საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2014 წელი, 3 ივნისი

12 იანვარი
კატეგორია:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი

3 ივნისი, 2014 წელი

კრებას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
წმინდა სინოდის კრების მდივნად არჩეულ იქნა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია).
წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ზოგადად ისაუბრა ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
წმინდა სინოდმა იმსჯელა შემდეგ საკითხებზე:

1. მუზეუმებში დაცული სიწმინდეებისა და საეკლესიო ნივთების მდგომარეობის თაობაზე, რომელიც, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და იმყოფება ორმხრივი, სახელმწიფოსა და ეკლესიის, დაცვის ქვეშ.
წმინდა სინოდმა განაჩინა: საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც ეკლესიისთვის წარსადგენად აღწერს მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს და მოამზადებს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ.

2.წმინდა სინოდის წევრებმა მოისმინეს და დაეთანხმნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღრების, არქიტექტურისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ წარმოდგენილ წინადადებას საქართველოს ეკლესიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიის მფლობელობაში (როგორც საქართველოს, ისე მის საზღვრებს გარეთ) არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.

3.წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენება უცხოეთში არსებული სამრევლოების თაობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა: უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ყველა სამრევლოში ჩამოყალიბდეს სულიერებისა და კულტურის ცენტრები და საკვირაო სკოლები. ასევე საქარველოში მომქმედ ტაძარებთან გაიხსნას საკვირაო სკოლები.
დაევალოს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიას, სასწავლო ცენტრთან ერთად, შეიმუშაოს სასწავლო პროგრამები და შესაბამისი სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლებისათვის.

4.წმინდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს ეკლესიის ეპარქიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და განაჩინა:
ყველა ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ყოველი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აუცილებელია, მას ჰყავდეს ეპარქიის მემატიანე, იურისტი და არქიტექტორი.

5.წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ ეპარქიების შესახებ, სადაც სრულფასოვნად ვერ ხორციელდება საქართველოს ეკლესიის სულიერი მსახურება და ურთიერთობა მრევლთან (იგუმისხმება აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის ზოგიერთი სოფელი).
და განაჩინა: ეთხოვოს საქართველოში მომქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს და ასევე რუსეთის-საქართველოს დიალოგის ფორმატში მომქმედ ჯგუფს, რათა გაითვალისწინონ არსებული მდგომარეობა და თავის მხრივ, შესაძლებლობისამებრ, დაგვეხმარონ, რათა საქართველოს ეკლესიის ამ კანონიკურ ტერიტორიაზე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს მიეცეთ მსახურების უფლება და გადაადგილების საშუალება.

6.წმინდა სინოდმა იმსჯელა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მისდამი; აღინიშნა, რომ ეს კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის.
გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში ეს კანონი შეიცვლება.
7. წმინდა სინოდმა მოისმინა:
ა) დასავლეთ ევროპის, ბ) ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის, გ)ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრების,- მიტროპოლიტი აბრაამის (გარმელია), მიტროპოლიტი დიმიტრის (შიოლაშვილი) და ეპისკოპოსი მელქისედეკის (ხაჩიძე) მოხსენებები მათ ეპარქიებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენილუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას:
1.დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა-საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია.
2. ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია.
3. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.

ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები და შეიქმნას:
1. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია.
2.ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას:
1.ხორნაბუჯის ეპარქია.
2.კახისა და ქურმუხის ეპარქია.

ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამორჩეულ იქნენ:

1.ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია – არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი)
2.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია – არქიმანდრიტი დოსითე (ბოგვერაძე)
3.ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია – არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი)
4.კახისა და ქურმუხის ეპარქია – არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)

8.წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მომავალი დიდი კრების მოსამზადებელ სხდომებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იქნებიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

9.წმინდა სინოდმა განაჩინა: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე I შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს წმინდა იოანე I – მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა; დაიწეროს ცხოვრება და ხატი და შეიქმნას წმინდანის ტროპარ-კონდაკი.