისე საეპარქიო კანცელარია და ჩაბარდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას, რომელიც გატარებული ყოფილა რეგისტრაციაში შს კომისარიატის 1926 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით.

აღნიშნულის გამო პატივისცემით მოვახსენებთ შ.ს. კომისარიატს ჩემი თავმჯდომარეობით არსებული საკათოლიკოსო საბჭო  და მის ქვემდებარე ორგანოები ცნობილია საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ოფიციალური დაწესებულებანი, საკათოლიკოსო საბჭო მოქმედებს საეკლესიო კრების (1917 – 1920 წ.წ.) მიერ შემუშავებული დებულების მიხედვით, მას მიზნად აქვს დასახული მართლმადიდებელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობა სარწმუნოებრივ-ზნეობრივ სფეროში, არ ერევა არავითარ პოლიტიკურ საქმეში. მაგრამ აღმოჩნდნენ საკათოლიკოსო საბჭოს კანონიერი მოქმედებით უკმაყოფილონი, ერთმა ეპისკოპოსმა (იგულისხმება დავით კაჭახიძე ს.ვ.) თავისი თავი ჩემგან და საკათოლიკოკოსო საბჭოსგან დამოუკიდებლად გამოაცხადა და 1926 წლის 26-27  დეკემბრის ქ. ქუთაისში კანონიერ მანდატების არ მქონე უკმაყოფილოთა კრება მოიწვია. ხსენებულ კრებას გადაყენებულად გამოუცხადებია დღევანდელი შემადგენლობით საკათოლიკოსო საბჭო აურჩევია მის ნაცვლად ეკლესიის დროებითი გამგეობა, მაშინ, როცა ეს უფლება ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიური თვალსაზრისით კანონიერ კრებას. ქუთაისის კრება კი საეკლესიო კანონების მიხედვით ოდნავადაც არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ კრებათ. ვინაიდან კანონიერად ითვლება მხოლოდ ის კრება, რომელიც მოწვეულია ეკლესიის პირველი მღვდელმთავრისაგან, კათოლიკოს-პატრიარქისგან. ქუთაისის კრება არამც არ ყოფილა მოწვეული ჩემს მიერ, არამედ პირდაპირ გამოცხადებული იყო ჩემგან და საკათოლიკოსო საბჭოს მიერ უკანონოდ. ვისაც სურს ეკლესიის კეთილდღეობა მოამზადებს მასალებს მომავალი საეკლესიო კრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის კრება ჩემს მიერ უკანონოდ გამოცხადდა, მას მაინც დაუწყია მუშაობა. პირველ ყოვლისა გადაყენებულად გამოუცხადებია საკათოლიკოსო საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა იმ მოსაზრებით, რომ მას 1924 წლის ივლისში გაუვიდა ვადა. 1924 წლის შემდეგ მართლაც არცერთ წევრს არ სურდა მოვალეობის გაგრძელება, მაგრამ თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ რომელიც 1924-1925 წლებში ასრულებდა ჩემს მოვალეობას მოითხოვა მათგან განეგრძოთ მუშაობა შექმნილი რთული ვითარების გამო ვიღებ რა მხედველობაში ყოველივე ზემოთქმულს და აგრეთვე იმას, რომ ქუთაისის კრების განჩინების საეკლესიო ცხოვრებაში გატარების ცდას უეჭველად მოჰყვება შფოთი და არეულობა მართლმადიდებელ ეკლესიაში გადავწყვიტე პირადი პასუხისმგებლობით შევუწყვიტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს უფლებამოსილება და მის მაგიერ მოვიწვიო ორ ბანაკად გაყოფილი საკათოლიკოსო საბჭოს მუდმივ წევრ ეპისკოპოსთა კრებული და მასთან ერთად განვაგო საქართველოს ეკლესიის საქმენი მომავალ საეკლესიო კრებამდე. ეპისკოპოსთა შორის მოწვეულ იქნებიან: მიტროპოლიტი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი იოანე, ეპისკოპოსი სიმეონი, ეპისკოპოსი სტეფანე (ოთხივე ქუთაისის კრების მონაწილენი), ეპისკოპოსი მელქისედეკი, ეპისკოპოსი ალექსი.

მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს, პატივისცემით გთხოვთ, ინებოთ განკარგულება ჩამორთმეული კანცელარიის დაბრუნებისათვის და მომცეთ საშუალება შეუფერხებლად განვაგრძო მუშაობა ჩემს თანამშრომლებთან ერთად.~ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი. 1927 წელი 12 იანვარი.” ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, რომელიც უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის გამოუსწორებელ კონტრევოლუციონერს და საბჭოთა ხელისუფლების მტერს უწოდებდა მის უწმიდესობის მოწოდება უყურადღებოდ დატოვა და ფაქტიურად ეკლესიის მართვა-გამგეობის სათავეები ჩამოართვა. მიტროპოლიტი ქრისტეფორე მაინც განიცდიდა უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსისთან გამწვავებულ ურთიერთობას ამას ადასტურებდა მისი წერილი პატრიარქისადმი მისი წერილის შინაარსი:

“თქვენო უწმიდესობავ! მართალია, იმედი არა მაქვს, რომ თქვენს წინაშე თავი ვიმართლო, მაგრამ მე მაინც ვთვლი ჩემს თავს ნაკლებ დამნაშავედ ყველა მათზე, ვინც ასტეხა ის აურ-ზაური, რომელმაც გამოიწვია ქუთაისის კრება და ყველა მისი შედეგები: და თუ ჩემზეა მოპყრობილი ყურადღება თქვენი და ბევრის სხვისა, როგორც მთავარ დამნაშავეზე, ეს არ არის სამართლიანობის ნაყოფი, და მთელმა ქვეყანამ, თქვენთან ერთად, რომ მიწოდოს მოღალატე და გამცემი, ამით ჭეშმარიტება ვერაფერს მოიგებს, მადლობა ღმერთს, საქართველოს სხვა მამულიშვილებიც ეყოფა, რომლებიც ასეთს ატესტაციას არ მიკეთებენ მე.

მე ვფიქრობ, რომ დავითი, რომელიც საკათალიკოსო საბჭომ გიჟად გამოაცხადა თავის ოფიციალურ დადგენილებით, უწოდა რა მას შეპყრობილი დევნულობის და განდიდების მანიით და სულით ავადმყოფი, რომელსაც დაკარგული აქვს პასუხისმგებლობის ნიჭი თავის მოქმედებაში და სურვილებში (იხ. საკათალიკოსო საბჭოს განჩინება 1926 წლის 8 დეკემბერი), – ვფიქრობ, რომ ეს დავითი ზოგიერთ მის ბრალმდებელზე მაინც, უფრო საღია გონებრივადაც და ზნეობრივადაც. დღეს სულელად და მოღალატედ ცნობილი დავითი ეგზარქოს ინნოკენტისაგან გაძევებულ იქმნა საქართველოდან, არა ფიქტიურ, მისთვის წაყენებულ ბრალდებისათვის, როგორც ეს უყვეს სხვებს, არამედ მოურიდებელი პროტესტისათვის, რომელიც დავითმა განუცხადა ინნოკენტის რეჟიმს საქართველოში. მაშინ დეკანოზმა კ. ცინცაძემ იმდენი გამბედაობაც კი ვერ გამოიჩინა, რომ უკანასკნელად ეწირვინებია ეპ. დავითისათვის ქვაშვეთში, უარი უთხრა მას. ეს უარი ასწილ აუნაზღაურა დავითს მაშინდელმა ქართველმა საზოგადოებამ ადრესის მირთმევით, რომელზედაც ხელს აწერდნენ, ბევრ სხვა პატივსაცემ პირებთან ერთად აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, კიტა აბაშიძე, ივანე ჯავახიშვილი, ივანე გომართელი და სხვანი. თვით საკათალიკოსო საბჭოს უწოდებია დავითისათვის 1926 წლის იანვრის დადგენილებაში უმწიკვლო ადამიანი, რომლის წინააღმდეგ არავის არ შეუძლია წამოაყენოს რაიმე გამამტყუნებელი ბრალდებანი… და თუ ეს დავითი ქუთაისიდან გაგდებულ იქნა ახალციხეში, ეს აიხსნება, როგორც ახსნა კიდეც ძალიან ხმამაღლა და ყველას გასაგონად თვით დავითმა, შურისძიებით. შუბი ხალათში არ დაიმალება…

ეპისკოპოსმა დავითმა ჩემთან ერთად გთხოვათ 1923 წელში მიგეღოთ ზომები და მოგეგვარებიათ კონფლიქტი საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომ საქართველოს ეკლესიას აცდენოდა ხიფათი ამ კონფლიქტისა გამო მოსალოდნელი. თქვენ მაშინ ჩვენი რჩევა არ მიიღეთ და ამით მრავალი ევნო საქართველოს ეკლესიას. ეს გარემოება თქვენ ვერ აპატიეთ ეპისკოპოს დავითს…

ჯერ კიდევ 1925 წლის შემოდგომაზე იყო დასმული საკათალიკოსო საბჭოში საკითხი დავით ეპისკოპოსის ქუთაისიდან გაძევებაზე. სანამ საბჭოში ეს საქმე დაისმებოდა, ქუთაისში გაგიგზავნიათ ეპისკოპოსი პავლე, რომელსაც იქ გაუვრცელებია ხმა, რომ ეპისკოპოსი დავითი არის გამწესებული ქუთაისში დროებით, ასეა დადგენილი საკათ. საბჭოს მიერ და ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ეპისკოპოს დავითს არა აქვს მიცემული მიტროპოლიტობა, თუმცა საქართველოს ეკლესიის დებულების ძალით ქუთათელობასთან ერთად შეერთებულია მიტროპოლიტის ხარისხიცაო. ასეთი მტკიცება, ჩემდა გასაოცრად მოვისმინე თვით მე საკათ. საბჭოს სხდომაზე იმავე 1925 წლის შემოდგომაზე დეკ. კალისტრატე ცინცაძისაგან, რომელიც ემყარებოდა საკათ. საბჭოს დადგენილებას, რომელზედაც მე ხელი მიწერია, როგორც თავჯდომარეს. დად¬გენილების ტექსტი ასეთია: “იმერეთის ეპისკოპოსად გამწესებულია ეპისკოპოსი დავითი ალავერდელი ეპისკოპოსისავე სახელწოდებით.” ნუთუ ამ დადგენილებიდან არ სჩანსს, ცხადად, რომ დავითი იმერეთის ეპისკოპოსად დროებით არ იყო გამწესებული?

ეპისკოპოსი დავითი გამწესებული იქმნა ქუთაისის კათედრაზე საკათ. საბჭოს მიერ ჩემის თავჯდომარეობით ერთხმად, გარდა ეპისკოპოს სვიმეონის ხმისა. სვიმეონ ეპისკოპოსმა იმ კრებაზევე განაცხადა, რომ ის ფოთში ვეღარ წავიდოდა, რომ ფოთში მის სიცოცხლეს საფრთხე მოელოდა, რომ მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე, რომ მას უფრო ეკუთვნის ქუთათელობა, რომ იგი ახლო იქნება თავის მამულზე და სხვა და სხვა… ჩვენ ამ ტრაბახს და აბდაუბდას მაშინ ყურადღება არ მივაქციეთ და როდესაც ეპისკოპოსმა სვიმონმა დაჟინებით მოითხოვა ქუთათელობა და უარი განაცხადა ფოთში წასვლაზე, მაშინ მას მიეცა წინადადება შემოეტანა განცხადება სამსახურიდან დათხოვნაზე… მხოლოდ მაშინ წავიდა იგი ფოთში და, მადლობა ღმერთს, მას იქ არაფერი ხიფათი არ შემთხვევია, როგორც გვაშინებდა. ერთ-ერთ საბუთად, თავის უპირატესობის ცხად-საყოფელად, ეპისკოპოსი სვიმეონი მიუთითებდა დავითის ერეტიკოსობაზე, რომელიც, ვითომდა, გამოიხატა დავითის თავჯდომარეობით 1923 წელში ქუთაისში შედგენილ პროექტში საქართველოს ეკლესიის რეფორმათა შესახებ, მაგრამ ის პროექტი გამოწვეული იყო იმ მოწოდებით, რომელიც 1922 წელში გამოსცა საკათალიკოსო საბჭომ, და რომელზედაც თქვენს უწმიდესობასაც უწერია ხელი. იმ მოწოდებაში ნათქვამია, “დადგა დრო, როდესაც შინაგან, თითქმის, მოწყობილი ეკლესია დაუყოვნებლივ უნდა შეუდვეს მის მიერ წინასწარ დასახული მიზნების განხორციელებას: განიწმიდოს მონარქიულ ნაშთებიდან, შეუფარდდეს ჩვენი ხალხის სულისკვეთებას, გამარტივდეს თანამედროვე მოთხოვნილებათა მიხედვით, მაგრამ ისე კი, რომ ხელუხლებელი დარჩეს ქრისტე მაცხოვრის დიადის მოძღვრების არსებითი მხარე…” და სხვა. როგორც ხედავთ, თქვენ გიწერიათ ხელი ისეთს მოწოდებაზე, რომელზედაც ადვილად მოგიწერთ ხელს არა თუ ჟივოცერკოვნიკი, არამედ ბაპტისტიც კი… ხოლო დავითის პროექტი, რომელიც მგონია, დღესაც არ გაქვთ წაკითხული. ამ თქვენს ფართედ დასახულ რეფორმების პროგრამას არამც თუ არ სცილდება, არამედ სარგებლობს მით სულ მცირედ ყოველ შემთხვევაში, პროექტის შედგენა დანაშაულად არ შეიძლება ჩაგეთვალათ დავითისათვის, რადგანაც იმ პროექტით არც თვით უსარგებლნია ეპისკოპოს დავითს, არც არავისთვის უთქვამს ისარგებლე მითაო, ის პროექტი უნდა განეხილა საკათ. საბჭოს სხვა პროექტებთან ერთად, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ზევით მოვიხსენე 1925 წელში საკათალიკოსო საბჭოს კრებაზე ეპისკოპოს სვიმონს თანდასწრებით მაინც იქმნა ისევ დასმული საკითხი დავითის ერეტიკოსობაზე. აქაც ისევ ცხადად გამოსჭვიოდა ერთის მხრივ შეურიგებლობა საკათ. საბჭოს ხელმძღვანელობისა დავითთან და მეორეს მხრივ ისევ სვიმონისაგან წაპოტინება ქუთაისის კათედრისაკენ. ამ კრებაზე ჩემმა დასწრებამ იხსნა ეპისკოპოსი დავითი ქუთაისიდან გაძევებისაგან. ჯერ ერთი, კრების ერთი მონაწილე, ბრალმდებლობის გუნებაზე დამდგარ მღვდელმთავარს მოვახსენე: “მკურნალო, ჯერ თავი შენი განიკურ¬ნე, მეთქი,~ ხოლო ეპისკოპოს სვიმონის საყურადღებოდ განვაცხადე: თუ ქუთაისის კათედრა დაიცლება, მე ვარ მთხოვნელი, გამამწესოთ იქა მეთქი. მაშინ გადარჩა დავითი ქუთაისიდან გაძევებას. ეს გარემოება არ ეპატივა, როგორც ეტყობა, არც დავითს და არც მე.

მე, როგორც თქვენის უწმიდესობის ერთ-ერთმა თანამსახურმა, წერილობით მოგახსენეთ, რომ ეპისკოპოსებთან მოგეგვარებიათ კავშირის გამტკიცება და ამასთანავე მორიდებოდით ეპისკოპოსთა გამრავლებას. ეპისკოპოსთა გამრავლებას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, რაიცა, ჩემის აზრით, დამტკიცდა კიდეც. ჩემი რჩევა თქვენ კადნიერებად ჩამითვალეთ და საკათ. საბჭომ წერილობით მაცნობა, რომ ამ კადნიერებისათვის მე ვიქნები მიცემული პასუხისგების წინაშე მომავალ საეკლესიო კრებისა, რომლის მსჯავსაც, თუ კი მოვესწრები მის მოწვევას, მე მორჩილებით მივიღებ, რაც უნდა სასტიკი იქნეს ჩემთვის.

1926 წლის ოქტომბერში მე პირადადაც და წერილობითაც ვთხოვე მიტრ. კალისტრატეს, მორიდებოდით ეპისკოპოსთა გამრავლებას და სამსახურში მყოფ ეპისკოპოსთა გადაყვანა – გადმოყვანას ეპისკოპოსთა კრების გარეშე. მე იმ აზრის ვიყავი და ვარ, რომ ეპისკოპოსთა კრებაზე უფრო უმტკივნეულოდ მოხდებოდა მათი გადანაცვლება ერთის ადგილიდან მეორეზე, მაგრამ არც ამ რჩევამ იმოქმედა. ერთბამად ჭადრაკულის წესით, დაძრულ იქმნენ ადგილებიდან ეპისკოპოსები: ურბნელი-ბათომში, ბათომელი – ფოთში, ფოთელი – ქუთაისში, ქუთათელი – ახალციხეში. ვინ გასწია გინდერბურგის როლი ამ სტრატეგიულ გადაჯგუფებაში, მე არ ვიცი; მაგრამ, როგორც შემდეგ გამოირკვა, აქ ნიშანში ამოღებული იყო ეპისკოპოსი დავითი, ახალციხის ფრონტზე გაგზავნით, და დაკმაყოფილებულ იქმნა ქუთათელობის მაძიებელი “დიდად ნაღვაწი საქართველოს ეკლესიისათვის, თვით გაბრიელისაგან ჩვენებით ქუთათელად დასახული,” ეპისკოპოსი სვიმონი (აზრი ეკუთვნის ეპ. სვიმონს). როდესაც მე მივიღე საკათ. საბჭოდან ცნობა ამ გადაჯგუფების შესახებ, ვიფიქრე: ალბად, დავითმა ვეღარ გაუძლო “კლიაუზნიკობას” და თავისით მოშორდა ქუთაისსა მეთქი. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, იგი მისდა უნებურად აღმოჩნდა გადაყვანილი. რაც შეეხება იმ ზღაპარს, რომ მთელს ქუთაისის ეპარქიას არ ჰსურს ეპისკოპოსი დავითიო, ამისი უნიადაგობა გამოჩნდა ქუთაისის საეპარქიო კრებაზე 1926 წლის 21 დეკემბერს. თითო-ოროლა “კლიაუზნიკი”, რომ არ გამოელევა ქუთაისს, ეს ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებიდანაც ვიცით, ეპისკოპოს დავითის ქუთათურ ოპოზიციონერებს ამხნევებდნენ საკათ. საბჭოდან დავითით შავის ფერადებით და სურათხატებით: ჟივოცერკოვნიკი, მოღალატეო და სხვა. ეპისკოპოს დავითს განუცხადებია საკათ. საბჭოსათვის, ახალციხეში ვერ წავალ, რადგანაც დანაშაულს არაფერში ვგრძნობ და თან იქ შიმშილით სიკვდილი მომელისო, ამაზე საკათ. საბჭოს უპასუხნია, იქ ბევრი კურორტებია, იქაური ჰავა მოგიხდება და თუ არ წახვალ განკვეთილ იქნები ხარისხიდანაო; ეპისკოპოს დავითს გამოუცხადებია თავისი თავი და ეპარქია ქუთაისისა ჩამოწერებულად საკათ. საბჭოდან და კათალიკოსიდან, თავის მხრივ საკათ. საბჭოს გამოცხადებია თავის 1926 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, რომ ეპისკოპოსი დავითი: “ამჟამად შეპყრობილია იმ ავადმყოფობით, რომელსაც დევნულობისა და განდიდების მანია ჰქვია და რომლის შედეგად უნდა ჩაითვალოს ყოვლადუსამღვდელოესის აწინდელი სულიერი მღელვარება, აზრთა არევ-დარევა, სურვილთა გამოურკვევლობა და საქართველოს ეკლესიაში განდგომილება-განხეთქილების შემოტანის ცდა, ამის გამო საკათ. საბჭომ განაჩინა; ყოვლად სამღვდელო დავითის უკანასკნელი განკარგულებანი ცნობილ იქმნეს ავადმყოფ-ადამიანის ნაწარმოებად; თვით ყოვლად სამღვდელო დავითი დათხოვნილ იქმნეს შვებულებაში, სანამ მის მეუფებას დაუბრუნდებოდეს სულიერი სიმშვიდე; შვებულების დროს საჭირო პირადი ხარჯების დასაფარავად დაენიშნოს ყოვლად სამღვდელო დავითს: აწყვერ-ურბნისის ეპარქიის შემოსავლიდან ყოველთვიურად სამ-სამი თუმანი, რომლის თავ-თავის დროზე მიღების შესახებ – მისი მეუფება იქონიებს მიმოწერას აწყვერ-ურბნისის დროებითს მმართველ ყოვლად სამღვდელო ნინოწმინდელთან.”

ყველა მიხვდება, ვისაც ეკუთვნის ამ “ისტერიულ” დოკუმენტის რედაქცია, (გულისხმობს მიტროპოლიტ კალისტრატეს ს.ვ.) მაგრამ ოფიციალური დაწესებულება “საკათ. საბჭო, სანამ ასეთს, მართლა, რომ კაცის გამაგიჟებელ განაჩენს გამოიტანდა, უნდა ერთ-ორ ფსიქიატრს მაინც დაჰკითხებოდა, რომ დადგენილებას მისცემოდა დინჯ ადამიანთა ნაწარმოების ხასიათი…

როგორც ეტყობა საკათ. საბჭოს მიუღია მზრუნველობა და “შეშლილ” ეპისკოპოს დავითის აპეკუნად მიუჩენია ასეთს საქმეში დახელოვნებული მიტრ. კალისტრატე, რომლის განკარგულებაშიაც გადაუდვია ეპ. დავითზე ხარჯების გასაწევად თვეში სამი თუმანი. ასეთის უებარის მზრუნველის ხელში თუ რა მოუვიდოდა დავითს, ამის გამოცნობა არ არის ძნელი. მაგრამ მართლა გიჟია დავითი? არ მოეკითხება განაჩენის გამომტანთ პასუხი, თანახმად მათეს სახარების მე-5 თავის, 22-ე მუხლისა?

ყოველივე ზემოხსენებული ამბავი დავითის განდგომილების შესახებ ისე მოხდა, რომ მე ეს გავიგე სოხუმში დაგვიანებულად, როდესაც უკვე დავითს გამოეცხადა თავისი ეპარქია ჩამოშორებულად. დავითის ჩამოშორებას მოჰყვა ეპისკოპოს სვიმონის დეპეშა საკათ. საბჭოსადმი, რომ იგიც ჩამოშორდა საკათ. საბჭოს და შეუერთდა დავითს. როგორც გამოირკვა, სვიმეონის საქციელი ადვილად ასახსნელი გამოდგა. ეპისკოპოსი სვიმეონი დაერწმუნებიათ, რომ ეპისკოპოსი დავითი ტფილისში გადადის საქართველოს ეკლესიის დროებითის გამგეობის ხელმძღვანელად, ქუთაისის კათედრა თავისუფალია და შეგიძლია ეს კათედრა მიიღოვო; და სვიმეონმაც იშორსმჭვრეტელა, საკათ. საბჭოს მოსწერა დეპეშა, მშვიდობით, თქვენთან მე კავშირსა ვსწყვეტ, რადგანაც მე, აქ, ქუთაისშივე, ვახერხებ უთქვენოდ გამაგრებას… მერე ისევ ბოდიში. საბჭოს წინაშე… ეთქმის კი ისეთს კაცს ეპისკოპოსი, რომელიც ასეთს მალაყებს გადადის თავის უმგვანო სურვილის განხორციელებისათვის? თქვენი უწმინდესობა გამწყრალია ქუთაისის კრების მონაწილეობაზე. თქვენ ბრძანებთ, ის კრება უკანონო იყოვო. მაგრამ არც ამ კრების გამომწვევი საკათ. საბჭოს მოქმედება იყო კანონიერი. საკათ. საბჭომ აღარც ეპისკოპოსთა კრებები მიიწვია, არც საეკლესიო კრება და ამისთვის მოხდა ეს აურზაური. 1926 წლის 23 მაისს დანიშნული კრება არ უნდა გადადებულიყო. იმის გადადების გამართლება არაფრით არ შეიძლება.

ჩვენ გვბრალდება ანარქიის შეტანა ეკლესიაში. მაგრამ ნამდვილი ანარქიის შემტანნი ეკლესიაში სარგებლობენ სრულის თავისუფლებით. 1924 წლის ივლისში თქვენის სახელით მოახდინეს უწესოება, სიონში: ჩიქვანიამ, სახოკიამ და სანაიამ; შესამოსი არ დამანებეს და არ მაწირვინეს. მათისვე ინიციატივით გამოცხადდა 1925 წლის 4 და 6 იანვრის გაზ. “კომუნისტის” NN-ში, რომ მე გადაყენებული ვიყავი თქვენის მოადგილეობიდანაც და ეპარქიის უფროსობიდანაც. ამას აცხადებდა ბ. სახოკია თავისისა და დეკანოზთა მირიანაშვილის, თოთიბაძის, ლაზარიშვილის, გარსიაშვილის, ფხალაძის, მაჭარაშვილის, ბ.ი. რატიშვილის და სხვათა სახელით. ამათ ჩემმაგიერობა გადაულოცეს ეპისკოპოს პავლეს, ხოლო მე წირვა ამიკრძალეს. მერე მოსთხოვა ვინმემ პასუხი ამ პირთ? –  არავინ და არავითარი. და დღესაც ჩიქვანიას, სახოკიას და სხვებს მეტი ეკითხვის საეკლესიო საქმეში, ვიდრე მე…

კიდევ ბევრი შეიძლებოდა მეთქვა, თუ ვის აქვს მეტი ხმა ჩვენს საეკლესიო საქმეებში, მაგრამ ვიკმაროთ ნათქვამიც. მე მიბრძანეთ და წავედი აფხაზეთში. თუ ახლა ჩავერიე საქმეში, ეს აიხსნება ჩემი მდგომარეობით და მოვალეობით, სხვას ტყუილად ნურაფერს მიაწერთ. შურისძიება და მითქმა-მოთქმაზე დამყარება საზოგადო საქმეს ხეირს არ დააყრის.

ბოლოს არ შემიძლია არ დავუმატო, რომ დავითის ჩამოშორება საკათ. საბჭოდან, არ არის არაფრით გასამართლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი შეცდომა გამომდინარეობდა სხვათა შეცდომებიდან და ამისთვის შესაძლებელია მოექცეთ მას ლმობიერად.

იმედია, მეც შემიცვლით რისხვას მოწყალებაზე და დამწვარზე მდუღარეს არ დაასხამთ.
მიტრ. ცხუმისა და აფხაზეთისა:

ქრისტეფორე
1927 წლის 28 იანვარს.”[42]

ფრიად სამწუხარო ფაქტი იყო, რომ უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსისა და ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის სრული გაუცხოება მოხდა. ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ თავისი ვერაგული გეგმა განახორციელა, გამოიწვია დაპირისპირება და შფოთი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში, ზოგიერთ სასულიერო პირს შეუქმნა იმის ილუზია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მხოლოდ “რეაქციულ ანტისაბჭოელ სამღვდელოებას” ებრძოდა, ხოლო საბჭოთა პოლიტიკური სისტემისადმი ლოიალურად განწყობილთ არაფერს არ დაუშავებდა, მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებდნენ. 1927 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა იოსებ სტალინმა პირდაპირ განაცხადა: “პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა გამტარებლების მიმართ, რეაქციული სამღვდელოების მიმართ, რომელნიც წამლავს მშრომელი მასების შეგნებას, დავთრგუნოთ თუ არა რეაქციული სამღვდელოება? დიახ, დავთრგუნეთ, ოღონდ უბედურება ის არის, რომ იგი ჯერ კიდევ სავსებით არ არის მოსპობილი. ანტირელიგიური პროპაგანდა არის ის საშუალება, რომელმაც ბოლომდე უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე.”[43] პარტიის ლიდერი რეაქციულ სამღვდელოებაში გულისხმობდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ სასულიერო პირებს. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში უმძიმესი ვითარება იყო, გრძელდებოდა სასულიერო პირების დაპატიმრება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა. ვითარებას არ ცვლიდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მღვდელმთავრების მოწოდებანი. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე გულისტკივილით წერდა: “საქართველოს ეკლესია შევიდა არნახული კრიზისის ფაზაში, მოქმედი ეკლესიების კვდომა იწყება არა ცენტრიდან, არამედ პერიფერიებიდან.”[44] ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც შეიტყო უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის გარდაცვალება (1927 წლის 29 მარტი). ამის შემდეგ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი გამგეობა ოფიციალურად შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვას.

5. პატრიარქის მძიმე უღელი

1927 წლის 21-27 ივნისს თბილისში მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი გამგეობის თავმჯდომარე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე. კრების დღის წესრიგის საკითხები იყო: 1. “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცება; 2. დეკლარაცია საბჭოთა ხელისუფლების მთავრობისადმი მასთან საერთო ენის გამონახვისა, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გაუგებრობანი; 3. საშუალებანი და ღონისძიებანი 1923 წლის 18 იანვრის მთავრობის დადგენილებისა, ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის ცხოვრებაში გასატარებლად; 4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები.”[45]

IV საეკლესიო კრებამ მიიღო საგანგებო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: “საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციით, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და მას აქვს მოქმედებისა და სარწმუნოების პროპაგანდის სრული თავისუფლება. ამ დებულებით განისაზღვრება დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში. ამას ავალებს მას თვით იესო ქრისტეს მოძღვრება: “მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა” (მათ. 22, 21). მოციქული პავლე იტყვის: “ყოველივე დავმორჩილდეთ უზენაესთა ხელისუფლებათა; არ არის ხელისუფლება ღვთის გარეშე, არსებული ხელისუფლებანი ღვთისაგან არიან განწესებულნი. ამისთვის ხელისუფალთა მოწინააღმდეგენი არიან წინააღმდეგნი ღვთის განჩინებისა, ხოლო მოწინააღმდეგენი თვით მიიღებენ სასჯელსა” (რომ. 13, 1-2).\IV საეკლესიო კრება ხაზს უსვამს რა ამას და უმთავრესად კი ეკლესიის ჩაურევლობას პოლიტიკაში, კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთ არ შეუძლიათ იქონიონ არავითარი კავშირი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პარტიებთან და ჯგუფებთან და ჰგმობს მათ მოქმედებას, რომელნიც მიმართული იქნება საბჭოთა საქართველოს და მისი მოკავშირე ერების მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის IV კრება აღიარებს, რომ არც საქართველოს ეკლესიის მესამე კრებას და არც მღვდელთმთავართ არ დაუვალებია არავისათვის გაგზავნა საბჭოთა მთავრობის საპროტესტო მემორანდუმისა გენუის კონფერენციისადმი, და რომ ეს ნაბიჯი, გადადგმული 1922 წელს, გამოდგა საბედისწერო საქართველოს ეკლესიისათვის, გაართულა მისი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან, რომელიც გელათის საეკლესიო კრების დროს და შემდეგაც იჩენდა საქართველოს ეკლესიისადმი ლოიალობას.

IV საეკლესიო კრება ადასტურებს, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დაპყრობის შემდეგ, კულტურულ-ეკონომიკური აღორძინება ნაციონალურ ნიადაგზე ვითარდება წარმატებით, ვიდრე მის წინამორბედ რეჟიმების ხანაში. IV საეკლესიო კრებას არ შეუძლია არ მიაქციოს ყურადღება გაზეთებში მოთავსებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტებს – ნ. ჟორდანიასა და ნ. რამიშვილის მეთაურობით – ჰყოლიათ წარმომადგენლები რომის პაპთან და კენტებერიის მთავარეპისკოპოსთან. კრება კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის პასუხისმგებელ პირთ არავითარი დავალება ან რწმუნება არ მიუციათ ქართველი ემიგრანტებისათვის აწარმოონ მოლაპარაკება რომის პაპთან და ანგლიკანურ ეკლესიასთან და რომ ასეთ ცდებს ქონებოდა ადგილი საქართველოს ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელის მხრივ, მაშინ კრება იძულებული იქნებოდა განეკვეთა იგი საქართველოს ეკლესიიდან. საქართველოს ეკლესია იყო და არის აღმოსავლეთ ეკლესიის მართლმადიდებლობის აღიარების ნიადაგზე და იცავს თავის დამოკიდებულებას ყველა სხვა ეკლესიისგან და არც ფიქრობს მართლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე დოგმატის შეცვლას. ამასთანავე ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ქადაგებს მშვიდობას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეურიგდება იმ ფაქტს, თითქოს რომის და ანგლიკანურ ეკლესიების მეთაურნი იჭერენ კავშირს ანტისაბჭოთა პარტიების და ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომელნიც ცდილობენ ხელმეორედ დაარღვიონ ქართველთა მშვიდობიანი ცხოვრება. ეს დეკლარაცია ეც”[46] დეკლარაციის შინაარსიდან კარგად ჩანდა IV საეკლესიო კრებაზე ბოლშევიკური ხელისუფლების ზეწოლის კვალი. როდესაც კრების მონაწილენი საუბრობდენ ხელისუფლების ეკლესიის მიმართ ლოიალობაზე სინამდვილეს არ შეეფერებოდა, ქვეყანაში მძვინვარებდა აგრესიული ათეიზმი, სასულიერო პირთა დევნა-შევიწროება და ამიტომ ამოიღო ხმა მათ დასაცავად უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ. რაც შეეხებოდა რომის პაპსა და ანგლიკანურ ეკლესიას მათ ქართველი ემიგრანტების მეშვეობით ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკლესიის მიმართ ხელისუფლების ძალადობისა და ისინი ცდილობდნენ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობების ყურადღების მიპყრობას საქართველოში სინდისის თავისუფლების შელახვისა და სასულიერო პირთა დევნა-შევიწროების გამო. IV საეკლესიო კრების მიერ მიღებული დეკლარაციის გამოქვეყნებამ საფრანგეთის ქართული ემიგრაცია იმდენად გაანაწყენა, რომ მათ უარი განაცხადეს საქართველოს ეკლესიის სულიერ შვილობაზე და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადავიდნენ…

საეკლესიო კრებამ მოისმინა მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მოხსენება “საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა 1921-1927 წლებში” და აღნიშნა, საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის ადგილი ჰქონდა უთანხმოებას და რომ, “ამიერიდან საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის უნდა მოისპოს ყოველივე შუღლი და უთანხმოება, ყველამ, მორწმუნე ერის კაცებთან ერთად, შეთანხმებულად ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ჭრილობების გამრთელებას, ეკლესიის განმტკიცებას და წარმატებას, ეკლესიის მომავალი უზენაესი ორგანო, რომელსაც აირჩევენ მტკიცედ დაიცავს კრების მიერ მიღებულ დებულებას, აუცილებლად მოიწვევს თავის დროზე საეკლესიო კრებას, მღვდელმთავართა სხდომებს და განუხრელად გაატარებს ცხოვრებაში საეკლესიო დისციპლინას და შეუდგება ენერგიულად გეგმიან და შეთანხმებულ მუშაობას ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.”[47]

საეკლესიო კრებამ მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს საქმიანობა, მიიღო გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და მის ნაცვლად საკათოლიკოსო სინოდის დაარსების შესახებ. კრებაზე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ქრისტეფორეს წინადადებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს გამოაკლდა უწმიდესი და ამიერიდან იქნებოდა მხოლოდ უნეტარესი. კრებაზე გაიმართა კამათი “მართვა-გამგეობის ახალი დებულების გამო.” დებულების თანახმად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო 15 მოქმედი ეპარქია: 1. მცხეთა-თბილისის, 2. წილკნის, 3. მანგლისის, 4. აგარაკ-წალკის (ახტალა-ბეშთაშენის), 4. ალავერდის, 5. ბოდბის (ზაქათალა, განჯა, კახი, ქურმუხითურთ). 6. ურბნისის (ისტორიული მაღრან-დვალეთით). 7. აწყურისა (ისტორიული ტაო-კლარჯეთით), 8. მარგვეთის, 9. ქუთაის-გაენათის, 10. ნიკორწმინდის, 11. ცაგერისა, 12. ჭყონდიდის, 13. ბათუმ-შემოქმედის, (ტაო-კლარჯეთ-ჭანეთის ნაწილით). 14. ნინოწმინდის, 15. ცხუმ-აფხაზეთისა. საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებით განსაზღვრული იყო მღვდელმთავართა, კათოლიკოს-პატრიარქისა და საკათოლიკოსო სინოდის უფლება-მოვალეობანი. საეკლესიო კრებაზე იყო მწვავე თვითკრიტიკული გამოსვლებიც, მაგალითად ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) აღნიშნავდა: “რა შევძინეთ ჩვენ ეკლესიას ბოლო ათი წლის მანძილზე? საუბედუროდ ვერაფერი, ვინაიდან ჩვენ, როგორც საკუთარი ვნებით გატაცებულებმა ვერ ავუღეთ ალღო ახალ ცხოვრებას, ვერ გამოვიმუშავეთ საზოგადო გეგმა, გზა, საერთო ენა საქმისა და ხალხის უკეთესად წარმატების და კეთილად მოღვაწეობისათვის, რაშიც დიდი სამარცხვინო როლი ითამაშა დიდების მოყვარეობამ, ამპარტავნებამ, მედიდურობამ, შურისძიებამ… ჩვენმა წინასწარ დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შესახებ წირვა-ლოცვის შემოკლებისა, ახალი სტილის შემოღებისა, ალალბედზე მორწმუნეთა მიგდებამ ხალხი ჩვენდამი უარყოფითად განაწყო…”[48]

საეკლესიო კრებამ საკათოლიკოსო საბჭოს ნაცვლად დააწესა საკათოლიკოსო სინოდი. საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ქრისტეფორე III-ის სახელწოდებით. IV საეკლესიო კრების მიმდინარეობას ეხებოდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტისადმი გაგზავნილი წერილი რომლის ავტორია ვლადიმერ დეკანოზოვი. წერილში საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის რეაქციულ საქმიანობაზე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის პერიოდში, რომელსაც დაუპირისპირდა მიტროპოლიტი ქრისტეფორე და მისი მომხრეები. “საეკლესიო კრებაზე მძაფრი დაპირისპირება მოხდა განსვენებული კათოლიკოს ამბროსისა და ქრისტეფორეს მომხრეებს შორის. ამბროსის მომხრეებმა პროტესტის ნიშნად კრება დატოვეს, დარჩენილებმა ქრისტეფორე აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იგი სიმპატიებს გამოხატავს ბოლშევიკების მიმართ და უპირისპირდება ემიგრანტულ მენშევიკურ მთავრობის წევრებს. საჭიროა მისი მხარდაჭერა.”[49]

1927 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესი და უნეტარეს ქრისტეფორე III-აღსაყდრება, რომელმაც მოკრძალებულად ჩაიარა. ახლა უკვე იგი ოფიციალურად შეუდგა საქართველოს ეკლესიის მართვას. მანამდე თუ ოპონირებას უწევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და საყვედურობდა, რომ საჭირო იყო, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში უფრო მოქნილი დიპლომატია ახლა უკვე თვითონ დაინახა, რომ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსის გამოცხადებამ საქართველოს ეკლესიას არავითარი შეღავათი არ მისცა, ისევ გრძელდებოდა ეკლესია-მონასტრების რბევა. 1928 წელს ალავერდელი ეპისკოპოსი სტეფანე ასეთი შინაარსის წერილებს უგზავნის კახეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარეს და პროკურორს. “ალავერდის საეპარქიო საბჭო პატივისცემით გაცნობებთ და გთხოვთ, რომ ჯეროვნის განკარგულებით და შეგონებით დავავალოთ ალავერდის თემკომებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უფლება გადამეტებით ნუ აწუხებენ მორწმუნეთ, რომ ცხოვრებაში გასატარებელი კანონები წესიერად გაატარონ,” “გთხოვთ კეთილი ინებოთ ჯეროვანის განკარგულებით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მქონდეს უფლება ეპარქიაში მოგზაურობისა.” “გთხოვთ აღკვეთოთ ზემო ხოდაშენის თემკობის თავმჯდომარის ვ. უთიაშვილის თვითნებობა, რომელიც ემუქრება სასულიერო პირებს,” “1928 წლის 18 მარტს ბოროტმოქმედთ გაუტეხიათ გრემის ეკლესია, გაუტანიათ ეკლესიის სიწმინდენი, რაზეც მღვდელს მილიციაში განუცხადებია, 20 მარტს მეორედ გაუტეხიათ ეკლესია და დარჩენილი წიგნები, საეკლესიო ნივთები გაუტანიათ, მღვდელს კი მოკვლით დამუქრებიან, ყვარლის დიაკვნის ვასილ სეფაშვილისთვის ძალა დაუტანებიათ და დიაკვნობიდან დათხოვნის ქაღალდი შეუდგენიებიათ.” “ალავერდის თემკობის თავმჯდომარეს ადგილობრივი მღვდლისათვის 40 თუმანი წაურთმევია და ტაძარი დაულუქავს.” “იყალთოს ეკლესია გაიძარცვა თელავიდან ჩამოსული ექსკურსანტების მიერ.”[50]

1928 წლისათვის მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა 1450-დან შემცირდა 350-მდე, ღვთისმსახურთა 1600-დან 300-მდე. ყველა ეპარქიაში ერთი ხელწერით მიმდინარეობდა ადგილობრივი პარტიული და კომკავშირული აქტივისტების მიერ სასულიერო პირთა დევნა. “1928 წ. თერჯოლაში თემკობის თავმჯდომარემ ვასილ ობოლაძემ ადგილობრივ მღვდელის ირაკლი გურგენიძეს გამოუცხადა თუ მღვდლობას თავს არ დაანებებ მიწას ჩამოგართმევო.”[51]

1928 წელს საქართველოში შეიქმნა “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ხოლო 1930 წელს ანტირელიგიური უნივერსიტეტი, რომელსაც უნდა მოემზადებინა რელიგიის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდობა. “საქართველოს ეკლესია სულს ლაფავს… თუ ასე გაგრძელდა კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე უსამწყსო და უსამღვდელო კათოლიკოსი დარჩება. პროვინციებში მღვდლები ვეღარ აუდიან უსაშველო დაბეგვრას და გარბიან, სტოვებენ სამრევლოებს… ქალაქში კიდევ ახერხებენ ცხოვრებას, მაგრამ ვაი ასეთ ცხოვრებას, დიდ გასაჭირს განიცდიან, დევნა, დამცირება, შევიწროება ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია” (დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე). ასეთ რთულ ვითარებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-ემ 1928 წლის 1 ოქტომბერს მკაცრი წერილით მიმართა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს. წერილის ავტორის სტილი თითქმის არ განსხვავდება უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მიმართვებისაგან. უნეტარესმა ქრისტეფორემ როგორც ეკლესიის მეთაურმა დაინახა რა მძიმე იყო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტი და როგორ თავგანწირვას მოითხოვდა იგი. მისი მზადყოფნა ამ თავგანწირვისათვის ჩანს ამ წერილიდანაც “საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის დელეგაციასთან ერთად მოგართმევთ განცხადებას იმ ადმინისტრაციულ დევნულებათა შესახებ, რომელსაც განიცდის საქართველოს ეკლესია მორწმუნეებიც და სამღვდელოებაც. განცხადებით დელეგაცია სთხოვდა ცაკს, მოეხდინა აღმომწურავი განკარგულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მისცემოდა უფლება არსებობისა და მოქმედებისა საბჭოთა კანონმდებლობის ფარგლებში, რადგანაც ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული შევიწროებანი, არა იდეოლოგიურის, არამედ ადმინისტრაციული ხასიათისა, უსპობენ მას არსებობის შესაძლებლობას. ხსენებული განცხადების ცაკისადმი მიცემის შემდეგ საქართველოს ეკლესიას მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხდება მღვდლების მკვლელობანი, ეკლესიების დანგრევა, დაწვა მისი ნივთებისა, აკრძალვა ზარის რეკვისა და ბინებიდან მღვდლების გამოსახლება. ეკლესიის დაბეგვრა არა ფაქტიურის, არამედ ზომაზე ერთი ათად გადიდებულ ფიქტიურ შემოსავლის მიხედვით. ზემოხსენებულის დამამტკიცებელი ფაქტებია: 1. 1928 წლის 9 დეკემბრის ღამით მოკლეს კახეთის მაზრის სოფ. მატანის მღვდელი ასათიშვილი, როდესაც შინ ბრუნდებოდა, მკვლელები არ ჩანს. 1928 წლის 24 იანვარს მოჰკლეს გორის მაზრის მღვდელი აბრამიშვილი, როდესაც შინ ბრუნდებოდა ნათლობის შესრულების შემდეგ. 1928 წლის 28 სექტემბერს ღამით თავს დაესხნენ კახეთის მაზრის სოფელ კისისხევის მღვდელს ბაკურაძეს შეიარაღებული პირნი, ძირითადად ახალგაზრდები, რომელნიც მღვდელს სახლში შეუცვივდნენ თოფებით და რევოლვერებით და მღვდელსა და მის ცოლს სთხოვდნენ ფულს, რაც მასპინძლებს არ აღმოაჩნდათ, წაიღეს ანაფორა, მსუბუქი ნივთები. მღვდელმა მიაგდო მრევლიც, სახლიც და გაიქცა. იგი ამბობს, რომ იქ ვეღარ დავბრუნდები, რადგან არავისგან არ მოველი შველასო. დაანგრიეს ეკლესიები ძირულაში, ნატანებში, ოზურგეთში, ასკანაში, ჩოჩხათში. ქუთაისის მაზრის სოფელ ბაშში ეკლესია კლუბად გადააკეთეს, როდესაც მორწმუნეებმა პროტესტი განუხადეს დაემუქრნენ შავ სიაში შეტანით, გადასახადების ზედმეტი დაბეგვრით და მიწის ნორმის ჩამორთმევით. კახეთისმაზრის სოფ. კარდენახში ბევრჯერ გატეხეს ეკლესია, შიგნით მიანგრ-მოანგრიეს მოწყობილობა და გამოყარეს გარეთ საეკლესიო ნივთები. მრავალჯერვე მოიყვანეს მორწმუნეებმა წესრიგში იქაურობა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ ეკლესიის ზრუნვაზე. იმავე მაზრის სოფ. ენისელში გატეხეს ეკლესია და შიგ საქონელი შერეკეს, სოფელი ყარსუბანში დაარბიეს ეკლესია და მღვდელს შეუთვალეს თუ მღვდლობას თავს არ დაანებებთ მოგკლავთო. სოფელ ტიბაანში ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიის კარებს. ზარების რეკვას უკრძალავენ გაგრაში, მარტყოფში, თელავში. საქართველოში ეპისკოპოსებს ადგილობრივი ხელისუფლება ნებას არ აძლევს თავიანთ ეპარქიებში მოგზაურობისას.”[52] ეს მოხსენება არის ბოლშევიკური ხელისუფლების საბრალდებო დასკვნა, მაგრამ ისინი ჩვეული აგრესიულობით აგრძელებდნენ თავიანთ შავბნელ საქმეებს.

ბოლშევიკური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე უწმიდესი ქრისტეფორეს განკარგულებით 1927-1928 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოზო სინოდი, ეპარქიები, მოქმედი ეკლესიები და რელიგიური საზოგადოებები სასწრაფო წესით გატარდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ დაწესებულ რეგისტრაციაში. 1928 წლის 21 აპრილს საკათოლიკოსო სინოდმა მოისმინა საკითხი სამსახურში მყოფ მღვდელმთავრის კათედრაზე არჩევის შესახებ და მიიღო რა მხედველობაში, რომ ასეთი არჩევა უნდა ხდებოდეს საკათოლიკოსო სინოდისაგან წინასწარი ნებართვის გამოთხოვის შემდეგ. 1929 წლის სექტემბერში საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატმა ასეთი განცხადებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ს “თანახმად 1927 წლის 14 დეკემბრის სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადების დებულების 33-ე მუხლის და 1928 წლის იანვრის ინსტრუქციისა თქვენდამი დაქვემდებარებული თავისუფალი პროფესიის (კულტის მსახურნი) ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემოსავლის ზუსტი რაოდენობა.”[53] დაიწყო სასულიერო პირთა ახალი დაბეგვრა. გადასახდელი თანხა ბევრად აღემატებოდა მათ შემოსავლებს. 1931 წლის 7 თებერვალს ბეთანიის მონასტრის მოძღვარი იოანე მაისურაძე საკათოლიკოსო სინოდის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავდა: “ვითვლები მონასტრის ყარაულად, რადგან იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ცნობილია როგორც ისტორიული ძეგლი. ვიღებ 5 მანეთს, მრევლი არ მყავს, დამბეგრეს, მაგრამ რით გადავიხადო?”..[54]

1930 წლის 8-11 ოქტომბერს თბილისში ჩატარებულმა V საეკლესიო კრებამ საკათოლიკოსო სინოდს უწოდა სასინოდო პლენუმი, ეპარქიათა მღვდელმთავრებს დაავალა საეპარქიო შემოსავლის 20% გაღება საქართველოს საპატრიარქოსათვის. ეპარქიებში კიდევ უფრო გაუსაძლისი ვითარების არსებობას ადასტურებს საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისადმი ბოდბის ეპარქიის, ჰერეთის ოლქის მთავარხუცესის დეკანოზ ილია კობაიძის მოხსენება: “წარმოგიდგენთ რა ყოფილი ჩემი სამთავარხუცესოს 1925, 1926, 1927, 1928 წლების საქმეებს მოგახსენებთ, რომ ამ ოლქში ერც ერთი მღვდელი აღარ არის ყველა მათ ადგილობრივ ხელისუფლებამ სხვადასხვა ხრიკებით, აუტანელი სარჯების წართმევა-შეწერით, ყველა სარჩო-საბადებლის ჩამორთმევა-წართმევით სამსახურზე ხელი ააღებინა.”[55] ასეთ გაუსაძლის ვითარებაში რა უნდა გაეკეთებინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უნეტარეს ქრისტეფორე III-ს? 1930 წლის 15 ოქტომბერს მან კიდევ ერთხელ გაუგზავნა მთავრობის მამხილებელი წერილი საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს: `საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის დავალებით პატივისცემით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას, რომლითაც ჩვენ მივაქცევთ საქართველოს სსრ ცაკის ყურადღებას, რომ მთავრობის დეკრეტები და განკარგულებანი ეკლესიის შესახებ არ სრულდება. ა) ბევრს ანტირელიგიური პროპაგანდა გაგებული აქვს როგორც მორწმუნეთა, ეკლესიის და სამღვდელოების შეუზღუდველი დევნა; ბ) დაუსჯელად მიმდინარეობს ეკლესიების ძარცვა, მისი ქონების მითვისება, ხელოვნური ხანძრებით შენობათა განადგურება; გ) მღვდლებს სრულიად ათახსირებენ, რევოლვერის გულზე დადებითაც კი აშინებენ; დ) ეპისკოპოსებს არ აძლევენ ნებას ეპარქიებში მოგზაურობისა და წირვა-ლოცვის ჩატარებისა; ე) აქამდეც დიდი იყო საშემოსავლო გადასახადები, ახლა კიდევ უფრო გაიზარდა იგი, ვ) სამღვდელოებას ართმევენ მიწის ნორმას, ზ) ხდება მორწმუნეთა დაბეგვრა ეკლესიებში სიარულისათვის. ჩვენ აზრით ეკლესიის შევიწროება ისე ძლიერად არსად არ არის საბჭოთა კავშირში, როგორც საქართველოშია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი მოქმედებანი ხელს უშლიან ქართველებს სხვა მოკავშირე ერებთან დაახლოებაში. მიხეილ კალინინმა 1924 წელს აღნიშნა, თუ სხვა რესპუბლიკებში აქვთ სასულიერო სასწავლებლები საქართველოშიც მივცეთ მისი გახნის უფლებაო, ჩვენ ვერ მივიღეთ სასულიერო ჟურნალის გამოცემის უფლება, როგორც აქვთ რუსებს, უკრაინელებს, სომხებს.

გთხოვთ, ქართველი მორწმუნენი და მისი სამღვდელოება გაათანაბრეთ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკათა მორწმუნეებთან და სამღვდელოებასთან. ჩვენ მოგახსენებთ, რომ დღეს წარმოებული შევიწროებანი საქართველოს ეკლესიისა უდრის მის მოსპობას, რაც არ უნდა იყოს სასურველი არავისათვის.”[56] სამწუხაროდ ხელისუფლებისათვის სასურველი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სრული მოსპობა. ადმინისტრაციულ დევნას თან სდევდა იდეოლოგიური დევნაც, საბჭოთა საზოგადოებაში ეკლესია, სასულიერო წოდება მტრის ხატად იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდობის ერთი ნაწილი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ანაფორის ტარება, სასულიერო პირობა გმირობის ტოლფასად იქცა. როგორ უნდა დაეცვა უნეტარეს ქრისტეფორე III-ს საქართველოს სამღვდელოება ხელისუფლების დევნა-შევიწროებისაგან, როდესაც თვითონაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1931 წლის 28 აპრილს უკვე მძიმე ავადმყოფს (აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე) ასეთი წერილით მიუმართავს საქართველოს სსრ შინსახკომისია და თბილისის აღმასკომისათვის “მე მაქვს წარმოდგენილი დეკლარაციები ჩემი შემოსავლისა 1929-30 წლებში და 1930 წლის განსაკუთრებულ კვარტალში, მაგრამ იმდენი გადასახადი შემაწერეს, რასაც ვერ გადავიხდი… ფინაგენტმა აღწერა ჩემი ბინა, ნივთები… ვთხოვ თბილისის აღმასკომს მოახდინოს განკარგულება სრულიად მომეხსნას გადასახადები, როგორც მცირე შემოსავლიანს და მძიმედ დასნეულებულს, ხოლო თუ ეს არ შეიძლება ჩემთვის როგორც ღვთისმსახურისა და კათოლიკოს-პატრიარქისათვის გადამხდეს გადასახადები ჩემის ფაქტიური შემოსავლების მიხედვით.”[57] ამ წერილის გაცნობა მძიმე განწყობაზე დააყენებს ნებისმიერ ადამიანს, აქედან კარგად ჩანდა, რომ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ლოიალობის კურსს არავითარი შეღავათი არ მოჰყვა, და ეკლესიამ ხალხის თვალშიც ავტორიტეტი დაკარგა. მართლაც რომ უმძიმესი დღეები დაუდგა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას…

უნეტარესი ქრისტეფორე III შეეცადა რუსეთის ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალიის აღიარების პირობის შემთხვევაში. რუსებთან მოლაპარაკებებს სასურველი შედეგი არ მოჰყვა… პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსებად 1924-1932 წლებში (1923 წლის 13 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე, როდესაც უწმიდესი ამბროსი დაპატიმრებული იყო ეპისკოპოსი ქრისტეფორე ასრულებდა მის მოვალეობას ს.ვ.). ეკურთხა: სტეფანე (კარბელაშვილი), პავლე (ჯაფარიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი), იეროთეოზი (აივაზაშვილი), ეფრემი (სიდამონიძე). კათოლიკოს-პატრიარქი უნეტარესი ქრისტეფორე III ცდილობდა IV საეკლესიო კრების შემდეგ მღვდელმთავართა სრული თანხმობით მუშაობას. ვერ ვიტყვით, რომ იდეალური იყო მისი ურთიერთობა მიტროპოლიტ კალისტრატესთან, მაგრამ იგი ცდილობდა გამოესწორებინა ეს ურთიერთობა. ამ მხრივ საინტერესოა, მისი წერილები მიტროპოლიტ კალისტრატესადმი. “ძმაო და მეუფეო კალისტრატე! ძალიან უხერხულია, რომ თქვენ მხოლოდ სამრევლო მღვდლის თანამდებობაზე გსურთ დარჩენა ქაშუეთში. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა მრავალნაირად არ არის სასურველი, რაზეც აქ არ მინდა სიტყვა გავაგრძელო. გთხოვთ შემატყობინოთ თქვენი აზრი, დასთანხმდებით თუ არა მიიღოთ მართვა-გამგეობაში როგორც ეპარქია, რომლის მართვა შეგიძლიათ თბილისიდან მხოლოდ იმ პირობით, რომ დიდ დღესასწაულებში სწიროთ ხოლმე თქვენს ეპარქიაში.” “დიდად პატივცემულო მეუფეო კალისტრატე მე აუცილებელი საქმის გამო სოხუმში მივდივარ და შეიძლება ერთ-ორ კვირას დამაგვიანდეს. გთხოვთ ბზობას, დიდ ხუთშაბათს და თუ მანამდე ვერ დავბრუნდი აღდგომის პირველ დღესაც სწიროთ სიონში.”[58]

უნეტარესი ქრისტეფორე III ცდილობდა მიტროპოლიტ დავითს (კაჭახიძე) და მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე) შორის ურთიერთობების მოგვარებას, მიტროპოლიტი დავითი IV საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა, მაგრამ სამწუხაროდ ამან საქმეს ვერ უშველა, უნეტარესი ქრისტეფორე III-ემ მიტროპოლიტ დავითს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: “კაცო რა დაგემართა, რომ არავის ინდობ და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებ ყველას… გეთანხმები, რომ ბევრი არ არის გამჭრიახი გონებისა, მაგრამ მე და შენც მათში ვურევივართ. წარმოვიდგინოთ რომ მარტო შენ ხარ გამჭრიახი, მაგრამ ერთი კაცი ხომ ვერ ააშენებს სოფელს. გეწყინება ეს ჩემი კრიტიკა, მაგრამ მე ამ შენს მოხსენებას სინოდში ვერ წარვიდგენ, სხვა არა იყოს რა, აგერ ახლა გთხოვეთ თავი დაანებე კალისტრატესო, მაგრამ მაინც არ ეშვები, ისევ იმეორებ იმ ძველ ამბავს. მე არ მესმის ამ ისტორიული მოგონებით რა გაკეთდება იმის მეტი, რომ ხელახლა უნდა გამოიწვიო კალისტრატე და თან სხვებიც საშფოთველად. ყველა იმან, ვინც აქ არის მოხსენებული, რომ წაიკითხოს ეს შენი მსჯელობა, რას იტყვიან? შენ ამბობ, რომ აჩქარებული არ ვარ, სხვა არისო… რა საჭიროა ერთმანეთს გავუმასპინძლდეთ ცუდი ეპითეტებით. ალბათ ასეთნი ვართ და ეგეც ვიკმაროთ სატირლად.”[59] ამ წერილმა კიდევ უფრო გააღიზიანა მიტროპოლიტი დავითი, რომელმაც მოითხოვა საკათოლიკოსო სინოდის სასწრაფო მოწვევა, მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად. 1930 წლის 12 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო სინოდმა მოისმინა ყოვლადსამღვდელო ქუთათელი-გაენათელი მიტროპოლიტის დავითის მოხსენება კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და მიიღო რა მხედველობაში: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების 1. შენიშვნის მიხედვით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პასუხისმგებელია საეკლესიო პერიოდული კრების წინაშე, 2. ყოვლადუსამღვდელოესო მიტროპოლიტი დავითი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მე და ქრისტეფორე ერთად ვერ ვიმსახურებთო, განაჩინა: გათავისუფლებულ იქნას მიტროპოლიტი დავითი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მართვა-გამგეობიდან.”[60] სინოდის სხდომას თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე). კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III – შეაჩერა საკათოლიკოსო სინოდის გადაწყვეტილება და მიტროპოლიტი დავითი გადაიყვანა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მართველად, მაგრამ მან მაინც არ მოისვენა და აგრძელებდა შფოთსა და დაპირისპირებას.

უნეტარეს ქრისტეფორე III-ემ 1928 წლის 15 იანვარს გრიგოლ ფერაძისაგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო “თქვენო უწმიდესობავ! ამას წინათ შევიტყვე ამბავი თქვენი საკათოლიკოსო ტახტზე აბრძანების შესახებ, გისურვებთ ღვთის შეწევნას და კეთილდღეობას ამ მძიმე დღის სატვირთველად. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ ვარ ამ ჟამად ბონის უნივერსიტეტში პროფესორის ადგილზედ და თებერვლის ბოლოს ვიგზავნები ვენაში მხითარისტებთან სომხური ლიტერატურის საფუძვლიანად შესასწავლად. დავასრულე 1926 წელს დისერტაცია”ქართული ბერობის ისტორია.” სამწუხაროდ ჯერ მთლიანად გამოცემული არაა, მხოლოდ ნაწილების გამოცემა მოვახერხე: 1) დასკვნა, დაიბეჭდა 1926 წ. ბერნში ანტათენიტების ორგანოში. 2) ბერობის დასაწყისი საქართველოში ცამეტ სირიელ მამათა პრობლემა, დაიბეჭდა 1927 წელს გერმანიაში. 3) ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მოღვაწეობის შესახებ გამოვეცი ფრანგულად 1927 წელს. ეს სამივე შრომა გამოვაგზავნე თბილისში საკათოლიკოსო საბჭოს მისამართით. გარდა ამისა პროფესორ ბაუმტარესთან ერთად გამოვეცი კორნელი კეკელიძის იერუსალიმის განჩინების და ამჟამად იბეჭდება გერმანულად ქართული ლიტერატურის მიმოხილვა დასაწყისიდან X საუკუნემდე.

საქართველოში დედაჩემის გარდა არავისთან კავშირი არ მაქვს ყველამ თითქოს დამივიწყა. არც ნებას მაძლევენ სახლში დაბრუნებისას არ ვიცი მიზეზი. დაახლოებით ოთხ-ხუთ წელიწადს კიდევ დავრჩემი აქ სემიტურ ფილოლოგიაში (ებრაული, სირიული, არამეული და არაბულ ენათა) ცოდნის გასაღრმავებლად, რომელთაც უკვე 5 წელიწადს თეოლოგიასთან ერთად ვსწავლობდი. ვეცდები კიდევ იქნება მომიხერხდეს ნებართვის მიღება და თუ ეს მომიხერხდა რომელიმე მართლმადიდებელ ქვეყანაში წავალ და იქ ხუცესის სამსახურს მოვძებნი. გერმანიაში სამუდამოდ დარჩენა, თუმც აქ ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ და აკადემიურ კარიერასაც ადვილად გავაკეთებ, მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინაიდან ჩემ მიზანს შეადგენდა და შეადგენს სასულიერო დარგში მოღვაწეობა. მრავალი სალამი მეუფეებს: კალისტრატეს, დავითს, მელქისედეკს, პავლეს, სტეფანეს, იოანეს, ეფრემს.”[61] გრიგოლ ფერაძემ პირველ წერილს სულ მალე მეორეც მოაყოლა: “თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, 1921 წლის გელათის III საეკლესიო კრების დადგენილებით მე ვიყავი გამოგზავნილი გერმანიაში ღვთისმეტყველების შესასწავლად არტურ ლაისტის დახმარებითა და გზისჩვენებით. უკვე ორი წელიწადია, რაც მივაღწიე ჩემს მიზანს ე.ი. შევისწავლე ღვთისმეტყველება, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ბელგიაში, ინგლისში, ამ ორი წლის წინ ვიყავი მიწვეული ჩემს ძვირფას მასწავლებელ პროფ. გუსენის თანამოადგილედ ბონში ქართულ-სომხური ფილოლოგიის კათედრაზე. მეცნიერულად მაქვს ყოველგვარი საშუალება წარმოდგენისა, ნივთიერადაც სრულად უზრუნველყოფილი ვარ, მაგრამ ვკადნიერდები მისი უწმიდესობის წინაშე თხოვნით, ვინაიდან მეცნიერული მუშაობა სრულად არ მაკმაყოფილებს უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ საქართველოში დაბრუნებაში, ჩვენ მრავალტანჯული ეკლესიის წიაღში სამუშაოდ.”[62]როგორც ამ წერილებიდან ირკვევა გრიგოლ ფერაძე არ იყო ინფორმირებული საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება დამთავრდებოდა გადასახლებით ან ფიზიკური ლიკვიდაციით. უნეტარეს ქრისტეფორეს გრიგოლ ფერაძის წერილები მიუღია, რასაც ადასტურებს მისი მინაწერი “მივიღე” მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, მან ვერ უპასუხა გრიგოლ ფერაძეს, მაგრამ არც უფიქრია ხელი შეეწყო მისი სამშობლოში დაბრუნებისათვის და ეს იყო სავსებით სწორი გადაწყვეტილება.

უნეტარესი ქრისტეფორეს ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, ფიზიკურად ძლიერი, შთამბეჭდავი აღნაგობის კაცი დასუსტდა, გახდა, უკვე მოძრაობა უჭირდა… 1932 წლის 10 იანვარს საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე იგი გარდაიცვალა. დაიკრძალა სიონის სა¬პატრიარქო ტაძარში განსვენებულ პატრიარქთა გვერდით. სამგლოვიარო განცხადება, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა ორი წინა¬და¬დებით იუწყებოდა “გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი” ალბათ ბევრმა არ იცოდა, რომ ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III.
რთული წინააღმდეგობრივი ეპოქა, რომელშიც უნეტარეს ქრისტეფორე III-ეს მოუხდა მოღვაწეობა აისახა მის პიროვნებაშიც და საქმიანობაშიც. იგი იყო მრავალმხრივი განათლების, მებრძოლი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანი, ჰქონდა წარმატებებიც და წარუმატებლობაც…. ერთი დღე მოსვენებით არ უცხოვრია, აღესრულა და თან წაიყოლა თავისი სამშობლოს – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთულესი მდგომარეობით გამოწვეული დიდი ტკივილი და სევდა.

კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ეს დარჩა მრავალრიცხო¬ვანი შთამომავლობა:

მეუღლე ანა ჩუბინიძე (გარდაიცვალა 1911 წელს)

შვილები: ნინო, გობრონი, ბასილი, ელენე, მარიკა

შვილიშვილები: გივი ციცქიშვილი (გობრონი), გიორგი ციცქიშვილი (ბასილი), ბასილი ჩიხლაძე (ელენე), ნიკოლოზ და კონსტანტინე ცხაკაიები (მარიკა)

შვილთაშვილები: ცისანა და მანანა ციცქიშვილები (გივი ციცქიშვილი), დავით და ხათუნა ციცქიშვილები (გიორგი ციცქიშვილი), მარიკა და ეკატერინე ჩიხლაძეები (ბასილი ჩიხლაძე), ირაკლი, ნანა და რუსუდან ცხაკაიები (ნიკოლოზ ცხაკაია), მარიკა ცხაკაია (კონსტანტინე ცხაკაია)

6. მარადიული ოპოზიციონერი (მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე)

“ერთ დროს იქნება ვინმემ დაიწყოს ქექვა სინოდის საქმეებში და გადაფურცლოს ჩემი ნაწერებიც და ვიქნე მის თვალში გაშავებული.” (მიტროპოლიტი დავითი. 1928 წ. 11 იანვარი). როგორც ჩანს მას სერიოზულად აწუხებდა ფიქრი როგორ შეაფასებდა ისტორია მის საქმიანობას. და ეს არც იყო გასაკვირი XX საუკუნის I ნახევრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სრულყოფილად წარმოჩენა შეუძლებელია მიტროპოლიტ  დავითის (კაჭახიძე) პიროვნების პირუთვნელად შეფასების გარეშე.

მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ექვთიმე კაჭახიძე დაიბადა 1872 წლის 15 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, როგორც იპოლიტე ვართაგავა შენიშნავდა: “იგი ბავშვობიდანვე განმარტოებული იყო, სემინარიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ეკლესიურ, რელიგიურ საკითხებზე. ყველა ამხანაგი დარწმუნებული იყო, რომ ის ანაფორას ჩაიცვამდა. სემინარიაში მასწავლებლები მას ავალებდნენ ქადაგების დაწერას თბილისის ეკლესიებში წარმოსათქმელად… მას მიეცა რეკომენდაცია, ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მასთან ერთად სწავლობდნენ სერგი გორგაძე, ბესარიონ ხელაია (კათოლიკოსი ამბროსი). მან პატრისტიკაში აღებული სადიპლომო ნაშრომი მაღალ დონეზე შეასრულა. 1899 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. 1898 წლის 8 მაისს ეკურთხა მღვდელ-მონაზონად. 1899 წელს დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მასწავლებლად. 1902 წლიდან სოლოკამსკის, ხოლო შემდეგ პოლოცკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია, 1905 წელს დონის სემინარიის რექტორია. 1907 წლის 4 ნოემბერს დავით კაჭახიძე საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1907 წლიდან იგი ეგზარქოსის სინოდალური კანტორის წევრი იყო. როგორც იპოლიტე ვართაგავა იხსენებდა: “1912 წელს ეპისკოპოსი დავითი წერილს მიგზავნის და მთხოვს შეხვედრას, გავვოცდი.

მასზე განსაკუთრებული გავლენა მოუხდენია ჩემს წერილებს, რომელიც ჟურნალ “განათლებაში” იბეჭდებოდა… ეგზარქოსი ინოკეტი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთს ეპისკოპოსობის უფლების მინიმუმამდე შემცირებას, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი გამოვიდა მათ დამცველად, განრისხებულმა ეგზარქოსმა იგი 1912 წელს პიატიგორსკში გადაიყვანა, სადაც მან გამოსცა ბროშურა, რომელშიც აკრიტიკებდა ინოკეტის პროექტს, რომელიც საქართველოს ეკლესიის დამცირების მიზნით გაკეთებულ ოინებს უწოდებდა.”[63] 1914 წლიდან 1917 წლამდე იგი ვინიცის ეპისკოპოსი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ 1917 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში. პირველი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეპისკოპოსი დავითი დაინიშნა ურბნისის ეპისკოპოსად, 1921 წლიდან 1923 წლამდე იყო ჭყონდიდელი, 1923 წელს ბათუმ-შემოქმედელი, 1924 წელს მცირე ხნით ალავერდელი, ხოლო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნაზარის ტრაგიკული აღსრულების შემდეგ გახდა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი. მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი ნაზარი ჯერ კიდევ ეპარქიის ხელმძღვანელი იყო ეპისკოპოსმა დავითმა ქუთაისში სამღვდელოებაში დაიწყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში “რეფორმებისა და განახლების” აუცილებლობაზე საუბრები და მხარდამჭერნიც მოიპოვა. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს დაპატიმრების შემდეგ (დაპატიმრებულთა შორის იყო ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარიც ს.ვ.). 1923 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველს ეპისკოპოსს ქრისტეფორეს შეატყობინა, რომ ელოდებოდა მთავრობის ნებართვას ქუთაისის სამღვდელოების კრების მოწვევაზე. დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილისადმი გაგზავნილ წერილში ეპისკოპოსი დავითი აღნიშნავდა: “დრო არის განახლება შეტანილ იქნას ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში თანახმად თანამედროვე კულტურის, სახელმწიფოებრივი წეს-წყობილებისა. ამიტომ გევალებათ გამოითხოვოთ მთავრობისაგან ნებართვა სარეფორმო კომისიის შედგენისა და საჭირო კრებების გამართვისა, რათა გამომუშავებულ იქნას რეფორმის პროექტები.”[64] ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ქრისტიანული სარწმუნოება და მისი დამცველი საქართველოს სამოციქულო ეკლესია მიუღებელი იყო. მათი ახალი დიდი ექსპერიმენტისათვის – სოციალიზმის, კომუნიზმის ასაშენებლად აუცილებელი იყო ახალი საბჭოთა ადამიანის აღზრდა, რომელიც თავისი მენტალობით არავითარ კავშირში არ იქნებოდა წარსულთან, სულიერებასთან, ეროვნულ ღირებულებებთან. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბარი და ასეთ სასულიერო პირებისათვის მხარდაჭერა მიზნად ისახავდა მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნიდან რღვევას, დაპირისპირებისა და მისი ავტორიტეტის გაცამტვერებას. ეკლესიის რეფორმების აუცილებლობა არ იყო მარტო ქართული მოვლენა, რუსეთშიც იგივე პროცესები ვითარდებოდა “ობნავლენცები” “ცოცხალი ეკლესიის” წარმომადგენლები რუსეთში და “განახლებისა და რეფორმების” ჯგუფი საქართველოში მიზნად ისახავდა სარწმუნოებისა და სოციალიზმის მორიგებას, ეს კი შეუძლებელი იყო. ახალი იდეოლოგიას ახალი ადამიანი სჭირდებოდა, რომლის ცნობიერება არ უნდა დაბრკოლებულიყო სამშობლოს, მოყვასის სიყვარულით. ასეთ ვითარებაში როგორ მოხერხდებოდა ეკლესიისა და ახალი ბოლშევიკური იდეოლოგიის თანაცხოვრება? საოკუპაციო ხელისუფლების მიზანი იყო მწერლობის, ინტელექტუალური საზოგადოების, ეკლესიის მოთვინიერება. ეკლესიის სფეროში რეფორმების მხარდაჭერა იყო ურჩი, სამშობლოსა და მოყვასზე თავდადებული ეკლესიის მოსპობის მცდელობა.

1923 წლის 2 სექტემბერს საეკლესიო რეფორმების ჯგუფის მოწოდებით შედგა სამღვდელოების კრება ქუთაისში, რომელიც გახსნა ეპისკოპოსმა დავითმა. მისი აზრით აუცილებელია საქართველოს ეკლესიაში შევიდეს ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. კრებაზე გამოსულმა მთავრობის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ისაუბრა იმის შესახებ რა ცვლილებების შემთხვევაში ითანამშრომლებდა ხელისუფლება ეკლესიასთან. კრებაზე აირჩიეს საქართველოს ეკლესიაში გასატარებელი რეფორმების საინიციატივო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: ეპისკოპოსი დავითი, არქიმანდრიტი ნესტორი (ყუბანეიშვილი), დეკანოზები: გ. ცაგარეიშვილი, ა. ფოფხაძე, საერო პირნი: ს. ყიფიანი, ტრ. ჯაფარიძე, თ. ხუსკივაძე, მ. კანდელაკი, ვ. წერეთელი, ე. ნიკოლაძე, დ. დგებუაძე. კრების მონაწილეების აზრით “მემორანდუმმა, (იგულისხმება უწმიდესი ამბროსის მოწოდება გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ს.ვ.) კონტრრევოლუციურმა გამოსვლებმა ეკლესია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ხელისუფლებამ იგი თავის მტრად მიიჩნია და ამიტომ დაარბია ეკლესიები, დაქსაქსა სამღვდელოება. მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეკლესიას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, თუ ამას დავამტკიცებთ, მაშინ ხელისუფლება შეწყვეტს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიას. ამიტომ მოვითხოვთ ჩვენს ეპარქიაში შეჩერებულ იქნას ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლა, აღდგენილ იქნას ტაძრები, თუ მაინც ვინმე შეინიშნა ანტისამთავრობო გამოსვლებში ისინი სასტიკად დასაჯონ.”[65] ორი დღის შემდეგ ჩატარებულ სხდომაზე უკვე ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუთაისის მაზრის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე ვალია ბახტაძე და დასავლეთ საქართველოს პროკურორი ამბროსი ურუშაძე აქტიურობდნენ მათი წინადადებით კრებამ ასეთი დადგენილება მიიღო: “დღეს საქართველოში არსებული საბჭოთა ხელისუფლება არის ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეთ მხარი დაუჭირონ მას. ვაცხადებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გამოსვლას შემცდარად და არაკანონიკურად, საჭიროდ მიგვაჩნია იგი გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. იქნებ თვითონაც გადადგეს. მოლაპარაკება ამაზე იქონიონ ეპისკოპოსმა დავითმა და დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა.”[66] ეპისკოპოსი დავითი და დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი (მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლში გადამალული სიონის საპატრიარქო ტაძრის განძეულობის ადგილსამყოფელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა შეატყობინა და მათი ნდობაც დაიმსახურა ს.ვ.) თბილისში დაუბრკოლებლად შევიდნენ მეტეხის ციხეში და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მოსთხოვეს გადადგომა. უწმიდესმა ამბროსიმ ყურადღებით მოუსმინა მათ და უპასუხა: “თუ ჩვენი ეკლესიისათვის საჭიროა, მაშინ იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული, ჩემი ნებით მე არ გადავდგებიო.”[67] ქუთაისში დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა დავითმა კვლავ შეკრიბა სარეფორმო კომიტეტის წევრები და განიხილა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი მიმართვის ტექსტი, რომელშიც აღნიშნული იყო `საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა მეტად მძიმე სურათს წარმოადგენს, პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიმანდრიტი, ზოგიერთი დეკანოზი დაპატიმრებულნი არიან, ეპარქიების მართვა-გამგეობა შეჩერებულია. ტაძრები გამონაკლისის გარდა დაკეტილია, სამღვდელოება დაქსაქსულია, მორწმუნე ერი შეწუხებულია. ყოველივე ეს შედეგია ეკლესიისა და საბჭოთა ხელისუფლებას შორის მომხდარი კონფლიქტებისა, რაც გამოიწვია თქვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა (მემორანდუმმა). ქუთაისის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა ნაწილმა მთავრობასთან შეთანხმებით შეადგინა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანია ეკლესიის საკითხების მოგვარება პროგრესულ ნიადაგზე, რომ ეკლესიებმაც თავისი ადგილი დაიჭიროს მთავრობისადმი და თავისი არსებობაც ადმინისტრაციულ სფეროში მთავრობის მხრივ უზრუნველყოფილ იქნას. ეს შეუძლებელია, თუ მემორანდუმით გამოწვეული კონფლიქტი არ ამოიწურა ამიტომ გთხოვთ უარყოთ მემორანდუმი, რომლის შინაარსიც მთავრობის დღევანდელ სახელმწიფოებრივ მოქმედებას არ შეესაბამება და არ შესწიროთ მას ეკლესიის კეთილდღეობა.”[68] განახლებისა და რეფორმების ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, დავსძენთ, რომ მისი ცხოვრებაში გატარება ნიშნავდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი კანონიკის მოშლას, ეკლესიის მოსპობას. მართალია ისინი აცხადებდნენ რომ: “მიზანი რეფორმებისა საეკლესიო მოძღვრების განწმენდა-გაფაქიზება, ღვთსიმსახურების რთული ფორმის გამარტივება, ეკლესიის საქმიანობის გამოცხადება-გაფართოება და პროგრესის გზაზე დამყარება იყო.”[69] მაგრამ საქმე სულ სხვას აჩვენებდა. ეკლესიაში სკამები, გალობის თანამედროვე მუსიკით ჩანაცვლება, სასულიერო სამოსის გაუქმება, ბერობის ინსტიტუტის მოსპობა ვერაფერი პროგრესი იყო. 1925 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. უწმიდესმა ამბროსიმ შექმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა ეპისკოპოს დავითის საქმიანობის კანონიერება. საკათოლიკოსო საბჭოს დავალებით კომისიას სათავეში ჩაუდგა ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე). ქუთაისში ჩასულმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა დაინახა როგორ დაძაბული ვითარება და დაპირისპირება იყო ეპარქიაში. 1925 წლის 16 დეკემბერს საკათოლიკოსო საბჭოს სახელზე შედგენილ მოხსენებაში ეპისკოპოსი მელქისედეკი აღნიშნავდა: “1925 წლის 11-15 დეკემბერს ვირკვევდი ყოვლადსამღვდელო დავითის საქმეს. ყოვლადსამღვდელო დავითის წინააღმდეგ რაიმე ბრალდების წამოყენება ბოროტმოქმედებაში არავის არ ძალუძს: იგი უმწიკვლო ადამიანია დღესაც და წარსულშიც. მიუხედავად ამისა ქუთაისის სამღვდელოების უმრავლესობა მოითხოვს მის ქუთაისიდან გადაყვანას, უკმაყოფილების მიზეზად ასახელებენ მის გაუწონასწორებლობას, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეთა შორის ხშირია დაპირისპირებანი. ყოველივე ზემოთქმულის გამო, ვფიქრობ საჭიროა და სასარგებლოც თვით ეპისკოპოს დავითისათვისაც მისი ქუთაისიდან სხვა ეპარქიაში გადაყვანა. ახალი მღვდელმთავარი უნდა აირჩიოს ეპარქიამ, რომ აღარ ჰქონდეს უკმაყოფილების საფუძველი. ისინი საკათოლიკოსო საბჭოდან დანიშნულს მხოლოდ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიიღებენ.”[70] როდესაც ეს ინფორმაცია ეპისკოპოსმა დავითმა მიიღო წონასწორობა დაკარგა მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: “ვკადნიერდები და მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, რომ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს სამსახურში არა ისეთი რამ, რომ შეიძლებოდეს ჩემი დათხოვნა ან გადაყვანა დაურღვევლად სამართლიანოვისა და წესიერებისა. ცრუ ქრისტიანებს და ცრუ პატრიოტებს რომ არ მოვწონვარ და გზავნიან ჩემს შესახებ საჩივრებს ამას უმაღლესმა სასულიერო მთავრობამ არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოს, მე ხელუხლებელ უნდა ვიქნე ქუთაისში.”[71] დაიწყო ხელმოწერების შეგროვება როგორც მომხრეთა, ასევე მოწინააღმდეგეთა მიერ. მოწინააღმდეგეები მას “ცოცხალი ეკლესიის” (ობნავლენცების) წარმომადგენლად მიიჩნევდნენ, მომხრენი ყველაზე ღირსეულ მღვდელმთავრად 1926 წლის 9 ნოემბრის საკათოლიკოსო საბჭოს განჩინებით ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა მაწყვერელის კათედრაზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეპისკოპოს დავითის პასუხი საკათოლიკოსო საბჭოსადმი: “გთხოვთ ერთი თვით შეაჩეროთ განჩინება ჩემი ქუთაისიდან გადაყვანის შესახებ საქმის საფუძვლიან გარჩევამდე. ვთხოვ საკათოლიკოსო საბჭოს გამოიჩინოს “გამჭრიახობა და სიბრძნე,” რომელზედაც იგი მიმითითებს ნუ იქნება დარღვეული მშვიდობიანობა… მე სხვა მღვდელმთავარს ვერ შემოვუშვებ ქუთაისში, სანამ მე არ ვიქნები დაკმაყოფილებული. მე თითქმის ოცი წლის ეპისკოპოსი თავს არავის გავამახსარავებინებ. მე საგანგებოდ მივწერე კათოლიკოს-პატრიარქს ახალციხეში მღვდელმთავრის გამწესება არ შეიძლებათქო. ჩემი გადაყვანა შეიძლება მხოლოდ თბილისში… წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი სისხლი დაიღვრება ვინმესაგან.”[72] ეპისკოპოს დავითს ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებიც წამოეშველნენ ამან კიდევ უფრო გაათამამა `ახალციხეში თუ კარგია –  წერდა იგი – 19 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს – იქ მიტროპოლიტი კალისტრატე გაუშვით. აქედან მე არსად წავალ ჯერ ერთი როგორც უდანაშაულო, მეორეც მე სხვა ეპარქიების ჰაერს ვერ ვიტან ქუთაისიდან ჩემი ადგილი როგორც უხუცესი მღვდელმთავრობისა არის თბილელი მიტროპოლიტობა.”[73]ეს იყო აშკარა დაუმორჩილებლობა და გამოწვევა, რასაც საკათოლიკოსო საბჭომ ასეთი დადგენილებით უპასუხა: “განმეორებით ეცნობოს ეპისკოპოს დავითს დაუყოვნებლივ შეუდგეს თავის მოვალეობის აღსრულებას მაწყვერის ეპარქიაში, ნუ აიძულებს საკათოლიკოსო საბჭოს მიმართოს მოციქულთა 36-ე კანონს. საკათოლიკოსო საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი საკათოლიკოსო საბჭოს წევრები: მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპისკოპოსები: პავლე, მელქისედეკი, დეკანოზები: ი. მირიანაშვილი, გ. გამრეკელი, ივ. რატიშვილი, გ. იმნაიშვილი.”[74]

ქუთათელი ეპისკოპოსი დავითი, რომელსაც ოფიციალური საერო ხელისუფლებისაგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა კიდევ უფრო დიდ კონფრონტაციაზე წავიდა. მან 1926 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელობას სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საკათოლიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: “კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი და საკთოლიკოსო საბჭო ჩემს მიმართ უსამართლოდ და უკანონოდ მოიქეცით… თქვენ დაღუპეთ საქართველოს ეკლესია (მემორანდუმი, საბჭოთა მთავრობასთან შეურიგებლობა) თქვენ არავითარ არსებითი ხასიათის ზომებს არ ღებულობთ წაქცეული ეკლესიის აღსადგენად… ამიტომ მე ქართველ მღვდელმთავართა შორის უხუცესმა 5 დეკემბერს წირვაზე გამოვაცხადე ჩემი თავი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოსაგან დამოუკიდებლად.”[75] ამ წერილების გაცნობა მძიმე ხასიათზე დააყენებს ნებისმიერ მკვლევარს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია ერთმანეთს დაუპირისპირა სასულიერო პირები და ეს იმ დროს, როდესაც მღვდლებს აიძულებდნენ იძულებით განმოსვას, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს. ეპისკოპოსმა დავითმა სამწუხაროდ, ცუდი როლი შეასრულა, მას დაავიწყდა საქართველოს ეკლესიის ინტერესები, მრევლი, ქრისტიანული შემწყნარებლობა და კეთილშობილება 1926 წლის 17 დეკემბერს მიტროპოლიტ კალისტრატეს ასეთი დამცინავი წერილი გაუგზავნა: “ცოლიანო მიტროპოლიტო კალისტრატე შენს თავს დააბრალე რაც მოხდა… შენ თუ მაგ დიდ ადგილზე ხარ, თუ პატენისი (კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ს.ვ.) კათოლიკოსი, ნუთუ მე ქუთათელი არ უნდა ვიყო, წერე პროტოკოლები: მე კი ვერაფერს დამაკლებ.”[76]ეპისკოპოსმა დავითმა თავის თავსაც დააკლო და საქართველოს ეკლესიასაც. 1926 წლის 25-28 დეკემბერს ქუთაისში მიმდინარე საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეპისკოპოსი დავითი იყო. მისი ვიწრო პიროვნული შეუთავსებლობა საკათალიკოსო საბჭოსთან, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან კარგად გამოიყენა საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ და შექმნა ორხელისუფლებიანობა ეკლესიაში, ერთ მხარეზე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი განახლებასა და რეფორმების ჯგუფი (მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი დავითი) მეორე-საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებისადმი შეურიგებელნი უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის მეთაურობით. ხელისუფლებამ ამ დაპირისპირებით, ისევ სასულიერო პირების მეშვეობით ასპარეზიდან განდევნა უწმიდესი ამბროსი და მისი მომხრეები. ეპისკოპოსი დავითი IV საეკლესიო კრების მიერ მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ახლა უკვე გამარჯვებული გულახდილად აცხადებდა: “მე მიმაჩნდა რომ ჩემს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებანი მიტროპოლიტ კალისტრატეს გაკეთებული იყო. სინამდვილეში მე მიტროპოლიტ კალისტრატეს პირველ ადგილზე ვაყენებ. მე მისთვის არავითარი ცუდი არ მინდა, მე პირველი ვეუბნები: “ქრისტე არს ჩვენ შორის.”[77] ეს კი განაცხადა, მაგრამ მაინც არ ისვენებდა და ახლა უკვე იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მისი ქმედებანი, რომ 1928 წლის 22 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდმა გამოუცხადა საყვედური, რომელსაც ხელს აწერდნენ: უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III, ეპისკოპოსები: სიმეონი, პავლე, სტეფანე, ვარლამი, ეფრემი, მელქისედეკი, იოანე. ამ შენიშვნამ მიტროპოლიტი დავითი ახალი შფოთისათვის აღანთო. მან ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უნეტარეს ქრისტეფორე III შეუტია და როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მოითხოვა სინოდის საგანგებო ჩატარება. 1930 წლის 12 თებერვალს შედგა საკათოლიკოსო სინოდი, სადაც მიტროპოლიტმა დავითმა ასეთი განცხადება გააკეთა: “IV საეკლესიო კრების დადგენილებაში წერია: “კრება გამოსთქვამს თავის ღრმა მწუხარებას, რომ საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის ადგილი ჰქონდა უთანხმოებას, რაც ხელს უშლიდა ეკლესიის მდგომარეობის გაუმჯობესებას… გამოთქვამს ღრმა რწმენას და მოითხოვს, რომ ამიერიდან საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის მოისპოს შფოთი და უთანხმოება.”

ჩვენდა საუბედუროდ ეს არ მოხდა. თავიდანვე უნდა გვცოდნოდა, რომ ეს ასე არ იქნებოდა, როდესაც კათოლიკოსად ქრისტეფორე ავირჩიეთ, განა კათოლიკოსობა მას გამოცვლიდა, განა ის თავის ანარქიულ მძიმე ბუნებას უარყოფდა, ის ვინც იყო რედაქტორი – სულისჩამდგმელი სამარცხვინო ჟურნალი “ახალი სიტყვისა”, ის ვინც არ ასვენებდა არც კათოლიკოსებს: კირიონს, ლეონიდს, ამბროსის, განა სამღვდელოებაში მშვიდობას დაამყარებდა… იგი ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ იტანს… ქუთაისის კრების მუშაობაში მანამ არ ჩაერთო, სანამ არ დარწმუნდა, რომ მომავალშიც პირველობა მისი იქნებოდა… როდესაც კათოლიკოსი გახდა მისი მომხრენი გაიძახოდნენ მოხერხებული კაცია ბევრ რამეს გააკეთებსო, მაგრამ რაში გამოიხატა მისი მოხერხებულობა?.. საკათოლიკოსო საბჭო შეიცვალა საკათოლიკოსო სინოდით, კათოლიკოსის ტიტულს გამოაკლდა უწმიდესი. სინოდში ამბობდნენ სასულიერო აკადემიის დაარსებაზე, საღვთისმეტყველო ჟურნალის გამოცემაზე, საეკლესიო წიგნების შესწორებაზე, მაგრამ არაფერი არ შესრულდა. ქრისტეფორე სდევნიდა ეპისკოპოსებს: ალექსის (გერსამია), სტეფანეს (კარბელაშვილი), დევნა დაუწყო ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე), რომელიც თვითონ აკურთხა, რომ ყურმოჭრილი მონა ჰყოლოდა, მაგრამ მოტყუვდა, ამიტომ გააძევა სვეტიცხოვლიდან. 1925 წელს, როდესაც ეპისკოპოსმა ნესტორმა ბათუმიდან მოსწერა მორწმუნენი ახალ კალენდარს არ იღებენო კათოლიკოსმა ქრისტეფორემ შეუთვალა სამსახურს თავი დაანებეო. მას ვერავინ ვერაფერს უბედავს ყველას მისი მუშტების ეშინია. სხვისი მიბეგვა მას ისე ეხერხება ახლაც, როგორც 30 წლის წინათ მან მღვდელობაში ხიდისთავში თავისი დიაკვანი მიბეგვა. 1928 წლის მარტში სინოდის სხდომაზე, რომ ვისმენდი მის რიხიან მეტყველებას დისციპლინისა და მორჩილების საჭიროებაზე გულში ვიცინოდი – თვითონ არავის არასოდეს არ ემორჩილებოდა… იგი არღვევდა და არღვევს მშვიდობას სამღვდელოებაში, როდემდის უნდა ვუთმინოთ ამ ადამიანს? ვწუხვარ რომ მე მის გაკათოლიკოსებას ხელი შევუწყე. დროა იგი ეკლესიას მოვაშოროთ. იგი უნდა გადაყენებულ იქნას, დაენიშნოს პენსია და იცხოვროს სურამში, სადაც ასე ხშირად გარბის. თუმცა მე და კალისტრატემ ერთმანეთს ვაწყენინეთ, მაგრამ იგი ჩვენს შორის პირველია, მაგრამ მე არ ვურჩევ კათოლიკოსობას. პირველობა უნდა შევთავაზოთ ან მარკოზ ტყემალაძეს ან ეპისკოპოს მელქისედეკს. მე იმიტომ შევუწყე ხელი ქრისტეფორეს გაკათოლიკოსებას, რომ ვიცოდი სხვას არ მოასვენებდა.”[78] მიტროპოლიტ დავითის მოსაწონი არავინ დარჩა საქართველოს ეკლესიაში, საკათოლიკოსო სინოდმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გადაწყვიტა მისი საერთოდ პენსიაზე გაშვება, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის განკარგულებით გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედელად. ახლა იქ დაიწყო დაპირისპირებანი. 1932 წელს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III საკათოლიკოსო სინოდის საგანგებო სხდომაზე მიტროპოლიტმა დავითმა წამოაყენა წინადადება მიტროპოლიტი კალისტრატე აერჩიათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. დამსწრენი გაოცებულნი უყურებდნენ მას, რომელმაც განაგრძო: “ვინ იყო ის, რომელიც წერდა საქართველოს ეკლესიასა და სამღვდელოების საჭიროებებზე საერო მთავრობაში საბუთიან მოხსენებებს, ვინ არის ის, რომელსაც დიდნი კათოლიკოსნი კირიონი და ლეონიდი ანგარიშს უწევდნენ, ვინ არის, რომელსაც საქართველოს ინტელიგენცია თავიდანვე არჩევდა და დღესაც მაღლა აყენებს ქართველ სამღვდელოებაში? ეს არის კალისტრატე, ინტელექტუალი და მოქმედებითაც უპირატესი, შეიძლება ზოგიერთი ჩვენთაგანი ყველაფერს მისი მსოფლმხედველობისას არ იზიარებდეს, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ იგი ჩვენს შორის პირველია თავისი ჭკუით, ცოდნით, განვითარებით, საქმიანობით, გამოცდილებით.”[79] მიტროპოლიტ დავითს ამის შემდეგ აღარ დაუწყია უწმიდესი კალისტრატეს წინააღმდეგ ბრძოლა. იგი 1935 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ბათუმში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაიკრძალა ქუთაისში პეტრე-პავლეს ეკლესიაში… გვიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მოგვიტეოს მისმა სულმა. ფრიად სამწუხარო იყო, რომ მან სერიოზული შეცდომები დაუშვა… მისი საქმიანობის დაწვრილებით აღნუსხვა და გამომზიურება ერთ მიზანს ემსახურება, ვისწავლოთ წარსულით მომავლის წინასწარმეტყველება არასოდეს გავიმეოროთ წინაპართა შეცდომები და შევძლოთ ვიწრო პიროვნულ ამბიციებზე ამაღლება, პირნათლად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და მშობელ ეკლესიას.

7. დამატებანი

1. ქრისტეფორე ციცქიშვილის რეცენზია ეპ. ლეონიდეს ქადაგებათა კრებულზე: “სიტყვანი და მოძღვრებანი. ნაწილი პირველი. ქართველ წმინდანების დღეები.” ფოთი. 1914 წ. “ვერტყვიჭალელის” ხელმოწერით.

ბიბლიოგრაფია:

ეპ. ლეონიდი. სიტყვანი და მოძღვრებანი. ნაწილი პირველი. ქართველ წმინდანების დღეები. ფოთი 1914 წ. ფასი ერთი მანეთი. ყოვლად სამღვდელო ლეონიდი უკვე ცნობილია, როგორც შეურყეველი მამულიშვილი, რომელიც სიტყვით და საქმით ემსახურება ჯერ ღმერთსა და მერე თავისს მოყვასს, თავის მშობელ ერს. ამ გზით მიდის იგი და არც ერთხელ არ გადაუხვევია მისგან, როგორც ეს ხშირად გვემართება სხვებს და კერძოთ სასულიერო პირთ.

ჩვენ წინ დებული ქადაგებათა კრებული ეპ. ლეონიდისა არის დამამტკიცებელი, თუ რამდენად შესტკივა გული მქადაგებელს საქართველოს ეკლესიისათვის, ქართველი ერისათვის. ამ წიგნით ავტორი შეავსებს თვალსაჩინო ნაკლს ჩვენი სასულიერო მწიგნობრობისას, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ არ მოგვეპოვებოდა ქადაგებანი ჩვენის წმინდანების შესახებ.

მდაბიო, გასაგების და გულში ღრმად ჩამწვდომის ენით გვამცნობს მქადაგებელი ცხოვრებასა და ღვაწლსა, რომლითაც განაძლიერეს და ააყვავეს საქართველოს ეკლესია ჩვენი ქვეყნის წმინდანებმა. თან მქადაგებელი შეუმჩნევლად გაგვაცნობს საქართველოს ისტორიის უმთავრეს მომენტებს და უცხოელებს მკითხველს სამშობლო ქვეყნის სიყვარულს. მქადაგებელი სწუხს, რომ ქართველ წმინდანების ცხოვრებას არ იცნობს ჩვენში არც ერი და რაც უფრო სამწუხაროა, არც სამღვდელოება. მოუწოდებს ამ უკანასკნელთ გაეცნონ და გააცნონ ხალხს თავის ეკლესიის წმინდანების ვინაობა (გვ. 39).

ქადაგებებს არ აქვს განყენებული ხასიათი, იგინი დაკავშირებული არიან ცხოვრებასთან. მქადაგებელი წარსულიდგან გადმოდის აწმყოში, ადარებს ძველსა და ახალს, მოუწოდებს მსმენელთ შეიყვარონ ძველ მოღვაწეების მტკიცე სარწმუნოება, სიფაქიზე ზნეობა და თავდადება მამულისათვის. სარწმუნოებრივი აღზრდა საჭიროა მიეცეს ახალგაზრდებს, ვაჟებსა და ქალებს, უფრო უკანასკნელთ, რადგან უკეთესი მომავალი ეკუთვნით იმ ხალხებს, რომელთაც ჰყავთ სარწმუნოებით და მაღალზნეობით აღჭურვილი დედები, – ამბობს მქადაგებელი (გვ. 21). ქალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ამ მნიშვნელობის საბუთნი არიან წმ. ნინო, წმ. შუშანიკი, წმ. თამარ მეფე, წმ. ქეთევანი და მრავალნი სხვანი. მხოლოდ დღევანდელ ქალს “აღარ მიაჩნია სასახელოდ წმ. ნინოს გზით სიარული. იგი სულ სხვა გზას ადგია სულითა და გულით, ამიტომ წინანდებურათ აღარ გუზგუზობს ჩვენი საკუთარი არსებობის კერა” (გვ. 74). “წმ. ნინოს ქადაგება დასაბამად გაუხდა ქართულ ენას; ამ ქადაგებამ გაზარდა ქართული ენა, განავითარა, გაფურჩქნა, დაამუშავა და აიყვანა იმ საოცარ სისრულემდე, როგორიც არის ქართული სახარებისა და ვეფხისტყაოსნის ენა; წმ. ნინოს სახელს პატივისცემამ და მისი ქადაგების ერთგულებამ მოაქარგვინა ჩვენს მამა-პაპას საქართველოს პირი იმ დიდებულ ტაძრებით, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავთ უგანათლებულეს ერების წარმომადგენელნი; წმ. ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი მოძღვრების ერთგულებამ გადააქცია მთელი საქართველო რჩეული გმირების აკვნად, რომელთაც შეგვინახეს თავიანთი მკერდით სიცოცხლე და მიწა-წყალი (გვ. 53).

აცნობს მქადაგებელი მსმენელებს ღვაწლს ახოვან გმირ-მეფის დავით აღმაშენებლისას, ქვეყანას რომ ცხოველმყოფელი სული ჩაჰბერა, ქვეყნის ეკონომიურად და გონებრივად ამაღორძინებელს და განმაძლიერებლისას (გვ, 88), – “საოცნებო სიბრძნის, გამჭრიახობის, მაღალ გონების, სათნოების, სიმდიდრის, მეფურ სიმძლავრის და მომხიბლავ სილამაზის მქონ პირველ ქართველ მეფე-ქალის თამარისას (გვ. 94), ვის დროსაც საქართველოს ძლიერებამ, კულტურულმა და სამხედრომ,მიაღწია უმაღლეს მწვერვალს. თამარის უზენაესი თვისებანი აქეზებენ მჭერმეტყველ, გულმხურვალე მამულიშვილ მქადაგებელს მიმართოს თანამედროვე დედებს, – იშრომონ თავდადებულად მამულისათვის: “თუ თქვენთვის ძვირფა¬სია თქვენი სამშობლოს აღდგენა – გაძლიერება, თქვენი მშობელ ერის განათლება და ბედნიერება, მოსვენებას არ უნდა გაძლევდეთ თამარ დედოფლის აჩრდილი. თქვენც მის მსგავსად დღე და ღამეს უნდა ასწორებდეთ სამშობლოს სამსახურისათვის” (გვ. 104).

და მამულისა და სარწმუნოებისათვის თავდადების მაგალითად მოიყვანს მქადაგებელი ცხოვრებას წმ. მოწამეთა:მეფეთა არჩილ და ლუარსაბისას, ქეთევანისას, ბიძინას, შალვას და ელიზბარისას. მოიყვანს ცხოვრებასა და ღვაწლსა ქართველთა განმანათლებელთა: წმ. იოანე ივერისას, დიდებულ ივერიის ლავრის დამაარსებლისას, რომელიც შეიქმნა განათლების წყაროდ სრულიად საქართველოსათვის, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, რომელთაც ქართული ენა შეიმუშავეს უმაღლეს ხარისხამდე, რომ შესაძლებელი გახდა ამ ენით გამოთქმა ღრმა ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო აზრებისა. განსაკუთრებით მიაქცევს ყურადღებას გიორგი მთაწმინდელის ამაგს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვაში (გვ. 139). ამ მოღვაწეთა ცხოვრება გამოათქმევინებს მქადაგებელს თავის შეხედულებას ნამდვილ ბერის სამსახურზე: “ბერი თავდადებული, თავგანწირული მსახურია, ჯერ ღვთისა და მერე თავისის სამშობლოსი, ჯერ ქრისტესი და მერე თავის ერის განათლებისა, გაძლიერებისა.

ქეთევან დედოფლის დღესასწაული (ალავერდობა) საბუთს აძლევს მქადაგებელს დღეობების მნიშვნელობაზე გამოთქვას თავისი აზრი. ჩვენებურ დღეობებში იგი ჰპოვებს ბევრ სასურველ მხარეებს: სხვა და სხვა კუთხის ქართველთაგან ურთიერთის გაცნობას, დაახლოებას, ერთობის და ხალხოსნობის შეგნებას. დღეობებში ხალხი რამდენადმე ეცნობა თავისს წარსულს ძველ ეკლესიათა ხილვით. ხალხი სრულიად ხალისიანდება, სულიერ ენერგიას იკრებსო. დღეობები შეიძლება გამოიყენონ სხვა და სხვა დარგის მოღვაწეებმა ხალხში სინათლის შესატან საშუალებადაო, სამეურნეო იარაღების გაცნობით, წიგნების გავრცელებით, წარმოდგენების გამართვით და სხვა. დღეობის ცუდ მხარეებს უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ნაგავს მარგალიტი არ უნდა გავატანოთ თანაო” (გვ. 196)

მთელ ქადაგებათა კრებულის დედათა აზრია, რომ უწინ ქართველი სარწმუნოების სიმტკიცით და მამულის სიყვარულით ძლიერი იყო შინაგანათ. მქადაგებელი მოუწოდებს თავისს მსმენელებს, რომ ყველამ შეუწყოს ხელი საქართველოს ეკლესიის და ერის დიდებას, რომ ძველებურად პატივდებული იყოს ქართველი ერი სხვა ერთა შორისო.

ბევრი საგულისხმო აზრებია გამოთქმული აღნიშნული ქადაგებათა კრებულში, და ამიტომაც მკითხველს ვურჩევთ თვითონ გულდასმით გადაიკითხოს ქადაგებანი. ეს წიგნი აუცილებლად უნდა შეიძინოს ყოველმა ქართველმა, სასულიერო პირი იქნება იგი, თუ საერო.

“ვერტყვიჭალელი”

2. ქრისტეფორე ციცქიშვილის უბის წიგნაკი-დღიური, პირადი ხასიათის ჩანაწერები და “პატარ-პატარა შენიშვნებით”

1893 წ. 4 თებერვალი. ისიდორეს გამოსათხოვარი წირვა. შეგირდები წირვაზედ დაესწრნენ მხოლოდ 50; დანარჩენნი კი არ იყვნენ განგებ. სადილად ინსპექტორმა-ისიდორემ ღვინო გვიყიდა, მაგრამ ღვინო არავინ არ დალია, სასადილო ოთახში იყო ამ დროს მეთვალყურე თ. ნიკანდრი. ის ძალიან გაჯავრდა, რათ არ დალიესო. ეს საქციელი თავის შეურაცხყოფათ მიიღო. მორიგე შეგირდს სამზარეულოში ელაპარაკება სიმხეცე ჩაიდინესო და სხვა ამისთანა: ამ ლაპარაკის დროს მოვიდა იმასთან მეხუთე კლასის რუსი და უკრეჭს (ნასადილევს), ვითომ ჩვენ – ქართველებს დაგვცინის. ნიკანდრი მიუბრუნდა მას: “შენ რაღას იკრიჭები, მე შენ თუ არ ჩაგწერე!…

ისიდორემ გაიგო თუ არა ეს ამბავი, ძალიან შესწუხდა, გაფითრდა… ღვინო მერე მოსამსახურეებს დაალევინეს იმათდა საბედნიეროდ.

თვალთ-მხედველობა, ყურთა სმენა მე აღარა მაქვს,
მეხსიერება, ფიზიკური ღონე მომაკლდა,
გავფუჭდი კაცი, სამშობლოსათვის აღარ ვარგივარ,
აღარც თავისთვის, აღარც ძმისთვის, აღარც დედისთვის…
ბერიკაცობა ახალგაზრდას მე ამეკიდა,
უდროოდ ვჭკნები, საფლავისკენ უდროოდ მივალ…
ჩემმა ვარსკვლავმა, ჩემმა ბედმა არ გამიღიმა,
ჩემი იმედი და სურვილი ჯერ გაუშლელნი
გაჰქრნენ, ვით ჰქრება, ტკბილი ოცნება, ტკბილი სიზმარი,
და გული ჩემი სდუღს მარადის მწუხარებითა.

(გაგონილი ერთი სემინარიელისაგან)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ი. ჯავახიშვილის მიმართვა ურბნისის ეპ. ქრისტეფორესადმი, უნივერსიტეტის მიერ არქ. ტარასის წიგნსაცავში დაცული წიგნების შეძენის გამო, მადლობის გამოცხადების შესახებ

მის ყოვლად-უსამღვდელოესს, ურბნისის ეპ. ქრისტეფორეს.

ამასთანავე გაახლებთ რა ქვაბთახევის არქიმანდრიტ ტარასის წიგნთსაცავში მოთავსებულ წიგნების ნუსხას, რომელიც უნივერსიტეტმა თქვენი ნებართვით ჩაიბარა, გიცხადებთ უდიდეს მადლობას უნივერსიტეტის სახელით, რომ მოგვეცით საშუალება მათი შეძენის.

პატივისცემით ივ. ჯავახიშვილი
1923 წ. 16 თებერვალი

ეპ. ქრისტეფორე ურბნელის მოხსენებითი ბარათი სრ. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოსადმი, გორის ეკლესიების უნუგეშო მდგომარეობის, ოქონისა და საკრებულო ტაძრის მრევლთა შეერთების და დაზიანებული ეკლესიების განახლების ღონისძიების შესახებ

სრულიად საქართველოს
საკათ. საბჭოს ურბნელი
ეპისკოპოსის ქრისტეფორესაგან:

მოხსენება

ამა თვის პირველ რიცხვებში ვიყავი გორში და დავათვალიერე მახლობელი ეკლესიები. სხვათა შორის ჩემი ყურადღება  მიიქცია ქ. გორის ეკლესიების უნუგეშო და თითქმის უიმედო მდგომარეობამ. არც საეპარქიო სამს ეკლესიაში, არც ყოფილ სამხედროსაში წირვა-ლოცვის შესრულება არ შეიძლება. გაუკეთებია დეკ. კასრაძეს ფიცრის ფარდული ეკლესიად, მაგრამ აქაც შეუფერებელია წირვა-ლოცვა. დღეს გორში არსებობს ორი მრევლი: ოქონისა და ყოფილ საკათედრო ტაძრისა. პირველში არის ერთი მღვდელი (კავკასიძე) და ერთი წიგნის მკითხველი, მეორეში ორი მღვდელი და ერთი წიგნის მკითხველი. მრევლი ოქონისა სჯობია. ორთავე ეკლესიათა კრებულნი წირვა-ლოცვას ასრულებენ ხსენებულის ფიცრულის ეკლესიაში, სთვლიან თავს დამოუკიდებელ კრებულებად და აქვთ ურთიერთშორის უსიამოვნება მრავალგვარი. ზამთარში მსახურება ამ ეკლესიაში შეუძლებელია (ბარძიმში ღვინოს ჰყინავს). საზრუნავია შესაფერ ეკლესიის მოპოვება ან აშენებით ახლისა, ან რომელიმეს ძველის შეკეთებით. მოკლე დროში ახლის აშენება შეუძლებელია; დაზიანებულებში შესაძლებელია უფრო ოქონის ეკლესიის შეკეთება. დღესდღეობით ცალ-ცალკე მრევლნი გორისანი ვერც ახალს ააშენებენ, ვერც ძველს შეაკეთებენ. ამისათვის საჭიროდ ვცნობ ორთავე მრევლნი გორისანი: ოქონისა და საკრებულო ტაძრისა შეერთებულ იქმნენ, რომ შეერთდეს მრევლთა უნარი და ძალები აღმშენებლობის საქმეში. წინამძღვრად დაინიშნოს დეკ. კავკასიძე, მეორე მღვდლად დეკ. დ. კავკასიძე, მესამედ მღ. ალ. ტლაშაძე.

ეპ. ქრისტეფორე ურბნელი
1922 წ. 18 ივლისი

თბილისის საეპარქიო საბჭოს სამწერლოს გამგის დ. დავითაშვილის მიმართვა ეპ. ქრისტეფორესადმი
მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპ. ქრისტეფორეს:

საეპარქიო სამწერლო პატივისცემით გაახლებთ, ამასთანავე, თანახმად მისის უწმიდესობის კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებისა, საქმეებს: 1) სოფ. ფხვენევის სამრევლოს მღვდლის ზაქარია საძაგლიშვილზე საჩივრისას; 2) მეჯვრისხევის ოლქის მთავარხუცესის მოხსენებას – მისი ოლქის ადგილიდგან დასათხოვნი მღვდლების სიით; და 3) სოფ. ბიყრის სამრევლოს მღვდლის გიორგი დედაბრიშვილის თხოვნას-გამოსაკვლევად.

სამწერლოს გამგე: დ. დავითაშვილი
თანაშემწე: დეკ. გ. კიკნაძე
1922 წ. 11 აპრილი

თბილისის კალაუბნის ეკლესიის მორწმუნე მრევლის წარმომადგენელთა საჩივარი რწმუნებულ ეპისკოპოს ქრისტეფორესადმი, უღირსი ხუცესის დანიშვნის გამო

კალოუბნის მრევლნი

საყვედურს გამოვსთქვამთ რწმუნებულ ეპისკოპოზის ქრისტეფორესადმი, ამიტომ რომ როდესაც კალოუბნელ მორწმუნე ერს ხუცესს გვიგზავნიდათ, რატომ არ შეგვეკითხეთ ვისთვისაც გზავნიდით მათთვის სასურველი იყო ის თუ არა!? ამის გამოგზავნით ჩვენი სურვილები ვერ დააკმაყოფილეთ. იგი არაა ნამდვილი მსახური ეკლესიის და არაა მსახური მორწმუნე ერისა. იგი არტისტია გადაგვარებულ ერისა და დამამახინჯებელი სარწმუნოებისა.

ეგ სცენაზედ გაუშვით და ჩვენ უკეთესი მოძღვარი მოგვეცით: რად გინდათ დასჩაგროთ ერთი, როდესაც არაა ღირსი დაჩაგვრისა და აღამაღლოთ მეორე, როდესაც არაა ღირსი ამაღლებისა? ან რატომ არაა ღირსი ჩვენ მსახურებისა კალოუბნისავე მთავარ დიაკონი დავით ბახტაძე? რომელიც უფრო დაახლოებულა ღვთისადმი რწმენით და ჩვენ. ზნე ხასიათებთანაც. აღვნიშნავთ, რომ მაგ მოძღვრის მოქმედება ჩვენს გულში ვერ ანათებს.

მორწმუნე მრევლთაგანნი-კალოუბნის ეკლესიისა
1924 წ. 21 მაისი

ცხუმ-აფხაზეთის მიტ. ქრისტეფორეს მოხსენებითი ბარათი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსისადმი, თბილისის კალოუბნის ეკლესიაში წირვის ჩატარების ნებართვის შესახებ.

მის უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის:

უმდაბლესად გთხოვთ ნება დამრთოთ ვწირო ხვალ კალაუბნის ეკლესიაში. წინადაც გთხოვეთ და ახლაც გთხოვთ, რომ შეუძლებელია ამდენ ხანს ჩემი უწირველად ყოფნა.

ცხუმ-აფხაზეთის მიტრ. ქრისტეფორე
1927 წ. 5 თებერვალი

საეკლესიო კრების დადგენილება 1927 წლის 22 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მოხსენების გამო: “საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა გელათის საეკლესიო კრებიდან მეოთხე საეკლესიო კრებამდე (1921-1927 წ.წ.).”

სრულიად საქართველოს მეოთხე საეკლესიო კრებამ მოისმინა მოხსენება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ ქრისტეფორესი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ გელათის საეკლესიო კრებიდან, 1921 წლიდან, ვიდრე დღევანდელ კრებამდე და განმარტებანი ყოფილი მოსაყდრის მიტროპოლიტ კალისტრატესი, მღვდელმთავართა – სტეფანესი, მელქისედეკისა, პავლესი, სიმეონისა, დეკანოზთა – კანდელაკისა, ფოფხაძისა, ხახუტაშვილისა, მაჭარაშვილისა, მოქალაქეთა – რატიშვილისა, სვიმონიშვილისა და სხვა და დაადგინა:

1) მოხსენება, როგორც ეკლესიის ვითარების დაწვრილებით და სწორად გამომხატველი, ცნობილ იქნას სრულიად დაკმაყოფილებლად.

2) ამასთანავე მეოთხე საეკლესიო კრება გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, რომ:

ა) შექმნილი პირობებისა და კათოლიკოს-პატრიარქის ავადმყოფობის გამო. საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის ჰქონდა ადგილი უთანხმოებას, რაც ხელს უშლიდა ეკლესიის მდგომარეობის გაუმჯობესებას ახალი ძალაუფლებისა და ახალ გართულებულ მდგომარეობის დროს.

ბ) რომ ზოგიერთნი პირნი, რომელნიც არ იყვნენ უზენაეს მმართველობის წევრნი და არც უფლებამოსილნი საეკლესიო კრების მიერ, მაინც ერეოდნენ უზენაეს მმართველობის საქმეებში, აცხადებდნენ ეკლესიის მეთაურთა გადაყენების გაზეთში და კიდევ უფრო ართულებდნენ ეკლესიის მდგომარეობას.

გ) რომ არ იქნა მოწვეული საეკლესიო კრება 1926 წელს, არც მოწვეული იყო თავის დროზე მღვდელმთავართა კრებები, რამაც სამღვდელოების ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება.

3) მეოთხე საეკლესიო კრება გამოსთქვამს ღრმა რწმენას და მოითხოვს, რომ:

ა) ამიერიდან საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის მოისპოს ყოველივე შუღლი და უთანხმოება, ყველამ, მორწმუნე ერისკაცებთან ერთად, შეთანხმებულად ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ჭრილობების გამრთელებას, ეკლესიის განმტკიცებას და წარმატებას.”

სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის
შემადგენლობა 1927 წელს.

თავმჯდომარე სინოდისა – კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოს და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე. წევრები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი დავით გენათელი, მიტოპოლიტი კალისტრატე მანგლელი, ეპისკოპოსნი: მელქისედეკ ალავერდელი, სიმეონ ურბნელი, სტეფანე ბოდბელი, ვარლამ მარგაველი, პავლე წილკნელი, ეფრემ ნინოწმიდელი, დროებითი მმართველი ცხუმ-აფხაზეთისა, დეკანოზნი: დიმიტრი ხახუტაშვილი, გიორგი გამრეკელი, ბენიამინ კანდელაკი, მოქალაქენი: პართენ გოთუა, იაკობ ცინცაძე, დიმიტრი იგორაშვილი, მათი კანდიდატები: დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი, დიმიტრი ლაზარიშვილი, ლაზარე ნათიძე, მოქალაქენი: ადამ ადამიძე, დავით ნახუცრიშვილი და კლიმენტი ლორთქიფანიძე.

3. ევსტრატი ნიკიელ მიტროპოლიტის “მოსახსენებელი შემოკლებული, თუ ოდეს ჰრომნი და ეკლესიაჲ მათი და რაჲსათვის საღმრთოთა აღმოსავლისა ეკლესიათგან განიჭრნეს” – როგორც ნიმუში ანტილათინური პოლემიკისა ქართულ ენაზე. მიმოხილვა ქრისტეფორე ციცქიშვილისა

შესავალი 1

ევსტრატი ნიკიელმა დაწერა ორი კომპილიატიური თხზულება ლათინთა წინააღმდეგ, მიიღო ცხარე მონაცილეობა ლეგატ ნიკოლოზ ხრიზოლოგოსთან დავაში, დასწერა ორი თხზულება ხმიად პურზე. სწერდა აგრეთვე კომენტარებს არისტოტელის ეთიკაზე და ანალიტიკაზე. გარდაიცვალა 1117 წლის შემდეგ მალე. 1156 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ჩარიცხა იგი ეკლესიის განთქმულ მოძღვართა რიგებში.

ევსტრატი ნიკიელის ერთ-ერთ თხზულებათაგანია: “მოსახსენებელია შემოკრებული, თუ ოდეს ჰრომნი და ეკლესიაჲ მათი და რასათვის საღმრთოთა აღმოსავლისა ეკლესიათგან განიჭრნეს.” ეს თხზულება, ბერძნულით თარგმნილი, მოქცეულია არსენ იყალთოელისაგან შედგენილ-თარგმნილ დოგმატიკონში. ენის მიხედვით თარგმნილი უნდა იყოს XII ს-ში, შეიძლება თვით არსენისაგანცა, რომელიც გარდაიცვალა დავით აღმაშენებლის სიკვდილის (1125 წ.) ცოტა ადრე. თითქმის იმავე ხანში გარდაიცვალა ევსტრატი ნიკიელიც. არსენ იყალთოელს შეეძლო გაეცნო ხსენებული თხზულება დაწერისთანავე, რადგან იგი კარგა ხანს იყო კონსტანტინოპოლში მანგანის აკადემიაში, შავს მთაზე და პეტრიწონში. ეს ადგილები და მათთან ერთად საბა წმიდის მონასტერი, სინას მთა, ჯვრის მონასტერი იერუსალიმში და უაღრესად კი ათონი, იყვნენ ქართველთათვის განათლების ისეთ პუნკტებად, საიდანაც თვალს ადევნებდნენ იგინი მაშინდელ ლიტერატურულ-მეცნიერულ მოძრაობას აღმოსავლეთ-დასავლეთში. ქართველებს, რომელნიც წარმოადგენდნენ საქრისტიანო ოაზისს, მუსულმანთაგან გარშემორტყმულს და შეწუხებულს, ყოველთვის არ ჰქონდათ მოცალეობა ამგვარი მოღვაწეობისათვის, მაგრამ, როცა გარემოება კი უწყობდა მათ ხელს, სულ ცოტა ხანში ამოუდგებოდნენ ხოლმე გვერდში დაწინაურებულ ერებს და არ ჩამოუვარდებოდნენ ხოლმე მათ არც აზროვნების სიღრმით და არც სიფართოვით. ამის მიზეზი იყო და არის დღესაც ქართველ ერის ძველიდანვე ტრადიციული კულტუროსნობა. ყოველი ღირსშესანიშნავი საკითხი მსოფლიო ეკლესიისა ჰპოვებდა გამოძახილს ქართველებშიაც. ამით აიხსნება ევსტრატი ნიკიელის თხზულების თარგმნაც ქართულად, რომელსაც ჰქონდა უფრო ლიტერატურული მნიშვნელობა, ვიდრე პრაქტიკული. და მართლაც, ჰქონდათ, თუ არა არსებითად დავა საქართველოს ეკლესიას რომის ეკლესიასთან და რამდენად გამოხატავდა ეს დავა ამ ეკლესიათარეალურ ურთიერთობას? ცნობილია, რომ საეკლესიო დავანი, რომელთა შედეგი იყო ხოლმე განხეთქილება ეკლესიათა, გარეგნულად ემყარებოდნენ სარწმუნოებრივს დოგმებს და საკითხებს, ნამდვილად კი წარმოსდგებოდნენ სულ სხვა ფაქტორების ზეგავლენით! პოლიტიკურისა, ნაციონალურისა, გეოგრაფიულისა და ეკონომიურისაგან. ეს ჭეშმარიტება არ გამოპარვია განათლებულ ქართველ პოლემისტს მე-IX ს-სას არსენ პირველს, კათოლიკოსს, რომელიც სომხებთან კამათში ცხადად არკვევს მიზეზებს სომხების მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებისას. ის ამტკიცებს, რომ პეროზმა (458-484) შეუთვალა სომხებს, ან სხვა რჯული მიიღეთ, გარეშე ბერძენთა სჯულისა, ან აიყარენით ჩემის სამფლობელოდანაო. “სომხებმა ითხოვეს სჯული იაკობთა… და მათ გარყვნეს სომხეთისა შრომილი წმიდისა გრიგოლისი მრავლითა ღვაწლითა და ცრემლითამისითა მორწყულიო~ (თ. ჟორდანია. ქრონიკები. 1 ტ. 316 გვ; ივ. ჯავახიშვილი: “ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები,” 1916 წ. გვ. 27). ამასვე იმეორებს ანტონ I კათოლიკოსიც (“მზამეტყველება,” გვ. 213). ლათინ-ბერძენთა განხეთქილებასაც ასევე ხსნიან ბესარიონ კათოლიკოსიც (1728 წ.) და ანტონიც (1744-1788) ბესარიონი ამბობს: “ბერძნებმა შველა სთხოვეს პაპს და დასავლეთის ხალხებს, მაგრამ მათ მოსთხოვეს ნაცვლად ამისა ლათინთა სარწმუნოების მიღება. ბერძნებმა იოტის ოდენა არ დაუთმეს და ირჩიეს სიკვდილი. მოახდინეს ფლორენციის კრება, მერვე კრებად წოდებული მათგან და დაადგინეს რაც უნდოდათ”… (“გრდემლი”, წაკითხვის საზოგად. N 596, გვ. 9-11). ანტონ I, რომელიც მიიდრიკა  კათოლიკობა და მერე იძულებით დაგმო იგი, ამბობს: “ამაო არს კრებაჲ ფლორენციას შეკრებულისა შესაკრებელისა, რამეთუ მიზეზითა მახმედიანთა შეწევნისა მოქენეობითა სადამე ეწამნენ მას აღმოსავლელნი შეცთომილნი” (მზამეტყველება”, გვ. 524). თვით ანტონ I-ის და ბევრ სხვა ცნობილ ქართველთა მიდრეკილება კათოლიკობისადმი მე-18 ს-ში აიხსნება ევროპასთან პოლიტიკურ-კულტურულ დაახლოვების და არა სარწმუნოებრივის მიზნით.

ევსტრატი ნიკიელზე (+1117 წლის ახლოს) ადრე მოხდა ფორმალური ჩამოშორება აღმოსავლეთ-დასავლეთ ეკლესიათა ურთიერთისაგან. მიზეზი განხეთქილებისა იყო მეტოქეობა რომის პაპის და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის. ერთსაც უნდოდა მსოფლიო ეკლესიის თავობა და მეორესაც. ძველის რომის პაპებს სხვა და სხვა ისტორიულმა პირობებმა ხელი შეუწყვეს ერთიან ეკლესიაში უპირატესობა მოეპოვებინათ. ისინი ითვლებოდნენ “პირველად თანასწორთა შორის.” მათი სახელი იხსენიებოდა აღმოსავლეთის ეკლესიებში. ამას ვერ ურიგდებოდნენ კონსტანტინოპოლის, ახალი რომის, პატრიარქები და ცდილობდნენ თვით დაეჭირათ პაპთა ადგილი. ამაში ხელს უწყობდა მათ ეს გარემოება, რომ დასავლეთის იმპერია უკვე მოშლილი იყო და პოლიტიკური ძალა ეკავათ ბიზანტიის იმპერატორებს, რომელნიც ხელს უწყობდნენ თავის სატახტო ქალაქის (კონსტანტინოპოლის) მღვდელმთავართა განდიდებას. როდესაც იმპერატორები აფართოვებდნენ თავის სამფლობელოს დასავლეთით, შემატებულ ადგილებს ეკლესიურად უმორჩილებდნენ თავის სატახტო ქალაქის პატრიარქს. ასე მოიქცა იუსტინიანე დიდი (527-565), რომელმაც ჩამოართვა პაპს თესალონიკის საეგზარქოსო და გადასცა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. იმპერატორებმა მიაკუთვნეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს წოდება “მსოფლიოსი.” რომის პაპებიც არ უშვებდნენ ხელიდან შემთხვევას სამაგიეროს გადასახდელად. რავენის საეგზარქოსო (საერო ოლქი) ერთხანს ექვემდებარებოდა ბიზანტიის იმპერატორებს, რომელთაც ეკლესიურად დაუმორჩილეს იგი თავის პატრიარქს. შემდეგ რავენა ლანგობარდებმა დაიპყრეს, ამათ კიდევ წაართვა ფრანკების მეფემ პიპინ მოკლემ და მიუძღვნა რომის პაპს. მე IX ს-ში ბერძნებმა გაავრცელეს ბულგარეთში ქრისტიანობა, მაგრამ ბულგარეთის მეფემ ბორისმა, ბერძნებზე გულმოსულმა, მოიწვია რომიდან მღვდლები, რომელთაც შემოიღეს რომის ეკლესიის წესები ბულგარეთში: მარხვაში ყველისა და კვერცხის ხმარება, მარხვა შაბათობით და სხვა.

ყოველნი, ერთის მოძღვრების მიმდევარნი ადამიანნი, მიილტვიან ერთის მჭიდრო ორგანიზაციის შესაქმნელად, რომლის სათავეში ერთი ადამიანი უნდა იყოს, პრეზიდენტი იქნება, მეფე, კომისარი თუ მღვდელმთავარი. ქრისტიანებსაც უნდა ჰყავდეთ ერთი მთავრობა. ეს სულ სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ერთობის იდეა, ვინ უნდა იყოს თავი ეკლესიისა, უეჭველად რომის პაპი და იტალიელი, თუ სხვა ვინმე. ერთობის იდეა არასოდეს არ გამქრალა არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთ საქრისტიანოში. ალექსანდრიის პატრიარქის ტიტულია “მსოფლიოს მსაჯული,” თუმცა იმის ქვემდებარე “მსოფლიო” ეკლესია განისაზღვრება დღეს მორწმუნეთა ისეთი რიცხვით, რომელიც არ აღემატება ჩვენებურ ზოგ მთავარხუცესის ოლქის შემადგენლობის რიცხვს. ჩვენ უკვე მოვიხსენეთ, რომ ასეთივე ტიტული “მსოფლიოსი” მიისაკუთრა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რასაც პაპი გრიგოლ I მედგრად წინააღუდგა. მეტოქეობა უფლების და პატივის მოყვარეობა იყო მიზეზი დავისა და განხეთქილებისა და არა ხმიადის თუ გაფუებული პურის, ან წყლიან თუ უწყლო ღვინის ხმარება ზიარების დროს.

დავის ამტეხი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი, მეტად განათლებული, მაგრამ თავმოყვარე და უდრეკ ხასიათის კაცი. იგი გახდა პატრიარქად უსამართლობის მიზეზით. მისმა წინამოადგილემ, პატრიარქმა ეგნატემ ამხილა იმპერიის რეგენტი ვარდა, რომელიც თავის რძალთან (შვილის ცოლთან) მრუშობდა; ეგნატემ არ მიუშვა ვარდა საზიარებლად, რის გამოც ვარდამ გადააყენა იგი. ამის შემდეგ აიყვანეს პატრიარქის ტახტზე ფოტი, რომელიც ერის კაცი იმჟამად; რამდენსამე დღეში მიაღებიეს მას მღვდლობის ყველა ხარისხი პატრიარქობამდე. რუსი ისტორიკოსები ფოტის გაპატრიარქებას კანონიერად ცნობენ. მაგრამ ასეთი აზრი მიდგომითია, ლოგიკური აფსურდია. ეგნატემ მიმართა პაპს სიმართლისათვის. პაპმა ფოტის გაპატრიარქება არ იცნა. რაღა დარჩენოდა ფოტის: აიღო და მისწერა საერთო ეპისტოლე (ენციკლიკა) აღმოსავლეთის პატრიარქებს, სადაც  ბრალს სდებდა ლათინებს სარწმუნოების შერყვნაში და მოჰყავს ის განსხვავებანი, რომელნიც შემოიღეს ლათინებმა დოგმატებში და სარწმუნოებრივ წესების ასრულებაში. წინადაც არსებობდნენ ეს განსხვავებანი, მაგრამ ფოტის ახლა დასჭირდა მათი გამომზეურობა!

პირველი სადაო საკითხი, ფოტისაგან წამოყენებული, არის სწავლა სული წმიდის გამოსვლაზე სარწმუნოების სიმბოლოში. სული წმიდის შესახებ აღმოსავლეთში ამბობენ: “რომელი მამისაგან გამოვალს,” ლათინებმა კი შემოიღეს: “რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს”(Felioque). ფოტის მოჰყავს 40 არგუმენტი თავის აზრის გასამარტლებლად, ემყარება საღვთო წერილს, პირველის, მეორის და მესამის მსოფლიო კრებათა დადგენილებათ.

ფოტის ენციკლიკის პასუხი გასცეს დასავლეთის სასულიერო მწერლებმა: ენეასმა (+871), პარიზის ეპისკოპოსმა და რატრამნმა (Ratramne), კორბიელმა ბენედიქტელმა ბერმა (+868). ენეასი იწყებს აბრაამიდან და ამტკიცებს, რომ ღმერთი “მიუშვებს” ხოლმე ქვეყნად ცოდვათა არსებობას თავის ერთგულთა უფრო გასამტკიცებლად. ასეთნი ღვთის მტერნი იყვნენ ძველად ქანანეველნი, შემდეგ მწვალებელნი და მათ რიცხვში ბერძენნი. ბერძნებს დიდად მოაქვთ თავი თავისს სიბრძნით და მჭერმეტყველებით; იგინი ინთქებიან დიალექტიკურ წვრიმალების ზღვაში; ისინი ამტკიცებენ; ვითომც ჭეშმარიტების მზე მხოლოდ აღმოსავლეთშია და მისი სხივები, როდესაც დასავლეთის ქვეყნამდე აღწევს უკვე სიბნელედ იქცევიან. ნამდვილად კი აღმოსავლეთში დაიბადა უთვალავი მწვალებლობა, აქედან უფრო ჩნდებიან “სასობნი იქედნეთანი.” არიოზი, ევნომიოსი, ფოტინი, ამრკიანი, კერინფი, ნესტორი, ევტიხი და სხვანი. რომის ეკლესია განწმედილია პეტრე მოციქულის სისხლით და ამისთვის მწვალებლობის მოთავე ეპისკოპოსნი, არაოდეს ყოფილა მასში.

რატრამნის პოლემიკური პასუხი უფრო საბუთიანია. თავისის სწავლულობით და ზნეობრივის თვისებებით ის პატივცემული იყო თანამედროვეთაგან. მისი პასუხი “Contra grecorum” საბუთიანი და თან თავშეკავებული კილოთია დაწერილი. რატრამნი ფოტის მიერ მოყვანილ საბუთებითვე უპასუხებს მას და უმტკიცებს, რომ, როგორც მეორე მსოფლიო კრებამ შეავსო სარწმუნოების სიმბოლო პირველის კრებისა, ისე ლათინთა ეკლესიის კრებებმა შეავსეს იგი, როდესაც საჭირო შეიქმნა განმარტება, ცხადყოფა იესო ქრისტეს ბუნებისა, რომელიც არის თანაარსი და თანსწორი მამისა. აქ დაწვრილებით ვერ გამოვეკიდებით მოწინაარმდეგეთა დასაბუთებებს. ორთავე მხარე ისეთს დიალექტიკურს ქსელში და ბურუსში ახვევდა თავისს აზრებს, რომ შეგვიძლია მათ შესახებ მოვიყვანოთ დავით აღმაშენებლის სიტყვები; რომლებითაც მან მიმართა 1024 წელს ქ. ანისში ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივ გაერთიანებისათვის მომხდარ საეკლესიო კრების მონაწილეთ: “თქვენ, მამანო სიღრმეთა სადამე შესრულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი და ჩვენ ვერარასა უძლებთ ცნობად.” საინტერესოა თუ რამ გამოიწვია დასავლეთში სწავლა სულიწმიდაზე, რომ იგი ძისგანაც გამოვალს. დასავლეთში, განსაკუთრებით ისპანიაში ძლიერი ბრძოლა ჰქონდა რომს ასიანელებთან, რომელთაც არ სწამდათ ძის ღვთაებრიობა. საჭირო იყო დამტკიცება არიანელებისათვის, რომ ძე თანა არსი და თანასწორია მამა ღვთისა. ამ მიზნით საჭიროდ დაინახეს გამოეცხადებიათ, რომ სული წმიდა გამოვალს ძისაგანცა. არიანელებთან ბრძოლამ დიდი სახელი გაუთქვა აღმოსავლეთის ეკლესიებში პაპებს. მაშინ ფიქრადაც არავის მოსვლია აღმოსავლეთში ლათინთა მსწავლის-სულიწმიდის ძისაგანცა გამომავლობის წინააღმდეგ ამოეღო ხმა. მით უმეტეს, რომ ამ სწავლის შემქმნელნი იყვნენ განთქმულნი მთელს მაშინდელს საქრისტიანოში მოძღვარნი, როგორც ავგუსტინეა. პირველად სიტყვა “ძისაგანცა” (Felioque) შეიტანა სარწმუნოების სიმბოლოში ტოლედოს კრებამ 689 წელში. აახენის კრებამ მიიღო ეს დამატება 809 წელში და ითხოვა პაპისაგან მისი შეტანა “მრწამსში”, პაპმა ლეონ მესამემ, თუმცა იზიარებდა  ხსენებულ აზრს ეს დამატება არ შეიტანა “მრწამსში.” როდის შეიტანა რომმა ეს დამატება `მრწამსში,~ დანამდვილებით არ არის ცნობილი. მე IX ს-ში ჯერ კიდევ არ ყოფილა შეტანილი. ალბათ ეს მოხდა X-XI ს-ში. საკითხი სულის წმიდის გამომავლობაზე იყო ერთად-ერთი დოგმატური საკითხი ფოტის ეპისტოლეში. სხვა დოგმატიკურ საკითხს მაშინ (IX ს) არ შეხებიან მოპოლიმიკენი. ეკლესიურ-წესებრივ საკითხებში, რომელთა გამოც დავობდნენ მაშინ, პირველი ადგილი ეჭირა საკითხს შაბათის მარხვისას, რომელსაც ინახავდნენ დასავლეთში. პატრიარქი ფოტი უარყოფს შაბათობით მარხულობას და ეფუძნება სამოციქულო 64-ე კანონს და ტრულის კრების 55-ე კანონს. მაგრამ დასავლეთში არ სცნობდნენ არც სამოციქულო კანონებს და არც ტრულის კრებას. ბევრი რატრამნი მიუგებს ფოტის: დასავლეთშიაც ყველგან არ მარხულობენ შაბათობით, ეს ადგილობრივის ჩვეულების საქმეა და სხვა არაფერიო. მოჰყავს ავგუსტინეს ნალაპარაკევი, რომ ამის შესახებ არც სახარებაში, არც სამოციქულოში არ არის ნათქვამი არაფერიო, და ამისთვის არ უნდა გვიკვირდეს, რომ არის სხვა და სხვაობა თუ კვირის ესა თუ ის დღე როგორ უნდა შეინახებოდესო. შემდეგ რატრამნს მაინც მოჰყავს საბუთები შაბათის მარხულობისა: ეს მარხვა პეტრემ და პავლემ დაუწესეს რომაელებსაო.

შემდეგ ფოტი ბრალს სდებს ლათინებს დიდ მარხვის შემოკლებაში, რატრამნიც უმტკიცებს, რომ ლათინები იესო ქრისტეს, მოსეს და ელიას მსგავსად მარხულობენ სწორედ 40 დღეს. მეოთხე პუნკტია მღვდელთა უცოლობა ლათინებში. თუმცა ფოტის ეპისტოლეში სამღვდელოთაგან წვერის პარსვაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ რატრამნი ამაზედაც იძლევა პასუხს და ამართლებს რომის პრაქტიკას.

ფოტის შემდეგ გავიდა თითქმის ორი საუკუნე. ორთავე ეკლესია ერთიანად სთვლიდენ თავისს თავს მიუხედავად ზემოთქმულისა. მე XI ს-ში ასტეხეს ისევ დავა აღმოსავლეთიდან მიხეილ კერულლიარიმ (+1059) და სტოდიელთა მონასტრის ბერმა ნიკიტა პეკტორატმა. დასავლეთმა დაუპირისპირა მათ კარდინალი ჰუმბერტი.

პატრიარქი მიხეილ კერულლარი იყო მოუსვენარი და ფიცხი კაცი, იმან ხელი შეუწყო ისააკ კომნინს ტახტზე ასვლაში რისთვისაც იმპერატორი დიდად აფასებდა. მაგრამ პატრიარქს თავს გაუვიდა; იმან გაბედა ეთქვა იმპერატორისათვის, მე ჩემის ხელით დაგადგი გვირგვინი და შემიძლია კიდეც წაგართვაო. არ იქნება, რომ არ სწყენოდა ეს იმპერატორს. პატრიარქმა ესეც არ იკმარა; დაიწყო საიმპერატორო ხარისხის ნიშნების მითვისება. შეიმოსა სამეფო რეგალიები, ატარებდა მეწამულ ფეხსაცმელებს. იმპერატორის ბრძანებით პატრიარქი შეიპყრეს და ჩასვეს მონასტერში, სადაც მალე მოკვდა. როდესაც ძალაში იყო მიხეილ კერულლარიმ პირველმა გაილაშქრა დასავლეთის ეკლესიაზე. ალბათ იფიქრა ახლა მაქვს დრო, რომის პაპს ჩამოვშორდე და იმის პირველობაც მივითვისოვო, ლათინთა მომაკვდინებელ ცოდვად წამოაყენა მათი ჩვეულება უფუვარ პურით წირვისა. გამოსცა ეპისტოლე ბულგარეთის მთავარეპისკოპოსის სახელით, აპულიის ეპისკოპოსის იოამნნე ტრანიელისადმი. იმ დროში აპულია, კალაბრია და სიცილია ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. კერულლარის ვითომ სურდა აქაური ეკლესიები დაეცვა ლათინთა ცდომილებათაგან. ამ ეპისტოლეში იგი გვარიან თავშეუკავებლად და უზრდელად გმობს რომის ეკლესიის ზოგიერთ სხვაობას წესებში. ამ ეპისტოლემ თუმცა შინაარსით მოკლემ, იქონია საბედისწერო შედეგი: აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები დაშორდნენ სრულიად ერთმანეთს. ამავე ხანებში ბერმა ნიკიტა პეკტორატმაც დასწერა წიგნი “ლათინთა წინააღმდეგ.” აქაც იგივე საკითხებია აღძრული, რაც კერულლიარის ეპისტოლეშია, და ბევრი სხვაც, თუმცა არა ახალნი, რომელთაც კერულლარი არ შეჰხებია. არც ეს წიგნია დიდის ღირსებისა. ჰუმბერტი ადვილად აბათილებს ნიკიტას ნაწარმოებს.

ჰუმბერტი იყო ფრანგი. თავის დროისათვის ფრიად განსწავლული, ბენედიქტელთა ორდენის ბერი. მეცნიერება იყო იმისი საყვარელი საქმე. მისი პასუხი სერიოზული და მოსწრებულია. ის ემყარება საღვთო წერილს, ისტორიასა და მსჯელობას. საბუთები და აზროვნება მდიდარი აქვს, მხოლოდ საერთო კილო მისის პასუხებისა ვერ არის დარბაისლური.

როგორც უკვე ითქვა, უმთავრესი ბრალდება, პატრიარქ მიხეილ კერულლარის და ნიკიტა პეკტორატისაგან წამოყენებული, არის ლათინთაგან უფუვარ პურის ხმარება ზიარებისათვის. კერულლარი და ნიკიტა ამტკიცებენ, რომ ქრისტემ სერობაზე იხმარა გაფუვებული პური, – “არტოსი” და არა ხმიადი – “აზიმა” – ო. ხმიადის პურის ხმარება ზიარებისათვის ურიაობა არის, რადგან ხმიადის ხმარება, როგორც უსრულის პურის, ღმერთმა უბრძანა მოსეს და ძეთა ისრაილისათა ძველის პასექისათვის, ხოლო ქრისტემ დააწესა ახალი პასქა, რომლისთვისაც იხმარა გაფუებული პური, “არტოსიო,” “არტოსად” არის მოხსენიებული სერობაზე ხმარებული პურიო და სხვა. ამაზე ჰუმბერტი საბუთიანად მიუგებს, რომ “არტოსად” საღვთო წერილში იწოდება ორივენაირი პური, განურჩევლად, რომ სერობაზე ქრისტემ შეასრულა ზიარება და პასქა უფუვარ პურზე, რადგან მას არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, რადგან თვით, მისივე სიტყვით, “იგი მოვიდა არა დაჰხსნად სჯულისა, გინა წინასწარმეტყველთა, არამედ აღსრულებად” (მთ. 5.17); ქრისტეს რომ გაფუებული პური ეხმარა, მაშინ იგი დამრღვევი იქნებოდა სჯულისა და ამ ცოდვისათვის თანამდები სიკვდილისა. იმას რომ ასეთი პური ეხმარა, მაშინ იუდა მაშინვე განთქვამდა მას, რადგანაც ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული; მაშინ ქრისტეს სიკვდილი იქნებოდა არა ჩვენთა ცოდვათათვის, არამედ მისთა პირადთათვის, სადღა იქნებოდა ქრისტეს სიკვდილის მიერ ჩვენთა ცოდვათა დახსნაო?

ბევრნაირად უვლიან ამ საკითხს მოკამათენი. ერთნი ამტკიცებენ, რომ გაფუებული პური სრული და წმიდაა; მეორენი, რომ ასეთია მხოლოდ უფუვარი, რადგანაც გაფუვებული პურის დედად იხმარება ან ყურძნის წვენის ქაფი, ან ლუდის დედა, ან ნახარში ქერისა, ცერცვისა, ან დამჟავებული რძე, ან სხვა რამ; ყოველივე ეს უწმინდურად ითვლება კაცის თვალში და არც ასეთის დედისაგან წარმომდგარი პური შეიძლება იყოს წმიდა, ამისათვისაო, განაგრძობს ჰუმბერტი, მოციქული პავლე იტყვის: “ცოტა საფუვარი მთელს ნაზელს ხრწნისო,” აქედან ცხადია, ხმიადი უფრო წმიდაა გაფუვებულზე, რადგან შესდგება მხოლოდ წმიდა ფქვილისაგან.

რასაკვირველია, ვერც ერთი მხარე ვერ დააჯერებდა მოპირდაპირეს თავისის არგუმენტაციით, რადგან ნამდვილი მიზეზი მათის ცხარე პოლემიკისა იმარხებოდა სადაო საგნების გარეშე: ვინ უნდა იყოს თავი მსოფლიო ეკლესიისა?

ნამდვილი მიზეზი ხმიადის პურის შემოღებისა დასავლეთში კარდინალ ბონას აზრით, იყო სრული შეწყვეტა ეკლესიაში ძველის ჩვეულებისა, რომლითაც მორწმუნეთ ყოველთვის მოჰქონდათ თავის სახლებიდან ზიარებისათვის პური, რის გამოც პურის მზადება გადავიდა ღვთისმსახურთა ხელში, რომელთაც ჯერ უწინდელი სიდიდე შეცვალეს პურისა, რადგან ახლა ზიარებას იღებდნენ ყოველთვის მხოლოდ მღვდელმსახურნი, მერე კი შემოიღეს სხვა წესი მზადებისა, რადგანაც ხმიადი პური უფრო საადვილო მოსამზადებელია, მისი ხმარება კი კანონით აკრძალული არ იყო. ამ ახსნას შეიძლება დავუმატოთ, რომ მღვდელმსახურნი, რომელთაც ევალებოდათ მზადება საიდუმლოსათვის სახმარ პურისა, დასავლეთის ეკლესიაში იყვნენ უცოლონი და, მაშასადამე, ვერ დაიხმარდნენ ამისთვის თავისს ცოლებს, ხმიადი პური კი მზადდება უჩქარესად, უადვილესად, ვიდრე გაფუვებული (…полемика между греками и латинсками на вапросы объ опдъсиока).

მიხეილ კერულლარიმ პირველმა აღძრა მშთვარის ჭამის შესახებ საკითხი. თავისს ეპისტოლეში იგი სწერს: “როგორ სჭამთ თქვენ, ლატინები, მშთვარსა, რომელშიაც რჩება სისხლი? განა არ იცით, რომ ცხოველის სისხლი არის მისი სული და ვინც სჭამს სისხლს, სჭამს სულსა? ამ მხრით თქვენ ხართ სრულიად წარმართნი, რადგან ესენი მოკლულსა და მობეგვილსა სჭამენ.” ჰუმბერტი მიუგებს ამაზე ჯერ სახარების სიტყვებით, მერე სამოციქულოსით საჭმლის ხმარების შესახებ მოჰყავს მოციქულის სიტყვები: “ნუმცა ვინ უკვე განვიკითხავს თქვენ საწმლით” (კოლ. 2.16); თვით უფალმა სთქვა “არათუ პირით შემავალი შეაგინებსა” (მათე 15,11). მერე ჰუმბერტი ამბობს, ასეთის, თუ ისეთის საჭმლის ხმარება არის საქმე ქვეყნის ჩვეულებისა; წამალში, რომელსაც სნეული ხმარობს, ათასნაირი უწმინდურობა ურევია, მაგრამ ამისთვის მას არავინ ჰგმობს: ყოველივე ღვთის ქმნილებაა და არაფერი არ უნდა დაიგმოს, რაიცა მიიღების ლოცვითა. ჰუმბერტი უმატებს: ის კი არ გეგონოთ, რომ ჩვენ მართლა ყველაფერს ვჭამდეთ, თუ ვინმე საჭმელად იხმარს სისხლს, ან რაიმე ლეშს, თუ დიდად არ უჭირს, ასეთს მივუსჯით ხოლმე მძიმე საკანონოს. ბოლოს ჰუმბერტი ირონიულად შენიშნავს, ბერძნებს საჭმლის საკითხში ასეთის დაწვრიმალებისაგამო: “ხომ არ გნებავთ დაარიგოთ ყველა უცოდინარი, როგორ და რა მოამზადონ საჭმელად, ხომ არ გნებავთ გახდეთ უზენაეს მზარეულებად ყველა ერისათვის?

შემდეგ კერულლარი ეხება დიდმარხვის შენახვის წესს. მე-IX ს-შიც იყო აღძრული ეს საგანი, მაგრამ არ ყოფილა მაშინ საკმაოდ ამოწურული. მე XI-ს-ში შეეხენ მას სხვა მხრივ. თქვენაო, – ეუბნება კერულლარი დასავლეთელებს, არ ჰგალობთ დიდმარხვაში ალლილუიას, ჰგალობთ მას მხოლოდ აღდგომისაო. “ალილუია” ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: “აქებდით მოსრულსა ღმერთსა, ადიდებდით და აკურთხევდით მას.” არ ჰგალობთ აგრეთვე: “აქებდით” და “კურთხეულ არს მომავალიო.” მეორე საყვედურს უგზავნის დასავლეთის ეკლესიას ნიკიტა პეკტორატი: “დიდმარხვაში სრული წირვა შეიძლება მხოლოდ შაბათ-კვირეს, თქვენ კი ყოველდღე ასრულებთ და მაშასადამე მარხვასაც არღვევთ, რადგან ეზიარებით ხოლმე, მაშინ, როდესაც საღამომდე არაფერი არ უნდა ვჭამოთ ან ვსვათ. ჰუმბერტი ამაზედაც შესაფერს პასუხს იძლევა. ჯერ ებრაულის უცოდინარობაში იჭერს კერულლარის: “ალლილუია” ნიშნავს “აქებდი”-ს, მაგრამ თუ ეს “კურთხეულ არს მომავალს” ნიშნავს, არავისგან გაგვიგონიაო, “ალლილუიას” ჩვენ ვგალობთ დიდმარხვაშიო და სხვა. ყოველდღე ზიარების გასამართლებლად დიდმარხვაში ჰუმბერტს მოჰყავს ლუკა მახარებელის სიტყვები: “მორწმუნენი მუდამ ჟამ იყვნეს განკრძალულმოძღვრებასა მას მოციქულთასა, და ზიარებასა და განტევებასა პურისასა და ლოცვისა, დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა ერთხელ, და განტეხდეს პურსა და მიიღებდეს სახლითი-სახლად” (საქ. 2,42-46), აქედან სჩანს, რომ მორწმუნენი ყოველ დღე ლოცულობდნენ და განტეხდნენ პურსა; თქვენ კი ვინა ხართ, რომ ბედავთ სთქვათ: “კვირაში ორდღეს უნდა შესრულდეს სრული წირვა და დანარჩენ ხუთ დღეს არა სრულიო?” თვით უფალმა არა უსრულო, არამედ სრული წირვა უანდერძა თავის მოციქულებს; მან აკურთხა პური, განტეხა და დაარიგა, არა მხოლოდ აკურთხა, არა დასტოვა განტეხილი მეორე დღემდე, არ განტეხა და გადასდვა გვერდზე, არამედ განტეხილი მაშინვე დაარიგა. ამასთანავე, თუ თქვენ წინადაგებულს და პირველ-შეწირულს მეორე დღეს აღამაღლებთ, განა არ გამოდის, რომ თქვენ ერთსა და იმავე მსხვერპლშეწირულობას ასრულებთ ორჯერ?”

საკვირველია, რომ კერულლარი და ნიკიტა პეკტორატი არ ეხებიან საკითხს სული-წმიდის გამომავლობის შესახებ; წვრიმალ საკითხებს კი არ სტოვებენ, როგორიც არის: მარხვა შაბათობით, მღვდელთა ცოლიანობა და სხვა. შესაძლებელია, ეს საკითხი მნიშვნელოვნად აღარ მიაჩნდათ მე XI-ს-ში.

II

ასეთი დავა ჰქონდათ ბერძენთა და ლათინთა. ქართველთა საუკეთესო წარმომადგენელნი კი ამ დავას განზე ედვნენ. ქართველი კათოლიკოსო ვერ დაუწყებდა დავას ვერც რომის პაპს, ვერც კონსტანტინოპოლის პატრიარქს პირველობაზე. ამის გამო ქართველ განათლებულ კაცისათვის უფრო ნათელი იყო მათი დავის საგანი. გიორგი მთაწმინდელისათვის მისის დროის ლათინნი ისეთივე მართლმადიდებელნი იყვნენ, როგორც ბერძენნი და ქართველნი. როდესაც გიორგიმ 1065 წელს წაიყვანა 80 ახალგაზრდა ათონზე განათლების მისაღებად, შეიარა კონსტანტინოპოლში. იქ მან ინახულა იმპერატორი კონსტანტინე დუკიწი, რომელაც გამოჰკითხა ქართველთა სარწმუნოებაზე, ეთანხმებიან ბერძენთა სარწმუნოებას თუ არაო. გიორგიმ უპასუხა, რომ საქართველოში არაოდეს მწვალებლობა არ ყოფილა და არც იქნებაო. შემდეგ იმპერატორმა ჰკითხა ლათინთა და ბერძენთა დავის შესახებ, რას ნიშნავს, რომ ჩვენ ცომოვან პურსა და ღვინოს, წყლით შეზავებულს, ვხმარობთ ზიარებისათვის, ლათინები კი ხმიად პურსა და უწყლო ღვინოსაო, მე მეფე ვარ, ბევრი საერო საქმე მაქვს და არ მესმის კარგად სადავო საგნებიო. გიორგიმ უპასუხა, რომ ბერძნებში ბევრნაირი მწვალებლობა იყო ხოლმე, გარნა თქვენსავით მორწმუნე მეფენი  მოიწვევდნენ ხოლმე კრებებს და გამოიძიებდნენ სწავლას შესახებ იესო ქრისტესისა. ამ კრებებზე დაადგინეს ცომოვანის და მარილიანის პურის ხმარება ზიარებისათვის. ცომი ნიშნავს ქრისტეს სულიერებას, ხოლო მარილი გონიერებას ისეთს, როგორიც ყოველ ადამიანს აქვს; ასე დააწესეს წინააღმდეგ აპოლინარისა, რომელიც იესო ქრისტეს ხორცს უსრულოდ უგონებოდ მიიჩნევდა (ასევე ხსნის ევსტრატი ნიკიელი ცომისა და მარილის მნიშვნელობას) (იხ. ტექსტის მე-7 გვ.) სჩანს, გიორგი მთაწმინდელს (+1065) უკვე კარგად სცოდნია პოლემიკა ლათინთა და ბერძენთა, ევსტრატი ნიკიელზე (დაახ. +1117) ადრე). ხოლო წყლით შეზავებული ღვინო მოასწავებს იესოს გვერდიდან გარდმოთხეულ სისხლსა და წყალს. `ხოლო ჰრომთა, ვინათგან ერთ გზის იცნეს ღმერთი, არაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალება შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულმან პეტრე შეწირა უსისხლო იგი მსხუერპლი და უმეტესღა ვითარცა თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრედ აღასრულებენ იგინი, და არა რაY არს მას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალ იყოს, ხოლო მთავართა მათ ჰრომთა განიხარეს~ (ათონის ივერიის მონასტრის ხელნაწერი 1074 წლისა, აღაპებითურთ; გვ. 332-333).

მიხეილ თამარაშვილს გიორგი მთაწმინდელის მოყვანილს სიტყვებიდან გამოჰყავს დასკვნა, რომ საქართველოს ეკლესია გიორგი მთაწმინდელის დროს და შემდეგაც 1230 წლამდე რომს ემორჩილებოდა, თუმცა ბერძნები ჩამოშორებულ იყვნენო (იხ. მისი “ისტორია კათოლიკობისა საქართველოში.” 1902 წ. გვ. 13), ვითომ ასე იყო იმთავითვეო; ამის საბუთად მოჰყავს კირიონისადმი პაპის გრიგოლ I-ის მიწერილი წერილი (იქვე გვ. 24), მაგრამ თვით გიორგი მთაწმინდელის “ცხოვრება” ნათელ ჰყოფს, რომ საქართველოს ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი იყო. გიორგი ანტიოქიის პატრიარქს, რომელსაც უნდოდა საქართველოს ეკლესია მორჩილებაში ჰყოლოდა, ეუბნება: “ჩვენ ვართ განათლებული ანდრია პირველწოდებულისაგან, რომელაც მოიყვანა ქრისტესთან ძმა თვისი პეტრე…”შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრიას და რათა თქვენ ჩვენ დაგვიმორჩილნეთ”(ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი, – “აღაპებითურთ”, გვ. 315). ცხადია გიორგი მთაწმინდელი ჰგულისხმობს საქართველოს ეკლესიას, ყოველ პატრიარქისგან დამოუკიდებლად, რომთან საქართველოს ეკლესიას ჰქონდა კეთილგანწყობილება და არ ემორჩილებოდა მას.

გიორგის აზრით პეტრე მოციქულს შეუსრულებია რომში ზიარება ასეთს პურზე, როგორზედაც თვით უფალს საიდუმლო სერობაზე და ამას მისდევენ ლათინნიო. გიორგი აქ იცავს ლათინების შეხედულებას ხმიად პურზე. ბერძნებში და ჩვენში ასე არ არისო, და ეს მოხდა იმის გამო, რომ მწვალებლებმა (აპოლინარის მიმდევრებმა) უარჰყვეს ქრისტეს ბუნებაში კაცობრივი თვისებები. ამას ამბობს გიორგი აღმოსავლეთ-დასავლეთ ეკლესიათა დაშორების (1054) თერთმეტი წლის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო განელებული სიმხურვალე ბერძენ-ლათინთა დავისა. ყურადღების ღირსია ერთი გარემოებაც, მეფის შეკითხვა და გიორგის პასუხი სხვა საგანს.

ევსტატი ნიკიელს თავი მოუყრია ლათინთა წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებათათივს, რომელნიც აღნიშნულნი არიან ფოტის და კერულლარის ეპისტოლეებში და ნიკიტა პეკტორატის წიგნებში, მხოლოდ სხვა ბრალდებანიც დაუმატებია: ლათინთა მონაზონნი ღორის ცმელის (ჯერ გადაუდნობელი ქონი-საბას ლექს.) ნადნობსა სჭამენო, ეპისკოპოსნი ბეჭდებს ატარებენ ხელზე, ხატებს და წმ. ნაწილებს არა სცემენ თაყვანსაო, ორნი ძმანი ორთა დათა შეირთვენ ცოლებადაო, ხორციელის და ყველიერის აღება ერთ დღეს (დიდმარხვის პირველ ორშაბათს) იციანო; წირვაზე დამსწრენი, ვინც არ ეზიარებიან, ურთიერთას ამბორს უყოფენ და ამ ამბორის ყოფას ზიარების მნიშვნელობას აძლევენო; მღვდელთმთავარნი საბრძოლველად გადიან ომში; ნათელს სცემენ ერთის შთაყვანით წყალში და ერთხელ მოიწოდებენ სამების სახელსაო. ყველა ბრალდებას ევსტრატი ჰყოფს სამ კატეგორიად: 1) რომელიმე თანაწარსვლისა არიან ღირს ე.ი. ყურადღების ღირსნი არ არიანო; 2) რომელნიმე დაუჯერებელ, ე.ი. მიუღებელი; 3) რომელნიმე სალტოლველ და გარემისაქცეველ, ე.ი. სრულიად დასაგმობი. პირველ კატეგორიის ბრალდებათ ეკუთვნის ბილწის მჭამელობა, ე.ი. ზოგიერთ უწმინდურ ცხოველთა და მფრინველთა ჭამა ლათინთა მიერ, რადგანაც აღმოსავლეთშიაც (ბითინია, თრაკია) სჭამენ ასეთებსაო. მღვდელმსახურთაგან წვერის პარსვაც არ არის დიდი ცოდვა, რადგანაც აღმოსავლეთშიც ვიპარსავთ მრგვლად თავზე თმასა პეტრე მოციქულის თხემის არ შეხებია, გარდა იმისა, რისთვისაც მიხეილ კერულლარიმ ასტეხა განგაში. სწავლას სულიწმიდის შესახებ არც ერთი მოდავეთაგანი აღარ იხსენიებს. ასეთი გარემოება ადასტურებს იმ წვრიმალობას, რომელსაც იჩენდა ორივე მხარე. (ბელატის?) პატივსაცემადაო (დღევანდელ ქართველ ბევრ მამებს ხელშეუხებელ სიწმიდეთ მიაჩნიათ სასულიერო პირთა თმა და წვერი!) ღორის ქონიც ნებადართულია მამათა მიერ მონაზონთათვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ზეთი არ იშოვებაო. არც ბეჭდის ტარებაა დიდი ცოდვა, რადგანაც ჩვენებიც იცმენ ოქროსთვლებსაო. უჯერო ქორწინება (ორთა დათა ორთა ძმათადმი მითხოვება) და მღვდელმთავართა ბრძოლად გასვლაც – ადვილად საკურნებელი ცოდვაა; ჩვენშიაც ბევრ უწესობას ჩადიან ეპისკოპოსნიო. დაუჯერებელ, ე.ი. ყოვლად მიუღებელ კატეგორიას ეკუთვნის ისეთი გადახვევა სჯულისაგან, როგორც ხატთა და წმიდათა ნეშტთა უპატივცემულობა. აქ ევსტრატი უნდა გულისხმობდეს დასავლეთის ეკლესიაში ხატების ნაცვლად ქანდაკებათა ხმარებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ წმიდათ ნეშტის კულტი არ არის მიღებული რომის ეკლესიაში ისე, როგორც აღმოსავლეთში. რუსეთში მაგალითად 400 მეტი უხრწნელი წმიდათა გვამია გამოცხადებული ხალხის პატივ-თაყვანის საცემლად. ასევე იყო საბერძნეთშიაც. საქართველოში ასეთი კულტი თითქმის არ არსებულა. არც არის გამოცხადებული უხრწნელად არც ერთი წმიდის გვამი. ცთომილებათა მესამე კატეგორიასვე მიაკუთვნებს ევსტრატი მშთავარის (დაუკლავად მკვდარ საქონლის, ან მფრინველის ხორცის) ჭამას, შაბათობით მარხულობს, დიდმარხვის პირველ შვიდეულის დარღვევას. მღვდელთა უცოლობას, წირვაზე ურთიერთის ამბორის ყოფის მიჩნევას ზიარებას, ერთგზის ჩაშვებას წყალში ნათლისღების დროს, უცომო პურის ხმარებას ზიარებისათვის და სწავლას სული წმიდის ძისაგანცა გამოსვლაზე. ლათინთა ჩამოთვლილ ჩვეულებათა და დებულებათა გასაბათილებლათ ევსტრატი ნიკიელი იმეორებს ძველ საბუთებს ფოტისა, კერულლარის და ნიკიტა პეკტორატისაგან მოყვანილებს.

ევსტრატი ნიკიელის პალემიკურ ნათარგმნ თხზულებას გარეშე ლათინთა წინააღმდეგ ქართულ ენაზე არ არის ცნობილი სხვა ამ გვარი თხზულება მე-18 ს-მდე. ამ საუკუნეში კი ქართველთაგან მხურვალედ გაილაშქრა ლათინთა წინააღმდეგ ბესარიონ კათოლიკოსმა (1728-35) თავისს “გრდემლით”, რომელზედაც უნდა დამსხვრეულიყო კათოლიკობა. “გრდემლის” შინაარსიდან ცხადად სჩანს, რომ ბესარიონ კათოლიკოსს ხელთა ჰქონებია როგორც ევსტრატი ნიკიელის თხზულება, ისე სხვა წყაროებიც. ლათინთა წინანდელ ცდომილებებს ბესარიონ კათოლიკოსი უმატებს ახლებსაც. ნათლისღების სხურებით შესრულებას, ერთ და იმავე დღეს ერთსა და იმავე ტრაპეზზე წირვის შესრულებას, სწავლას განსაწმედელის შესახებ და სხვა. “არა ჩემით, არამედ წმიდათა მოციქულთა და ყოვლად ბრძენ და წინასწარმეტყველთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ თქმულსა შემოვიღებ… მათვეპირთაგან დაცვივნებულ ნაბიჭევსა შემოვკრებ.” ასე იწყებს თავის საპოლემიკო თხზულებას ბეს. კათოლიკოსი (“გრდემლი.” წ. კითხ. საზ. N 596 გვ. 3). შემდეგ გადადის ცოდვათა წარმოშობაზე. ეშმაკი არის კაცთა ნათესავის მაცთუნებელი და არეულობის მომხდენი. ევას შეცოდება, აბელის სიკვდილი, წარღვნის წინ ურწმუნოება და გარყვნილება, ქამის მამისადმი უპატივცემლობა, ცრუ წინასწარმეტყველთა გამრავლება, – ეს სულ ეშმაკის საქმეაო. ეშმაკთან საბრძოლველად მოვიდა თვით ქრისტე ხატითა კაცისათა და მოგვცა სჯული და მცნება, მაგრამ ეშმაკის ცდა მაინც გრძელდება, წმიდათა ახოვანების გამოსაჩინებლად… ეშმაკი განაგრძობს ღვარძლის თესვას შორის იფქლისა… გამოაჩინა ცრუ ქრისტენი, როგორც იროდი, რომელიც თავის თავს ქრისტედ უწოდებდა, შემდეგ სვიმონ მოგვი, არიოზ და საბელიოს (არიოზ ერთსა ბუნებასა სამებისასა განჰკვეთდა, ხოლო საბელიოზ სამთა მათ გვამთა წმ. სამებისასა შეჰრევა და შერწყმიდა), ნესტორი… ევტიქი და დიოსკორე, ალექსანდრიის პატრიარქი, ხატთა მებრძოლობა. ჩამოვარდა მშვიდობიანობა, მაგრამ ეშმაკი არ სცხრებოდა. აღმოსავლეთით აღადგინა ქრისტიანობის მტერნი, რომელთაც შეამცირეს და დაამდაბლეს აღმოსავლეთის საპატრიარქონი. ჯერი მიდგა ბიზანტიაზე. მეფემ შველა სთხოვა პაპს და დასავლეთ, მაგრამ მათ მოსთხოვეს ლათინთა სარწმუნოების მიღება. ბერძნებმა იოტის ოდენი არ დაუთმეს და ირჩიეს სიკვდილი. მოახდინეს ფლორენციის კრება, მერვე კრებად წოდებული მათგან და დაადგინეს, რაც უნდოდათ: ა) პაპი აღამაღლეს უმეტეს ყოველთა პატრიარქთა, ღვთის მაგიერად, მეორედ ქრისტედ ქვეყანასა ზედა გამოაცხადეს; ბ) სული წმიდა ძისაგანცა გამოსულად აღიარეს, რაიცა არ ყოფილა მიღებული კრებათაგან; გ) ნათლისღება მცირედ წყლის შეხებით განაწესეს; დ) უფუვარით სეფითა წირვა და ერთს დღესა ერთსა და იმავე მღვდელს ნება მისცეს მრავლის წირვის შესრულებისა, უეკლესიოდ საერთო სახლთა შინა; ე) ზიარება ერისკაცთა განუწესეს სხვითა სეფითა, არა იმით, რომლით ეზიარებიან მღვდელნი, და ლიტონით ღვინით, რომელიც არა მიახლებულ არს  ტრაპეზსა და ჩვილთა არა აზიარებენ 15 წლამდე; ვ) ორად გაჰყვეს ჯოჯოხეთი: ერთში შესულნი საუკუნოდ სატანჯველს განიცდიან, მათ ვეღარას უშველის ვერც წმიდათა ოხა და ვერც მორწმუნეთა ვედრებანი; ხოლო მეორე ჯოჯოხეთში შედიან მოსავნი პაპისანი, რომელნიც მცირედ ჟამ და ადრე განწმენდილნი გამოვლენო… მარხვა სრულიად მოსპეს ერის კაცთა და სამღვდელოთათვისაცაო… ოთხშაბათს არა და შაბათს კი იმარხვენო; ძაღლები შეყავთ ქალსა და კაცს ეკლესიაშიო; სულ ახალ-ახალი წესები შემოაქვთ, რომლებიც შვიდთა კრებათაგან არ არის მიღებული. “ხოლო აღმოსავლეთისა ეკლესიანი და ოთხნივე საპატრიარქონი, – დიდი რუსეთი და ჩვენ ქართველნი მასვე და ერთსა სარწმუნოებასა ზედა ვგიეთ შეურეველსა… და უმეტეს ჩვენ ქართველთა, ოდეს მოგვეცნეს სარწმუნოება ჭეშმარიტი და ნათელი ღვთის მცნებებისა შეგვიწყნარეთ წმ. მოციქულისა ანდრიას მიერ დღითგან, არღარა ოდეს მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი ურწმუნოებად… მოციქულთა და მამათა ნათქვამისთვის არც დაგვიკლია და არც შეგვიმატებია (“გრდემლი”), გვ. 15-16).

შემდეგ ავტორი სწერს (“გრდემლი” თ. II) მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებას და არჩევს (თავი III-IV) ლათინთა სწავლას სულიწმიდის გამომავლობაზე. საბუთები საერთოდ იგივეა, რაც ევსტრატი ნიკიელს აქვს, ან იმის წინ მოპაექრეთ. თქვენ ამბობთო, – მიმართავს ბეს. კათოლიკოსი ლათინთ, რომ მამისაგან და ძისაგან გამოვალს სიყვარული, ე.ი. სული წმიდაო. მაგრამ სიყვარული არის სათნოება და არა გვამოვნებაო. თქვენ სცდებით, როდესაც ამბობთ, რომ სულიწმიდის ძისაგანცა გამომავლობის დამამტკიცებელია ქრისტესაგან შებერვა მოწაფეთა მიმართ და თქმა: “მიიღეთ სული წმიდა”-ო. თუ მოწაფეებმა მაშინ მიიღეს სული წმიდა მე-50-ე დღეს რაღა მოხდა, ნუთუ მეორედ მიიღეს სული წმიდაო? მაშინ ამაღლების დღეს ნათქვამი სიტყვები ქრისტესაგან: “ოდეს მოვიდეს თქვენზედა სული წმიდა,” და სხვა, რაღას უნდა ნიშნავდეს? შებერვა ქრისტესაგან იყო გამომსახველი კაცობრივ მშვინვისა, მაჩვენებელი, რომ აღდგომის შემდეგ ქრისტეს ჰქონდა ჩვეულებრივი ბუნება კაცისა, ამისათვისვეუჩვენებდა ჭრილობებსაც, სჭამდა მოციქულთა წინაშე და სხვა. შებერვა მშვინვარებაა, ორთქლი და ქარი, ხოლო სულიწმიდა არც ორთქლია და არც ქარი. შებერვა ქრისტესი იყო მომზადება სულიწმიდის მისაღებად, როგორც მღვდელი შებერავს ხოლმე მოსანათლავს პირს ნათლისღების დროს.

განსაკუთრებული საბუთიანობით არღვევს ბეს. კათოლიკოსი ლათინთა შეხედულებას პაპის თავობაზე ეკლესიაში (“გრდემლი”, თავი VII). მოჰყავს ქრისტეს სიტყვები: “ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა, ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთ არს მოძღვარი თქუენი ქრისტე. ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ; და მამით ნუ ვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთ არს მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა; ნუცა გერქმიან თქუენ წინამძღვარ, რამეთუ ერთ არს წინამძღვარ თქუენდა ქრისტე.” მოჰყავს მაგალითი სახარებიდან სალომეასი და ძეთა მისთა-იოანეს და იაკობისა. პირველ სოფლიო კრებაზე ხუთნივე პატრიარქნი თანასწორად იყვნენ მიჩნეულნი. მოჰყავს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან  მისი პაექრობა ანტიოქიის პატრიარქთან, რომელსაც უმტკიცებდა, თვით ანტიოქია უნდა დაემორჩილოს საქართველოს კათოლიკოსს, რადგან ჩვენში ეკლესია დააარსა ანდრია პირველწოდებულმა, რომელიც პეტრეზე მაღლა იდგა, თუ კი იყო მოციქულთა შორის უფროს-უმცროსობაო. გიორგის არ უთქვამს ანტიოქიის პატრიარქისთვის, შენ კი არა ხარ თავი ეკლესიისა, არამედ რომის პაპიო. თუნდაც პეტრე ყოფილიყოს თავი მოციქულთა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომის პაპებსაც გამოუკლებლივ ჰქონდეთ მისნი სათნოებანიო. ასე რომ იყოს, მაშინ ეპისკოპოსნი და პატრიარქნი თვისთა წინამოსაყდრეთა მსგავსნი იქნებოდნენ არა თვისითა სათნოებითა, არამედ შემდგომითი-შემდგომად თანამოსაყდრებითა და პატრიარქნი იერუსალიმისანი თვით ქრისტესი და წმიდის მოციქულისა იაკობ ძმისა უფლისა, ალექსანდრიის პატრიარქნი მარკოზისა და ანტიოქიისა თვით პეტრე მოციქულისა, რამეთუ პირველი საყდარი ესე არს (ქრისტესი) პეტრესი. მაშ რად იხსენიებიან თავად მღვდელთმოძღვართა: დიდი ბასილი, ან გრიგოლი ღვთის მეტყველი, გრიგოლ ნოსელი და სხვანი. აგრეთვე რად იხსენიებიან სოფლიოსა მნათობებად ჰრომის პაპები: კლიმენტი, სილიბისტრო, ლეონტი, კელესტინ, გრიგოლ დიოლოღოსი და სხვანი, და არა ყოველნი პაპნი, რომელნიც არა იყვნენ მობაძავ პეტრესი? ყველა პატრიარქნი სწორნი არიან. კიდევ მეტიც: თვით მიტროპოლიტნი და ეპისკოპოსნიც მიუწერდნენ პაპებს ასე ძმასა და მღვდელსა და თანამწირველსა ეპისკოპოსსა ჰრომისასა… თვით პაპებიც მიწერ-მოწერაში არსად არ იჩენდნენ უწინ პატრიარქთა და სხვა ეპისკოპოსთა ზედა უპირატესობას. მოციქულებმა განიყვეს თორმეტად ყოველივე ქვეყანა და ჰქადაგეს თავთავისად და არავინ არ ჰყავდათ მათ თავად და მბრძანებლად. მოციქულებიც ხანდახან ბრუნდებოდნენ იერუსალიმში, აუწყებდნენ თავის მოქმედებას არა პეტრეს, არამედ  იაკობს, ძმასა უფლისასა და კეთილად წარვიდოდნენ.

როგორც სამების ერთ-ერთი პირის უფროსად აღიარება გმობაა სამთავე პირისა, ისე პეტრეს უფროსობა სხვა მოციქულებზე – გმობაა პეტრესი და სხვათა მოციქულთაც. “წარვედით და მოიმოწაფენით ყოვენი წარმართნი” – უთხრა უფალმა ყველას და არა პეტრე მოციქულს მხოლოდ. “აჰა წარგავლინებ თქვენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა,” – აქაც სჩანს თანასწორობა ყველა მოციქულთა. სამგზის თქმის შემდეგ, ქრისტესაგან პეტრესადმი: “აძოვენ ცხოვარნი (კრავნი) ჩემნი”-ო, მყის მოიქცა პეტრე და იხილა იოანნე, მისდევდა რა, და სთქვა უფალს: `უფალო ხოლო ესე რა?” მიუგო იესომ: “უკეთუ მინდეს ყოფა მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რა, შენ მე შემომიდეგ.” უკეთუ ერთი მოწაფეც კი არ ჩააბარა ამ შემთხვევაში პეტრეს და უთხრა, შენ შენთვის იზრუნეო, მითუმეტეს სხვა ყველა მოწაფეთ არ დაუდგენდა თავად პეტრეს. – “მოვედით და შემომიდექით და გყვნეთ თქვენ მესათხევლე კაცთა” (მთ. 4, 19), “თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი, მარილნი ქვეყნისანი” – ეს სიტყვები ყველა მოციქულს ეკუთვნოდა, ყველანი ზოგად (ცალკე) წარავლინა საქადაგებლად, ყველას უთხრა: “რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა ზედა, დასხედით თქვენცა ათორმეტთა საყდართა ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. არა მარტო ერთი და ორი, არამედ ათორმეტნივე ზოგად, თანასწორად. ბევრი სხვა ადგილებია სახარებაში ცხადმყოფელნი, რომ პეტრე არ იყო თავი მოციქულთა, მაგრამ სიტყვის გაგრძელება არ არის საჭირო…

ავტორის აზრით ლათინების ჩვეულება სხურებით ნათლისღების შესრულებისა, არ არის მისაღები; ლათინები ემბაზსაც კი არ ხმარობენო; ნათლობას ასრულებენ ერის კაცნი და დედა კაცნიო. ხოლო დედა კაცს რომ არ შეუძლია ნათლისღების შესრულება, ეს ცხადად სჩანს წმ. ნინოს ცხოვრებიდან. წმ. ნინომ მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე მეფე-დედოფალი და ერი, მაგრამ თვით ვერ იდვა თავს ნათლისღების შესრულება, არამედ გამოითხოვა კონსტანტინე დიდისგან ეპისკოპოსი და მღვდელნი და ამათ მონათლეს ერი მტკვარში შიშვლად ჩასული და ყოველთა ასოთა თვისთა განბანით და არა სხურებით ერთისა მხოლოდ ასოისა. ხალხი მოაქცია და მერე გაგზავნა მღვდელზე. ვინ იცის, რამდენი სული მოკვდებოდა უნათლავი, მაგრამ ნინომ ვერ გაბედა მოციქულთაგან დადგენილი წესის დარღვევა, რომ დედაკაცს ნება არა აქვს ნათლისღების შესრულებისაო.

მირონცხებაზე ავტორი შენიშნავს: უკეთუ დედაკაცს აძლევთ ნათლისღების შესრულების ნებას, რატომ არ აძლევთ მირონცხების შესრულების ნებას მღვდელს, რომელიც სხვა საიდუმლოებს ასრულებსო.

არ შეიძლება ერთმა მღვდელმა მრავალგზის სწიროს და ეზიაროს ერთ და იმავე დღეშიო. არც კერძო სახლებში წირვა შეიძლებაო. ტყუილად მართლელობენ ლათინები თავს. სადაც არ არის ეკლესია, იქ ვწირავთ კერძო სახლშიო; მაშ სადაც მღვდელი არ იყოს, ერის კაცს აწირვიეთო. წმ. ნინოს დროს, სანამ პატარა ეკლესია აშენდებოდა, წირვაც არ შეუსრულებიათო. ფსალმუნების და გალობის შეცვლა რაოდენადმე შეიძლება, ხოლო წირვის წესის იოტის ოდენის შეცვლა კი არაო. – არ შეიძლება წიდოვან დედათა, არც მამა კაცთა, მეუღლეთა თანა ყოფილთა, მასვე დღესა ზიარება. – უცომო პურის და უწყლო ღვინის ხმარების წინააღმდეგ ბესარიონ კათოლიკოსს მოჰყავს არგუმენტები ევსტრატი ნიკიელის და სხვათა. ლათინები აზიარებენ უბრალო ღვინითა და პურითა. ამ უკანონობამ ჩამოაცალა პაპს მრავალნი “მეფენიო”. ინგლიზისა, კალგინისა, შვეტისა და საქსონთაო. ლათინები ბავშვებს არ აზიარებენ, რადგან ზიარება შეგნებულად უნდა მიიღოს კაცმა და ასეთი შეგნება კი ბავშვებს არა აქვთო. მაგრამ ასეთს შეგნებულობას რატომ ნათლობისათვის არ მოითხოვთო. თუ კი ბავშვს, რომელსაც საშოდან განთავისუფლება გაძნელებული აქვს, წყლის მცირედ სხურებით ნათლავთ, სანამ საშოდან განთავისუფლდებოდეს (ალბათ დედაკაცები ნათლავდნენ), რად არ უნდა ვაზიაროთ იგივე და სხვა ბავშვებიო. და მოჰყავს საბუთები საღვთო წერილიდან დასამტკიცებლად, რომ უზიარებლად, როგორც უნათლავად ვერავინ შევა სასუფეველშიო.

“გრდემლის” 31 თავი შეეხება თუ როდის შეიცვლება პური და ღვინო ლიტურგიაზე. არა სიტყვათა: “მიიღეთ და სჭამეთ”-ის წარმოთქმის დროსო, როგორც ლათინები ამტკიცებენ, არამედ სულიწმიდის მოწოდების დროსაო. უფალმა სერობაზე მადლობა შესწირა მამასა (და სულსაცა) და მერე სთქვა: “მიიღეთ და სჭამეთ”…, და გაბრიელმაც ახარა ქალწულს და უთხრა: “სული წმიდა მოვიდეს შენზედა”, და მაშინ შეისხა უფალმა ხორცი. იაკობის, უფლის ძმის, წირვაში, მარკოზ მახარებლისაში, კლიმის (კლიმენტი, რომის პირველი ეპისკოპოსის) წიგნში, ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის წირვებში შემდგომად უფლის სიტყვათა: “მიიღეთ და სჭამეთ…” არის მოწოდება სულის წმიდისა. მაგრამ ლათინებს აღარც მამანი სწამთ არც მოციქულნი და არც თვით მეუფე ქრისტე, არამედ მეორე ქრისტე – რომის პაპიო.

მარხვის შესახებ ბეს. კათოლიკოსი ასე მსჯელობს (32 თავი “გრდემლისა”). მარხვა უფლისაგან არის ნაკურთხი: მოსე, ელია, სამოელი, იოანე ნათლიმცემელი და მოციქულნი და თვით ქრისტე მარხულობდნენ. ადამმა გემოს მოყვარებით დაკარგა სამოთხე, ხოლო მეორე ადამმა მარხვითა და ლოცვით მოგვიპოვა ხსნა და ჩვენც გვიანდერძა მარხვა და ლოცვა. თვინიერ ამისა უხილავთა ძალთა ძლევა და განსხმა შეუძლებელია. მაგრამ ლათინნი ამას არ მიჰხედვენ და არღვევენ მარხვასაო. ოთხშაბათის მარხვის დარღვევის და შაბათობით მარხულობისა გამო ლათინებთან ბეს. კათოლიკოსს მოჰყავს უკვე ნახსენები საბუთები და წმ. ნიკოლოზის შესახები ლეგენდა, ოთხშაბათ-პარასკეობით ძუძუს არ სწოვდაო. აღმ-ის ეკლესია მტკიცედ ინახავს მარხვას, დასმა კი თითქმის სულ მოსპო იგი, რადგან იქ დიდმარხვაში ხორცის გარდა ყველაფერს სჭამენ. აღმ-თით, სიონით, იერუსალიმით, გამოვიდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, თვით ქრისტე და გვიანდერძეს მარხვის დაცვა, ხოლო დას-თით, ჰრომით, იტალიით, ფარიზით არ ვიცით ვინმე გამოსულიყო ასეთნიო.

ლათინნი სჭამენ ყოველსავე ცხოველის ხორცსა, სისხლსა, მშთვარსა (ლეშსა ნამხეცარსა); ამბობენ, არა ყოველი პირში შემავალი წარსწყმედს ლაცსაო, მაგრამ ღმერთმა თვით განჰყო ნოეს დროს ცხოველნი წმიდანი არა წმიდანთაგან. ძველი სჯული შემდეგაც მტკიცედ შეინახეს მოციქულთა, გარდა წინადაცვეთილობისა და ღორის ხორცის უჭმელობისა, მაგრამ ესეც გასარჩევად ურიათა და მაჰმადიანთაგან. ღორი შინაური ცხოველია და სხვაში არაფერშია გამოსადეგი, თუ არა საჭმელად. შემდეგ ავტორს მოჰყავს ცნობილი ადგილი “საქმეთაგან მოციქულთასა” მშთვარის აკრძალვაზე (საქ. 5.29). იმ კრებაზე, რომელზედაც ეს საკითხი გადაწყდა, უფროსობდა არა პეტრე, არამედ იაკობი. რომაელნი თუ მაინც პეტრეს იტყვიან ეკლესიის თავად, ჩვენ ვიტყვით ანდრიას, ძმასა და მომწოდებელსა ქრისტესადმი პეტრესს; ეფესელნი იოანნეს, დიდი სომსითი ბართლომეს, აფხაზნი სვიმონ კანანელს და ჰინდონი თომას; და ასე წავკიდებთ მოციქულთ, რომელნიც სწორნი არიან. ნოეს აღუკრძალა სისხლის ჭამა, ხოლო ლათინნი სისხლსაც სჭამენ და მშთვარსაც, თვით ხელით აშთობენ ლათინნი. – აქ ბეს. კათოლიკოსი ევსტრატი ნიკიელის საბუთებს იმეორებს, მაგრამ უფრო მოურიდებლად ამხილებს კათოლიკებს.

რომში პაპის ნებართვით ორი სამეძაო სახლია, რომელთა შემოსავალი პაპებს მიერთმევაო. სიძვას არც მღვდელნი და არც ერნი არ ერიდებიან და ამას ყურადღებას არ აქცევენ ლათინნიო. კაცებს და ქალებს ძაღლები შეჰყავთ ეკლესიაში და წირვის დროს ძაღლები თავის ბუნების მოთხოვნილებას იქვე იკმაყოფილებენო. მაინც რა გასაკვირველია ესა, როდესაც უბრალო სამეძაო სახლშიაც კი ასრულებენ ჟამის წირვასაო. ნუ იქადინნ ლათინნი რომის სიდიდით შედარებით აღმ-ის მცირე ქალაქებთან და ღარიბ ქვეყნებთან, რადგან “ჭირნი მართალთანი მრავალ არიან.” ბეთლემი პატარა იყო, მაგრამ იქ იშვა იესო და ისიც არა შიგ, არამედ ქალაქსა გარედ-ქვაბში. ასე ათავებს ბეს. კათოლიკოსი “გრდემლს” (38 თავით).

—————————————————————–


დამოწმებული წყაროები, ლიტერატურა

1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, სსცსა ფ. N2100 საქმე 59. გვ. 3.

2. იქვე… გვ. 4.

3. სსცსა ფ. 2100 საქმე. 59. ფურც. 2.

4. სსცსა ფ. 2100 საქმე. 59. ფურც. 4.

5. სსცსა ფ. 2100 საქმე. 60. ფურც. 2.

6. სსცსა ფ. 2100 საქმე. 59. ფურც. 3.

7. სსცსა ფ. 2100 საქმე. 66. ფურც. 1.

8. სსცსა ფ. 2100 საქმე. 61. ფურც. 1.

9. სსცსა ფ. 2100 საქმე. 56. ფურც. 1.

10. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე “ჩემი მოგონებებიდან” თბილისი 2001 წ. გვ. 79-82.

11. სსცსა ფ. 2100 საქმე. 57. ფურც. 3.

12. იქვე… ფურც. 4.

13. ჟურნ. “ახალი სიტყვა” 1918 წ. N1. გვ. 3-4.

14. ჟურნ. “ახალი სიტყვა” 1918 წ. N4. გვ. 3.

15. სსცსა ფ. 2100 საქმე. 62. ფურც. 3-7.

16. სერგო ვარდოსანიძე “უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. 1993 წ. გვ. 16.

17. სსცსა ფ. 2100 საქმე. 11. გვ. 1-3.

18. სერგო ვარდოსანიძე “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში.” თბილისი, 2001 წ. გვ. 61.

19. საქართველოს საპატრიარქო არქივი ფ. 539.

20. გაზ. “კომუნისტი”. 1925 წ. 6 იანვარი.

21. სერგო ვარდოსანიძე “სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი”. თბილისი, 2005 წ. გვ. 46.

22. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე. საქმე N1523, გვ. 35.

23. საქართველოს საპატრიარქო არქივი. კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III-ის ფონდი N6508.

24. იქვე… გვ. 3.

25. სერგო ვარდოსანიძე “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში”. თბილისი 2001 წ. გვ. 82.

26. სერგო ვარდოსანიძე “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი”, თბილისი 2005 წ. გვ. 81.

27. საქართველოს უახლესი ისტორიის საისტორიო არქივი (სუიცსა) ფონდი 284. საქმე. 300. გვ. 41.

28. სუიცსა ფ. 284. გვ. 107.

29. საარქივო მოამბე. 2008 წ. N1. გვ. 23.

30. საქართველოს საპატრიარქო არქივი ფ. 112. გვ. 1-3.

31. საქართველოს საპატრიარქო არქივი ფ. 539. გვ. 11.

32. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N102. გვ. 330.

33. იქვე… გვ. 22-23.

34. სერგო ვარდოსანიძე “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში.” თბილისი. 2001 წ. გვ. 130.

35. იქვე… გვ. 131-132.

36. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კალისტრატე ცინცაძის ფ. N102. გვ. 446-448.

37. საქართველოს საპატრიარქო არქივი ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე. N1651. გვ. 8.

38. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი N102. გვ. 280-350.

39. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი. N42.

40. საქართველოს საპატრიარქო არქივი. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე. N1866.

41. სსცსა. ფ. 2100 საქმე. 58. ფურც. 1-5.

42. იოსებ სტალინი “ლენინიზმის საკითხები” თბილისი 1936 წ. გვ. 232.

43. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მემუარები. N3929. გვ. 199.

44. ს. ვარდოსანიძე “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში” თბილისი 2001 წ. გვ. 140.

45. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) “საქართველოს საეკლესიო კრებები” წიგნი III, თბილისი. 2003 წ. გვ. 168-170.

46. იქვე… გვ. 171.

47. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი. N272. გვ. 6.

48. პრეზიდენტის არქივი. ფ. 14. საქ. 354. საქაღ. 37. გვ. 133.

49. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ვასილ კარბელაშვილის ფ. N31. რამ. 57.

50. სუიცსა ცაკის ფონდი N284, აც. 3. საქმე. 700. გვ. 2.

51. ხელნაწერთა ეროვნული ფონდი, ვასილ კარბელაშვილის ფ. N31. გვ. 872-873.

52. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ბათუმ-შემოქმედის ეპარქია დოკ. 1752.

53. იქვე… გვ. 15.

54. საქართველოს საპატრიარქო არქივი. ბოდბის ეპარქია. დოკ. N1649.

55. სუიცსა ფ. 284. აღწ. 3. საქმე. 291.

56. სსცსა. ფ. 2100 საქმე. 31.

57. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კალისტრატე ცინცაძის ფონდი N49, 50.

58. სსცსა. ფ. 2100. საქმე. 67. გვ. 3.

59. სერგო ვარდოსანიძე “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში.” თბილისი 2001 წ. გვ. 152.

60. სსცსა ფ. 2100 N1 საქმე. 117.

61. სერგო ვარდოსანიძე “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში.” თბილისი 2001 წ. გვ. 153-154.

62. იპოლიტე ვართაგავა მოგონებები. იხ. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, ფონდი N6760/7 გვ. 15.

63. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე, საქაღალდე N1523. გვ. 3.

64. იქვე… გვ. 7.

65. იქვე… გვ. 9.

66. იქვე… გვ. 20.

67. იქვე… გვ. 17.

68. იქვე… გვ. 24.

69. იქვე… გვ. 39.

70. იქვე… გვ. 69.

71. იქვე… გვ. 103.

72. იქვე… გვ. 110.

73. იქვე… გვ. 111.

74. იქვე… გვ. 116.

75. საქართველოს საპატრიარქო არქივი ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე N1866. გვ. 7.

76. იქვე… გვ. 8.

77. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. N31. გვ. 600.

78. სერგო ვარდოსანიძე “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე” თბილისი 2004 წ. გვ. 42.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე