საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ნეკრესის ეპარქია

nekresis-eparqia

ნეკრესის ეპარქია საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. ამჟამად იგი ქალაქებს _ ყვარელს, ლაგოდეხს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. სამღვდელმთავროს დასავლეთის მხრიდან ალავერდის და გურჯაან-ველისციხის, სამხრეთიდან ბოდბის ეპარქიები ესაზღვრება, აღმოსავლეთის საზღვარი კი აზერბაიჯანთან და დაღესტანთან გადის.

ნეკრესის ეპარქია ისტორიული კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს ცენტრი იყო. იგი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდინარე ალაზნის გაღმა მხარეს მოიცავდა
ეპარქიის მთავარი ქალაქის _ ნეკრესის(იგივე ნელქარისის) დაფუძნება მეფე ფარნაჯომს (ქრისტეს შობამდე II-I სს.) მიეწერება.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, ეს მხარეც გაქრისტიანდა და უკვე IV ს. II ნახევარში თრდატ მეფემ ნეკრესში ააშენა ეკლესია, რომელიც საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან ერთ-ერთ უძველეს ტაძრად ითვლება. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ჩამოყალიბდა ნეკრესის ეპარქია, რომლის სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობი-ლი იყო, ხოლო მღვდელმთავარი გახლდათ „ეპისკოპოზ გაღმა  მხრისა დიდოთურთ“. VI ს. II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი _ აბიბოსი განაგებდა ნეკრესის სამღვდელმთავროს. ეს მხარე არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა რჯულის მომხვდურთა სათარეშოდ.

XVII ს. დასაწყისიდან შაჰ-აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი _ კაკ-ელისენი ჩამოაშორა და იქ მუსლიმანური სასულთნო შექმნა. დაპყრობილი ტერიტორიიდან დაიწყო კახეთის შიდა მხარის დარბევა. გაძლიერებული ლეკიანობისა და დაღესტნელი მთიელების აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე მასიური ჩასახლებით ამ მხარეში ქრისტიანთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. საბოლოოდ ასე ჩამოსცილდა კახეთს მისი აღმოსავლეთი ნაწილი _ საინგილო, სადაც ჭარ-ბელაქნელი აღალარების სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ამ კუთხიდან ქრისტიანი მოსახლეობის მასობრივი აყრისა და განადგურების შემდეგ ეპარქია საკმაოდ შესუსტდა.

ნეკრესის ეპარქიის ბოლო პერიოდის მღვდელმთავართაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იოანე ჯორჯაძე, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე. 1740 წელს, იოანე ნეკრესელის მღვდელმთავრობის დროს, დომენტი კათოლიკოსმა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრა სამიტროპოლიტოდ აღამაღლა და პირველ მიტროპოლიტად დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი იოანე ჯორჯაძე განაწესა. იოანე ნეკრესელმა მრავალი საღვთისმეტყველო წიგნით გაამდიდრა მტერთა თარეშისაგან დაცლილი ნეკრესისა და დავით გარეჯის წიგნთსაცავები. XVIII ს. II ნახევარში ნეკრესის ეპარქიას მართავდა დოსითეოზ ჩერქეზიშვილი. მან 1758 წელს თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა აკურთხა, შემდეგში საკუთარ ეპარქიაშიც დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა.

დოსითეოზ ნეკრესელი მწიგნობარ ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად ქართულად თარგმნიდა საფილოსოფოსო, საღვთისმეტყველო და რიტორიკულ წიგნებს. იგი ხელნაწერი წიგნების გამრავლებაზეც ზრუნავდა, რის ნაკლებობასაც განიცდიდა ეკლესია-მონასტრები. XVIII ს. ბოლოს, 1794 წლიდან ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას განაგებდა ამბროსი მიქაძე, რომელიც ნეკრესის ეპარქიის უკანასკნელი მღვდელმთავარი იყო. ლეკთა თარეშის გამო აოხრებული ნეკრესიდან მან კათედრა დროებით ახლომდებარე სოფელ შილდაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადაიტანა, იქვე დასახლდა და ეპარქიას იქიდან განაგებდა.

წარმომავლობით ნეკრესის ეპარქიიდან იყო ქართველი ხალხისგან უგვირგვინო მეფედ წოდებული წმიდა ილია მართალი.
მამის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელი ყვარელში იზრდებოდა ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული წმინდა გრიგოლ ფერაძე.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ნეკრესის უძველესი ეპარქია კახეთში შექმნილ ერთ _ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გაერთიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. ნეკრესის ეპარქიის აღდგენამდე მისი სამწყსო ტერიტორია ეკუთვნოდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს.

1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი.

ნეკრესის ეპარქიაში მრავალი სიწმინდეა დავანებული. დუბის დედათა მონას-ტერში დაბრძანებულია წმიდა ნაწილები: წმიდა პირველმოწამისა პირველდიაკვნისა სტეფანესი (I ს.), წმიდა მოციქულთასწორისა თეკლასი (I ს.), 14 ათას მოწამე ჩვილთა ყრმათა (I ს.), წმიდა დიდმოწამისა პროკოფისი (V ს.), წმიდა დავითისა და კონსტანტინესი (VIII ს.), წმიდა ილარიონ დიდისა (IX ს.), ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა (XIV ს.).

ნეკრესის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:

ლაგოდეხი:

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის ეკლესია
წმიდა ნიკოლოზის სამლოცველო სახლი
ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ვარდისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
თელის წმიდა გიორგის ეკლესია
ლელიანის წმიდა თეოდორე ტირონის ეკლესია
წმიდა ბარბარეს დედათა მონასტერი, სამღვდელმთავრო რეზიდენციაში.

ყვარელი:

წმიდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი
გავაზის წმიდა გიორგი ეკლესია
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ახალსოფლის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
საბუის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
შილდის მაცხოვრის ეკლესია
გრემის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მამათა მონასტერი
ნეკრესის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი
დუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი.

მშენებარე და აღდგენითი ტაძრები:

გრემის წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძარი
ლაგოდეხის წმიდა გიორგის ტაძარი
კართუბნის წმიდა გიორგის ტაძარი (ლაგოდეხი)
ლელიანის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ლაგოდეხი)
ულიანოვკის წმიდა გიორგის ტაძარი (ლაგოდეხი)
გურგენიანის წმიდა ბარბარეს ტაძარი (ლაგოდეხი)
გიორგეთის წმიდა გიორგის ტაძარი (ლაგოდეხი)
აფენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ლაგოდეხი).

საგანმანათლებლო დაწესებულებები:

ყვარლის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია, ქ.ყვარელი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. 25,  დირექტორი _  მიტროპოლიტი სერგი,  დირექტორის მოადგილეები _ მღვ. გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი არჩვაძე