საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პეტრე – ჭყონდიდის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
tchyondidis-mitropoliti-petre

მაღალყოვლადუსამღვდელოესი პეტრე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის (ერთსულოვნება) გენერალური დირექტორი

ერისკაცობაში – პაატა რევაზის ძე ცაავა
დაიბადა: 1970 წლის 7 აპრილს, სენაკის რაიონში.
ანგელოზის დღე: 12 ივლისი – წმ. მოციქულ პეტრეს ხსენება.
ბერად აღკვეცა: 27. 08. 2000
დიაკვნად კურთხევა: 28. 08. 2000
მღვდლად კურთხევა: 3. 09. 2000
ეპისკოპოსად კურთხევა: 20. 10. 2002
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28. 01. 2007
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 08. 2010
მისამართი: საქართველო 3100. ქ. მარტვილი, მარტვილის ქ. #28.
მობ.: (+995 599) 75 70 00

ჭყონდიდის ეპარქია (ქ. მარტვილი, ქ. აბაშა, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები)
კათედრა და რეზიდენცია მარტვილსა და აბაშაში.

ვრცლად:

მიტოპოლიტი პეტრე, ერისკაცობაში პაატა რევაზის ძე ცაავა, დაიბადა 1970 წლის 7 აპრილს ქალაქ სენაკში.

1987 წელს დაამთავრა სენაკის VII საშუალო სკოლა; ხოლო – 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი.

1997-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ამავე დროს ცხოვრობდა და აღასრულებდა მორჩილებას საქარ¬თველოს საპატრიარქოში რეზიდენციაში.

2000 წლის ივლისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მორჩილი პაატა (ცაავა) გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში – სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად. 2000 წლის 27 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღკვეცა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და უწოდა სახელი პეტრე, მისი მფარველია წმიდა პეტრე მოციქული; ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ იმავე წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი.

2000 წლის 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ბერ-დიაკონ პეტრეს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მას დაევალა მღვდელმსახურება ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლებში. ამავე დროს მღვდელ-მონაზონი პეტრე განაგრძობს საქართველოს საპატრიარქოს სოფელ სნოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას.

2002 წლის 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმონაზონი პეტრე დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აღიყვანა იღუმენის ხარისხში.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით წილკნის ეპარქიას გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ახალი საეკლესიო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია ეწოდა. ამ ეპარქიის ეპისკოპოსად წმინდა სინოდმა გამოარჩია იღუმენი პეტრე (ცაავა).

19 ოქტომბერს, სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინებისას იღუმენმა პეტრე ბრძანა:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო.

წმიდა ფსალმუნთმგალობელი და წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: “დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”. მართლაც, საოცარია და უსაზღვრო განგება ღვთისა. ჭეშმარიტად, ამ განგებით, თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, გამორჩეული ვიქმენი ეპისკოპოსად ღვთივდაცულისა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამწყსოსი.

ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომელმაც მომიწოდა ესოდენ დიდი მსახურებისათვის. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და საპატიო ჯვარი, რომელსაც მაკისრებს მაღალი ღმერთი.

მუხლს ვიყრი საქართველოს ეკლესიისა და ახლადშექმნილი ეპარქიის მრევლის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება.

უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რითაც ბეთლემის გამოქვაბული თუ გერგეტის წმიდა სამება იქნა აშენებული ამ კუთხის ღირსეულ წინაპართა მიერ. ისინი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით… ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს მათ, როგორც `კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი და ჰაეროვანნი”.

მოხევენი საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც მისვლაც კი აღმსარებლობას უტოლდებოდა.

დღესაც, ჩვენს მეტად მძიმე და აპოკალიფსურ დროში, განსაკუთრებულია მისია მთისა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისა.

მე მხოლოდ ის დამრჩენია, მახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: “კაცად – კაცადმან თავისი ტვირთი იტვირთოს” და, აგრეთვე: “ჯერ არს ეპისკოპო¬სისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ”.

წმიდა წერილში უფალი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად მოციქულისაგან ითხოვს: “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი”. ე.ი. არა – შენნი, არამედ – “ჩემნი”… თქვენია სამწყსო ხევისაც და სრულიად საქართველოსი, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ.

მაცხოვარი ეუბნება მოციქულს: “რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ხელნი შენნი და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს”.

ძრწოლა მიპყრობს, როდესაც გონების თვალით ვჭვრეტ ჩემს ტვირთს ღვთის წინაშე, რომელიც უხილავად აქ მყოფს.

ვიღებ ამ ხარისხს, როგორც ღვთის ნებას თქვენი გონიერი გულით გაცხადებულს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მივიღებ ისევ ღვთისადმი და თქვენი ლოცვებისადმი სასოებით, თქვენი მამამთავრული შემწეობის იმედით.

გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გმადლობთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და ეგზომ დიდი ნდობისათვის.

ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შევძლო კეთილად აღვასრულო ნება უფლისა – სადიდებელად ღვთისა და სასიკეთოდ ჩვენი დედა ეკლესიისა.” (68, 2002, 10).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა მეუფე პეტრეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და სტეფანწმინდისა და ხევის მღვდელმთავრად დაადგინა. კურთხევის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს ამ სიტყვებით მიმართა და ბრძანა:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსო პეტრე!

აღსრულდა განგება ღვთისა და დღეს მადლი სულისა წმიდისა – “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი~ – გარდამოვიდა შენ ზედა და გეწოდა ეპისკოპოსი სტეფანწმიდისა და ხევისა. ეს არის ისტორიული მოვლენა იმიტომ, რომ ხევი და დარიალის ხეობა არის საქართველოს კარიბჭე, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი რწმენით, შემართებითა და ვაჟკაცობით მუდამ იცავდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როდესაც მტერი ცდილობდა სწორედ დარიალის კარიბჭიდან შემოსულიყო საქართველოში. და აი, დღეს, განგებითა ღვთისათა, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ხევსა და სტეფანწმიდას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს.

დიდია პატივი, რომელიც მიიღე ღვთისაგან, მაგრამ, ამაზე დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაგეკისრა. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ სულიერად ამაღლდეს ხალხი, განმტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, ამოქმედდეს ეპარქიის ყველა ტაძარი და მონასტერი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გამრავლდეს და განმტკიცდეს მოსახლეობა ამ ისტორიულ კუთხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენზე მეტად ჩვენი წინაპრები ხარობენ იმიტომ, რომ ორიათასი წლის მანძილზე ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვმადლობთ უფალს, რომ ღვთის წყალობამ ამ უძველესი კუთხის ეპისკოპოსად შენი დადგინება ინება. თუ პიროვნების შინაგანი ცხოვრება სწორად ვითარდება, როცა ადამიანს დიდება ეძლევა, პარალელურად იმაზე მეტი თავდაბლობა უნდა მიეცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ, უწინდელივით, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, ქველმოქმედებისა და სიკეთის მაგალითი იქნები. შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ მოსახლეობა გამრავლდეს ამ კუთხეში იმიტომ, რომ ეს სჭირდება არა მარტო ხევს, არამედ მთელ საქართველოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხარში ამოგიდგება სამღვდელოება, რომელიც იქ ერთგულად მსახურობს. ხელისუფლება და მთელი მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარხარ და პატივს გცემს იმ იმედით, რომ ღმერთი მუდამ თქვენი მფარველი იქნება. მიიღეთ ეს კვერთხი მღვდელმთავრისა, როგორც სიმბოლო ძალისა და უფლებისა, ამავე დროს, ღვთის შეწევნისა. დალოცეთ თქვენი სამწყსო, აქ მდგომარენი და სრულიად საქართველო, რათა მოვიდეს ჩვენ ზედა მადლი სულისა წმიდისა, ამინ.

ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ და ბედნიერ დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ ყაზბეგის მოსახლეობას, უპირველესად კი მათ, ვინც ჩამოვიდა ამ ბედნიერ დღეს, რათა ჩვენთან ერთად აღევლინათ ლოცვა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!” (68, 2002, 10).

2002 წლის 27 ოქტომბერს სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა დაბა ყაზბეგის (დღევანდელი სტეფანწმინდის) საკათედრო ტაძარში. ამ დროიდან იწყებს იგი სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. ოთხი წლის განმავლობაში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში დაარსდა რამდენიმე მამათა და დედათა მონასტერი, შესრულდა ძირითადი აღდგენითი და განახლებითი სამუშაოები ყოვლადწმიდა სამების გერგეტის ტაძარში და აქ მამათა მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერმონაზონთა და ღვთისმსახურთა რიცხვი. აშენდა რამდენიმე ტაძარი, საფუძველი ჩაეყარა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ეპარქიის დაარსების პირველივე თვეს გამოვიდა საეპარქიო გაზეთი “მადლიანი სტეფანწმინდა”, რომელშიც დაწვრილებით აისახა ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები.

2006 წლის 23 დეკემბერს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა, 2007 წლის 5 იანვარს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს; მეუფე პეტრეს ჩასვლამდე ეპარქიაში მოქმედი იყო 20 ეკლესია-მონასტერი, მისი ღვაწლით აშენდა და ამოქმედდა 27 ეკლესია-მონასტერი.

2007 წლის 23 იანვარს წმ. სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე პეტრე დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით.

ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს მოღვაწეობას უკავშირდება 2007 წლიდან მარტვილის სამონასტრო კომპლექსის აღორძინება. სამღვდელმთავრო რეზიდენციის აშენება, მიმდებარე ტერიტორიებზე წმ. ანდრია მოციქულის მამათა და წმ. ნინოს დედათა მონასტრების დაარსება. ეპარქიაში სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნების გამრავლება, რამდენიმე დედათა და მამთა მონასტრის დაარსება. ეპარქიის რაიონებსა და სოფლებში არსებული ტაძრების აღდგენა და ახალი ეკლესიების მშენებლობის დაწყება. აბაშის რაიონულ ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. სალხინოს დადიანისეული საზაფხულო რეზიდენციის აღდგენის დაწყება და მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაარსება. ისტორიული მარნის აღდგენა, ოჯალეშის ჯიშის ვენახების ხელახალი გაშენება და მეღვინეობის განვითარება. ასევე სოფელ სალხინოში ოჯახის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დაარსება.

2007 წლიდან განსაკუთრებულად იდღესასწაულება წმ. გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე “ჭყონდიდობა”. ასევე დაწესდა სულთმოფენობის მეორე დღის – ორშაბათის, ანუ მარტვილიის – მატვილობის დღესასწაულის განსაკუთრებული ზეიმით აღნიშვნა.

2008 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია “ერთსულოვნებას.” 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)