საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საბა – ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
xonisa-da-samtrediis-mitropoliti-saba

მაღალყოვლადუსამღვდელოესი საბა
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი
რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარე

ერისკაცობაში – ზაზა როინის ძე გიგიბერია
დაიბადა: 1966 წლის 28 სექტემბერს, ქ. სენაკში.
ანგელოზის დღე: 18 დეკემბერი – ღირსი საბა განწმენდილის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 14. 04. 1991
დიაკვნად კურთხევა: 14. 01. 1992
მღვდლად კურთხევა: 04. 10. 1992
ეპისკოპოსად კურთხევა: 03. 11. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2003
მიტროპოლიტობა ებოძა: 24. IV. 2008
მისამართი: საქართველო 5900. ქ. ხონი, სოლომონ II-ის ქ. #1. საკათედრო ტაძარი.
ტელ.: (+995 790) 58 06 05
მობ.: (+995 599) 58 06 05

ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. ხონი, ქ. სამტრედია, ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები).
კათედრა და რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.

ვრცლად:

მიტროპოლიტი საბა, ერისკაცობაში ზაზა როინის ძე გიგიბერია, დაიბადა 1966 წლის 28 სექტემბერს სენაკის რაიონ სოფელ ძველ სენაკში.¬ 1983 წელს დაამთავრა ძველი სენაკის საშუალო სკოლა. ეს სკოლა 1884 წელს დაუარსებია ილია ჭავჭავაძეს, იქ არაერთი სახელოვანი მწერალი, მეცნიერი და სასულიერო პირი აღიზარდა. 1984 წელს ჩაირიცხა საქარ¬თველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ინსტიტუტიდან გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც იმსახურა 2 წელი, 1991 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. როგორც მეუფე საბა აღნიშნავს: “1989 წლის ივნისიდან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება. ღვთის განგებით ინსტიტუტიდან შრომითი სემესტრით მოგვიწია საფარის მამათა მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებზე მონაწილეობა. მაშინ არაეკლესიური ვიყავი. მონასტრის წინამძღვარი იყო მღვდელმონაზონი სერგი (ამჟამად მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი). მან გვასწავლა ქრისტიანული ცხოვრების წესი და ჩვენც შევუდექით ამ წესს. ერთ-ერთი საუბრის დროს მან გვითხრა: ჩვენი ქვეყნის ბედნიერება დამოკიდებულია ეკლესიის ძლიერებაზე, მონასტრებისა და ბერ-მონაზვნების სიმრავლეზე. მე, როგორც სხვა ჩემი თანატოლი ახალგაზრდები, მაშინ ქვეყნის სიყვარულით და გადარჩენის სურვილით ვიყავით აღტყინებულნი, ამიტომ ვუთხარი ჩემს თავს _ რა შეგიძლია გაუკეთო შენს ხალხს და ქვეყანას: წადი მონასტერში, აღიკვეცე ბერად და ილოცე მათთვის. ასე აღმოვჩნდით მონასტერში ინსტიტუტიდან მე და ჩემი უახლოესი მეგობარი მეუფე თეოდორე ჭუაძე, ასე ინება უფალმა. ოჯახს გაუჭირდა ჩემთან განშორება, რადგან ერთი ვაჟი ვიყავი სახლში, მაგრამ მშობლები მაინც გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მე ისინი მენდობოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ცუდს არ ვაკეთებდი. გამომშვიდობისას მამამ ვერ გაუძლო და აქვითინდა, ის ძალიან თავმდაბალი და კეთილი ადამიანია. დედა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, დაფარა ემოცია და მითხრა: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და თუ შენ თვლი, რომ შენი ბედნიერება იქ, მონასტერშია დამილოცნიხარო. ეს დალოცვა ვგრძნობ დღემდე და მომავალშიც დამეხმარება. ჩემში თუ არის რაიმე სიკეთე ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა.”

1991 წლის 14 ივნისს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად საბა, 1992 წლის 12 იანვარს აკურთხეს დიაკვნად, 1991 წლის 4 ოქტომბერს _ მღვდლად და მსახურობდა საფარის მონასტერში, იყო მონასტრის ეკონომოსი. 1990-1992 წლებში სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1994 წლის 5 ნოემბერს წირვა-ლოცვა აღსდგა ტიმოთესუბნის მონასტერში და იღუმენი საბა დაინიშნა მონასტრის წინამძღვრად. 1996 წლის 22-23 ოქტომბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ იღუმენი საბა გამოარჩია საეპისკოპოსი კანდიდატად. 26 ოქტომბერს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და 1996 წლის 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ხონის ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსად კურთხევისას მან შემდეგი სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. “თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო, ღირსო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო. ძლიერ მიძნელდება გადმოგცეთ ყოველივე ის, რასაც მე ამ წუთებში განვიცდი. ძნელი ყოფილა ერთდროულად დაიტიო ადამიანმა რამდენიმე დიდი გრძნობა _ მადლიერების, სიხარულისა და შიშის. მადლიერება პირველ რიგში ღმრთის და შემდეგ წმიდა სინოდის წინაშე, რადგან ღმრთის განგებით მე, უღირსი მონა მისი, გამომარჩიეს სამღვდელმთავრო ხარისხის მისაღებად. სიხარულის გრძნობა ყოველივე აქედან გამომდინარეა, ხოლო შიში მაქვს იმის გამო, შევძლებ კი მე ვზიდო ეს მძიმე ტვირთი. თუმცა უფალო ძლიერია და ყოველივეს შეაძლებინებს ადამიანს, თუ ღმერთს მიენდობა იგი. უფალი ბრძანებს წმიდა წერილში: “აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწრაფეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი სუბუქ არს”. მე ვიხსენებ თქვენთან ბოლო შეხვედრას, როცა გამომიცხადეთ მღვდელმთავრობის შესახებ, თქვენ დამლოცეთ და მითხარით ასეთი სიტყვები: წადი მონასტერში და ილოცე. ღმერთმა თავმდაბლობა, მორჩილება და მოთმინება მოგცესო. მე ვიგრძენი, რომ ღმერთი თქვენი სიტყვებით მამხილებდა, რადგან მე ყოველთვის მიჭირდა თავმდაბლობა და მორჩილება. ყველაზე მეტად დღეიდან მჭირდება მე ამ მცნებების შესრულება, რადგანაც უკვე სხვას უნდა მოვთხოვო მათი დაცვა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ და ყველას, ვისთანაც სულიერი ცხოვრება გავატარე, შემინდეთ და ნუ მოიხსენებთ ჩემს ამ სისუსტეს, არამედ ილოცეთ ჩემთვის, რაiთა უფალმა შემაძლებინოს ამ და სხვა მცნებების დაცვა და მღვდელმთავრის მძიმე და საპასუხისმგებლო მოვალეობის აღსრულება. იმედი მაქვს ღმრთის მოწყალებისა და თქვენი ლოცვისა, ასევე ჩვენი ეკლესიის გამოცდილი მღვდელმთავრების შეწევნისა და თანადგომისა. მე ეკლესიური ცხოვრება დავიწყე საფარის მონასტერში. მაშინ მონასტრის წინამძღვარი მეუფე სერგი იყო. მან ამადგმევინა ფეხი და რაც მთავარია მაზიარა უკვდავებას. როდესაც გამიჭირდებოდა და შევჩივლებდი მას, მეტყოდა, ნუ გეშინია, მოითმინე, რა იცი უფალი რას გიმზადებსო. მოძღვარი რომ გახდები დიდი გამოცდილება გექნებაო მე მინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც მონასტერში მივიღე, ღმრთის შეწევნით ახალ ეპარქიაშიც გამოვიყენო, რადგან საქართველოს ეკლესიის ძლიერებას მე ძლიერ მონასტერში ვხედავ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გაიხსნას და აშენდეს კიდეც ახალი ტაძრები და იკურთხოს ღირსეული ღმრთისმსახურები, რაც განაპირობებს ეკლესიის სიწმინდეს და მრევლის სიმრავლეს. უკანასკნელმა წლებმა მრავალ ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას საქარ¬თველოში მძიმე სულიერი და ფიზიკური ტრამვა მიაყენა. მრავალი მათგანი საპყრობილეშიც მოხვდა. ჩემს ეპარქიაში ბევრია ასეთი საპყრობილე და აუცილებელი იქნება მათი მონახულება, მათთვის სამლოცველოების მოწყობა და ნორმალურ გზაზე დაყენება.

მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვიცი, რომ ძნელი იქნება ყოველივე ამის შესრულება. ერთხანს შიშმაც კი შემიპყრო, მაგრამ არ მეყო თავმდაბლობა, უარი მეთქვა მღვდელმთავრობაზე და ამას ესეთი მნიშვნელოვანი მიზეზიც აქვს. როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ბორჯომში, მე მოვედი თქვენთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად და გთხოვეთ ჩვენს მონასტერში მობრძანებულიყავით. თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადაღლილი ჩანდით, მაინც მობრძანდით და ამით მონასტრის ყოველ წევრს დიდი სიხარული მოგვანიჭეთ. მე მაშინ ვიგრძენი თუ როგორ გიყვართ, უფრთხილდებით და აფასებთ თქვენ ჩვენი ეკლესიის ყოველ წევრს და სრულიად საქართველოს. ასეთი დამოკიდებულება ვიგრძენი ჩემს მიმართ და მე ამ სიყვარულს და ნდობას უარით ვერ ვუპასუხებდი. გთხოვთ შემინდეთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი მამობრივი სიყვარულისა და თანადგომისათვის. მოკრძალებულად ვთხოვ ღმერთს, რომ ყველა ქართველს დაეფასებინოს თქვენი ღვაწლი ღმრთისა და ერის წინაშე, რომ ყოველი ქართველი დიდი ეკლესიის წევრი გამხდარიყოს და ერთად ვევედროთ უფალს ჩვენი ერის მშვიდობის და გადარჩენისათვის.” (61, 1996, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ახლად ნაკურთხ მღვდელმთავარს:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ხონის ეპისკოპოსო საბავ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო. სულიწმინდა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, დღეს გარდმოვიდა არქიმანდრიტსა ზედა საბასა და ჰყო იგი ეპისკოპოსად ეპარქიისა ხონისა. სულიწმიდა, რომელიც არის ძალა და მადლი ღმრთისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ჰყოს ნებაი ღმრთისა და ამიტომ დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის ნება ღმრთისა. როგორ შეიძლება რომ ჩვენი ნება დაუმორჩილოთ ღმერთის ნებას. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავის ნებას უმორჩილებს ღმრთის ნებას. ბედნიერია ის ადამიანი, როცა ნებას ღმრთისასა ეგებება ნება ადამიანური და იქმნება ენერგია ორი ძალისა, ღმრთისა და ადამიანისა. ამ შემთხვევაში ნაყოფი არის დიდი და აი დღეს, როცა ასეთ უძველეს ეპარქიას, როგორიცაა ხონის ეპარქია, რომელსაც მრავალი წელია არ ჰყოლია თავისი ეპისკოპოსი, დღეს სულიწმიდამ ღმრთის განგებამ დაადგინა ახალი ეპისკოპოსი. უპირველეს ყოვლისა შენ უნდა დაგებედოს მადლიერება ღმრთის წინაშე, იმიტომ რომ უფალმა შენ აგირჩია ამ უძველესი ეპარქიის მმართველად, უფალმა ნდობა შენ გამოგიცხადა. იმიტომ კი არა, რომ შენ დაიმსახურე, არამედ წყალობა უფლისა შენ ზედა გადმოვიდა და აი ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ როცა ადამიანს ეძლევა ჯილდო ან ხარისხი და განსაკუთრებით ასეთი უმაღლესი ხარისხი, როგორიცაა ეპისკოპოსობის ხარისხი, თუ მას ამასთან ერთად არ ემატება თავმდაბლობა და მორჩილება, ძალიან ძნელია ამ ადამიანის ცხოვრება. ამიტომ დღეს სთხოვე უფალს, თავმდაბლობა და მორჩილება, სთხოვე უფალს, რომ ის მადლი, რომელიც შენ დღეს მიიღე, უფრო მეტად განამრავლო, არ დაჰკარგო ის მადლი, რომელიც უფალმა ასე უხვად გიბოძა შენ. ამიერიდან შენ ხარ პასუხისმგებელი არა მარტო შენს თავზე, არამედ სამწყსოზე და სამღვდელოებაზე. უნდა აღაშენო, განამრავლო, განადიდო შენი სამწყსო, რომ ღირსეულად წარსდგე წინაშე ღმრთისა. ახლა კი მიიღე ნიშანი და ძალა მღვდელმთავრისა, კვერთხი ესე და დამწყსე სამწყსო შენი, იყავ მოწყალე მამა და უძღოდე სამწყსოსა შენსა, რაYთა ყოველი მათგანი ღირსი გახდეს სასუფევლისა, ყოველი მათგანის სახელი ჩაიწეროს წიგნსა შინა ცხოვრებისასა. ახლა კი მიიღე კვერთხი ესე და დალოცე სამწყსო საქართველოისა.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ და ბედნიერ დღეს. უკვე მრავალი წელია, შეიძლება ითქვას რომ საუკუნეც კი, რომ საქართველო არ მოსწრებია ამდენი მღვდელმთავრის კურთხევას და აი ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ღმერთი ჩვენთან არს.
ჩვენთან არს ღმერთი.” (61, 1996, 11).

2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი საბა აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 2008 წლის 24 აპრილს დიდ ხუთშაბათს მიიღო მიტროპოლიტის წოდება. 1997 წლიდან მუშაობდა საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, 2004 წლის მაისიდან 2006 წლის იანვრამდე ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, 2006 წლის იანვრიდან მომლოცველთა სამსახურის (ტურიზმის დეპარტამენტი) უფროსია. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)