საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

იობი – მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
urbnisisa-da-ruisis-mitropoliti-iobi

მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი
საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე

ერისკაცობაში – ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი
დაიბადა: 1960 წლის 25 მაისს, სოფელი სნოში (დაბა ყაზბეგი)
ანგელოზის დღე: 19 მაისი – მართალი იობ მრავალვნებულის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 03. 01. 1988წ.
დიაკვნად კურთხევა: 19. 01. 1988წ.
მღვდლად კურთხევა: 27. 03. 1988წ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 17. 05. 1992წ.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996წ.
მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.

მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურბნისი.
მობ.: (+995 599) 57 78 93

რუისისა და ურბნისის ეპარქია (ქ. ქარელი, ქარელის მუნიციპალიტეტი).
კათედრა რუისში, ურბნისსა და ქარელში, რეზიდენცია ურბნისში.

ვრცლად:

მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. აქიაშვილთა გვარი ღუდუშაურთა განთქმული საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაა. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანული სარწმუნოების მადლს, ოჯახი ღვთისმოშიში და მორწმუნე იყო. 1977 წელს ელგუჯა აქიაშვილმა დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულ¬ტეტზე. სტუდენტობის წლებში იგი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. 1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1983 წლიდან ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის დროს გადაწყვიტა კიდევ უფრო ახლოს გაცნობოდა მონასტრული ცხოვრების წესს. არდადეგების დროს იყო მორჩილი ბეთანიის მამათა მონასტერში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში.

1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იობი. იმავე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს – მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში. 1989 წლის 3 სექტემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა აჭარაში სხალთის ახლადგახსნილ მამათა მონასტერში. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში წირვის დამთავრების შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო. 1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი. არქიმანდრიტმა იობმა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, წმიდა სინოდის წევრებს: “დღეს, ამ წუთებში, განსაკუთრებით ვგრძნობ ღვთის განგების იდუმალებას. გული ჩემი აღვსილია ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, მიყვარს უფალი მისთვის, რომ იგი არის ერთი ჭეშმარიტი და მარადმყოფელი, მიყვარს უფალი მისთვის, რომ იგი არის დიდად მოწყალე. ამ დიდი სიყვარულიდან გამომდინარე მსურს ჩემი გული და სული მივანდო მაღალ ღმერთს. სულისა და გულის თვისება კი ისეთია, რასაც შეიყვარებ სრული სიყვარულით, იმას დაემონება. დიახაც მსურს უმწიკვლოდ ვემსახურო ყოვლისშემძლე ღმერთს და ჩემს საყვარელ ერს. თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც თქვენი წმიდა ლოცვით გამომირჩია და დამადგინა უძველესი მანგლისის ეპარქიის მღვდელმთავრად. მესმის რა ესოდენ დიდი პატივი და მნიშვნელობა ეპისკოპოსობისა, გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, ჩემი გაძლიერებისათვის იმ ზეგარდმო სიბრძნის ჩემს სიმდაბლეზე გარდამოსვლისათვის, რაზედაც წმიდა მოციქული იაკობი ბრძანებს: “ზეგარდმოი სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშვიდობაი, სახიერებაი, მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილითა, განუკითხველ და შეუორგულებულ”. წოდება ეპისკოპოსობისა და მოციქულებრივი ღვაწლი ის არის, რომ ქრისტიანულ ცხოვრებას ვატარებდე სიწმიდით, სიყვარულით, თავმდაბლობით. დიდი სურვილი მაქვს შევიქმნა ღირსი ესოდენ დიდი პატივისა. მომმადლოს უფალმან, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი მამობრივი ზრუნვითა და ლოცვით, კეთილმსახურება ღვთისა და ერისა. თავს ვუსვამ კითხვას, როდის შევიქმნები ღირსი ამ წოდებისა? ალბათ მაშინ, ოდეს აღვასრულებ წმიდა პავლე მოციქულის სული წმიდით განბრძნობილ სიტყვებს: “ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელობითა თავს იდებდით ურთიერთის სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა. მას სულისასა, საკვირველითა მისი მშვიდობისაითა”. შევსთხოვ მაღალ ღმერთს ჩემს მსახურებაში მომცეს მზერა მართლმადიდებელი ეპისკოპოსისა, რომ დავინახო მართალი და ცოდვილი, ფარისეველი და დაცემული. რომ ვიყო დაუნდობელი ცოდვისადმი და შემწყნარებელი ცოდვილისა, მიყვარდეს ცოდვილი და მძულდეს ცოდვა. ვიყო ერთგული მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. დიდი მართლმადიდებელი ასკეტი იოანე კიბისაღმწერელი წერს: “სხვაა ღვთისმფარველობა და სხვაა წყალობა ღვთისა, და სხვა – ნუგეშისცემა, ღვთის განგება ვრცელდება ყველა არსებულზე, შეწევნა ღვთისა ებოძებათ მათ, რომელნიც მართალნი არიან, ღვთის მფარველობის ქვეშ არიან მართალნი, ღვთის წყალობით ჯილდოვდებიან, რომელნი მსახურებენ უფალს, ხოლო ნუგეშისცემულ არიან, რომელთა უყვართ ღმერთი”. ამ წმიდა სიყვარულიდან გამომდინარე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებითა და თქვენი წმიდა ლოცვით ახალ მსახურებაში მსურს მქონდეს ღვთის მფარველობაც, ღვთის წყალობაც და ნუგეშისცემაც მე ყოვლადუღირსს. და ბოლოს მუხლს ვიდრეკ შემოქმედისა და ჩვენი მეოხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე და შევთხოვ; მეოხო მხურვალეო და ზღუდეო, უბრძოლველო წყარო მოწყალებისაო, ვევედრები, ვხმობთ შენდა მიმართ, მას თუალად მეწიენ ჩვენ, დედუფალო ღვთისმშობელო, და გვიხსენ ჩვენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელისამპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემლობითა შენთათვის, ღვთისმშობელო”, “წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა განგრძობასა დღესა.” (61, 1992, 5).

ახლადნაკურთხ ეპისკოპოსს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი სიტყვით მიმართა: “ბრძანებითა და განგებითა ყოვლად წმიდისა სამებისა, მოწყალებითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა, დიდ სვეტიცხოველში დადგინებულ და ხელდასხმულ ხარ ეპისკოპოსად მანგლისისა. ეს არის განგება და წყალობა ღვთისა, რომელმაც შენ იერარქიის მაღალ საფეხურზე აგიყვანა. დღეს შენ ღვთისა და ერის წინაშე აღიარე ის, რაც უნდა დაიცვა. უპირველეს ყოვლისა, გევალება მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლის ფუძე საღვთო წერილი და საღვთო გადმოცემებია. შენ მტკიცედ უნდა დაიცვა ის ტრადიციები, რომელთაც წმიდა მამები ქადაგებდნენ. მტკიცედ უნდა დაიცვა კანონები, რომელნიც შვიდთა მსოფლიო კრებათა და ადგილობრივ კრებათა შინა დაიწერნენ. ეს კანონები სიმტკიცეა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. შენ დღეს ფიცი მიეცი უფალს, რომ უერთგულებ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და დაემორჩილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. უნდა გახსოვდეს, რომ ეს ფიცი მხოლოდ უბრალო სიტყვები როდია, არამედ ღრმა მნიშვნელობის უდიდესი საიდუმლოა. ყოველი, ვინც სვეტიცხოველში მიცემულ ფიცს არღვევს, აუცილებლად ისჯება ღვთისაგან. ამიტომ ყოველ მღვდელმთავარს მუდამ უნდა ახსოვდეს და ხშირად უნდა კითხულობდეს ამ ფიცს, რომელსაც ხელდასხმის წინ აძლევს ღმერთსა და ეკლესიას ამ დიდსა და წმიდა ტაძარში. ჩვენ მეტად რთულსა და მძიმე დროს ვცხოვრობთ, როცა მრავალი ხილული და უხილავი ბოროტი ძალა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის სიწმიდეს, ეკლესიას, სამღვდელოებას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქრისტიანობის ისტორიისათვის, ამ ბრძოლამ არ უნდა შეგაშინოს და გული არ უნდა გაგიტეხოს, რადგანაც უფალი ბრძანებს: “კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ ჯოჯოხეთი უძლურია წინაშე ღვთისა. რადგანაც დამაარსებელი ეკლესიისა არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ამიტომაც ყოველი, ვინც ეკლესიას შეებრძოლა, დაიღუპა. დღეს ჩვენი ეკლესია მრავალი პრობლემის წინაშე დგას, მრავალი რელიგია ცდილობს შემოიჭრას საქარ¬თველოში, სადაც ყოველთვის მტკიცე იყო მართლმადიდებლური სარწმუნოება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ აღმოსავლურმა რელიგიებმა თუ სექტებმა, რომელნიც თავის თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მიზანს მიაღწიეს და მრავალი ქართველი დაუკარგეს უფლის სამწყსოს. დღეს მღვდელმთავარს რწმენის სადარაჯოზე დგომა მოეთხოვება. იგი ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ არცერთი ადამიანის წარწყმედა არ დაუშვას. ეს რთული დრო ჩვენგან, ეკლესიისა და მისი მსახურებისაგან, გაძლიერებულ მარხვას მოითხოვს, რაც თავისთავად სულიერების ამაღლების საფუძველია. სწორედ ჩვენ ჩაგვაბარა უფალმა სამწყსო და მოვალენი ვართ იგი უკლებლივ წარვუდგინოთ უფალს. ღვთის განგებით, დღეს შენ მღვდელმთავარი გახდი მანგლისის ისტორიული ეპარქიისა, რომელიც დაარსების დღიდანვე მტკიცედ იდგა ქრისტიანობის სადარაჯოზე. მანგლისის წმიდა ჯვრის თაყვანსაცემად ხომ არა მარტო მთელი საქართველო, არამედ მთელი ამიერკავკასია მოდიოდა. მხოლოდ განხეთქილების შემდეგ აუკრძალა სომეხთა კათოლიკოსმა სომხებს ამ ჯვრის თაყვანისცემა. აი, ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა მანგლისს. შენ უნდა აღადგინო ის დიდებული ტრადიციები სულიერი მოღვაწეობისა, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა მანგლისის ეპარქიას. ღმერთი იყოს შენი შემწე და მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროს რწმენით, სიყვარულითა და სასოებით. მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი და დალოცე სრულიად საქართველო, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად აღავლენდა ლოცვებს შენთვის.” (61, 1992, 5).

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

1992 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებ¬ლის რექტორად. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს მეუფე იობის ძალისხმევით გაიხსნა მრავალი ეკლესია-მონასტერი, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. 1995 წლის გაზაფხულზე წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით. 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურ¬გიკულ კომისიებს. მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი ან ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები.